არყის გამოხდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 25 თებერვალი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არყის გამოსახდელი ქვაბი

არყის გამოხდა - „არაყი არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინადგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების“, მისი ბერძნული შესატყვისი „რახი, ერთჯერ გამოხდილს ეწოდების“ (საბა), ე.ი. ქართული „იყი“, არაბული „არაყი“ და ბერძნული „რახი“, სამივე გამოხდის შედეგად მიღებული პროდუქტებია და „სასმელ არაყს“ ნიშნავს.

საქართველოში, მეღვინეობის უძველეს ქვეყანაში, არყის წარმოება უშუალოდ მევენახეობა-მეღვინეობასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ბარში არაყს მეტწილად ხილისა და მეღვინეობის ნარჩენებისგან ხდიდნენ, მთაში კი - მარცვლეული კულტურებისგან.

არყის გამოხდის ხალხურ წესებს საქართველოში დიდი ტრადიცია გააჩნია. იგი ძირითადად ოჯახის საჭიროებას ხმარდებოდა. ყოფაში შემორჩა ის ხერხები, რომლითაც ქართველი გლეხი ოდითგანვე ხდიდა არაყს. არყის გამოსახდელად ხმარობენ დიდი ზომის სპილენძის ქვაბს, სპილენძისავე ზარფუშს, ხუფს, გეჯასა და მილს, აგრეთვე სპილენძისასა და რკინის სამფეხას.

არყის გამოსახდელ ქვაბს დგამენ წყალთან ახლოს, მდინარის ნაპირას, ღია ცის ქვეშ ან საგანგებოდ მოწყობილ ფარდულში. ქვაბში ყრიან მასალას, უმატებენ ცოტა წყალს, რათა ჭაჭა დუღილის დროს ქვაბის ფსკერს არ მიეწვას. ქვაბს ახურავენ ზარფუშს და შეერთების ადგილას გოზავენ ნაცრის ნაზავით ან წყლის ნაზავით. ზარფუშის მილთან შეერთებულია სპილენძისავე მილი, რომელიც გადის ხის, ქვის ან სპილენძის გეჯაში. გეჯაში ჩადის გამდინარე ცივი წყალი, რომელიც აგრილებს მილს, ქვაბი დგას სამფეხაზე ან დიდი ზომის ქვებზე და შენთებული აქვს ცეცხლი. გამოხდის დროს ქვაბიდან ორთქლი გადადის მილში, გეჯაში მოთავსებული ცივი წყლის საშუალებით ორთქლი კონდენსირდება და წვეთ-წვეთად წარმოქმნილი არაყი ჩადის ჭურჭელში. შესაბამის დროს არყის ჩანაცვლება ღვინის მაგიერ ამ უკანასკნელის ეკონომიკურ ხარჯვას უწყობდა ხელს.

ლიტერატურა

სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. 1, გვ. 60, ტომი II, გვ. 6. ც.კ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები