არბოობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არბოობა“ გადაიტანა გვერდზე „გერისთაობა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გერისთაობა“ გადაიტანა გვერდზე „არბოობა“ გადამისამართებაზე)

12:52, 24 თებერვალი 2021-ის ვერსია

არბოობა − წმ. გიორგის დღეობა სოფელ არბოში (ქართლი) ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის (მარიამობის) შემდგომი კვირის სწორზე. ამ დღესასწაულს გერისთაობასაც უწოდებდნენ, რადგან გერის განთქმული სალოცავი სოფელ არბოს ზემოთ, გერის მთაზე მდებარეობდა. პირველ კვირას უწოდებდნენ თავგერისთაობას, მე-2 კვირას – შუაგერისთაობას, მე-3 კვირა დღეს – ბოლოგერისთაობას. წინა დღით, შაბათს, გერის მთაზე მთელი ქართლ-კახეთიდან მოდიოდა მლოცველი. დღეში 200-300 ურემი აივლიდა გერის გზას. ურმებს უკან ზანზალაკებშებმული ზვარაკი (საკლავი) ჰყავდათ გამობმული. ურმების წინ ფეხშიშველა თეთრტანისამოსიანი ქალები მოდიოდნენ, რომელთაც შეთქმული ჰქონდათ, რომ მთელი გზა ფეხით ევლოთ. ეს ჩვეულება ხალხურ პოეზიაშიც აისახა: „ქალი რომ ავად გახდება, წაიყვანებენ არბოსა, ერთს მაინც შეიკუნტრუშებს, თუ გინდ სულ არ რა-არგოსა“. საკლავის ნახევარს იქვე ტოვებდნენ.

განსაკუთრებული ხალხმრავლობით ბოლო დღეობა – ბოლოგერისთაობა – გამოირჩეოდა. ოჯახებში დიდი სტუმრიანობა და ლხინი იცოდნენ, საგანგებოდ ღვინისა და პურის ზედაშეებს აყენებდნენ და დღეობის წინა საღამოს გახსნიდნენ. ღვინის ზედაშეს თავიანთ სალოცავში გზავნიდნენ, დაგროვებულ ზედაშეებს სოფელში დაარიგებდნენ. თუ ზედაშე ღვინოს ვერ დააყენებდნენ, მაშინ ქვევრს ამოიღებდნენ და სალოცავში მიიტანდნენ: „ზედაშე თქვენია და მიიღეთო, თქვენს კარებზე მოგიტანეთო“. საზედაშე (საუფლო) ხორბლისგან გამომცხვარი პური, ქადა-ნაზუქებიც სალოცავში მიჰქონდათ.

ძველად ერთი დიდი ქვევრი სალოცავთან ყოფილა ჩაფლული, სოფელი ერთად ავსებდა და დღეობაზე ერთად მოიხმარდა. დღის მეორე ნახევარში ტაძრის წინ მინდორზე სხვადასხვა „სამამაცო“ თამაშობები იმართებოდა: ფალავანთა ჭიდაობები, ლახტი (ჩალიჩი), საჯილდაო ქვის აწევა და სხვ. არბოობას დიდი ბაზრობაც იცოდნენ. მთელი ქართლიდან (გორი, სურამი, ცხინვალი) მოდიოდნენ ვაჭრები, იყიდებოდა განთქმული კარალეთური ჭილოფი და სხვ.

გ. ჩინჩალაძე

ლიტერატურა

  • თოფურია ნ., ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, თბ., 1984;
  • კეცხოველი ნ., არსიანიდან მოვდივარ მომიხარია, თბ., 1973;
  • მშვილდაძე ვ., ზაფხულის ხალხური დღეობები ქვემო ქართლში, კრებ.: „ქვემო ქართლი“, თბ., 1990.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები