ანდრია პირველწოდებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Andrias jvari.jpeg

წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული – ათორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული, [(ხსენების დღე 13.12; 30.06) (12 მოციქულთა ხსენების დღე)], წარმოშობით ბეთსაიდიდან. ძმასთან, პეტრესთან ერთად ცხოვრობდა კაპერნაუმში. ძმები მებადურები იყვნენ და მათ მამას ერქვა იონა. იოანეს სახარების მიხედვით, ანდრია პირველწოდებული იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფეთაგანი, რომელიც შემდეგ პირველი დაემოწაფა ქრისტეს. მოციქულებზე სულიწმინდის მოფენის შემდეგ ისევე, როგორც სხვა მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა დაიწყო ქრისტეს მოძღვრების ქადაგება და გაემგზავრა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებში. 62 წელს მოწამებრივი აღსასრული მიიღო ქ. პატრაში. ანდრია პირველწოდებული ითვლება პონტოელთა, სკვითთა, იბერთა, სავრომატთა და სხვათა განმანათლებლად.

სარჩევი

ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში

ქართული ისტორიისა და საეკლესიო ტრადიციით, ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში იწყება I საუკუნეში, მოციქულების ხანაში და დაკავშირებულია მოციქულების – ანდრიას, სიმონ კანანელის, მატათას, ბართლომესა და თადეოზის – სამისიონერო მოღვაწეობასთან. „შემდგომად ამაღლებისა“, – გვამცნობს მატიანე, – „რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და ჰრქუა: ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელ–ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთგს. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“.

ყოვლადწმინდა ქალწულმა აუწყა მოციქულ ანდრიას თავისი ძის ქადაგებული: „..რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნეს მათ... მაშინ ყოვლადწმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესევითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჭორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა... და მისცა იგი მოციქულსა ანდრეას... მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლადწმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით და წარემართა ქადაგებად სახარებისა.“

ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ გეოგრაფია

ანდია მოციქულის ქადაგების მარშრუტი საქართველოში

მოციქულებრივი მოგზაურობის დროს აღასრულებდა სასწაულებს და მრავალ განსაცდელსაც დაითმენდა. როდესაც მოციქული პირველად „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსაცა დიდაჭარა ეწოდების და იწყო ქადაგებად სახარებისა, რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს.. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინა ურწმუნოთაგან... ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად...“ ამისთვის აუცილებელი გამხდარა სასწაულის ჩვენებაც: ადგილზე, სადაც აანდრია პირველწოდებულმა ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა ხატი დაასვენა, აღმოცენდა წყარო „ფრიად შუენიერი და დიდი“. ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებულმა შემოიკრიბა მთელი იქაური მოსახლეობა, მონათლა ისინი და განაწესა ღვთის მსახურთა რიგიც: „დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა, და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისასა“. ადგილობრივი მოსახლეობა ხატის დატოვებასაც სთხოვდა, „ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატი მას ზედა. და მეყსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი“.

მართალია, წმ. გადმოცემებში არ არის კონკრეტული მითითება იმ მარშრუტზე, რომლითაც წმ. მოციქული მოგზაურობდა საქართველოში ქადაგების დროს, მაგრამ ამის საშუალებას გვაძლევს ისტორიულ-გეოგრაფიული მასალები. წყაროთა მართებულობას ადასტურებს წერილობითი ძეგლები და ზეპირგადმოცემები.

ეფთვიმე ათონელის ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ ქართულ თარგმანში ვკითხულობთ, რომ იერუსალიმიდან წამოსვლის შემდეგ (პირველი მოგზაურობა) წმ. მოციქული „მიიწია უკუე ქალაქად ტრაპეზუნდად, რომელ არს სოფელსა მეგრელთსა, სადა იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, ვინაჲცა იგი დაყო ჟამი ფრიადი და მრავალნი განანათლნა სიტყჳთა მოძღურებისა მისისაჲთა... მიერ წარვლო კერძონი ქუეყანასა პართევისანი და აღვიდა იერუსალიმს აღსრულებად პასექის...“ დღესასწაულის შემდეგ ანდრია პირველწოდებულ თავის ძმა პეტრესთან ერთად და იოვანე ზებედესი და ფილიპე ათორმეტთაგანი და ბართლომე და ფილიპე შვიდთა დიაკვანთაგანი მივიდნენ ანტიოქიას, ასურეთის ქალაქში. პეტრე აქ დარჩა, ხოლო სხუანი მოციქულნი წარემართნეს ქალაქითი ქალაქად განფენად სიტყჳსა ქადაგებისასა“ (მეორე მოგზაურობა). აქედან ანდრია და იოვანე ეფესოში მივიდნენ. „მუნ ეჩუენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ნეტარსა და ჰრქუა მას: მსწრაფლ წარვედ სოფელსა ბითჳნიისასა და ნუ გეშინინ, რამეთუ შენთანა ვარ ვინაჲცა ხვდოდი, რამეთუ ქუეყანაჲცა გუთეთისაჲ მიგელის შენ“. ეფესოდან წამოსულმა ა.პ-მა იქადაგა ფრიგიის ქალაქ ლაოდიკიაში, შემდეგ მოვიდა ამასიაში, შემდეგ ბითვინიის დაბა ნიკეაში, იქიდან მივიდა ამასტრიაში და „აღვიდოდა ზღჳსკიდესა პონტოჲსასა ვიდრე დაბადმდე, რომელსა ეწოდების ზალიქოი... და მიიწია ტრაპეზუნტად, ქალაქსა მას სამეგრელოჲსასა... მიერ წარვიდა და მივიდა ნეოკესარიას“, შემდეგ მოიარა სამოსატელთა ქალაქი პართიის საზღვარზე და უკან გაბრუნდა იერუსალიმში.

ამის შემდეგ მოციქულები კვლავ სხვადასხვა მხარეს გაემგზავრნენ საქადაგებლად. ანდრია პირველწოდებული სხვა მოციქულებთან ერთად ედესიდან გამოემგზავრა ქართლისაკენ. ედესაში ისინი ერთხანს მეფე ავგაროზთან იმყოფებოდნენ, საიდანაც წამოსულან ქართლში ჭოროხის ხეობით (მესამე მოგზაურობა): „წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად, ასწავებდეს ერსა და იქმოდეს სასწაულთა და ესრეთ მოიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვიდეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს... და ესრეთ ქადაგებითა მოიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა“.

ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვათა“ გეოგრაფიის მიხედვით წმ. მოციქული ქრისტიანობის საქადაგებლად სამჯერ ყოფილა საქართველოში. პირველად იგი სირიის ქ. ლაოდიკიაში ჩასულა, საიდანაც გადასულა კაპადოკიაში, ქ. ტჳანაში, შემდეგ გალათეის ქ. ანკჳრიაში, პონტოს სინოპეში, ამასინელთა ქალაქში, მოუვლია ტრაპეზუნდი „სამეგრელოჲსა“, საიდანაც ქართლში წასულა, ბოლოს პართიაში ყოფილა. აქედან აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად სხვა მოციქულებსა და ღვთისმშობელთან ერთად იერუსალიმს ასულა. მეორე მოგზაურობაც ანდრია პირველწოდებულს სირიის (ასურეთის) ანტიოქიიდან დაუწყია. იმყოფებოდა ეფესოში, სადაც ღვთის ბრძანება მიიღო, რომ ბითვინია და გუთეთი გაენათლებინა. ეფესოდან გაეშურა ფრიგიის ქ. ლავდიკიისაკენ, მოვლო ქ. ოდისო ამასიაში, ულუმბოს მთა, ბითვინიის ნიკეა, დაბა დავკომი, ნიკომედია, ბითვინიისავე ქ. ქალკედონი, არაკლია, ამასტრია, მდინარე პართენით ქალაქ ხარაკში ჩასულა, საიდანაც მეორედ წავიდა სინოპეში, მოვლო ზღვისპირა პონტო და მისი ქ. ზალიქო, ამასია, ტრაპეზუნდი, ნეოკესარია, პართიის საზღვართან სამოსატელთა ქალაქი, კვლავ იერუსალიმს ავიდა მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად.

წმინდანს მესამე მოგზაურობისას ერთხანს თან ახლდნენ სვიმონ კანანელი, მატათა, ბართლომე და თადეოზი. ისინი ერთად იყვნენ მეფე ავგაროზთან ედესაში, საიდანაც ჭოროხის ხეობით ქართლში წასულან. ბართლომე და თადეოზი სხვა მიმართულებით წავიდნენ საქადაგებლად, ანდრია პირველწოდებულმა კი იქადაგა სოსანგეთში (აწყურში), ოსეთში ქ. ფოსტაფორში შეჩერდა, მოვლო აფხაზეთი და მისი ქ. სევასტია, ჯიქეთი, ქ. ბოსფორიდან ზღვით – ტავრო-გუთეთი; სვიმონ კანანელი დატოვა ნიკოფსიაში, სადაც გარდაიცვალა, მისი საფლავიც იქ არის; მოიარა ქალაქები: თევდოსია ბოსფორთან ახლოს, ქეროვნეთი გუთეთში და აქედან გუთელის ნავით ზღვით სინოპში ჩავიდა; იქადაგა ბიზანტიაში (სოფ. ბოსფორთან ახლოს, სადაც გაშენდა ქალაქი კონსტანტინოპოლი), ხურისოპოლში, თრაკიის ქალაქ ჰერაკლიაში, მაკედონიაში, თესალონიკეში, პელოპონესსა და პატრა აქაიაში, სადაც აღესრულა კიდეც.

ამ მოგზაურობის შესახებ ქართლის ცხოვრება გვაუწყებს, რომ როცა მოციქულმა მიაღწია სვანეთს, „მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედაკაცი ვინმე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგებად მოციქულთა. და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათკერძოთა, ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოსტაფორი, სადა-იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა და მრავალთა შეიწყნარეს. და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სჳმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანასა აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უძღებნი, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკვლა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა მათი და პირუტყუებრივი გონება, დაუტევა და წარვიდა... ხოლო სჳმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქად, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმ. სჳმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცა წმ. ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ“. ტრაპიზონიდან წამოსული ანდრია პირველწოდებული აუცილებლად გაივლიდა სუსერმენს (იგივე სურმენეს), კენეპარაოლს („კაინე პარემბოლეს“; მოციქულთა „მიმოსვლის“ „კაინე პარემბოლე“ – ესაა „ახალი ბანაკი“, „ჯარის სამყოფელი ადგილი“, იგივე „პარემბოლე აფსარეალსი“ – „საყოფელი აფსარეალსი“), რზონს (რიზეს), კორდლონს (კორდილოს, რომელიც რიზესა და ათინას შორის მდებარეობდა), აფსაროსს (გონიო; მოციქული მატათა ბათუმთან ახლოს აფსარ//გონიოში გარდაცვლილა და იქვე დაუსაფლავებიათ). აფსარიდან ანდრია პირველწოდებული აჭარის გავლით წასულა ქართლისაკენ, რადგან იგი დიდაჭარაშიც ყოფილა. დღეს „დიდაჭარა“ მხოლოდ სოფელს ეწოდება და არა მთელ მხარეს. აჭარაში მიმავალი გზა კი სოფელ კიბეთი (ჭოროხის მარჯვენა სანაპირო) იწყებოდა და დარისპანაულით მთავრდებოდა (ახლა დარისპანაული მთავრდება გოდერძის უღელტეხილის მისადგომებთან). ამავე მოგზაურობისას ანდრია პირველწოდებული ყოფილა კლარჯეთში და სამცხეშიც, რომლის საზღვარზე, მთაზე აღუმართავს რკინის ჯვარი (რითაც დასაბამი მიუცია დღემდე არსებული ტოპონიმისათვის), შემდეგ ანდრია პირველწოდებული ოძრხის გავლით სამცხეში შესულა და საზღვარზე მდგარ სოფელ ზადენგორაში გაჩერებულა. ამ სოფელში, ღვთისმშობლის ხატის მეოხებით, შეუმუსრავს მოციქულს პირველად ყრუ კერპნი, რომელსაც იქაური მოსახლეობა მსხვერპლს სწირავდა: „... ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქუმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითარცა შევლო ხევი ოძრხისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენგორა. მიხედნა მოციქულმან და იხილა კაცნი მის ადგილოსანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს“. ზადენგორიდან „წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკლესია ეწოდების. ...ხოლო მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა... და ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო“. მოციქულმა ხატის დადებით გააცოცხლა მისი ძე. „ანდრია... ჟამ რაოდენიმე დაადგრა მათ თანა და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა. და დაუდგინა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი... და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთისმშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ“.

სოსანგელთა სოფლიდან ანდრია პირველწოდებული გადასულა ფუსტში, ალანთა ქვეყანაში, შემდეგ სევასტიაში. ნიკოფსიიდან მოციქული სუგდების ქვეყნის გავლით – გუთეთში, შემდეგ კი ნავით – სინოპეში, იქიდან კი ბიზანტიასა და პატრაში წასულა.

ბერძნული და ქართული წყაროების ცნობები საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის, შემოსვლის თანამიმდევრობის, ადგილების დასახელებების შესახებ ერთმანეთს ემთხვევა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა VIII ს. II ნახევრის მოღვაწის, ეპიფანე კონსტანტინოპოლელის თხზ.: „ანდრიას ცხოვრება“, რომელშიც იგი წერს, რომ არ დაკმაყოფილდა წერილობითი წყაროებით (კლიმენტი რომაელის, ევაგრე სიცილიელისა და ეპიფანე კვიპრელის) და მოიარა ზოგიერთი ის ადგილი, სადაც ანდრია პირველწოდებული მოღვაწეობდა. ეპიფანე კონსტანტინოპოლელს მოჰყავს წმ. ეპიფანეს (310-403) – კონსტანცისა და კ. კვიპროსის მიტროპოლიტის – მონათხრობი, რომ, გადმოცემის თანახმად, ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ დამოძღვრა სკვითები და სოგდიანები და გორსინები დიდ სებასტოპოლისში, სადაც არის აფსარის ციხე, ჰისოს ნავსადგური და მდ. ფაზისი; იქ მოსახლეობენ იბერიელები, სუსები, ფუსტები და ალანები... ამისოდან წამოსვლის შემდეგ ის მივიდა ტრაპეზუნტში, ლაზიკის ქალაქში, იქიდან კი -იბერიაში; მას შემდეგ, რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი განანათლა, ჩავიდა იერუსალიმში... პენტაკოსტის (ე.ი. სულიწმინდის მოფენის) შემდეგ ანდრია, სჳმონ კანანელი, მათე და თადეოზი... ჩავიდნენ იბერიასა და ფაზისში, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ – სუსანიაში, რომლებიც მალევე დამორჩილდნენ მოციქულთა მოძღვრებას. მათე მოწაფეებითურთ დარჩა იმ ქვეყნებშთ ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა, ხოლო სგმონ და ანდრია წავიდნენ ალანიასა და ქ. ფუსტაში. მათ მრავალი სასწაული მოახდინეს და აბაზგიაში ჩავიდნენ. დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღვთის სიტყვა. ანდრიამ დატოვა იქ სჳმონ და მოწაფეებითურთ წავიდა ჯიქეთში. ჯიქები უხეში და ბარბაროსი ადამიანები იყვნენ და მათ განიზრახეს ანდრიას მოკვლა, თუმცა უფალმა დაიფარა იგი. ანდრია პირველწოდებულმა მათი ქვეყანა რომ დატოვა, ჩავიდა ზემო სუგდების ქვეყანაში.

მდ. ფაზისი (იგივე რიონი), სათავეს ცენტრალური კავკასიონის მთიდან – ფასისის მთიდან – იღებს. ამჟამად ეს მთა რაჭას ეკუთვნის და შესაბამისად, მდინარის სათავეც და მისი ზემო წელიც რაჭაში მდებარეობს. I-II სს. რომაული ისტორიოგრაფიის (სტრაბონი, პლინიუს უფროსი, პტოლემაიოსი) თანახმად, მდინარე ფაზისი „იბერიიდან ეშვება კოლხეთში“, ამიტომ იბერიის გვერდით ფაზისის დასახელება ტრადიციულად ასახავს იმდროინდელ ისტორიულ-გეოგრაფიულ არეალს და ადვილი შესაძლებელია, რაჭა იბერიის ნაწილად განეხილათ. რაჭიდან ადვილი იყო მეზობელ რეგიონში – სვანეთში – გადასვლა. მთის რაჭად წოდებული სოფლები – ღები, ჭიორა და გლოლა – ადრე სვანეთს ეკუთვნოდა. სწორედ ღების ჩრდ-ით იღებს სათავეს მდ. რიონი.

ამდენად, სავარაუდებელია, მდ. ფაზისის ხეობის მოსახლეობის გაქრისტიანების შემდეგ ანდრია პირველწოდებული სხვა მოციქულებთან ერთად მდინარის ხეობას რომ აუყვებოდა, შიდა იბერიასაც მიაღწევდა, რის შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მდინარის ზემო წელის გავლით სუსანიაში – სვანეთში – აღმოჩნდებოდა, რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა იმჟამინდელ იბერიას.

რაჭიდან აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მის მომიჯნავე ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა გადიოდა. ამ მაგისტრალის ერთი მონაკვეთი ონიდან ჯეჯორის ხეობის გავლით ქართლში მიდიოდა: ჭიორა, გლოლა, მამისონის უღელტეხილით – დვალეთშთ დვალეთიდან როკის უღელტეხილით – ლიახვის ხეობასა და შიდა ქართლში, თრუსოს უღელტეხილით – თრუსოში, თერგის სათავეში, აქედან კი – არაგვის ხეობაში, შემდეგ ქართლის ვაკისკენ ან კახეთისკენ შეიძლებოდა წასვლა.

აღმოსავლეთ საქართველოდან – დვალეთიდან – აფხაზეთისაკენ მიმავალ გზას „გზა გარესა“ და „გზა დვალეთისასა“ ეწოდებოდა. შესაძლოა, ანდრია პირველწოდებული რაჭის სვანეთიდან ამ გადასასვლელით სვანეთში, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა (გარკვეულ პერიოდში ნიქოზელი მღვდელმთავარი თავის სამწყსოსთან – ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიან მოსახლეობასთან – ერთად სწორედ ამ გზით სარგებლობდა). სავარაუდოა, რომ მოციქულებმაც ეს გზა გაიარეს (მით უფრო, რომ I ს. იბერიასა და ალანიას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა სუფევდა და ამ გზის გამოყენება საშიში არ იყო). ცნობილია, რომ რაჭისა და სვანეთის მთიანეთის გარკვეულ ნაწილს ერქვა ფუსტა. იქ მცხოვრებ ხალხს კი – ფუსტელები.

ანდრია პირველწოდებულის საქართველოში (სკვითიაში, კავკასიაში) მოციქულებრივი მოგზაურობისა და ქადაგების შესახებ ცნობები გვხვდება ორიგენესთან (185-254), ევხერისთან (გ. 449), დოროთეოს ტვირელთან (VI ს.), ისიდორე ისპალიელთან (გ. 639), ევსევი კესარიელთან (230–340), ეპიფანე კონსტანტინოპოლელთან (გ. 780), თეოდორიტე კვირელთან (393–457/8), ნიკიტა პაფლაგონელთან (IX ს.) და სხვ.

მ. ფირჩხაძე

ლიტერატურა

  • ანანია (ჯაფარიძე) მიტრ., საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 2009;
  • ბერაძე თ., რაჭა, თბ., 1983;
  • გუგუშვილი გ., მოსაზრება ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულთა საქართველოში მოგზაურობის ერთი მონაკვეთის შესახებ, საქართველო და ქრისტიანობა, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტის მეცნიერ-მუშაკთა და ასპირანტთა სამეცნ. კონფერენციის მასალები, თბ., 2001;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • კაკაბაძე ს., სვანები XV საუკუნეში, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წ. 1, ტფ., 1914;
  • მაკალათია ს., მთის რაჭა, წ. 5, თბ., 1987; სიხარულიძე ი., გზანი მოციქულთანი: [წერილი პირველი. საქართველოს გაქრისტიანება, მოციქულთა სამისიონერო მოგზაურობა საქართველოში, ანდრია მოციქულის ქადაგება აჭარაში, აჭარის გაქრისტიანება], „ჯვარი ვაზისა“, 1991, #2;
  • ფირჩხაძემ., ქრისტიანობის გავრცელების ისტორია დასავლეთ საქართველოში (I-IX საუკუნეები), სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2002.


Logo1.JPG ანდრია მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები