ამირეჯიბები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ამირეჯიბები''' (ამირაჯიბები) - თავადთა საგვარეულო [[ქართლი|ქა...)
 
(წყარო)
ხაზი 24: ხაზი 24:
  
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
[[კატეგორია:აბაშიძეები]]
+
[[კატეგორია:ამირეჯიბები]]

13:00, 30 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ამირეჯიბები (ამირაჯიბები) - თავადთა საგვარეულო ქართლში. გვარი ამირეჯიბ მომდინარეობს ამირეჯიბის სამოხელეო თანამდებობიდან (არაბ. „ამირ“ – უფროსი, „ჰაჯიბ“ – კარისკაცი).

ამირეჯიბები გაერთიანებული საქართველოს სამეფოს ცენტრალური აპარატის მოხელე – მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა (ხელჯოხიანთა) უფროსი იყო. როგორც სავაზიროს წევრს (სათათბირო ხმის უფლებით), ევალებოდა სამეფოში წესრიგის დაცვა, შეთქმულების აღკვეთა. სამეფო კარზე მას უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს წარმდგარიყო მეფის წინაშე, განაგებდა დარბაზობისა და პურობის ცერემონიალს. როგორც საპატიო მოხელეს, ჰყავდა საგანგებო მხლებელი – ზედამდგომელი. XIII-XIV სს. ამ თანამდებობაზე სხვადასხვა (ოღონდ ყოველთვის დაწინაურებული) საგვარეულოს წარმომადგენლები (ჯაყელები, ქვენიფნეველები) ინიშნებოდნენ. XV ს. დასაწყისის ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და დიპლომატმა, ქუცნა გაბელიძემ, ამირეჯიბობა საგვარეულო საკუთრებად გახადა და ამის შემდეგ ეს თანამდებობა გვარად იქცა. მისი ასული ნათია ცოლად ჰყავდა კონსტანტინე I-ს. ქუცნა გაბელიძეს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს სამეფო კარზე. რამდენჯერმე იყო მეფის ელჩად წარგზავნილი კონსტანტინოპოლს. აღადგინა თემურლენგის შემოსევების დროს დანგრეული („საძირკველიცა არა დაშთომილიყო“) ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიები (სოფ. ალის მახლობლად, ახლანდ. ხაშურის რაიონი) და გააჩინა იქ აღაპები თავისთვის და ოჯახის წევრებისათვის. ნაბახტევის ეკლესიის კედლებზე გამოსახულია ოჯახის წევრებთან (მეუღლე რუსა, ასული ნათია, შვილიშვილი ალექსანდრე I დიდი) ერთად.

აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე, ალექსანდრე I დიდის გამზრდელი ბებია, რუსა. მან დაიწყო სვეტიცხოვლის რესტავრაცია, რომელიც შემდეგ ალექსანდრე დიდმა დაასრულა. ალექსანდრე I-მა დააწესა სვეტიცხოველში აღაპები რუსასთვის (გ. 1413) ამბროსობას, ხოლო ქუცნასთვის (გ. 1432) – მისი გარდაცვალების დღეს, 21 ოქტომბერს. ქუცნას შვილები მცხეთის საყდრის „ამილახორის“ თანამდებობას ფლობდნენ. XV-XVI სს. ამირეჯიბების მიერ ულუმბოს ღვთისმშობლის ტაძრისათვის შეწირული სოფლების ნუსხა შეტანილია ამ საგვარეულოს სხვადასხვა წარმომადგენლის „შეწირულების წიგნების“ გაერთიანებისა და გადაწერის შედეგად შედგენილ XVI ს. დასასრულის საბუთებში („შეწირულების წიგნი ქუცნა ამირეჯიბისა ულუმბოს ღვთისმშობლისადმი“).

XIV ს. მიწურულს სასისხლო დავამ ამირეჯიბებსა და ფალავანდიშვილებს შორის ამირეჯიბების სახლის დამცრობა გამოიწვია. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები სიკვდილით დასაჯეს; ალექსანდრე II იმერთა მეფის 1488 წლის განჩინებით ამირეჯიბებმა ფალავანდიშვილებს „სისხლის ფასში“ გადასცეს სოფლები: ოქონა („მონასტერი და სოფელი სხვითა ეკლესიებითა“), გომართა და ოჟორა (ახლანდ. ყორნისის რაიონისნის სოფლები). მიუხედავად ამისა, ამირეჯიბები კვლავ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ სამეფო კარზე. ამას ადასტურებს ქუცნა ამირეჯიბის შვილიშვილის, რამინის, მონაწილეობა 1503 წ. სვანებსა და ჯაფარიძეებს შორის სასისხლო დავის გარჩევაში ალექსანდრე II იმერთა მეფესთან, მამია დადიანთან, კახაბერ რაჭის ერისთავთან, ჭილაძესა და ფალავანდიშვილებთან ერთად. XVI ს-იდან გაბელიძე-ამირეჯიბთა საგვარეულოში გვარი გაბელიძე აღარ ფიგურირებს. ის მხოლოდ სახელი – „გაბელ“ – ფორმით გვხვდება.

ერთიანი ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ ამირეჯიბების სათავადო ორად გაიყო – იმერეთისა და ქართლის: „ამათ ერთობასა შინა აქუნდათ მამულნი იმერეთს და ქართლსა შინა, და შემდგომად განყოფისა სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი აქათ დაშთნენ“. ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ „ფალავანდიშვილის საქმეზე“ დასჯილი ერთ-ერთი ამირეჯიბის შვილი აბულახსარი ბაგრატ II იმერთა მეფემ შეიწყალა და ღარიბობიდან (ე.ი. უცხო ქვეყნიდან) დაბრუნებულს კაცხის მონასტერი უწყალობა, რომელიც აბულახსარმა განაახლა, შეამკო, შესწირა ყმა-მამული, წინამძღვრად მელქისედეკ მა დაუყენა და შეწირ გლეხებს, მოდებაძეებს, საბატონო ბეგარასთან ერთად წინამძღვრის გადასახადიც დაუდგინა.

იმერელი ამირეჯიბების სამამულე მფლობელობა, ძირითადად, ახლანდ. ჭიათურისა (წირქვალი, ზოდი, კაცხი, რგანი, ვაჭევი, ხრეითი, ჯოყოეთი, საკურწე) და საჩხერის (ღოდორა, ლიჩი, ჯვარსა და ძირულას შორის ტერიტ.) რაიონებზენებზე ვრცელდებოდა. ამასთანავე, ისინი ყმა-მამულს ფლობდნენ ქუთაისში, ფარცხანაყანევში (ახლანდ. წყალტუბოს რ-ნი), მრავალძალსა (ახლანდ. მთისკალთა) და ჭიაბრევში (ახლანდ. ონის რ-ნი). ამირეჯიბების სათავადო, ისევე, როგორც საერთოდ სათავადო სისტემა, გააუქმა რუსეთმა XIX ს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.

გ. ოთხმეზური

ლიტერატურა

ოთხმეზური გ., სათავადო საგვარეულოების გაჩენის საკითხისათვის XV–XVI სს. საქართველოში, თბ., 1999; პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1, თბ., 1991; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები