ამირახორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამილახორი/ამილახვარი - (არაბ. amīr-axur - საჯინიბოს უფროსი). ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მაღალი მოხელე ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში.

ამირახორი ამირსპასალარის თანაშემწედ ითვლებოდა და განაგებდა მეფის ცხენოსან ჯართან დაკავშირებულ დაწესებულებებს: საჯინიბოს (სამეფო კარის ცხენების თავლა) და ზარადხანას (სამხედრო საჭურველის საცავი). მას ექვემდებარებოდნენ მეჯინიბეთუხუცესი და მეაბჯრეთუხუცესი, ამ უკანასკნელს - ზარადხანისუხუცესი თავ-თავიანთი საგამგეო დაწესებულებებითა და მოხელეებით.

დიდი ალბათობით, ამირახორის ხელისა უნდა ყოფილიყო გასახედნი ცხენებიც - სამეფო რემა (ცხენების ჯოგი), რომლის მოვლა-პატრონობა მერემაეთუხუცესს ებარა. წყაროებში ამირახორისა და მეჯინიბეთუხუცესის ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნვა ყოველთვის ადვილი არ არის, რის გამოც ი. ანთელავა მათ აიგივებს, თუმცა სხვა მკვლევრები (ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა, შ. მესხია, ნ. შოშიაშვილი) მეჯინიბეთუხუცესს ამირახორის თანაშემწე მოხელედ მიიჩნევენ. მიუხედავად ტერმინთა სემანტიკური სიახლოვისა, მათი ფუნქციური და იერარქიული საფეხურების იდენტურობა მაინც ეჭვს იწვევს. ამირახორი გვიანდელ შუა საუკუნეებში თავადურ გვარად გარდაიქმნა ქართულ სამოხელეო სისტემაში ორივე სამოხელეო ტერმინი იყო შენარჩუნებული და იერარქიულ დონეზე ურთიერთისაგან განსხვავებდებოდნენ.

ერთიანი მონარქიის დროს ამირახორი, სავარაუდოდ, სასახლის ცხენოსან ჯარსაც ხელმძღვანელობდა და მასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განაგებდა. მგზავრობის დროს ამირახორი მეფეს თან უნდა ხლებოდა. ამირახორის საპატიო მდგომარეობაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ მეფესთან საქმეზე მისული პირების მიღება, მეფის წინაშე მათი წარდგინება და ძღვენის ჩამორთმევა მის მოვალეობას შეადგენდა. წელიწადში ერთხელ ამირახორი მეაბჯრეთუხუცესთან, ზარადხანისუხუცესთან და ზარადხანის მწიგნობართან ერთად სამეფო ზარადხანის აღწერას ატარებდა.

ამირახორს უფლება ჰქონდა დარბაზობაზე ხმალშემორტყმული და მეაბჯრეთა თანხლებით გამოცხადებულიყო, სადაც მას „ორთა ვაზირთა“ - მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის - ტოლი პატივით იღებდნენ. როდესაც ამირახორს სუფრასთან იწვევდნენ, იგი ხმალს მეაბჯრეს უტოვებდა, რომელიც ამირახორს დარბაზობის დასასრულამდე ელოდებოდა. ამირახორი სავაზიროს სხდომასაც ესწრებოდა, სადაც მას მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის უკან ჰქონდა ადგილი მიჩენილი და სიჩუმე მხოლოდ მაშინ უნდა დაერღვია, როდესაც შეკითხვით მიმართავდნენ: „იგი არას იტყვის, რასაც არა ჰკითხავენ; და რაჲ ჰკითხონ, მაშინღა პასუხს იტყვის“. ამირახორი მონაწილეობას იღებდა მეფედ კურთხევის ცერემონიალშიც - ხმალშემორტყმული ამირახორი მეაბჯრეთუხუცესისის თანხლებით ამირსპასალარის რიგში მიუყვებოდა საზეიმო პროცესიას.

პირველი ცნობები საქართველოს სამეფო კარის ამირახორთა შესახებ XII ს-ის 60-ანი წწ-დან შემოგვრჩა. ამ დროს ამირახორობა ეკუთვნოდა ორბელთა სახლს, თამარის მეფობის დასაწყისში - გამრეკელ თორელს. საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ XV-XVI სს-ში ამირახორობას გორის მოურავობასთან ერთად ზევდგინისძეები ფლობდნენ და, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოხელის მოვალეობებს ასრულებდნენ. ამ დროს ამირახორი უკვე საპატიო წოდებად ითვლებოდა, ვიდრე ფუნქციურ თანამდებობად. XVI ს-იდან სამოხელეო ტერმინი ამირახორი საბოლოოდ გარდაიქმნა ქართლის ამ დიდებული თავადების (ზევდგინისძე-ამილახვრების) გვარად.


ამირახორები. XII-XV სს


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები