არასოციალისტურ პარტიათა გამაერთიანებელი კონფერენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასოციალისტურ პარტიათა გამაერთიანებელი კონფერენცია - გაიმართა თბილისში 1921 წლის 23-27 იანვარს, დაესწრო 220 დელეგატი. მათგან 150 ეროვნულ-დემოკრატი იყო, 50 ეროვნულ პარტიას წარმოადგენდა, 15 - რადიკალ-დემოკრატიულს, ხოლო 5 - უპარტიოთა კავშირს.

კონფერენცია პარტიის უხუცესმა წევრმა ვასილ წერეთელმა გახსნა. პრეზიდიუმში არჩეულ იქნენ: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და სანდრო შანშიაშვილი, რომლებიც მორიგეობით თავმჯდომარეობდნენ სხდომებს.

კონფერენციამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაადასტურა არასოციალისტურ პარტიათა გაერთიანების ფაქტი. ახლად გაერთიანებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ეწოდა „საქართველოს დემოკრატიული პარტია (გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, მიწის მესაკუთრეთა ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული პარტიები და უპარტიოთა კავშირი)“.

კონფერენციამ აირჩია დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი 36 წევრის შემადგენლობით: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, შალვა ქარუმიძე, პართენ გოთუა, კოტე აფხაზი, რაფიელ ინგილო, შალვა ამირეჯიბი, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კოტე ტყავაძე, იასონ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ახმეტელი, სერგი დანელია, ტიტე მარგველაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ნიკოლოზ წვერავა, მიხეილ ჯავახიშვილი, ლელი ჯაფარიძე, იასონ ჯავახიშვილი, მიხეილ იშხნელი, ვახტანგ ღამბაშიძე, ნიკო თავდგირიძე, ალექსანდრე თორაძე, ი. აფაქიძე, ნესტორ მაღალაშვილი, გიორგი ამირეჯიბი, იოსებ ხანანაშვილი, დ. დუმბაძე, ელისე პატარიძე, კალე მისაბიშვილი და ნ. დგებუაძე.

კონფერენციამ მიიღო პარტიის ახალი პროგრამაც. პროგრამა 6 მცირე განყოფილებისაგან შედგება და შეიცავს 34 მუხლს. პროგრამის თანახმად, „საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო - დემოკრატიული რესპუბლიკა. უმაღლესი ძალაუფლება რესპუბლიკაში ეკუთვნის სრულიად საქართველოს ხალხს”. პროგრამა მოითხოვდა სასამართლოს ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლობას, ყოველგვარი უფლებრივი დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას და მოხელეების და თვით მთავრობის უკანონო მოქმედებათა გასაჩივრების შესაძლებლობას. რესპუბლიკას უმამულო და მცირემამულიანი მოქალაქენი სახაზინო მიწის ფონდიდან უნდა დაეკმაყოფილებინა. მიწის ნაკვეთები გლეხობას შეღავათიანი ფასით სრულ საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ. ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაში უპირატესობა თავისუფალი პიროვნების კერძო ინიციატივას ენიჭებოდა, სახელმწიფოს კი თავისი ქვეყნის აღებმიცემობა და მეწარმეობა უცხო კონკურენციისაგან უნდა დაეცვა და სხვ.

მემარჯვენე ძალთა კონსოლიდაცია სოციალისტურმა პარტიებმა კრიტიკულად აღიქვეს. მათი გამაერთიანებელი კონფერენცია მმართველი უმრავლესობის ოფიციოზმა, გაზეთმა „ერთობამ“ რეაქციულ ძალთა თავმოყრად შეაფასა. ასეთივე იყო ქართველ სოციალისტ-რევოლუციონერთა დამოკიდებულებაც, რომლებმაც მომხდარ ფაქტს „ბურჟუაზიულ-რეაქციონური ელემენტების ძალის მოკრება“, „ფეოდალური კონტრრევოლუციის რაზმების გაერთიანება“ უწოდეს. მემარჯვენე ძალების კონსოლიდაციას მოწონებით არც ფედერალისტები შეხვედრიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სამსონ ფირცხალავა მიიჩნევდა, რომ ბურჟუაზიული პარტიების არსებობამ დრო მოჭამა და მათი მოღვაწეობა დღევანდელ სინამდვილეს აღარ შეესაბამება. მისი სიტყვით, ქართული ბურჟუაზიული პარტიების „შეიარაღებამ და ფაცი-ფუცმა ქართველი ხალხის საჭის ხელში ასაღებად“ მეტად დააგვიანა და იგი მხოლოდ „პათეტიკურ ახმაურებას“ წარმოადგენდა. თვით გაერთიანებული პარტიის მესვეურები მემარჯვენე სპექტრის შეკავშირებას ოპტიმისტურად უცქერდნენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედიც ჰქონდათ.

არასოციალისტური პარტიების ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანება პროგრესული მოვლენა იყო. ამით საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის დახვეწისა და სრულყოფის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პირობებში დაწყებულ პროცესს შეიძლებოდა ხელი შეეწყო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის.

ოთარ ჯანელიძე


ლიტერატურა

  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;
  • გაზ. „მიწა“, 1921, 31 იანვარი


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები