ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი – (დადიანი), (1747-1815, ნახარებაოს მონასტერი)), წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 13/26.10, იაკობ ხუცესმონაზონთან ერთად). საეკლესიო მოღვაწე, ასკეტი: მქადაგებელი, მთარგმნელი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი. სამეგრელოს მთავარ ოტია დადიანის (1720-1758) ძე.

სარჩევი

ბიოგრაფია

ანტონის აღზრდაზე მწირი ცნობებია შემორჩენილი. ისტორიკოსი თ. ჟორდანია წერდა: „მოხუცებულ სამღვდელო პირთაგან გამიგონია, რომ მან პირველდაწყებითი სწავლა დედისგან, გულქან შოშიტა რაჭის ერისთავის ასულთან მიიღო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პატარა ანტონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. გულქანი ეკუთვნოდა იმ გუნდს ძველ დედებისას, რომელნიც განთქმულნი იყვნენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, ოჯახის ერთგულობით და მხნეობით, რომელნიც წირვა-ლოცვას არ აკლდებოდნენ” ყოველდღე ორჯერ დილა-საღამოს წაიკითხავდნენ დადებულ ლოცვას, წელიწადში რამდენჯერმე ღამეს უთევდნენ და ორჯერ მაინც ეზიარებოდნენ. რადგან ანტონი თავდაპირველად საერო კაცად იზრდებოდა, მას მეასწავლეს, გარდა საღმრთო წერილისა, რომლითაც იწყებოდა მაშინ ყოველი პირველდაწყებითი სწავლა, საერო წიგნები, მელექსეთა ნაწერები და განსაკუთრებით თათრული ენა, იმ დროს მეტად საჭირო ყველა დარბაისელ გვამისათვის“.

ოტია დადიანს ხუთი ვაჟი – კაცია, ანტონი (საერო სახელი უცნობია), ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი და ერთი ასული, მარიამი (იმერთა მეფე სოლომონ I-ის მეუღლე, გ. 1778) ჰყავდა. გადადიანებულმა ჩიქოვანებმა წესად შემოიღეს, რომ ჭყონდიდელად უსათუოდ თავიანთი გვარის წარმომადგენლები უნდა დავსვათ. ამიტომ ოტიაც თავის ძეს, ნიკოლოზს, ამზადებდა ჭყონდიდის კათედრაზე. როდესაც მას ასაკმა მოუწია, ბერად აღკვეცეს, მაგრამ ნიკოლოზი საერო ცხოვრებით იყო გატაცებული და არაფრით განსხვავდებოდა სხვა საერო პირთაგან. ანტონი მტკიენვულად განიცდიდა ძმის მდგომარეობას და ერთხელ ნიკოლოზს უთხრა: „ძმაო, გეტყობა, რომ ბერობას ღირსეულად ვერ ატარებ და ცოდვაში ჩააგდებ შენს ნათესავთა. შენ საერო საქმისადმი დაგიძს გული და არ შეგიძლია ტვირთება მონაზონობის მძიმე უღლისა: „არა ძალგიძს მონებად ორთა უფალთა“. გევედრები დააგდე ბერობა და შენ მაგიერ მე ვიტვირთებ ამ საქმეს“. მართლაც, თავისი მამისა და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ანტონი ბერად აღიკვეცა.

სასულიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას საეკლესიო განათლებისადმი წყურვილი მეტად გაუძლიერდა. მასწავლებელ-დამრიგებლად მარტვილის მონასტრის ბერები მიუჩინეს, რომელთაგანაც წმ. მამათა თხზულებებს სწავლობდა. განათლების შესავსებად კათოლიკე ბერებიც მიჰგვარეს, რომელთა შემწეობით ანტონს იმ დროისათვის გავრცელებული სქოლასტიკური ფილოსოფიაც უნდა შეესწავლა. ანტონს არც მათი ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება. ერთხელ, სადილობისას, ანტონმა უთხრა კათოლიკე ბერს: „აბა, თუ შეგიძლია, ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ისე ჩაასხი, წყალი რომ არ გაერიოსო“. კათოლიკე მოძღვარმა მოახსენა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაშინ ანტონმა განუცხადა: „როგორც ამ ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთს არ გაერიოს, ეგრევე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას ისე, რომ ერთმანეთს არ გაჰრიოსო“. იმ დღიდან ანტონმა დაითხოვა კათოლიკე მოძღვრები.

ანტონს სწავლის დიდი სურვილი ჰქონდა. „ურვა მაქვნდა სწავლისა და მკურნალსა ვეძიებდ“, – წერდა იგი. ამ მიზნით ანტონი 1757 წ. ახლო ხანებში ქართლ-კახეთში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარზე ჩავიდა (ანტონის მამიდა იყო ერეკლე მეფის მეუღლე დარეჯანი). აი, რას წერს იგი სომხურიდან თარგმნილი „ლოღიკის“ წინასიტყვაობაში: „წარმოვედ სწავლად სამეფოსა ქალაქსა, შორსა სოფელსა თფილისსა ეგრელოით (ესე იგი სამეგრელოით) არა განბნევად სიმდიდრისა, არამედ მოსაღებად გოლისა თაფლისასა... თფილისს ვიხილენ მრავალნი წარმატებულად ხედვათა მინა ფილოსოფოსობათა, რამეთუ ბრწყინვალესა ირაკლი მეორეს, დიდსა მეფეს, აღეგო სხოლა ქალაქსა თელავს და მუნით წრთვნილ იყვნენ; და ამასვე მეფეს მოუპოვა სხოლაპეტი და მოძღვარი სიბრძნისა ჰარმანთა მღვდელი ფილიპე ესევითარისა მოძღვრებისა პატივსა, და ამა მოძღვართა მიერ და ამის ერთის რჩეულ მოწაფისა ზაქარიას მიერ მიიღო უდირსებამანცა ჩემმან წვრთილებაი ხედვათა შინა ფილოსოფობათა...“ (თ. ჟორდანიას ზაქარია მიაჩნია ცნობილ მღვდელ ზაქარია გაბაშვილად, თუმცა შეიძლება ეს ზაქარია იყოს ცნობილი მქადაგებელი და პოეტი, ნეკრესელი მიტროპოლიტი ამბროსი, რომელსაც ერისკაცობაში ზაქარია ერქვა).

ზუსტად რამდენ ხანს დაჰყო ანტონმა თელავში ან თბილისში, ცნობილი არ არის. სამეგრელოში დაბრუნებული ანტონი დაახლოებით 1760-1761 წწ. ეპისკოპოსად აკურთხეს და ცაგერის კათედრაზე დანიშნეს. მან თავიდანვე გაითქვა სახელი, როგორც ძლიერმა და მჭევრმეტყველმა მქადაგებელმა, ღირსეულმა მღვდელმთავარმა და ასკეტმა ბერმა. გადმოცემით, კათოლიკოსმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) ისურვა ანტონის ნახვა და მისი ქადაგების მოსმენა. ანტონს მართლა მოუხდა თბილისში წასვლა 1765 წ., როდესაც ერეკლე მეფის და, ელისაბედი, მისთხოვდა კაცია დადიანს, ანტონის ძმას. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით ეს იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა ეთქვა ქადაგებაის დღე ყოფილა სულიწმინდის მოფენის დღესასწაული და ანტონმა ისეთი ხელოვნებით წარმოთქვა ქადაგება, რომ აღტაცებულ ანტონ კათოლიკოსს იქვე ამბიონზე გადაუკოცნია მჭევრმეტყველი მქადაგებელი. ამის შემდეგ მათ შორის დიდი ურთიერთობა და სიყვარული დამყარდა და ხშირი მიმოწერაც ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთ-ერთ წერილში ანტონ კათოლიკოსი მას ასე მოიხსენიებს: „არონისამებრ ძველი მღვდელი“, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუმცა იგი წლოვანებით ახალგაზრდაა, მაგრამ ჭკუა-გონებით ძველი, ანუ ბრძენი კაცია.

1777 მ. გარდაიცვალა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, გრიგოლი და კაცია II დადიანმა დასავლეთ საქართველო უმაღლესი სამღვდელოების ნებართვით ანტონი ჭყონდიდლის კათედრაზე დაადგინა. მისი ჩატარებული ყოველი წირვა ქადაგებით მთავრდებოდა და მის სიტყვას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელზე. იგი ყოფილა სრული ტანისა და ახოვანი შეხედულების, მკაფიოდ და რიხიანად მეტყველი, პირუთვნელი და უშიშარი მამხილებელი ძლიერთა და მანუგეშებელი ჩაგრულთა. მისი ბრძანებით საჭყონდიდლო სახლში მუდამ მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. სამღვდელოებისგან და, განსაკუთრებით, ბერმონაზვნებისგან ის მკაცრ სულიერ და ასკეტურ ცხოვრებას მოითხოვდა.

XVII-XVIII სს. სამეგრელოსა და თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული „ტყვეთა სყიდვის“ საშინელი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. მან შეაჩვენა ტყვეების გამყიდველნი, მათ სახლში მღვდელს არ უშვებდა, სოფელში ეკლესიას კეტავდა. 1792-1794 წწ. ანტონის თავრეობით ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს.

ანტონი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. იგი ცდილობდა, გურულებსა და მეგრელებს შორის ერთობა ჩამოეგდო. ამ მიზნით 1783 წ. არქიმანდრიტი გერმანე (ელიავა) გაგზავნა გიორგი გურიელთან მოსალაპარაკებლად და მშვიდობის ჩამოსაგდებად. ეს მოვლენა ასახულია მარტვილის მონასტერში დაცულ ერთ-ერთ სიგელში.

1788 წ., კაცია დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ანტონი თავისი ნებით გადადგა ეპარქიიდან და მისსავე დაარსებულ ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მამათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც მძიმე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე მან კაციას ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა ყოველგვარი საერო გადასახადისგან, დაკარგული მამულები ამოიგო და ხელახლა დაუმტკიცა ეკლესია-მონასტრებს.

მიუხედავად კათედრიდან გადადგომისა და მონასტერში განმარტოებისა, მის გარეშე დასავლეთ საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო თუ საერო საქმე არ წყდებოდა – ყველგან იგრძნობოდა მისი გავლენა და ძალა, მისი დიდი სულიერი გამოცდილება და ღვაწლი მართლმადიდებლობის განმტკიცების საქმეში. ანტონი გარდაიცვალა 1815 წ. ნახარებაოს მონასტერში. იგი დაკრძალულია ამავე მონასტრის ეზოში.

1898 წ. თ. ჟორდანიამ გამოსცა ანტონის ქადაგებების კრებული, რომელშიც მისი ჰომილეტიკური მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილია შესული (34 ქადაგება). ამათ გარდა, როგორც თ. ჟორდანია ამბობდა, კიდევ იყო მეორე კრებული – დიდმარხვის დღეებში წარმოთქმული ქადაგებები, რომელთა დაბეჭდვა მას ვერ მოუსწრია.

შემორჩენილია აგრეთვე ანტონის „ანდერძი“, რომელიც მას მიუცია ნახარებაოს მონასტრისათვის. აქ აღნიშნულია, თუ როგორ გადააკეთა ანტონმა სამრევლო ეკლესია ნახარებაოს მონასტრად და ჩამოთვლილია მონასტრისათვის მის მიერ დატოვებული ადგილ-მამულები, გლეხები და წიგნები. ანტონს მუდამ გვერდით ჰყავდა თავისი სულიერი შვილი, უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, გამორჩეული თავისი სიწმინდით, პატიოსნებითა და კაცთმოყვარეობით. დიდი მღვდელმთავარი და მისი მოწაფე საქართველოს ეკლესიამ ერთად შერაცხა წმინდანებად.

გ. მაჩურიშვილი

თხზულებები

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, თბ., 2002.

ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1. თბ., 1960;
  • „ქაროზი“, 2003, №5(14); ქართველ წმიდათა ცხოვრებანი, დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის გამოც., თბ., 2007;
  • ქართული მწერლობა, ლექსიკონი ცნობარი, წგ. 1, თბ., 1984.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

იხილე აგრეთვე

ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები