ასურელი მამები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ასურელი მამები"

ასურელი მამები – (ათსამეტი ასურელი მამა, ცამეტი სირიელი მოღვაწე, სირიელი მამები), (VI ს.), სირიიდან მოსული სასულიერო მოღვაწენი, რომელთა სახელსაც უკავშირდება საქართველოში სამონასტრო კოლონიზაციის დასაწყისი, ინტენსიური მისიონერული საქმიანობა, მძლავრი კულტურული კერების შექმნა და ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება. ასურელ მამათა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დააჩნია ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებას. მათს ღვაწლს ქართველობა დიდად აფასებდა და მათი ავტორიტეტი შეურყეველი იყო საუკუნეთა განმავლობაში. სხვა რომ არაფერი, მათი სახელის უკვდავსაყოფად გარეჯის, მარტყოფის, შიო მღვიმისა და ზედაზნის დიდებული ძეგლებიც იკმარებდა.

სარჩევი

მოსაზრებები ასურელ მამათა შესახებ

სირიელ მოღვაწეთა რაოდენობის, ეროვნების, საქართველოში მათი მოსვლის დროისა და მიზნის შესახებ მეცნიერებაში ერთიანი აზრი ვერ ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეთა წერილობითი და ზეპირი ტრადიციის თანახმად, სირიიდან („შუამდინარიდან“) მოსულან იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე („ათსამეტი ასურელი მამა“). ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი მოგვიანებით შეითხზა ქრისტეს და მისი თორმეტი მოწაფის ანალოგიით, რამეთუ ასურელ მამათა ღვაწლს საქართველოს სინამდვილისთვის მოციქულთა ღვაწლს უდარებდნენ (ნიშანდობლივია, რომ სირიელი მამები წმიდანებად იქნენ შერაცხილნი). ძველთაგანვე არსებობს ორი სხვადასხვა ნუსხა სირიელი მამებისა. მათში დასახლებულ მოღვაწეთა რიცხვი ცამეტს მართლაც აჭარბებს (იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ქიზიყელი, ელია დიაკონი, თეოდოსიოს, პიმენ, ნათან. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ დავით გარეჯელის მოწაფეებად ცნობილი ლუკიანე და დოდოც შესაძლოა სირიიდანვე იყვნენ მოსულნი. არც ბიოგრაფთა იმ ცნობას მიიჩნევენ სარწმუნოდ, რომლის თანახმადაც იოანე და მისი მოწაფეები ერთდროულად დაძრულან ერთი და იმავე ადგილიდან ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებენ, რომ, იმავე ბიოგრაფთა ცნობით, თუ იოანე ზედაზნელი ანტიოქიის მახლობლად მდებარე დაბის მკვიდრი იყო საქართველოში წამოსვლამდე, ანტონ მარტყოფელი ადრე ქალაქ ედესის მცხოვრები ყოფილა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები 501 წ. მოვლენიან საქართველოს. სხვა მკვლევართა შეხედულების თანახმად, ისინი VI საუკუნეში სხვადასხვა დროს ჩამოსულან და მხოლოდ მემდეგში გაერთიანებულან. კერძოდ, დავით გარეჯელი პირველი მოსულა (შესაძლოა ლუკიანესთან და დოდოსთან ერთად) 520 წ. მომდევნო ხანებში; 543 წ. მას მოჰყოლია მეორე პარტია (იოანე ზედაზნელის წინამდგომობით — შიო მღვიმელი, ისე წილკნელი, ისიდორე სამთავნელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, თათა სტეფანწმინდელი); შემდეგ — ანტონ მარტყოფელი დაახლოებით 545 წელს; უკანასკნელად აბიბოს ნეკრესელი 571 წ. შემდეგ. მკვლევართა უმრავლესობა VI საუკუნის შუა ხანას უჭერს მხარს.

უფრო გართულებულია საკითხი, თუ რატომ ან რა მიზნით გამოემგავრენ მამები სირიიდან საქართველოში. მათი ცხოვრების აღმწერელ თხზულებებში წამოსვლის მიზნად დასახელებულია ასკეტური, განმარტოებული ყოფისადმი სწრაფვა ან მისიონერული მოტივი: საქართველოში ქრისტიანობა ჯერაც „ახალნერგი“ იყო, განმტკიცება სჭირდებოდაო. ძველი ლიტერატურული ტრადიცია სწორედ ამ მეორე ხერხს უჭერდა მხარს.

კ. კეკელიძემ ორივე ეს მოტივი უარყო და მოღვაწეთა გამომგზავრება დაუკავშირა იმ დევნა-შევიწროებას, რასაც მონოფიზიტები განიცდიდნენ VI საუკუნის სირიაში: მართალია, ასურელი მამები ასკეტურ ცხოვრებასაც მისდევდნენ და სამისიონერო მოღვაწეობასაც ეწეოდნენ, მაგრამ ეს იყო საქართველოში ჩამოსვლის შედეგი და არა მიზანი; მიზანი იყო თავის გადარჩენა მონოფიზიტთა სასტიკი დევნისგან, რამეთუ ასურელი მამები თავადაც გულდაჯერებული მონოფიზიტები იყვნენ და სირიაში აღარ გაეძლებოდათო; მართალია, ასურელ მოღვაწეთა „ცხოვრებებში“ ისინი დიოფიზიტებად არიან დასახულნი, მაგრამ ეს მომდევნო ხანის ავტორთა თუ რედაქტორთა ნახელავია, — მას შემდეგ, რაც ქართული ეკლესია ოფიციალურად დიოფიზიტობას მიემხრო, ანტიქალკედონელთა ანუ მონოფიზიტთა საქმიანობის ყოველგვარ კვალს საქართველოში გულმოდგინედ შლიდნენო.

საგულისხმო არგუმენტებით გამაგრებულ ამ შეხედულებას ერთი თვალსაჩინო ნაკლი აქვს: თავად კ. კეკელიძეც აღნიშნავს და უამისოდაც კარგად არის ცნობილი, რაოდენ დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს სირიელმა მამებმა VI საუკუნის საქართველოში და იმთავითვე რაოდენ დიდი იყო მათი გავლენა ეკლესიაზე, საქართველოში ქრისტიანული კულტურის განვითარებაზე. ამავე დროს, ცნობილია, რომ VII ს. დამდეგს ქართული ეკლესია ოფიციალურად საბოლოოდ გაემიჯნა მონოფიზიტობას. ასეთ ვითარებაში გაუგებარი გამოდის, რა როლი შეასრულეს სირიელმა მოღვაწეებმა VI საუკუნის მანძილზე, მონოფიზიტ-დიოფიზიტთა გააფთრებული ბრძოლების დროს. კ. კეკელიძის შეხედულებას თუ გავიზიარებთ, ასურელ მამათა ლამის საუკუნოვანი მოღვაწეობა ფუჭად გაწეული აღმოჩნდება.

ამიტომ უფრო დამაჯერებელი ჩანს ტრადიციულ თვალსაზრისს თანხვედრილი ი. ჯავახიშვილის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ასურელი მამები სწორედ დიოფიზიტები უნდა ყოფილიყვნენ და სწორ ქალკედონელთა (დიოფიზიტთა) პოზიციების განსამტკიცებლად უნდა გამომგზავრებულიყვნენ მძაფრი რელიგიური წინააღმდეგობების ასპარეზად ქცეულ საქართველოში. ამ შემთხვევაში მათი მოღვაწეობის სავსებით ლოგიკურ შედეგად წარმოისახება VII ს. დამდეგს ქართულ ეკლესიის დიოფიზიტობაზე გადასვლა. ასურელი მამები მართლმადიდებლური (დიოფიზიტური) სარწმუნოების აღმსარებლებად მიაჩნდნენ აგრეთვე ვ. ბოლოტოვს, ს. კაკაბაძე მათს მონოფიზიტობას ვარაუდობდა, ხოლო ნ. მარის თვალსაზრისით ისინი ნესტორიანელნი უნდა ყოფილიყვნენ.

სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ამ საკითხზე შ. ნუცუბიძეს. ასურელ მამებს იგი უკავშირებდა პეტრე იბერიელის მიერ სირიაში დაფუძნებულ ქართულ კოლონიას, იქ შექმნილ ქართულ ფილოსოფიურ სკოლას, „მეოთხე ნეოპლატონურ სკოლას“. ასურელი მამები მას ესახებოდნენ ამ სკოლაში მოღვაწე ფილოსოფოსებად, რომელნიც კეისარ იუსტინიანეს 529 წლის ედიქტის, ათენის აკადემიის გამაუქმებელი და ფაქტიურად ფილოსოფიური საქმიანობის ამკრძალავთ ედიქტის, შემდეგ იძულებულნი გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. საქართველოში მათ თან მოიტანეს არეოპაგიტული იდეები და ზოგიერთი მათგანი ფილოსოფიურ მუშაობას აქაც განაგრძობდაო. კერძოდ, შ. ნუცუბიძის აზრით, ასეთები იყვნენ „არისტოტელიკოსი აბიბოს ნეკრესელი“ და პლატონიზმის ერთგული დავით გარეჯელი. მართალია, IX საუკუნეში ულმობელმა საეკლესიო ცენზურამ მათი ნააზრევის ნამუსრევებიღა ჩატოვა ბიოგრაფიებში, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტების მეშვეობითაც ხერხდება იმის დადგენა, რომ ნეკრესელი „პირად და მჭიდრო დამოკიდებულებაში იყო არეოპაგიტიკის შემქმნელთან (პეტრე იბერიელთან), ეს გარემოება შეიძლება პირდაპირ ფაქტად ჩაითვალოს“, რომ აბიბოს ნეკრესელი იზიარებდა არისტოტელეს ლოგიკურ არგუმენტებს, მიმართულს სუბსტანციის შესახებ პლატონის მოძღვრების წინააღმდეგ, რომ „მხოლოდ IX საუკუნეში გახდა შესაძლებელი საეკლესიო დოგმატიკოსებისათვის გაენადგურებინათ არისტოტელიზმის ის ფიზიკალური მსოფლგაგება, რომელიც ნახევრად მატერიალისტური ფორმით მაინც გამოვლინდა ნეკრესელის ნააზრევში“. დავით გარეჯელს რაც შეეხება, იგი იდეოლოგიურ ბრძოლაში იყო ჩაბმული აბიბოს ნეკრესელთან და იდეალიზმის პოზიციებზე იდგაო.

ამ შეხედულებას არაერთი ხარვეზი აქვს, მისი უმთავრესი ნაკლი კი ის არის, რომ პეტრე იბერიელსაც და მის მოწაფედ მიჩნეულ აბიბოს ნეკრესელსაც იმგვარ მოაზროვნეებად სახავს, რომლებიც თითქოს ღმერთის არარსებობის დასამტკიცებლად იღვწოდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე აღინიშნა, რაოდენ შეუწყნარებელია ამგვარი თვალსაზრისი არეოპაგიტულ წიგნთა ავტორის მიმართ. მით უფრო ითქმის ეს ქრისტიანობისთვის წამებული აბიბოს ნეკრესელის გამო. ამავე დროს, შ. ნუცუბიძის შეხედულების საგულისხმო მხარეა ასურელ მამათა საკითხის პეტრე იბერიელის მოღვაწეობის შედეგებთან დაკაშირების ცდა, აგრეთვე განსახილველი პრობლემის გამოყვანა ვიწრო კონფესიონალური ჩარჩოებიდან და რელიგიურ-ფილოსოფიურ პრობლემატიკასთან დაკავშირება.

შ. ნუცუბიძესა და კ. კეკელიძეს აერთიანებთ თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც სირიიდან მოსული მოღვაწენი ეროვნებით უეჭველად ქართველნი უნდა ყოფილიყვნენ. ამგვარი თვალსაზრისი ისტორიკოს დ. ბაქრაძეს ადრევე ჰქონდა გამოთქმული. ს. კაკაბაძეს შესაძლოდ მიაჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი ყოფილიყო ქართველი. ი. ჯავახიშვილს ასურელ მოღვაწეთა ქართველობის აზრი უსაფუძვლო ჰიპოთეზად ესახებოდა.

ქართული მწერლობის ისტორიისთვის ასურელ მამათაგან უშუალო ინტერესს წარმოადგენს შიო მღვიმელის მოღვაწეობა, რამდენადაც სწორედ მის სახელს უკავშირებენ ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიის დასაწყისს. დანარჩენნი, გარდა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისა, უფრო იმ მხრივ არიან საგულისხმონი, რომ მათი ცხოვრება-მოღვაწეობის აღმწერელი თხზულებათა სახით ქართულ პროზას რამდენიმე პირველხარისხოვანი ძეგლი შეემატა. ეს თხზულებები სხვადასხვა ავტორთა ხელიდან არის გამოსული და სხვადასხვა ხანას განეკუთვნება და მათი ავტორობის, დაწერის დროის თუ რედაქციების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები არამცთუ საბოლოოდ გადაჭრილი არ არის, შეიძლება ითქვას, ისეა აბურდული, მათში გარკვევა სპეციალისტისთვისაც კი საძნელო საქმედ რჩება დღემდე (ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ასურელ მამათა მოღვაწეობასთან დაკავშირებული კულტურულ-ისტორიული საკითხებიც ესოდენ ცუდად არის დამუშავებული).

ასურელ მამათა ცხოვრება

ჩვენს დრომდე მოღწეულია ასურელ მამათა ცხოვრების აღმწერელი შემდეგი თხზულებები:

იოანე ზედაზნელის ცხოვრება

არსებობს ამ ძეგლის სამი რედაქცია:

1. ვრცელი რედაქცია, ანასეული „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერს დართული ნაკლული, ფურცლებდაკარგული ნუსხა. დაბეჭდილია:

  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 2.-58, რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964, გვ. 191–216, რედაქცია.

2. მოკლე რედაქცია, ერთადერთი ხელნაწერით შემონახული. დაბეჭდილია:

  • ს. კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, 1928, გვ. 19–26;
  • ს. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 157–159;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 2–67, რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964, გვ. 191– 217, რედაქცია.

3. ეგრეთ წოდებული მეტაფრასული რედაქცია, მრავალი ხელნაწერით დაცული. დაბეჭდილია:

  • მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 193–208 [[1]];
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 3-68, რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, 1971, გვ. 83-107.

ამ სამი რედაქციის ავტორთა ვინაობის, მათი შექმნის დროისა და მათი ურთიერთმიმართების თაობაზე არსებობს სამი ურთიერთგამომრიცხველი შეხედულება:

პირველადი, უძველესი, არქეტიპული არის მოკლე რედაქცია, მისი ავტორია კათალიკოსი არსენი, დაწერილია 680-690 წლებში; ამ რედაქციიდან მომდინარეობს მეტაფრასული რედაქცია, რომლის ავტორია კათალიკოსი არსენი, დაწერილია 905 წ. ახლო ხანს (ს. კაკაბაძე).

პირველადი, უძველესი, არქეტიპული არის მოკლე რედაქცია, მისი ავტორია კათალიკოსი არსენ II, დაწერილია 955-980 წლებში. ვრცელი რედაქცია სხვა არაფერია, თუ არ პირველი მეტაფრასული რედაქცია, რომელიც უცნობი ავტორის მიერ არის დაწერილი XI ს. შუა წლებში; მეტაფრასულის სახელით ცნობილი რედაქცია სინამდვილეში არის მეორე მეტაფრასული რედაქცია, რომელიც უცნობი ავტორის მიერ არის დაწერილი XII ს. პირველ ნახევარში (კ. კეკელიძე).

პირველადი, უძველესი არის ვრცელი რედაქცია, მისი ავტორია კათალიკოსი არსენ II (955-980); ამ რედაქციიდან მომდინარეობს, მისგან არის გამოკრებილი მოკლე რედაქცია; თავის მხრივ, მოკლე რედაქციიდან მომდინარეობს მეტაფრასული რედაქცია (ი. აბულაძე).

შიო მღვიმელის ცხოვრება

(„შიოსა და ევაგრეს ცხოვრება“).

არსებობს ამ ძეგლის ორი რედაქცია:

1. მოკლე რედაქცია, რომელიც დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში:

  • ს. კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, 1928, გვ. 26-36;
  • ს. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 159-163;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 92–141, რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964 W) 217-229, რედაქცია.

2. ვრცელი, ეგრეთ წოდებული მეტაფრასული რედაქცია, რომელიც დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში:

  • მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 219-252;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 69-143, რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, 1971, გვ. 107-170.

ამ რედაქციების ავტორთა ვინაობის, მათი შექმნის დროისა და მათი ურთიერთმიმართების თაობაზე არსებობს სამი ურთიერთგამომრიცხველი შეხედულება:

პირველადი, უძველესი, არქეტიპული არის მოკლე რედაქცია, მისი ავტორია კათალიკოსი არსენი, დაწერილია 687-700 წლებში; მისგან მიმდინარეობს მეტაფრასული რედაქცია, რომელიც დაწერილია 905 წლის ახლო ხანს ეს ნაწარმოები გადაბმულია „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციაზე (ს. კაკაბაძე).

პირველადი, უძველესი, არქეტიპული არის მოკლე რედაქცია, ოღონდ ეს დამოუკიდებელი ნაწარმოები კი არ არის, „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციის ორგანული ნაწილია, მისი უშუალო გაგრძელებაა, ამიტომ, ცხადია, დაწერილია კათალიკოს არსენ მეორის მიერ (955-980); ვრცელი მეტაფრასული რედაქცია შექმნილია მოკლე რედაქციის გადამუშავების შედეგად უცნობი ავტორის მიერ XII ს. პირველ ნახევარში (კ. კეკელიძე).

მოკლე რედაქცია მართლაც პირველადია და მართლაც ორგანული ნაწილია „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციისა. სწორედ ამიტომ ის ვერ იქნება დაწერილი კათალიკოს არსენ მეორის მიერ, რადგან „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქცია არსენ მეორეს არ ეკუთვნის; ვრცელი, მეტაფრასული რედაქცია მოკლეს გადაკეთების შედეგად უნდა იყოს შექმნილი XII ს. პირველ ნახევარში (ი. აბულაძე).

დავით გარეჯელის ცხოვრება

არსებობს ამ ძეგლის ორი რედაქცია:

1. მოკლე რედაქცია, რომელიც დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში:

  • ს. კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, 1928, გვ. 36-42 (გამოყენებულია ნაკლული ხელნაწერი);
  • ს. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 163-167;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 151–187, რედაქცია (გამოყენებულია სრული ხელნაწერი);
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964, გვ. 229-240.

2. ვრცელი, ეგრეთ წოდებული მოკლე მეტაფრასული რედააქცია, რომელიც დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში:

  • მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 265-286;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 145–187, რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, 1971, გვ. 170-207.

ამ რედაქციების შესახებ შემუშავდა შემდეგი შეხედულებები: მოკლე რედაქცია არის დღესდღეობით ცნობილი უძველესი თხზულება, შექმნილია XI ს. პირველ ნახევარში უცნობი ავტორის მიერ; ვრცელი, მეტაფრასული რედაქცია მოკლეს გადამუშავების შედეგად არის დაწერილი აგრეთვე უცნობი მწერლის მიერ XII ს. პირველ ნახევარში (კ. კეკელიძე, ი. აბულაძე). მოკლე რედაქცია დაწერილია უცნობი ავტორის მიერ 690-700 წლებში, ხოლო მეტაფრასული რედაქცია — 905 წლის ახლო ხანებში (ს. კაკაბაძე).

აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება და წამება

არსებობს ამ ძეგლის ორი რედაქცია:

1. ვრცელი რედაქცია, რომელიც დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში:

  • მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 213–216;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 188-196, ა რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964, გვ. 240-248, რედაქცია.

2. მომცრო რედაქცია, რომელიც დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში:

  • მ. ჯანაშვილი, Описание рукописей церковного музея, III, 1908, გვ. 25-28;
  • ს. კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, 1928, გვ. 42-46;
  • ს. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 167-169;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, გვ. 188-195. რედაქცია;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, 1964, გვ. 240-247, რედაქცია.

ამ რედაქციების ავტორთა ვინაობის, მათი შექმნის დროისა და მათი ურთიერთმიმართების თაობაზე არსებობს შემდეგი შეხედულებები: პირველადია მომცრო რედაქცია, რომელიც დაწერილია 690-700 წლებში (ს. კაკაბაძე).

პირველადია ვრცელი რედაქცია, რომლის ავტორია არსენ კათალიკოსი. დაწერილია IX საუკუნეში, შესაძლოა უფრო გვიანაც. ამ რედაქციის წყარო ყოფილა VI ს. დამლევის ან VII ს. დამდეგის უძველესი თხზულება (ი. ჯავახიშვილი).

პირველადი, უძველესი, არქეტიპული იყო კათალიკოს არსენ პირველი დიდი საფარელის (860-887) მიერ შექმნილი რედაქცია, რომელიც ჩვენამდე არ შემონახულა. არავითარი უძველესი, VI ან VII საუკუნის ტექსტი ამ თხზულებას წინ არ უსწრებდა. ამ რედაქციიდან მომდინარეობს ვრცელი ანუ მეტაფრასული რედაქცია, რომლის ავტორი უცნობია, უნდა იყოს ნეკრესის რომელიღაც ეპისკოპოსი. მეტაფრასულად გადამუშავების დროს მას ტექსტში ჩაურთავს პროლოგი, ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ მიმართული დიალოგი თხზულების შუაში და ეპილოგი. (კ. კეკელიძე).

პირველადია ვრცელი რედაქცია, რომელიც არასგზით არ არის მეტაფრასული რედაქცია, რადგან, როგორც ცნობილია, მეტაფრასული იქცია XI საუკუნეზე ადრე ვერ შეიქმნებოდა, ხოლო ვრცელი რედაქციის ავტორი არის კათალიკოსი არსენი — არსენ პირველი (860-887) ან არსენ მეორე (955-980), უფრო — არსენ მეორე, იგივე ავტორი, ვინც შექმნა „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ ვრცელი რედაქცია. მას წყაროდ მართლაც ჰქონია VI თუ VII საუკუნის ტექსტი. მომცრო რედაქცია მერმინდელია. (ი. აბულაძე).

აღნიშნულთა გარდა, „საქართველოს სამოთხეში“ მოთავსებულია „ისე წილკნელის ცხოვრება“ (გვ. 209-211), „იოსებ ალავერდელის ცხოვრება“ (გვ. 217-218) და „ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“ (გვ. 294-295). ეს არის შემოკლებული (სვინაქსარული) რედაქციები. ამათგან, როგორც ფიქრობენ, ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“ შედგენილია ვახტანგ მეექვსის „სწავლულ კაცთა“ კომისიის მიერ. „ისე წილკნელის ცხოვრების“ არქეტიპად მიჩნეულია „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციაში დაცული ტექსტი.

აზრთა ამგვარი სხვადასხვაობის პირობებში შეუძლებელი ხდება ქართული მწერლობისა და კულტურის არაერთი კარდინალური საკითხის მართებულად გადაჭრა. ამის მაგალითია აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და წამების აღმწერელი თხზულებათა ირგვლივ შექმნილი ვითარება: როდესაც შ. ნუცუბიძე აბიბოს ნეკრესელის ფილოსოფოსობის გამო მსჯელობდა, მის მსოფლმხედველობას მიმოიხილავდა და არეოპაგიტულ წიგნთა ავტორის ნააზრევთან აკავშირებდა, ხელთ ჰქონდა ერთადერთი საბუთი — ვრცელ რედაქციაში არსებული ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ მიმართული ფილოსოფიური ტექსტი. მთელი ეს მსჯელობა ემყარება იმ შეხედულებას, რომელსაც მისდევდა ი. ჯავახიშვილი და რომლის თანახმადაც „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და წამების“ ვრცელი რედაქცია (სადაც არის დაცული ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული ტექსტი) პირველადი რედაქციაა, დაწერილია IX საუკუნეში არსენ კათალიკოსის მიერ და წყაროდ იყენებს VI თუ VII საუკუნის უძველეს თხზულებას. მაგრამ მთელი ეს მსჯელობა გაქარწყლდება, თუკი მართებული აღმოჩნდა არა ი. ჯავახიშვილის შეხედულება, არამედ კ. კეკელიძის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ვრცელი რედაქცია მეტაფრასული ნაწარმოებია (მაშასადამე, XI საუკუნეზე ადრე ვერ შეიქმნებოდა) და ცეცხლთაყვანისმცემლობის განმაქიქებელი ფილოსოფიური ტექსტი სწორედ მეტაფრასტის მიერ არის ჩართული.

ზედმეტია იმის თაობაზე საუბარი, რომ ასურელ მამათა ცხოვრების აღმწერელ ჩინებულ თხზულებებს ქართული მწერლობის ისტორიაში კუთვნილი ადგილი ვერ მოეძებნება, ვიდრე მიახლოებით მაინც არ დადგინდება ამ თხზულებათა შექმნის დრო, რომელიც ახლა, სხვადასხვა მკვლევართა განსხვავებული თვალსაზრისის გამოისობით, ლამის ხუთი საუკუნის ფარგლებში მერყეობს.

ლიტერატურა

  • ს. კაკაბაძე, ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, 1928, გვ. 1-18;
  • ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, 1951 გვ. 324-347;
  • ი. აბულაძე, ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, 1955, შესავალი;
  • კ. კეკელიძე, საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, ეტიუდები, I, 1956, გვ. 19-50;
  • შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, 1956, გვ. 234-279;
  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 122- 124, 136-142, 157-163, 352-353, 533-538.

იხილე აგრეთვე

ასურელი მამები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები