არიან-ქართლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიან-ქართლი - ქვეყანა, ქართველი ხალხის თავდაპირველი სამშობლო.

ძველი ქართული ქრონიკა („მოქცევაჲ ქართლისაჲ“) გვაწვდის ცნობას, რომ ქართველები გადმოსახლებული არიან არიან-ქართლიდან, ალექსანდრე მაკედონელის დროს, სახელდობრ, ნათქვამია, რომ ალექსანდრე მაკედონელმა არიან-ქართლის მეფის შვილი აზო დასვა მეფედ მცხეთაში. აზომ არიან ქართლიდან მოიყვანა ხალხი, რომელთაგან წარმოიშვნენ ქართველებიო. ამრიგად, ისტორიული ქრონიკა გვარწმუნებს რომ ქართველთა წინაპრები არიან-ქართლიდან მოსულან. ამავე ცნობას გვაწვდის ძველი სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი (V საუკ).

რა იგულისხმება „არიან-ქართლში“, რა ქვეყანაა ეს მეცნიერებაში მთლად ნათელი არ არის და ამ საკითხში დღემდე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი ფიქრობდა, რომ ეს არის შუა აზიის „არიანა“.

აკად. ს. ჯანაშიას გამოკვლევით, „არიან-ქართლი“ წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოებში, რადგანაც... ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“. ს. ჯანაშიას რედაქციით გამოსულ „საქართველოს ისტორიაში“ (1943 წ..) კი ნათქვამია: „არიან-ქართლი ჰარის ქვეყანას უნდა გულისხმობდეს. ასე ეწოდებოდა, როგორც ვიცით, ძველი სუბარეთის სამხრეთ რაიონებს. აზო იგივე იასონია, რომელსაც ბერძნებში იბერიის მამამთავრად თვლიდნენ. ამრიგად, გადმოცემაში დაცულია მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ გადმოვიდა აღმოსავლეთ-ქართული სახელმწიფოს ცენტრი სამხრეთიდან ჩდრილოეთში“.

აკად. გ. მელიქიშვიმა გამოთქვა ასეთი ვარაუდი: ხომ არ შეიძლება „არიან“ „პირენეის“ დამახინჯება იყოს? (რაკი ძველ სამყაროში ასე პოპულარული იყო აზრი ესპანეთის - პირენეის - იბერიიდან კავკასიის იბერიაში ხალხის გადმოსახლების შესახებ). იგივე მეცნიერი ყურადღებას მიაქცევს სხვა შესაძლებლობებსაც: პონტოს სამეფოს დამაარსებელი მითრიდატე, რომელიც მოსე ხორენელის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელმა დააყენა იბერთა მმართველად, ითვლებოდა - „კიოსისა და არრიანას“ მეფედ („არრინა“ სად იყო, არ ვიცით). ხომ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმე ლიტერატურული წყაროს საფუძველზე ამ „არრინა“-დან ქართული „არიან“ წარმომდგარიყო, სვამს კითხვას გ. მელიქიშვილი.

ასეთია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოცემული ცნობის შესახებ არსებული ინტერპრეტაციები. ეს საკითხი რთულია და გამოცანად ქცეული.


წყარო

ძიძიგური შოთა, საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები