ანანაურის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანანაურის ეკლესია''' - ეკლესია, მდებარეობს ვარძიის გამოქვაბ...)
 
(წყარო)
ხაზი 30: ხაზი 30:
 
[[კატეგორია: საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:ასპინძის მუნიციპალიტეტი არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:ასპინძის მუნიციპალიტეტი არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია:ვარძია]]

15:20, 30 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ანანაურის ეკლესია - ეკლესია, მდებარეობს ვარძიის გამოქვაბული კომპლექსის (ასპინძის მუნიციპალიტეტი) უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ზედა ტერასაზე. ეკლესიის სახელწოდების შესახებ ცნობები ადგილობრივმა მოსახლეობამ შემოგვინახა. არსებობს მოსაზრება, რომ აქ X-XII საუკუნეებსი. ამ სახელწოდების კლდის სოფელი არსებობდა და ამჟამინდელი ტაძარი სოფლის სამლოცველოს წარმოადგენდა. ვარძიის კომპლექსის აშენების შემდეგ სოფელი მონასტერს შეერწყა, პირვანდელი სახელწოდება კი ეკლესიას შემორჩა. საისტორიო ცნობები ამ ძეგლის შესახებ არ მოგვეპოვება. ეკლესიის გამოკვეთის სავარაუდო თარიღია X ს.

არქიტექტურა

ანანაურის ეკლესია კლდეში ნაკვეთ დაახლოებით 9 მ2 ფართობის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს (2.2X4.5 მ). დარბაზის დონიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის აფსიდა ნალისებური მოყვანილობისაა. კონქი დიდია და ფართო, არასწორად ნაკვეთი; მის ცენტრში, კედელთან ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ზომის ნიშია, მეორე, უფრო ღრმა და დიდი თაღოვანი ნიში კი დარბაზის ჩრდილოეთ კედელშია გამოკვეთილი, რომლის ქვეშ საძვალის არსებობა დასტურდება. საკურთხეველსა და სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე 40 სმ სიმაღლის საფეხური მიუყვება. ეკლესია სამხრეთ მხარეს გაჭრილი ორი ვიწრო სარკმლით ნათდება. ეკლესიის კვეთის ხარისხი მაღალია (თუმცა ცალკეული დეტალები მთლად ზუსტი მოყვანილობის არ არის). ეკლესიას ხუროთმოძღვრული შემკულობა არ გააჩნია, ერთადერთი სამკაული ფასადზე სარკმლების სადა ლილვებია.

ანანაურის ეკლესიას გარედან დამოუკიდებელი შესავლელი არ გააჩნია, მასში მოხვედრა დასავლეთით მდებარე ეკვდერიდანაა შესაძლებელი. ეკვდერი არარეგულარული ფორმის საკმაოდ მოზრდილ სათავსს წამოადგენს, რომლის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში დიდი ზომის ღრმა ნიშებია გამოკვეთილი. ჩრდილოეთ ნიშს სამყურა მოყვანილობა აქვს, დანარჩენი ნიშები კი თაღოვანი ფორმისაა. ეკვდერში შესასვლელი სამხრეთიდანაა მოწყობილი, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით კი ის ეკლესიას უკავშირდება.

მოხატულობა

ანანაურის ეკლესია და მისი ეკვდერიც მოხატულია. მოხატულობა საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა ხერხდება თითქმის ყველა შემორჩენილი გამოსახულებისა და სცენის იდენტიფიკაცია. გაირჩევა ორი ფენა – ქვედა ფენა უფრო ადრინდელია და სავარაუდოდ, XIII ს. I ნახევრით თარიღდება, ზედა ფენის ამჟამინდელი მოხატულობა კი XV ს. II ნახევარს განეკუთვნება. ეკლესიაში წარმოდგენილ გამოსახულებებს ბერძნნული წარწერები ახლავს.

საკურთხევლის კონქში მთავარანგელოზებს შორის გამოსახულია ღვთისმშობელი პლატიტერა (ნახევარფიგურა). საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მსხვერპლის თაყვანისცემა: ცენტრში, ტრაპეზის თავზე – ხატი მიძინებისა, მის ორივე მხარეს კი – ორ-ორი ეკლესიის მამა, წარწერებიანი გრაგნილებით ხელში, ჩრდილოეთით (მარცხნიდან მარჯვნივ) – წმ. ნიკოლოზი და იოანე ღვთისმეტყველი სამხრეთით – წმ. ბასილი და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. საკურთხევლის სამხრეთ ნაწილში გამოკვეთილ მცირე ზომის ნიშში ჯვარცმის სიმბოლური გამოსახულებაა წარმოდგენილი. ჩრდილოეთ დიდ ნიშში გამოსახულია ქრისტე (ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი ორ მთავარანგელოზს შორის).

ეკლესიის ძირითად სივრცეში, ისტორიული თანამიმდევრობის მიხედვით, საუფლო დღესასწაულთა ციკლის თორმეტივე სცენაა გამოსახული. ამას ემატება სამხრეთ კედელზე ქვედა რეგისტრში, მედალიონთა რიგი წმ. დედათა გამოსახულებებით (დაზიანების გამო იდენტიფიკაცია არ ხერხდება), დასავლეთ მხარეს, ეკლესიაში შესასვლელი კარის ორივე მხარეს, წარმოდგენილი არიან მთავარანგელოზები (ჩრდილოეთით – გაბრიელი, სამხრეთით – მიქაელი), სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმლის წირთხლში კი – ორი დიაკვანი. ჩრდილოეთ დიდი ნიშის აღმოსავლეთ კედელზე ორი ქტიტორის (ქალისა და მამაკაცის) ფიგურაა გამოსახული (ქტიტორებს არ ახლავთ წარწერები, რის გამოც მათი იდენტიფიკაცია მხოლოდ ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი). სავარაუდოდ, აქ წარმოდგენილი უნდა იყოს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II დიდი (1451-1498) მეუღლითურთ.

მთელი რიგი მხატვრულ-სტილისტური ნიშნები – მოხატულობის ანსამბლის მონუმენტურობის დაკარგვა, მხატვრული სახის მთლიანობის რღვევა და ერთგვარი მანერულობა, უწონო, სიფრიფანა ფიგურები და მათი პროპორციები, ტიპაჟი და სამოსის დამუშავებისა თუ სახის წერის მანერა, კოლორიტი – მიგვითითებს, რომ ეს მხატვრობა გვიანპალეოლოგოსური ეპოქიდან პოსტბიზანტიურ ხანაზე გარდამავალ ძეგლს წარმოადგენს. ამავე დროს, მთელი რიგი ნიშნებით (ტიპაჟი და სახეთა წერის მანერა, ხაზობრივობის გაძლიერება და ხაზის სიხისტე, გამოსახულების გამარტივება-გასიბრტყოვნების ტენდენცია და სხვ.) ეს მხატვრობა კავშირს ამჟღავნებს XVI ს. საქართველოში არსებულ „ხალხური ნაკადის“ ძეგლებთან და მათ ერთგვარ წინამორბედად გვევლინება.

ეკვდერის მხატვრობა XIII ს. I ნახევრით თარიღდება. აქ რამდენიმე გამოსახულებასთან ქართული წარწერებია შემორჩენილი, აღმოსავლეთ ნიშის შემომწერ თაღს კი მიუყვება წარწერა: „ესე არს ბჭელ უფლისაჲ და მას შინა მართალნი შევლენ...“ (ფსალმუნნი, 117,20).

ეკვდერში მხატვრობა ნაწილობრივაა შემორჩენილი: აღმოსავლეთ კედელზე (ეკლესიაში შესასვლელი კარის გარშემო) და მის შემომწერ თაღში, კარის ტიმპანში გამოსახულია ვედრება, მის ზემოთ, კედელზე – სულიწმინდის მოფენა და ივლიტესა და კვირიკეს ფიგურები. კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე ქტიტორის დიდი ზომის ფიგურაა. აღმოსავლეთ კედლის შემომწერი თაღის ჩრდილოეთ მონაკვეთზე სამ რეგისტრად გამოსახულია სცენები: ხარება (ზედა რეგისტრი), კრებაჲ ანგელოზთა (შუა რეგისტრი) და სამი ყრმა სახმილსა შინა (ქვედა რეგისტრი). ეკვდერის მხატვრობის ფრაგმენტულობის მიუხედავად, შემორჩენილ სცენათა იკონოგრაფიული ანალიზის მეშვეობითა და მათ შორის აზრობრივი ურთიერთკავშირის დადგენით იკვეთება მოხატულობის მთავარი იდეა – მეორედ მოსვლა და სულის ხსნა.

ეკვდერის მოხატულობის კომპოზიციურ აგებაში, მის ფერადოვან გადაწყვეტასა თუ ნახატის ხასიათში, სამოსის დამუშავების მანერასა და ტიპაჟში გამომჟღავნებული ნიშნები ამ მოხატულობას XIII ს. I ნახევრის სტილთან აკავშირებს. მოხატულობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქტიტორის გამოსახულება – სამეფო სამოსში გამოწყობილი მამაკაცის დიდი ზომის ფიგურა, რომელსაც მფრინავი ანგელოზი თავზე გვირგვინს ადგამს, ხელში კი კვერთხს აძლევს. ეს კომპოზიცია, რომელშიც ანგელოზი მეფეს ძალაუფლების ინსიგნიებს გადასცემს, შეიძლება განისაზღვროს, როგორც მეფედ კურთხევის სიმბოლური გამოსახულება. ამ გამოსახულებასთან წარწერა არ შემოგვრჩა, მაგრამ, მოხატულობის თარიღიდან გამომდინარე, გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ წარმოდგენილი მეფე უნდა იყოს გიორგი IV ლაშა.

ა. კლდიაშვილი

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები