ამბარლოს წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამბარლოს წარწერა - (1032), ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილია დმანისის მუნიციპალიტეტის, ახლანდელ სოფელ განახლების ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის კოჭზე.

წარწერას მიაკვლია და ტექსტი გამოაქვეყნა წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა (ე. თაყაიშვილმა) 1913 წ. მაშინ სოფელს ამბარლო ერქვა (თუმცა ექვთიმე ღვთისკაცის ცნობით, ძველად სოფელს ერქუშიანთ სოფელი რქმევია). წარწერა ხუთსტრიქონიანია. ექვთიმე ღვთისკაცის დროს დაფარული ყოფილა მიწით. ეკლესიის სამხრთ გვიან მიშენებული ფარდულის სახურავის ახდის შემდეგ წარწერა მთლიანად გამოჩნდა. ამოკვეთილია მეტად განსხვავებულად: მისი პირველი ოთხი სტრიქონი – ჰორიზონტალურ რიგებად, ხოლო მე-5 სტრიქონის დასაწყისი – დანარჩენების მიმართ განივად, ფილის მარცხენა მხარეს და გრძელდება ჰორიზონტალურად სხვა სტრიქონების ქვემოთ. ეკლესიის კედლები კირის ხსნარით არის შეთეთრებული, ხოლო წარწერის ასოთა კვეთის ღარები რამდენიმე ადგილას არათანაბრად შავი საღებავით არის შემოვლებული. წარწერის ტექსტი გარკვევით იკითხება: „ქრონიკონი იყო სმიბ. † მოწყალებითა ღმრთისალთა, მე, თეოდორე, ღირს ვიქმენ აღშენებად წმიდისა საყდრისა, ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მეფისა სალოცველად და შემდგომად ლიპარიტ ერისთავთა ერისთავისა. მას ჟამსა დაიდვა ბალაჰვარი, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთა ერისთავმან ამირაჲ“.

წარწერაში სხვა წყაროებით უცნობი ვინმე თეოდორე ასახელებს ორ ისტორიულ პირს – მეფე ბაგრატსა და ადგილობრივ ხელისუფალ ლიპარიტ ერისთავთერისთავს. აღნიშნული თარიღი, 1032 წ., კი ცხადყოფს, რომ აქ დასახელებული მეფე არის ბაგრატ IV (1027-1072), ხოლო ლიპარიტ ლიპარიტის ძე – ბაღვაშთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი და შემდეგში მეფის მოწინააღმდეგე უძლიერესი დიდებულთაგანი.

წარწერაში გადმოცემული ფაქტი „ქართლის ცხოვრებითაც“ დასტურდება. ლიპარიტ ლიპარიტის ძისა და ქართლის ერისთავის, ივანე აბაზასძის, მიერ (ამ უკანასკნელს წარწერა არ ასახელებს, თუმცა ინიციატორი ის იყო) თბილისის ამირა ჯაფარის მუხათგვერდში გამოტყუება, მისი შეპყრობა და „პატიმრობასა შინა“ დაკავება ცნობილი იყო, ხოლო თარიღი ამბარლოს წარწერიდან ირკვევა.

ეკლესიის შიგნით, ჩრდილოეთ კედლის სარტყლის ერთ-ერთ ქვაზე, არის მოკლე სტრიქონად ამოკვეთილი მეორე ასომთავრული წარწერა, რომელიც ასევე თეოდორეს ეკუთვნის და საამშენებლო შინაარსისაა: „სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მე, თეოდორე ღირს ვიქმენ აღშენებად წმიდისა საყდრისა სალოცველად სულისა ჩემისა“.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • სილოგავა ვ., ქვემო ქართლის წარწერები, კრ., „დმანისი“, 2000, № 2;
  • Такаишвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. 4, Тфл., 1913.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები