არსენ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 25 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ III – საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XIIIს. 30-40 -იან წწ. მეფე რუსუდანის თანამედროვე.

იგი რუსუდანის აღზრდილად იხსენიებს საკუთარ თავს: „მას ჟამსა, ოდეს ღმერთმან და ვიკადრო — გამზრდელმან რუსუდან...“ სამეფო კართან მისი კონტაქტები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი შეიქმნა და მწიგნობართუხუცესის სახელიც ებოძა. არსენ III, ვითარცა მაღალი რანგის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, ჩაერთო სახელმწიფო საქმეებში. რუსუდან მეფის უშუალო დავალებით არსენ III-მ ბათუ-ყაენის კარზე გაგზავნილ ელჩობაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფაქტის აღნიშვნა თვითონ მიიჩნია საჭიროდ: „მეფეთა-მეფემ რუსუდან ბათოისსა გამგზავნეს სამსახურად“.

მისი ჭყონდიდელად კურთხევისა და მწიგნობართუხუცესად დანიშვნის ზუსტი ქრონოლოგია არ არსებობს. საბუთი, რომელშიც ამ ტიტულით მოიხსენიება, დათარიღებულია 1241-1242 წწ. ვარაუდობენ, რომ მან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა 1235-1237 წწ. მიიღო(ნ. ბერძენიშვილი)

გრიგოლ სურამელის „დაწერილის“ მიხედვით, არსენი კათალიკოსად აირჩიეს, მაგრამ შემდეგ მან ყველა საეკლესიო პატივზე უარი თქვა და შიომღვიმის მონასტერში დაეყუდა, „მწიგნობრადა შესულა“ „უდაბნოსა მღუიმეს და თანადგომითა ყოველთა კრებულთა მეუდაბნოეთა გუეჰაჯა ჟამთა შინა ლაშქრად წარმართვისაჩემსა არსენი ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზყოფილი, უდაბნოსა მღუიმისასა შინა მწირობად შემოსილი“. ხელრთვებ-დამტკიცებებში არსენ III კვლავ ასე იწოდება „ქართლის კათალიკოზ და მწიგნობართუხუცესყოფილსა და აწ მწირობით წმიდისა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფსა არსენის...“ ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას მწირად დაყუდების გადაწყვეტილება ნებით არ მიუღია.

არსენ III მეტად ნიჭიერი და ნაყოფიერი ჰიმნოგრაფი იყო. მას 6 საგალობელი შეუტანია ზატიკის ახალ რედაქციაში (A 25, 5 4923. პეტერბურგიე ეროვნული ბიბლიოთეკის გრენის კოლექცია N5 და 162). ეს საგალობლებია: გალობანი ღამისთევად ამაღლებისა, გალობანი ამაღლებისანი, გალობანი სამშაბათსა მეშვიდესა, გალობანი ღამისთევად, გალობანი ორშაბათსა მერვესა, გალობანი პარასკევსა მერვესა.

არსენ III-ს ხელნაწერების არშიებზე თვით მიუწერია საკუთარი სახელი - არსენ ჭყონდიდელი. ისტორია სხვა არსენ III-ს არ იცნობს.

მ. ქავთარია

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები