ამსდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამსდენი

ამსდენი(Amsden). სინონიმია: წითელი ატამი. ამერიკული საადრეო ატმის ჯიშია, ფართოდ გავრცელებულია ევროპაში. საქართველოს რაიონებში შემოტანილია XIX საუკუნის ბოლო წლებში.

ამსდენი გავრცელებულია გუდაუთის, სოხუმის, სამტრედიის, ტყიბულის, ქუთაისის, გორის, კასპის და თბილისის რაიონებში. საადრეო ატმის ჯიშებს შორის ყველაზე დიდი კუთრი წონა ამსდენს აქვს. იგი ცნობილია, როგორც კარგი ხარისხის სამრეწველო ადრეული ჯიში.

ამ ჯიშის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ადრეულა სიმწიფე, ნაყოფის კარგი სიმსხო, ლამაზი შეფერვა, ადრეული ჯიშებისთვის შედარებით კარგი ტრანსპორტაბელობა, ნაყოფის კარგი გემო და პატარა, ნახევრადთავისუფალი კურკა.


ხე კარგად ეგუება როგორც დასავლეთ, ისეთ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების პირობებს, შედარებით გამძლეა „ფოთლის ხუჭუჭის“ მიმართ. ამსდენს ახასიათებს საშუალო მოსავლიანობა. საუკეთესო სუფრის ადრეულა ჯიშია.

ამსდენის ყვავილი

სამრეწველო ასორტიმენტში ამ ჯიშს საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა საკურორტო რაიონებსა და საგარეუბნო ზონაში.

ხე

ხე ხასიათდება ზომიერი ზრდით, მრგვალი ვარჯით, რომელიც თხლად არის შეფოთლილი. ერთწლიანი ყლორტები მუქი წითელი ფერისაა. ფოთოლი ოვალურ–ლანცეტია, ფოთლის ყუნწზე 1–4–მდე პატარა მომრგვალებული ჯირკვლით. ყვავილი მსხვილია, ბაცი ვარდისფერი გვირგვინის ფურცლებით. ყვავილობის პერიოდი ადრეულა აქვს.

ნაყოფი

მისი ნაყოფი ყველაზე ადრე შემოდის თბილისის ბაზარზე (ივნისის შუა რიცხვებში). ქართლის პირობებში ამსდენის ნაყოფი ივლისის პირველ რიცხვებში მწიფდება.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, მრგვალი, აშკარა გამოხატული განიერი და არაღრმა ღარით. საბოლოო წერტილი ჩაღრმავებულია, ზოგჯერ კი პატარა ნისკარტი ემჩნევა. ნაყოფის კანი საშუალო სიმკვრივისაა, თხელი, ადვილად სცილდება მწიფე ნაყოფს. კანზე ძირითადი მოთეთრო–მწვანე ფერი ემჩნევა მხოლოდ ნაყოფის დაჩრდილულ ნაწილზე. დანარჩენი კანი დაფარულია მუქი და ღია წითელი შეფერილობით. მზის მხარეზე კანი მუქ წითლადაა შეფერილი. შებუსვა ძალიან სუსტი აქვს. ბუსუსი მოკლეა. ხშირად გვხვდება თითქმის შეუბუსავი ნაყოფი. ნაყოფის ხორცი მომწვანო–თეთრი ფერისაა, რბილი სიმკვრივის, ძარღვიანი, ძლიერ წვნიანი, ტკბილი, სასიამოვნო მჟავიანობით. კარგი ხარისხისაა. კურკა პატარა აქვს, ნაყოფის სრულ სიმწიფეში თითქმის თავისუფალი, კურკის ზედაპირი ნაკლებად დაღარულია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები