ამიერკავკასიის სეიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცირკულიარული დეპეშა

ამიერკავკასიის სეიმი - ამიერკავკასიის სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოიწვია ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 10 თებერვალს თბილისში. სეიმი დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნელი კრების ამიერკავკასიისდან არჩეული დეპუტატებით. სეიმს თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.

სარჩევი

ისტორია

ამიერკავკასიის კომისარიატი აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციას ასრულებდა. დღის წესრიგში დადგა ამიერკავკასიის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მოწვევის საკითხი. 1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საგანგებოდ იმსჯელა სეიმის მოწვევის შესახებ. ნ. ჟორდანიას მტკიცებით, რუსეთის დამფუძნებელი კრების ლოდინი და ამიერკავკასიის სეიმის მოუწვევლობა დანაშაული იყო. ბოლშევიკების მიერ რუსეთში დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ, სეიმის მოწვევა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აღნიშნული საკითხის შესახებ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკები) ინიციატივით, 1918 წლის 22 იანვარს საგანგებო კრება იქნა მოწვეული, რომელსაც დაესწრო: რუსეთის დამფუძნებელი კრების 25 დეპუტატი ამიერკავკასიიდან, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები), სოციალისტ-რევოლუციონერები, დაშნაკცუთიუნი, მუსავატი და ამიერკავკასიის კომისარიატის მთელი შემადგენლობა. ამიერკავკასიის სეიმის უფლებამოსილების შესახებ მოხსენება ნ. ჟორდანიამ გააკეთა. სეიმი რეგიონის ერთა შეთანხმების მაკოორდინირებელ საშუალებად გამოცხადდა. სეიმის მოსაწვევად არჩევნები არ ჩატარებულა. სეიმში შევიდნენ რუსეთის დამფუძნებელ კრებაში ამიერკავკასიიდან არჩეული დეპუტატები. ესენი იყვნენ ათი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები: სოციალ-დე- მოკრატები, კადეტები, ესერები, დაშნაკები, სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, მუსავატელები, იტიხადისტები (მუსლიმთა პარტია), მუსლიმი სოციალისტები და პარტია „ჰუმეთი“. ყველაზე მეტი წარმომადგენლები ჰყავდათ: სოციალ-დემოკრატებს - 32; მუსავატელებს - 30; დაშნაკებს - 27.

ამიერკავკასიის სეიმის პირველი სხდომა 1918 წლის 10 თებერვალს ჩატარდა. სეიმის თავმჯდომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე იქნა არჩეული. სეიმის იმავე სხდომაზე ხუთი კომისია და მისი წევრების შემადგენლობა დამტკიცდა - აგრარული, თავდაცვის, საპარლამენტო, მუშათა და სასურსათო. ეს კომისიები ამიერკავკასიის ერთიან მთავრობას უნდა დაქვემდებარებოდა და რეგიონის მართვაში ხელშემწყობის ფუნქცია ეტვირთა. სეიმის 1918 წლის 13 მარტის სხდომაზე მიღებული დეკლარაციით განისაზღვრა უახლოესი მიზნები:

1. ოსმალეთთან საპატიო ზავის დადება;
2. ამიერკავკასიის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება;
3. აგრარული რეფორმის გატარება და მიწების გლეხობისთვის უფასოდ გადაცემა;
4. შრომის უფლებების დაცვა და 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღება;
5. ეროვნებათაშორისი უფლებების დაცვა;
6. ეროვნებათა ტერიტორიული გამიჯვნის მოგვარება და
7. ეროვნულ-ტერიტორიული კანტონების დაარსება.

ამ საკითხების გადაწყვეტა, დროის სიმცირისა (135 დღე) და რეგიონში არსებული უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა. მეორე მხრივ, თავი იჩინა ეროვნებათაშორისი ინტერესების დაპირისპირებამ, განსაკუთრებით, სომხებსა და აზერბაჯანელებს შორის. ამ საკითხის შესახებ მკაცრი და რადიკალური განცხადება ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 26 მაისის სხდომაზე ირ. წერეთელმა გააკეთა, რითაც პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა მეზობელი ერების პოლიტიკურ მოღვაწეებს. ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 26 მაისს, დღის 3 საათზე შეწყვიტა არსებობა და თვითდაშლილად გამოაცხადა თავი.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921, თარგმნა ქ. ქავთარაძემ, თბ., 2016.
  • შ. ვადაჭკორია, ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგვეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები