არაბობა საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მე-10 საუკუნის არაბული რუკა, რომელზეც აღნიშნულია თბილისი

არაბობა საქართველოში – არაბი დამპყრობლების მიერ საქართველოში დამყარებული პოლიტიკური რეჟიმი VII საუკუნის შუა ხანებიდან X საუკუნის პირველ ნახევრამდე.

654 წელს არაბებმა პირველად სცადეს ქართლის მოსახლეობის დახარკვა, მაგრამ ქართველები მალე აჯანყდნენ და დამოუკიდებლობა დაიბრუნეს VII საუკუნის 60-იან წლებში. არაბთა შემოსევები ამიერკავკასიაში განახლდა 90-იან წლებში. ისინი უკვე საკმაოდ მტკიცედ იკიდებენ ფეხს ქართლში, თუმცა ქართველთა წინააღმდეგობის საბოლოო გატეხას ვერ ახერხებებენ.

არაბთა დამსჯელ ექსპედიციებს შორის მასშტაბითა და სისასტიკით განსაკუთრებით გამოირჩევა მურვან იბნ-მუჰამედის ლაშქრობა VIII საუკუნის 30-იან წლებში (მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში), რომლის შემდეგ არაბთა ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში გარკვეული დროით გამყარდა. აქ შეიქმნა არაბული სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი ცენტრით თბილისში, რომელსაც არაბი გამგებელი, ამირა, მართავდა. არაბებმა ქართლის მოსახლეობას ფულადი გადასახადები და შრომითი ბეგარა დააკისრეს. ქართველი ფეოდალები იძულებული იყვნენ თბილისის ამირას სამსახურში ჩამდგარიყვნენ, ხარკი ეძლიათ და არაბთა დასახმარებლად ჯარი გამოეყვანათ. არაბებმა არაერთხელ სცადეს ეგრის-აფხაზეთში გაბატონებაც, მაგრამ უშედეგოდ. მინიმალური იყო მათი გავლენა ქართლის მთიანეთშიც.

VIII საუკუნის მეორე ნახევარში იწყება არაბთა სახელმწიფოს (სახალიფოს) დაშლა. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბდნენ ადგილობრივი ფეოდალური სახელმწიფოები – კახეთის სამთავრო, აფხაზთა სამეფო, ჰერეთის სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამეფო. მათი ზეწოლით თბილისის საამიროს ტერიტორია თანდათან შეიკვეცა.

IX საუკუნიდან თბილისის ამირებიც ცდილობენ სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. 853 წელს თბილისი აიღო და მისი ამირა მოკლა არაბთა სარდალმა ბუღა თურქმა (ბუღა თურქის შემოსევა).

914 წელს იყო უკანასკნელი დიდი შემოსევა აბუ ლ-კასიმის მეთაურობით (აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში), რომელმაც, ცალკეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოში არაბთა ადრინდელი ბატონობის აღდგენა ვერ შეძლო. როგორც ნაშთი არაბთა ბატონობისა, XI საუკუნისათვის შემორჩა მხოლოდ თბილისის საამირო, რომელიც მოიცავდა ქ. თბილისს მცირე ოლქით და საქართველოს მეფის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები