ამილახვრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამილახვრები, (ამილახორები) - თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში – მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. გვარი მილახვარი წარმოდგება სამოხელეო თანამდებობიდან (ამილახვრები ამირახორი//ამილახვარი ნიშნავს მეჯინიბეთუხუცესს. არაბ. „ამირ ახურ“ – საჯინიბოს ამირა).

ამილახვრების წინაპრები იყვნენ ზევდგინიძეები. ზევდგინიძეთა დაწინაურება დაიწყო XIV ს. დამდეგს, როდესაც გიორგი V-მ მათ უბოძა „სხვილოსური მამული“, ანუ სოფელი სხვილოსი (ახლანდელი ქვემოჭალა) ციხით, კოდისწყარო და ხატისუბანი (ახლანდ. კასპის რაიონი). ალექსანდრე დიდის ზეობისას ზევდგინიძეებმა მიიღეს გორის მოურავობა და მიიერთეს კასპი და იგოეთი. XV საუკუნის 40-იან წლებში ვახტანგ IV-ის ქვისლმა, თაყა ზევდგინიძემ, მეფისგან მიიღო ამილახორის თანამდებობა, რაც შემდგომში მათი საგვარეულო სახელო გახდა (როგორც გორის მოურავობა), XV-XVI საუკუნეებიდან ზევდგინიძეთა ამ შტოს გვარად იქცა და XVII საუკუნიდან მხოლოდ ამილახვრებად იწოდებოდნენ. თაყა ზემო ქართლის (მემარჯვენე) სადროშოს უფროსი იყო. სასარდლოში ოცამდე სათავადო, რუისისა და ურბნისის ეპარქიები და ქართლის მთავარეპისკოპოსის სამფლობელო ითვლებოდა. მისი სახელოს დასადასტურებლად იგი მეფისგან იღებდა დროშას, ხმალსა და სიგელს. მას ევალებოდა სასარდლოს მეომართა ზუსტი რიცხვის დადგენა, პასუხს აგებდა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე სადროშოში შემავალი სათავადოების ერთიანობაზე, ითვლებოდა სასარდლოში შემავალ სათავადოთა მთავარ მსაჯულად. ეკუთვნოდა გარკვეული წილი სამხედრო ალაფიდან.

ამილახვრების სათავადო განფენილი იყო მდინარეების – რეხასა და მეჯუდის – სანაპიროებზე. აღმოსავლეთით მას ეკვროდა სამუხრანბატონო, ჩრდილო-აღმოსავლეთით – ქსნის საერისთავო, ჩრდილოეთით – საფავლენიშვილო და სამაჩაბლო, დასავლეთით – საავალიშვილო, ხოლო სამხეთით – მდინარე მტკვარი. მეურნეობის მთავარი დარგი იყო მიწათმოქმედება მაღალგანვითარებული საირიგაციო სისტემით. როსტომ მეფის დროს აღადგინეს დიდი და მცირე ლიახვის შემაერთებელი XII ს. არხი, გაიყვანეს ძევერის, ტყიურეთის, კარალეთისა და თორტიზის არხები.

ამილახვრებს უფლება ჰქონდათ, თავიანთ სამფლობელოში დაედგინათ საზომ ერთეულთა (კოკა, ლიტრა, ადლი) ზომა და წონა. აღმოსავლეთ საზღვართან, სოფელ იგოეთთან, ჰქონდათ საბაჟო. მათ ჰყავდათ საკუთარი ყმა-აზნაურები: ტარსაიჭაშვილები, ყანჩიელები, დავითაშვილები, კუპატაძეები, ზევდგინიძეები, ციმაკურიძეები.

ქართლის მაჰმადიან მეფეთა მმართველობის ხანაში ამილახვარს თანამდებობაზე სპარსეთის შაჰი ამტკიცებდა და აძლევდა ჯამაგირს („ჰამასალა“). ამილახვრებს სამეფო კარზე სხვადასხვა დროს სხვა მაღალი თანამდებობებიც (ეშიკაღასბაში, ბოქაულთუხუცესი, ყოჩიბაში, მოლარეთუხუცესი) ეკავათ.

ამილახვრებს საგვარეულოს მამულები ჰქონდა სამთავისის, ურბნისისა და რუისის ეპარქიებში. ისინი დიდ ყურადღებას უთმობდნენ თავიანთ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, აგებდნენ ახლებს. ამილახვრების რეზიდენცია და საძვალე იყო სხვილოში. ე.წ. „გივიანთა ციხე-გალავნისა“ და „ავთანდილიანთ ციხე-დარბაზის“ გვერდით. XVII-XVIII სს. ამილახვრებმა სოფელ სხვილოსში ააგეს წმ. გიორგის ეკლესია. სამთავისის ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნიდან მათი საძვალე გახდა, XV-XVI სს. მიჯნაზე შეაკეთა ამირინდო ამილახვრის მეუღლემ, ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის დამ, გაიანემ. დასავლეთ ფასადზე ამოკვეთილი წარწერა მას „მეორედ აღმშენებელს“ უწოდებს.

1642-1660 წწ. აღმოსავლეთ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე იჯდა –ამილახვრების საგვარეულოს წარმომადგენელი ქრისტოფორე II. გივი I ამილახვრის საფასით XVII საუკუნის II ნახევარში მოხატეს სამთავისი. გივი I-ის ძმა, ნიკოლოზი, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო (ნიკოლოზ IX, 1678-1688; 1692-1695). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართლიუ ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეში. განსაკუთრებულ სიძლიერეს ამილახვრებმა მიაღწიეს XVIII საუკუნის 20-50-იან წლებში. გივი I ამილახვრის დროს. 1765 წ. პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში ერეკლე მეფის წინააღმდეგ მონაწილეობდა მამა-შვილი – დიმიტრი და ალექსანდრე. ალექსანდრეს დასჯის შემდეგ ერეკლე II-მ დაამცრო მათი საგვარეულო და შეზღუდა მათი პოლიტიკური უფლებები – სადროშოს სარდალი ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელედ აქცია. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ლიახვის ხეობა იულონ ბატონიშვილს გადასცა და ამილახვრები ფაქტობრივად, მას დაუქვემდებარა.

ამილახვრების სათავადო, ისევე, როგორც სხვა სათავადოები, გააუქმა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ანექსიის შემდეგ.

გ. ოთხმეზური

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ.,ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1-2, თბ., 1991-93;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975;
  • ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII საუკუნეებში (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები