ასათიანი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ასათიანი

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე - (10.IV.1889,სოფ. ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრ. - 29.XII.1953, მიუნხენი) - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში სწავლის შემდეგ, 1907 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. მოწაფეობისას გატაცებული იყო სოციალისტური იდეებით. 1904-1905 წლებში იყო ლეჩხუმ-სვანეთის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რისთვისაც დააპატიმრეს და ცაგერის ციხეში ჩასვეს. უმაღლესი განათლება მოსკოვსა და პეტერბურგში მიიღო, ორი წელი მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის სპეციალობით ისწავლა, 1914 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. იყო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოს სტიპენდიატი. სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელებას გერმანიაში აპირებდა, მაგრამ I მსოფლიო ომის დაწყებამ განზრახვა ჩაუშალა. სტუდენტობის წლებში ა. ასათიანი იცვლის მსოფლმხედველობას და ეროვნულ იდეოლოგიაზე ინაცვლებს. 1914 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ცხოვრობდა ქუთაისში, მუშაობდა ჯერ ნაფიცი ვექილის თანაშემწედ, შემდეგ ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოში. თანამშრომლობდა ადგილობრივ გაზეთ „სამშობლოში“. დაუახლოვდა ეროვნულ მიმართულებას და აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებაში.

ა. ასათიანმა ქმედითი მონაწილეობა მიიღო მცხეთაში საეკლესიო კრების მოწვევაში, რომელმაც 1917 წლის 12 (25) მარტს აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე, 1917 წლის ივნისში, მან მოხსენება წაიკითხა დღის წესრიგით გათვალისწინებულ აგრარულ საკითხზე. წარმოაჩინა მიწაზე კერძო საკუთრების უპირატესობა და მოითხოვა, რომ „მიწები იმათ ხელში გადავიდეს, ვინც მის დამუშავებასა და ჯეროვნად გამოყენებას შესძლებს“. ყრილობამ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, ძირითადად მინდობილი ჰქონდა საორგანიზაციო სფერო. იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი. 1918 წლის მაისში, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, იგი ედპ-ის სიით შევიდა ეროვნულ საბჭოში, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად. 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად აირჩიეს. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში, ასევე, შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში. 1919 თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი „მიწის საკითხი საქართველოში“, რომელიც ეკონომიკური დარგის სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.

1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ა. ასათიანი ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და დეოკუპაციისათვის გაშლილ ბრძოლაში ჩაება. შედიოდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლობაში. კავშირი ჰქონდა 1921 წლის სვანეთის და 1922 წლის ფშავ-ხევსურეთის გამოსვლებთან. 1922 დააპატიმრეს, მაგრამ მეტეხის ციხიდან გაქცევა მოახერხა და, პარტიის დავალებით, საზღვარგარეთ გაიხიზნა. ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საფრანგეთში გადასახლდა. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1924-1926 წლებში იყო სტამბოლში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი. შედიოდა ედპ-ის პარიზის კომიტეტში, საფრანგეთში ჩამოყალიბებული ქართული ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, იყო 1939 პარიზში შექმნილი კულტურის კლუბის „პრომეთე“ თავმჯდომარე; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან (გაზეთი „სამშობლოსათვის“, ჟურნალი „ივერია“). 1929 წლიდან სათავეში ედგა ედპ-დან მისი ხელმძღვანელობით ცალკე გამოყოფილ ერთ ჯგუფს და რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდულ ორგანოს ჟურნალში „სამშობლო“.

1928 ქ. ვალენტინეიში გამოიცა ა. ასათიანის ნაშრომი „ძველი და ახალი მემკვიდრეობა“, რომელშიც XIX და XX სს. საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა საფუძვლიანად არის განხილული. წიგნში გაკრიტიკებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და, ზოგადად, ქართველ სოციალ-დემოკრატთა მოღვაწეობა. 1934 პარიზში გამოვიდა მისი მეორე წიგნი – „ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“. II მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა გერმანელებთან, ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ვერმახტის ლეგიონებთან ერთად მოაღწია კავკასიის მისადგომებს. ომის დამთავრებისთანავე პარიზის პოლიციამ დააპატიმრა ფაშისტებთან კავშირისათვის, თუმცა საფრანგეთის წინაშე თავისი უდანაშაულობის დამტკიცება მოახერხა და გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ა. ასათიანი ოთხი წლით ესპანეთში გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, ეწეოდა კვლევით მუშაობასაც. დაწერა ნაშრომი ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (არ არის მიკვლეული). ცოლ-შვილი არ ჰყოლია. ა. ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა მიუნხენში, დაკრძალეს იქვე, ველდფრიდჰოფის სასაფლაოზე. 1974 მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. II, თბ., 1993; რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი, ქართველები უცხოეთში, წგნ. I, თბ., 2012; ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.


იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები