ანანასის რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანანასის რენეტი

ანანასის რენეტი(Reinette ananas) საქართველოში გავრცელებული ვაშლის ჯიში.


სიმირენკოს მიერ მოყვანილი ცნობების თანახმად, ანანასის რენეტის სამშობლოდ ჰოლანდიას სთვლიან, ზოგნი კი „ნემტჩინას“, ანანასის რენეტი მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია, რომელიც ფართოდ გავრცელებულია ტიროლში, შტეიერმარკში. ზოგიერთი პომოლოგის და სავაჭრო ფირმის მიერ ანანასის რენეტი რეკომენდირებულია, როგორც პირველხარისხოვანი, ფართო მნიშვნელობის საწარმოო ჯიში.

საქართველოში კი იგი მხოლოდ ზოგიერთ რაიონში გვხვდება, ისიც უმთავრესად ქართლის მეხილეობის რაიონებში, სხვაგან თითო–ოროლა ხე თუ არის დარგული.

ხე

ანანასის რენეტის ხე სუსტი ზრდისაა, ინვითარებს პატარა, პირამიდული ფორმის ვარჯს, ტოტებგაკრეფილს და საკმაოდ კომპაქტურს. ხე არაა ხანგრძლივი სიცოცხლის უნარის მქონე, ადრე შედის მოსავლიანობაში, მსხმოიარობა რეგულარული და საკმაოდ უხვი იცის. კარგად გვარობს რბილ, მყუდრო ადგილებში. ნოყიერ და ფხვიერ, კარგი აგებულების ნიადაგებზე; ღრმა და საკმაოდ ტენიანი ნიადაგის პირობები ხეს კარგი განვითარების საშუალებას უქმნის. მშრალი ჰავისა და ცუდი კვების პირობებში ნაყოფი მცირე ხარისხის, მჟავე და წვრილი იცის. ანანასის რენეტის ხე, სუსტი განვითარების გამო, ძლიერ საძირეებზე დამყნილი, შეიძლება 4–5 მეტრის მანძილზე დაირგას.

ნაყოფი

ანანასი რენეტის ნაყოფი წვრილია, ზოგჯერ საშუალო სიმსხოსი, მაღალი შენების, სიმეტრიულად განვითარებული, ხან კვერცხისებური მოყვანილობის, ჯამთან ოდნავ წახნაგოვანი, ისე კი გლუვი, ქეცის ლაქები იშვიათად უჩნდება.

ყუნწი მოკლეა და წვრილი, ზის პატარა, არაღრმა, ჟანგაროთი მოფენილ ღრუში.

ჯამი დახურული აქვს და ზის პატარა, არაღრმა, განიერ ღრუში.

ნაყოფის კანი ლიმონისფერ–ყვითელი, პრიალა; კანის ზედა პირზე გაფანტულია მსხვილი, ვარსკვლავისებური მორუხო ფერის წერტილაები.

სრულ სიმწიფეში ნაყოფი ყვითლდება და ოქროსფერ ელფერს ღებულობს. ინვითარებს ანანასის ნაზ სურნელებას, რის გამოც მას ანანასის რენეტი უწოდეს.

ნაყოფის ხორცი ჩალისფერ–ყვითელია. ნაზი, ფხვიერი, სასიამოვნო მომჟავო მოტკბო გემოსი, მეტად შეხამებული გემოთი.

ნაყოფის შენახვის უნარიანობა საწყობში დიდია, სძლებს გაზაფხულამდე. თუ ნაადრევად არის მოკრეფილი, ან მშრალი ჰავის პირობებში ინახებს, მაშინ ნაყოფი ჭკნება.

ანანასის რენეტის ხის კონსტიტუციური სისუსტისა და მისი დიდი მოთხოვნილების გამო გარემო პირობებისადმი ჯიში ფართო სამრეწველო მნიშვნელობას ჰკარგავს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ.: ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები