არმაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზი – მთა და ხეობა ქ. მცხეთის შემოგარენში, მის სამხრეთ-დასავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. აქ გაშენებული უძველესი ციხე-ქალაქი არმაზი მცხეთის დაარსებამდე იბერიის სამეფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ცნობილი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის (I ს. ძვ.წ.ა.) ივერიის აღწერაში მოხსენიებულია არმაზ-ციხე, მცხეთა კი არსად ჩანს. მეცნიერები ფიქრობენ, არმაზი უძველესი ტოპონიმისქართლის – გვიანდელი სახელი უნდა იყოსო: მართლაც ადრეულ ხანებში, არმაზის შექმნამდე, მცხეთის მახლობლად მდებარე მთას (და, ალბათ, თვით ქალაქ მცხეთასაც) ქართლი ერქვა.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი სახელწოდება არმაზს ქართულში ხეთურ-ლუვიური სამყაროდან შემოსულად თვლის, თუმცა ჩვენში ცნობილია სხვაგვარი, უფრო გავრცელებული და სარწმუნოდ მიჩნეული თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც არმაზი დაკავშირებული ყოფილა სპარსულ ღვთაება ორმაზდის, ორმუზდის ანუ აჰურა მაზდას კულტთან (პლ. იოსელიანი, გ. ახვლედიანი, ლ. მელიქსეთბეგი, ვ. აბაევი…)

ივ. ჯავახიშვილი, როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელ ვარაუდს საეჭვოდ თვლიდა. „არავითარი ცნობა არა გვაქვს, არც წერილობითი და არც ხალხური, – წერდა იგი, – რომ არმაზი ქართველებს ღვთაებად ან ძლიერ გმირად მიაჩნდათო“,? თავის მხრივ დიდი მეცნიერი არმაზს ქალდეს მეფეთა შორის მიღებულ და გაგრცელებულ საკუთარი სახელის „არამე“-ს ნაშთთან აკავშირებდა.

ნ. მარი ტოპონიმ არმაზს (არმაზ-ციხეს), ზემოხსენებულ თვალსაზრისებისაგან განსხვავებით, ქართული ენის ფაქტად აღიარებდა და მას წ-არმართ-||წ-არმათ- სიტყვასთან უძებნიდა საერთოს. მაშასადამე, ნ.მარი სარწმუნოდ არ თვლიდა და არც იზიარებდა არმაზის როგორც არმა, ისე აჰურამაზდა სახელებისაგან მომდინარეობას. თუმცა ვფიქრობთ, არც ნ. მარისეული ვარაუდი გამოიყურება დამაჯერებლად. მისი გაზიარება არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ წარმართ – სიტყვაში წ თანხმოვნის გაქრობას არავითარი ახსნა არ ეძებნება. საეჭვოა, აგრეთვე, სიტყვის ბოლოში -რთ (წ-არმა-რთ) ელემენტის ადგილზე -ზ თანხმოვნის (არმა-ზ) გაჩენაც.

არმაზის შინაარსის გარკვევით ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაინტერესებულან. მემატიანე ლეონტი მროველი არმაზს სპარსულ სიტყვად თვლიდა და მასთან აიგივებდა მეფე ფარნავაზის საკუთარ სახელს: „და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა, ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა“. იქვე მემატიანე არმაზის მთის სახელდების ისტორიასაც გვთავაზობდა: „ფარნავაზ… ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვს“.

არმაზი, ჩვენი ფიქრითაც ირანულ ენობრივ სამყაროსთან ჩანს დაკავშირებული, ოღონდ ის არც თეონიმი აჰურამაზდა („ნათელი“, „მოელვარე“) უნდა იყოს და არც ანთროპონიმი (ფარნავაზ-ი); იგი ჩვეულებრივი ირანული კომპოზიტი ჩანს, რომელიც არ- და მეზ||მაზ სიტყვებს შეიცავს: არ „მთა“, მაზმეზ „დიდი“. მაშასადამე, საფიქრებელია, არმაზი ქართულად ნიშნავს: „მთადიდი, მთაბრწყინვალე, მთააღმატებული“.

ინტერესს არ უნდა იყოს მოკლებული ის ფაქტი, რომ მეზობელ სომხეთში ერთ-ერთ მაღალ მთას (3399 მ.) ჩვენებური არმაზის მონათესავე სახელი არამაზდი რქმევია. იგი სომხურში, როგორც ჩანს, ქართულის დარად, სპარსულიდან შესულა, ოღონდ ეგაა, ქართულში, ჩვენი ენის კანონზომიერების მიხედვით, მას ცვლილება განუცდია: ფუძეში რომლის მომდევნოდ ხმოვანი ჩავარდნილა და სიტყვის ბოლოკიდური თანხმოვანი მოჰკვეცია (არამაზდ – არმაზ-)ს ორივე ეს შემთხვევა ქართულისათვის ნიშანდობლივია. ისიც საგულისხმოა, რომ თვით სპარსულ ტოპონიმიაში ლამის გაბატონებული მდგომარეობა ეკავა და ახლაც უკავია სახელთა პოსტპოზიციურ ანუ შებრუნებული რიგის წყობას? ზუსტად ისე, როგორც ეს არ-მაზ-ში („მთა-დიდი“) გვაქვს. (მდრ. დარი-ალან-ი „კარი ალანებისა“, „კარი ოვსეთისა, ლდარუბანდ-ი, იგივე დერბენტ-ი „კარი ზღუდისა“, „კარი ვიწრო“, „კლდე-კარი“ და სხვ.მრ.).


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები