ამირეჯიბი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:27, 8 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი - 15 იანვარი, 1887
დაბადების ადგილი - სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა
გარდაცვალების თარიღი - 1943 (56 წლის)
პროფესია - ჟურნალისტი

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი – (15.I.1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრ. - VII.1943, პარიზი), პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. მოწაფეობის წლებში ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მონაწილეობდა 1905 წლის გამოსვლებში ქუთაისში. ამავე პერიოდში შევიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში. 1906 უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს, როგორც ფილოსოფიის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. უსახსრობის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა და 1909 სამშობლოში დაბრუნდა. წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. მონაწილეობდა ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „ერის“ გამოცემაში (გამოდიოდა „საქართველოს მოამბისა“ და „ჩვენი ერის“ სახელწოდებითაც). მალე დააპატიმრეს და ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს და 1912 მათთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წლიდან, სხვებთან ერთად, მესვეურობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ „სამშობლოსა“ და შემდგომ „იმერეთის“ გამოცემას ქუთაისში, იყო მათი მუდმივი ავტორი. იყენებდა ფსევდონიმებს „ფარსმან-ფარუხი“, „შ-ამ-ბი“, „შ. ამ-ბი“, „შ. ა-ბი“ (სავარაუდოდ, მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე „ჩორჩანე- ლი“, „შ. ა.“ და „ა.-ი.“). 1915 წელს გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც წელიწად-ნახევარი იმსახურა და სამშობლოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

1917 წლის მაისში შ. ამირეჯიბი ეროვნულ -დემოკრატების ჯგუფთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში და მიესალმა მთიელთა განთავისუფლებას რუსეთის იმპერიისაგან. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებულების შესახებ. აირჩიეს ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად, მუშაობდა პარტიის ცენტრალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველო“. შედიოდა საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან. 1917 წლის სექტემბერში იგი, როგორც საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს დელეგატი, ა. ჩხენკელთან ერთად, მონაწილეობდა პეტროგრადის თათბირის მუშაობაში, არჩეულ იქნა წინასწარი პარლამენტის წევრად. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, ედპ-ის სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის მაისში შ. ამირეჯიბმა ედპ-ის რიგები დატოვა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა პარტიაში. 1920 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ნ. ნიკოლაძე, საზღვარგარეთ გამგზავრების გამო, საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობიდან გავიდა, მისი ადგილი კრებაში შ. ამირეჯიბმა დაიკავა. მისი ორი ლექსი შეტანილია 1919 ქუთაისში გამოცემულ „ახალი პოეზიის ანთოლოგიაში“, 1920 წელს გამოვიდა მისი ლირიკული ლექსების კრებული „მინანქრები“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შ. ამირეჯიბი გადავიდა იატაკქვეშა ბრძოლაზე ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლობაში. კ. აფხაზის დახვრეტის შემდეგ, 1923 წლიდან იყო ედპ-ის თავმჯდომარე, თანამშრომლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში. 1924 წლის 29 აგვისტოს, აჯანყების დაწყებისას, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებთან და აჯანყების მთავარსარდალთან ერთად იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ბანაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთში, ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. 1925 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ედპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, შედიოდა ინტერპარტიული ცენტრის „საერთო ფრონტი“ შემადგენლობაში.

თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: „სამშობლო“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“. შედიოდა ჰ. ბამატის „კავკასიის“ ჯგუფში, იყო მისი ქართულენოვანი გამოცემის, ჟურნალ „კავკასიის“ (1937-1939) ერთ-ერთი ძირითადი ავტორი. იყო ემიგრაციაში მოქმედი სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი, რომელთა სხდომებზეც ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით. 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი „ახალი დროება“. 1942 ჩართული იყო ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის ფორმირებაში. ემიგრაციაში წასვლამდე ჰყავდა მეუღლე - ცნობილი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. შალვა ამირეჯიბი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია სენტ-უანის სასაფლაოზე. არის მრავალი საყურადღებო მოგონების ავტორი, მათ შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ.

ოთარ ჯანელიძე

თხზულებები

შ. ამირეჯიბი, (1886-1943), 2 წიგნად, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 1997-1998.

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი პირველი, თბ., 1991;
  • ქართველები უცხოეთში, წიგნ. I (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
  • ო. ჯანელიძ ე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები