ამნისტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:00, 5 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამნისტია - (άμνηστία, პატიება), დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.


სარჩევი

ამნისტია ძველ საბერძნეთში

საჯარო ამნისტიათა რიცხვი ბერძნულ წყაროებში საკმაოდ მცირეა. ყველაზე ადრეული ამნისტია სოლონი ის კანონი უნდა იყოს, რომლითაც, სავარაუდოდ, მოქალაქის უფლებები ყოველ იმ ადამიანს აღუდგა, რომელთაც ეს უფლებები დაკარგული ჰქონდათ. ამ პირთა შორის მოქალაქეობა მხოლოდ იმათ არ აღუდგინეს, რომელთაც ეს უფლება ტირანიაში ბრალდების ან მკვლელობის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული.

საზოგადო შერიგების მეორე აქტს წარმოადგენდა ძვ. წ. 403 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ ათენის სახალხო კრების დეკრეტი, რომელმაც ყველა შეიწყალა და მხოლოდ ოცდაათი ტირანი და მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამზრახველები გააძევა ათენიდან. არისტოტელე მის მთავარ პირობას იმოწმებს: μηδένι πρός μηδένα μνησικακεϊν. პლუტარქოსის დრომდე სიტყვა άμνηστία ამ ქმედების აღსანიშნად არ გამოიყენებოდა. მისი პირველი დამოწმებული მოხსენიება მილეტის წარწერებში გვხვდება (ძვ. წ. II ს. SIG 633. l. 36).

ამნისტიები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში

საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ამნისტია დამფუძნებელი კრების მიერ გატარდა ორჯერ: 1920 წლის 27 იანვარს და 1921 წლის 11 თებერვალს. 27 იანვრის ამნისტია დადგენილების ფორმით იქნა მიღებული. ორივე აქტი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარების ფაქტს. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ან სასჯელი შეუმსუბუქდათ სასამართლოს მიერ პოლიტიკურ, სისხლის სამართლისა და სამხედრო სფეროში დამნაშავედ ცნობილ პირებს. ასევე, ამნისტიები შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ მსჯავრდებულნი, მაგრამ მათი საკითხი იხილებოდა სასამართლო წესით.

1920 წლის დადგენილების მიხედვით, სიკვდილით დასჯა შეიცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით (კატორღით). მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა მსჯავრდებული პირი განთავისუფლდა სასჯელისაგან, თუ დანაშაული 1918 წლის 26 მაისამდე ჰქონდათ ჩადენილი, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა კატორღით ჰქონდათ მისჯილი. ამნისტიის მიხედვით, სასჯელისაგან განთავისუფლება პირს არ ათავისუფლებდა ზიანისა და ზარალის ანაზღაურებისაგან, გადასახადის გადახდის ან სასამართლოს ხარჯების დაფარვისაგან. დადგენილება ითვალისწინებდა შეღავათებს ციხიდან გაქცეული პირებისათვის, რომლებიც კვლავ დაუბრუნდებოდნენ ციხეს ან საცხოვრებელ სახლს. დადგენილების მე-17 მუხლის მიხედვით, თუ პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო ან მის საქმეს საგამოძიებო ორ- 25 განოები იკვლევდნენ, უარს იტყოდა დადგენილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებაზე, უფლება ჰქონდა, შუამდგომლობა წარედგინა „გამოძიებისა და სამართლის განახლებისათვის“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელი იყო დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების მათზე გავრცელება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად, არ შეიძლებოდა სასჯელისაგან განთავისუფლება ან სასჯელის შემსუბუქება, თუ პირს „სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918 წ-ის 17 სექტემბრის კანონის ძალით სასჯელი ჰქონდა დადგენილი. ასევე, ამნისტია არ შეეხო იმ პირებს, რომლებიც გასამართლებულნი იყვნენ ანგარების მიზნით ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულისათვის.

პასუხისმგებლობის ყოველგვარი ფორმისაგან განთავისუფლდნენ მსჯავრდებულები 1919 წლის 27 ივნისის „ჯარის ნაწილებიდან გაქცევისა და ნებადაურთველად წასვლისათვის“ და 1919 წლის 2 აგვისტოს „სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისა და ამ დანაშაულის დაფარვისა და წაქეზების“ დასჯის შესახებ დეკრეტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

შინაარსობრივად 1920-1921 წლების ამნისტიებს შორის თითქმის არ არსებობს განსხვავება. უბრალოდ, 1921 წლის ამნისტიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „ანარქიის საწინააღმდეგო ზოგიერთი ზომების“ შესახებ 1919 წლის 21 ნოემბრის დეკრეტის მიხედვით დაპატიმრებული პირების მიმართ დადგენილი სასჯელის შემსუბუქების უზრუნველყოფა.

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 54-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ამნისტიის გამოცემის უფლება საქართველოს პარლამენტს ჰქონდა. (ბექა ქანთარია)

ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები