ატამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატამი - (ლათ. Prunus persica) საშუალო სიმაღლის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იგი მცენარეებიდან ყველაზე მეტად ენათესავება ნუშს. ატმის ხე 7-8 მ-მდე იზრდება, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. ატმის კულტურას საქართველოსთვის სამრეწველო მნიშვნელობა აქვს.

ბოტანიკური ოჯახი – Rosaceae (ვარდისებრნი)

სიცოცხლის ხანგრძლივობა – 10-20 წელი

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65%

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 70-80%

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6,0-7,0

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -23-27 0C (მოსვენების პერიოდში, დამოკიდებულია საძირე ჯიშზე)

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 41-430C (ვითარდება ნაყოფის ამწვრობა, ფოთლის დაწვა)

არასასურველი წინამორბედი კულტურა – პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი

ატამი

სარჩევი

ატმის კულტურა

საქართველოს რაიონებში ატმის კულტურის გასავრცელებლად საუკეთესო პირობებია. ატმის ხე ადრე იძლევა მოსავალს, უკვე მე–3 წელიწადს არის მოსალოდნელი მოსავლის მიღება ატმის ახალგაზრდა ნარგავიდან. კარგ პირობებში ატამი უხვად ისხამს და ნარგავის წესიერად მოვლის შემთხვევაში ნაყოფს ყოველწლიურად იძლევა.

ვინაიდან ატმის ჯიშები მრავალია, ამიტომ ამ ხილის მოხმარების პერიოდიც დიდია.

ადრეულა ატამი საქართველოს პირობებში ივნისიდან იწყებს მწიფებას, მას მოსდევს სხვა ჯიშები, ისე, რომ ატმის მწიფე ნაყოფი შეიძლება გვქონდეს მთელი სეზონის განმავლობაში – ოქტომბრის ბოლომდე. ატმის მომწიფების ასეთი პერიოდი, რასაკვირველია, სასურველია მომხმარებლისათვის და ხელსაყრელია აგრეთვე მეურნეობისათვის, რადგან მუშა ხელის მხრივ არ მოხდება გადატვირთვა ხილის დაკრეფის დროს ერთ რომელიმე მომენტში.

ატმის კულტურის პროდუქცია შეიძლება მოხმარებულ იქნეს სხვადასხვა მიზნით.

ატამი საუკეთესო, სასარგებლო გემრიელ ნაყოფად ითვლება, ამიტომ მასზე, როგორც ნედლ ხილზე, მოთხოვნილება დიდია; ატმისგან მზადდება აგრეთვე საუკეთესო ჩირი (გამხმარი პროდუქტი) და ფართოდ არის იგი გამოყენებული საკონსერვო საქმეშიც, რადგან მისგან მზადდება კომპოტი და სხვადასხვა სახის მურაბა.

ზემოთაღნიშნულ სამეურნეო დიდი ღირებულების მიუხედავად როგორც აღვნიშნეთ ატამს არ უჭირავს შესაფერი ადგილი სოფლის მეურნეობაში.

ატმის ნაყოფს ახასიათებს ცუდი გამძლეობა შენახვის დროს. საუკეთესო ხარისხის ატმის ნაყოფის მისაღებად აუცილებელია, რომ ნაყოფი ხეზევე მომწიფდეს. ადრე დაკრეფილი შემოუსვლელი ატამი შენახვის დროს არ ინვითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა სურნელება, სიტკბო, წვნიანობა და რომლებიც დამახასიათებელია დროზე დაკრეფილ ატმის ნაყოფისათვის.

დაკრეფილი მწიფე ნაყოფი დიდხანს არ ინახება და ვერ იტანს აგრეთვე ხანგრძლივ შორეულ ტრანსპორტს.

ატმის ხეს ახასიათებს ექსპლუატაციის მოკლე პერიოდი. საქართველოს პირობებში ატმის ნარგავობას სამრეწველო ხასიათი აქვს 12–15 წლამდე, რის შემდეგ ხეები უნდა შეიცვალოს.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო ატმის კულტურა არ იყო ფართოდ გავრცელებული და არ ეჭირა სათანადო ადგილი სხვა ხეხილთა შორის.

ატმის კულტურისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ვაშლისა და მსხლის ახალგაზრდა ბაღები, სადაც მიღებული მანძილი ხეებს შორის 8–10 მეტრს უდრის. აქ ატამი შეიძლება მოთავსდეს რიგთა შორის. ატამს, როგორც რიგთაშორის კულტურას, შეუძლია მოგვცეს მოსავალი უკვე მე–3 წელს და ამით დაფაროს მთავარი ნარგავობის მოვლის ხარჯები.

ატმის ბაღები

ატმის კულტურის რაიონები

ატმის კულტურის გავრცელება, დამოკიდებულია რაიონის ბუნებრივ პირობებზე. განვიხილოთ საქართველოს რეგიონები და ატმის გავრეცელების პირობები.

აღმოსავლეთ საქართველო

გორის რაიონი

შეიძლება დაიყოს ორ გეომორფოლოგიურ ზონად: პირველი – დაბლობი, ვაკე ადგილი, რომელიც შეიცავს ტირიფონის ველს და ლიახვს, მეჯუდის და ჯარებულიას ზონას და მეორე – მაღლობი, ძველი ტერასები და მთების წინა ფერდობები, რომლებიც ხეობებითაა დასერილი.

გორის რაიონი ნიადაგის მხრივაც ჭრელია. მდინარეთა ღელეებში გავრცელებულია მსხვილი ქვაკენჭიანი რიყე.

რიყის კიდეებზე ძველ ნარიყალებზე დაფენილია კარბონატული თიხნარი და ალუვიური სილნარი გენეტიკური ჰორიზონტების მცირედი გაფორმებით. წყალგამყოფ ვაკეებში (ძველ ტერასებზე) გვხვდება ყომრალი ფერის ნიადაგები ქვედა ჰორიზონტებში ჩარეცხილი კარბონატებით. გორაკებისა და მთების წინა დაბალ ზოლებში გავრცელებულია დელუვიურ ნაფენებზე წარმოშობილი მუქი ყომრალი ფერის ნიადაგები, სიღრმეში აშკარად გამოხატული კარბონატული ჰორიზონტებით.

გორის რაიონი შედის ზომიერი ჰავის ზონაში. ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა უდრის 10,90C, მინიმალური აბსოლუტური ტემპერატურა თებერვალში უდრის 25,50, მაქსიმალური – აგვისტოში – 34,20C.

პირველი ნაადრევი ყინვები მრავალწლიური დაკვირვების მიხედვით აღნიშნულია 20 სექტემბერს, ნაგვიანები ყინვები – 25 ნოემბერს; უკანასკნელი ნაადრევი ყინვები აღრიცხულია 24 მარტს, ნაგვიანები – 4 მაისს.

წლიური ნალექების რაოდენობა 450 მილიმეტრს არ აღემატება, ამიტომ ატმის ნარგავობა უნდა მოირწყას.

ტემპერატურის მერყეობა უფრო ახასიათებს მტკვრის გაშლილ ხეობას, სადაც მოსალოდნელია ცივი დენები. თბილ ქვერაიონად ატენის ხეობა ითვლება.

ატმის კულტურულ ჯიშებს მყნობით ამრავლებენ. საძირედ უფრო ხშირად იხმარება ატამი, მაგრამ გვხვდება აგრეთვე ტყემლის საძირეებზე დამყნილიც.

როგორც წესი, რაიონში მიღებულია ერთწლიანი ნამყენის დარგვა გაზაფხულზე.

დარგვის დროს ნამყენს გადაჭრიან 50–60 სანტიმეტრის სიმაღლეზე და გვერდით ტოტებს სხლავენ 1 ან 2 კვირტზე. ყოველ გაზაფხულზე აწარმოებენ გასხვლას, სახელდობრ, ტოტების შემოკლებასა და გამოხშირვას. გასხვლას ნეკზე გადაჭრით და სამამულე ტოტის გაშვებით, გორის რაიონში ნაკლებად მისდევენ.

ნიადაგს ატმის ნარგავობაში სხვადასხვა წესით ამუშავებენ.

უფრო ხშირად ატმის ბაღის რიგთაშორისებში ბოსტნეულ კულტურებს აშენებენ; ხშირ ნარგავებში და აგრეთვე ტერასებზე ნიადაგი გაყამირებული რჩება.

ვენახში დარგული ატმის ხეები ნიადაგის მოვლის მხრივ კარგ პირობებშია.

რაიონში გავრცელებულია უმთავრესად ადგილობრივი ჯიშები. ატმის ჯიშობრივ შემადგენლობაში შემოტანილ უცხო ჯიშებს კი ძალიან მცირე წილი უჭირავს.

ატმის ხე მოსავალს იძლევა ყოველწლიურად, თუ კი გარემო პირობები მისი კულტურის ხელშემწყობია.

ატმის მოსავლიანობის გამორკვევა ძნელია, ვინაიდან მოსავლის რაოდენობა დიდად მერყეობს და დამოკიდებულია ამინდზე, დაავადებაზე, ხის მოვლაზე, ხნოვანებაზე და სხვა. ატმის ხე სრულ მოსავლიანობაში შედის 6 წელს. საღი ხე ოპტიმალურ პირობებში გორის რაიონში იძლევა 40–60–მდე კილოგრამს.

ხშირად მოსავალს ამცირებს გაზაფხულის ყინვები, დაავადებანი და მავნებლები.

გორის რაიონში მეტ ზიანს აყენებს ატამს სოკოვანი დაავადებანი.

ატმის ფოთლის სიხუჭუჭს, რასაც იწვევს სოკო „Exoascus deformans Fel“, თანსდევს ფოთლის ცვენა, რაც, რასაკვირველია, მოქმედობს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. ეს დაავადება გორის რაიონში გავრცელდა 1934 და 1937 წლებში გაზაფხულზე, რის შედეგადაც აღნიშნულ წლებში ატმის მოსავალი ძლიერ მცირე იყო.

ატმის კულტურის მეორე მნიშვნელოვანი დაავადება გორის რაიონში არის „ფოთლის ლაქიანობა“, რომელიც გამოწვეულია Clasterosporium carporhilum–ით.

ატმის ახალგაზრდა ხეებს და ნამყენებს სანერგეში დიდ ზიანს აყენებს „ფოთლის მხვეველი“.

ზოგ წელიწადს ატმის ხეს საკმაოდ აზიანებს ატმის შავი ტილი (Aphis persica niger). ამ დაავადებათა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა შემდეგნაირად წარმოებს: ადრე გაზაფხულზე წამლობენ 0,5% შაბიამნით, რაც მიმართულია „ფოთლის სიხუჭუჭის“ წინააღმდეგ, შემდეგ მოდის გაზაფხულის წამლობა 1% ბორდოსის ხსნარით 2–3–ჯერ და წამლობა ნიკოტინ–სულფატით – ტილის საწინააღმდეგოდ.

კასპის რაიონი

მდებარეობს მტკვრისა და მასში შენაკად მდინარეთა ტერასებზე.

მტკვრის სანაპირო ტერასებზე, რომლებსაც უფრო დავაკებული რელიეფი ახასიათებს, გავრცელებულია ალუვიური ნიადაგები: ხირხიტ–სილნარები და მცირედ დამლაშებული კარბონატული ნიადაგები.

შემაღლებულ ტერასებზე გვხვდება ყომრალი ფერის თიხნარი, ხან თითქმის ნაცრისფერი მოყომრალო კარბონატული ნიადაგები; ამ ნიადაგებზე მორწყვის პირობებში, კარგად ხარობს კურკოვნები.

მტკვრის უფრო ზემოთმდებარე ტერასები მეტად დასერილია, ხრიოკიანი და ურწყავი, ამიტომ მეხილეობისათვის გამოუსადეგარია. გამონაკლისს შეადგენს მე–4 ტერასა – წითელ ქალაქსა და კავთისხევს შორის მდებარე ადგილები. უკანასკნელი შედარებით ვაკეა და დაფარულია მუქი ყომრალი ფერის საშუალო და მძიმე თიხნარი ნიადაგებით.

მტკვრის შენაკადი მდინარეების ხეობათა ძირებში გავრცელებულია ნარიყალები და ხირხიტიანი ნიადაგები, შემაღლებულ ტერასებზე და შეფარდებულ კალთების კარბონატულ დელუვიურ ნაფენებზე გვხვდება ყომრალი ფერის კარბონატული თიხნარები. ამ ნიადაგებს ემჩნევა კარბონატების გადანაცვლება ქვევით ჰორიზონტებში. რწყვის პირობებში ასეთი ნიადაგები საუკეთესო ნიადაგია ატმის კულტურისათვის.

ჰავის პირობების მხრივ კასპის რაიონი შედის ზომიერი ჰავის ზონაში.

მინიმალური ტემპერატურა უდრის 15 გრადუსს.

რაიონი ღარიბია ნალექით: ივლის–აგვისტოს ნალექების რაოდენობა 1,0–1,2 მილიმეტრს არ აღემატება, ამიტომ ბაღები აქ ყველგან სარწყავია.

საუკეთესო ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს აქ ამ კულტურის გავრცელებას.

აქ გვხვდება ატამი სხვადასხვა სიმწიფის ვადებით. უფრო სჭარბობს შემოდგომის ადგილობრივი ჯიშები. მაგრამ გავრცელებულია აგრეთვე შემოტანილი ჯიშებიც, მაგალითად: ამსდენი, ჰალის საადრეო, ელბერტა. ეს ჯიშები საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იძლევა. კასპის რაიონში ატამს ამრავლებენ როგორც მყნობით, ისე კურკის დათესვითაც.

თბილისის რაიონი

შეიცავს მეხილეობის ორ ქვერაიონს, რომლებიც შესამჩნევად განსხვავდებიან ერთიმეორესაგან ჰავისა და ნიადაგის პირობებით.

1. თბილისის საგარეუბნო ქვერაიონი (ორთაჭალა, ავჭალა, დიღომი). 2. მუხრანის ქვერაიონი (მუხრანი, ძეგვი, მცხეთა, საგურამო).

თბილისის საგარეუბნო ქვერაიონი შედარებით ვაკე ადგილებში მდებარეობს.

თბილისის მიდამოებში მტკვრისა და მასში შემავალი მდინარეების – ვერის, დიღმურის და ელდანულის – ხეობებში გავრცელებულია მცირკირიანი ალუვიური ნიადაგები დაფენილი ნარიყალების ნაფენებზე. ეს ნიადაგები ხშირად ხირხატიანია, რის გამოც ფიცხია. მაღალ ტერასებზე გავრცელებულია ღია ყომრალი ფერის თიხნარი ნიადაგები.

შეფერდებულ ადგილებზე ვხვდებით ყომრალ ნატყეურ ნიადაგებს.

ჰავის პირობების მხრივ საგარეუბნო ქვერაიონი ეკუთვნის თბილ ზონას: სითბოს წლიური რაოდენობა უდრის 3,500 გრადუსს, ხოლო მინიმალური ტემპერატურა – 10 გრადუსს. ნალექების ბალანსი ივლის–აგვისტოს თვეებში 0,6–1,0 მილიმეტრამდეა. მშრალი რაიონია. თბილისისათვის ნალექების წლიური რაოდენობა უდრის 508 მილ.–ს.

პირველი ნაადრევი ყინვები აღნიშნულია 20.10.–ს, ნაგვიანევი 05.12.–ს უკანასკნელი ყინვები აღნიშნულია 29.02.–ს, ნაგვიანები – 27.04.–ს.

რაიონის ჰავა საუკეთესო პირობებს ჰქმნის კურკოვანების ადრეულა და საგვიანო ჯიშების განსავითარებლად.

ქალაქის გარეუბანში (ორთაჭალა, ავჭალა, დიღომი) უფრო ხშირად ვხვდებით დამყნილ ატმებს. უფრო ხშირად გავრცელებულია ამერიკული წარმოშობის ადრეულა ატმები, როგორიცაა: ამსდენი, ჰალის საადრეო, ალექსანდრე, რივერსის საადრეო, ელბერტა. ატმის სხვა ადგილობრივი ჯიშები ნაკლებად გვხვდება (დიღომში).

მუხრანის ქვერაიონი მდებარეობს მტკვრის, არაგვისა და ქსნის შესართავში და რელიეფით წარმოადგენს დიდ ტაფობს, რომელიც სამხრეთისკენაა დაქანებული. აღმოსავლეთ ხეობებში ვხვდებით ალუვიურ ნიადაგებს. შემაღლებულ ძველ ტერასებზე გავრცელებულია ყომრალი ფერის მეტად წვრილი მექანიკური შემადგენლობის კარბონატული ნიადაგები. გორაკების ფერდობებზე ღია და მუქი ყომრალი ნიადაგებია აშკარა კარბონატული ჰორიზონტებით. ტაფობის ფერდობებზე ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე ვხვდებით მუქ ყომრალ ნიადაგებს.

სამხრეთ ექსპოზიციაზე გავრცელებულია უფრო ღია ფერის კარბონატული ნიადაგები.

ჰავის პირობების მხრივ ეს ქვერაიონი ეკუთვნის ზომიერ თბილ ზონას. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 10,8 გრადუსს, მაქსიმალური ტემპერატურა – 35,6 გრადუსს. ნალექების რაოდენობა უდრის 470 მმ.–ს. პირველი ყინვები აღნიშნულია: ნაადრევი – 10,10.–ს, ნაგვიანევი – 20,11. უკანასკნელი ყინვები – ნაადრევი აღნიშნულია 13,04.–ს და ნაგვიანები – 27,04.–ს.

მუხრანის ქვერაიონში ატმის კულტურა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. გვხვდება ატმის სუფთა ნარგავობა. ხშირია აგრეთვე ატმის ნარგავები, როგორც რიგთაშორისი კულტურა ვაშლის ახალგაზრდა ბაღებში და დაფანტულად ვენახებში.

ჯიშობრივი შემადგენლობა ჭრელია; გვხვდება უმთავრესად ადგილობრივი ჯიშები.

კახეთი

კახეთში ატმის კულტურა უძველეს დროიდანვე იყო გავრცელებული, ვინაიდან კახეთის რაიონებში საუკეთესო ბუნებრივი პირობებია ატმის კულტურის განვითარებისთვის.

მთავარი ნარგავობანი გავრცელებულია 'გურჯაანისა და თელავის რაიონებში; ხოლო სიღნაღის, ყვარელის და ლაგოდეხის რაიონებში ატმის ნარგავობას ნაკლები ფართობი უჭირავს. მაგრამ რაც შეეხება ატმის ხარისხს, ყვარელის და სიღნაღის ატამი განთქმულია თავისი კარგი ღირსებით.

ალაზნის პირას, ქვედა ზოლში გავრცელებულია კარბონატულ–ალუვიური ნიადაგები. შემაღლებულ ტერასებზე გვხვდება სხვადასხვა ინტენსივობით შეფერილი ყომრალი ნიადაგები კარბონატულ თიხნარ ნაფენებზე.

ჰავის პირობების მხრივ კახეთის რაიონები ძლიერ განსხვავდებიან ერთიმეორისაგან.

ლაგოდეხის რაიონი განსაკუთრებით თბილი რაიონია. მისი ჰავა სუბტროპიკულ ზომიერად ტენიან ჰავას უახლოვდება. ყვარლის რაიონი ხასიათდება თბილი ჰავით. მინიმალური ტემპერატურა არ აღემატება – 10 გრადუსს; საკმაოდ ტენიანი რაიონია, წლიურ ნალექთა რაოდენობა 953 მმ.–ს უდრის.

გურჯაანის და სიღნაღის რაიონები აგრეთვე თბილი ჰავით ხასიათდება; ტემპერატურა ზამთრის განმავლობაში 10 გრადუსს ქვევით არ ეცემა.

ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ.–ს არ აღემატება. უკანასკნელი რაიონები მშრალ რაიონებად ითვლება. თელავის რაიონი ჰავის მხრივ ზომიერ თბილ ზომას ეკუთვნის. რაიონი საკმაოდ ტენიანი, ნალექების რაოდენობა 806 მმ.–ს უდრის.

კახეთში ატამს უმთავრესად ამრავლებენ კურკის დათესვით. შემადგელობის მხრივ თითქმის მთლიანად ადგილობრივი ჯიშებითაა წარმოდგენილი. კახური ადგილობრივი ჯიშები საკმაოდ სამეურნეო კონსტანტობას იჩენენ კურკით გამრავლების დროს.

დასავლეთ საქართველო

დასავლეთ საქართველო ატამს ზოგიერთ რაიონში დიდი ადგილი უჭირავს სხვა ხეხილთა შორის.

ქუთაისის რაიონი

ქუთაისის რაიონში ატმის კულტურა უმთავრესად წყალტუბოს, ქვილიშორის, გვიშტიბის, ფარცხანაყანების, ცხუნკურის, ოფურჩხეთის, მაღლაკის რაიონებშია გავრცელებული.

ამ რაიონების რელიეფი ვაკეა, ოდნავ დაქანებული, ზემო ნაწილში გორაკიანი.

მდინარეთა ჭალებში ნიადაგი სილნარ–თიხნარია და სუსტი კარბონატული ალუვიუმისაგან შედგება.

წყალგამყოფ ზეგნებზე გვხვდება ეწეროვანი და ეწეროვან–მიწადებიანი ნიადაგები.

მაღლაკის, მუხნარის, კოპიტნარისა და ფარცხანაყანების მიდამოებში დიდი ფართობი უკავია კენჭნარ გამოკირიანებულ ნიადაგებს.

ქუთაისის რაიონს თბილი ჰავა ახასიათებს. წლიურ საშუალო ტემპერატურა უდრის 14,5 გრადუსს, მინიმალური ტემპერატურა – 8 გრადუსს. აბსოლუტური მინიმუმი მრავალწლიურ დაკვირვებათა მიხედვით უდრის 9,1 გრადუსს.

რაიონი ჭარბტენიენია. ნალექების წლიური რაოდენობა 1276 მმ.–ს უდრის.

თბილი ჰავა ხელს უწყობს ხილის ადრე მომწიფებას. პირველი ნაადრევი ყინვები აღნიშნულია 8,11.–ს, ნაგვიანები – 25,12.–ს. გაზაფხულის უკანასკნელი ყინვები აღნიშნული იყო 20,02.–ს და ნაგვიანები – 29,03.–ს რაიონს ახასიათებს აღმოსავლეთი მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ზაფხულის განმავლობაში ატმის ხეებს: აყრევინებს ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ნაყოფს.

ატმის სუფთა ნარგავობას ვხვდებით მხოლოდ ახლად გაშენებულ ფართობზე, უფრო ხშირად ატმის ხეები დაფანტულია საკარმიდამო ნაკვეთებზე.

ატამს ამრავლებენ როგორც მყნობით, ისე კურკის დათესვითაც.

ამ რაიონში ატმის ნარგავობას თითქმის არ უვლიან. მაგალითად, არ არის მიღებული ყოველწლიური გასხვლა, წამლობა. ამიტომ ამ რაიონში ატმის ხე უფრო ჩქარა ბერდება და ნაყოფს მხოლოდ კენწეროებზე ისხამს.

ქუთაისის რაიონში ატმის ხეს აზიანებს „ფოთლის სიხუჭუჭე“ და ნაცარი (Sphaerotheca); ზიანს აყენებს ახალგაზრდა ხეებს აგრეთვე ატმის ტილი.

უმთავრესად კი მოსავლის დანაკარგი გამოწვეულია ზაფხულის ქარით, რომელიც ჰყრის ნაყოფს.

სამტრედიის რაიონი

სამტრედიის რაიონში ატამი გავრცელებულია ყველგან, მხოლოდ არა როგორც მთლიანი ნარგავობა; უფრო ხშირად ატმის ხეები დარგულია საკარმიდამო ნაკვეთებზე დაფანტულად სხვა ხეხილთან ერთად. ატმის ჯიშებს ამრავლებენ მყნობით. რაიონში გავრცელებულია ადრეულა ჯიშები. თბილი ჰავის გამო ამ ჯიშების ნაყოფი ძალიან ადრე მწიფდება და თბილისის ბაზარზე სამტრედიის ატამი უფრო ადრე შემოდის, ვიდრე სხვა რაიონებიდან. შემოდგომის ჯიშები ნაკლებად არის გავრცელებული სამტრედიის რაიონში.

ტყიბულის რაიონი

წარმოადგენს მთაგორიან ადგილებს. ღელეებში გავრცელებულია ალუვიური სილნარ–კარბონატული ნიადაგები. შემაღლებულ ტერასებზე გვხვდება ეწეროვანი და გამოკირულ ეწეროვან მიწალებიანი ნიადაგები. დახრილ და დაქანებულ ფერდობებზე გავრცელებულია ეწეროვანი ყომრალი ან მოყვითალო ფერის ნიადაგები. რაიონი შედის ზომიერ თბილი ჰავის ზონაში. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 12,2 გრადუსს, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა მრავალწლიანი დაკვირვებების მიხედვით უდრის – 24,4 გრადუსს, მაქსიმალური – 36,3 გრადუსს.

პირველი ნაადრევი ყინვები აღნიშნულია 19,10.–ს, ნაგვიანები – 15,12.–ს უკანასკნელი გაზაფხულის ყინვები ნაადრევი აღნიშნულია 01.03.–ს, ნაგვიანები – 12,04.–ს რაიონი ტენიანია, ნალექების რაოდენობა უდრის 1588 მმ.–ს, მთაგორიანი რელიეფის გამო ქარის სიძლიერე შენელებულია.

აფხაზეთი

ატამი საკმაოდ გავრცელებული კულტურაა აფხაზეთში, ატმის კულტურის მთავარი რაიონია გუდაუთის, სოხუმის და გალის რაიონები.

გუდაუთის რაიონი

გუდაუთის რაიონში საუკეთესო პირობებია ატმის კულტურისათვის როგორც ნიადაგის, ისე ჰავის მხრივაც.

მდინარეების ნაპირზე გვხვდება კარბონატული თიხნარ–სილნარი ნიადაგები; შემაღლებულ – ეწერები და ეწეროვანი ნიადაგები.

გუდაუთის რაიონი შედის სუბტროპიკული ჰავის ზომიერ თბილზონაში.

წლიური ნალექების რაოდენობა 1350–1400 მმ.–ს აღწევს. გუდაუთის რაიონში ვხვდებით ატმის დამყნილ ხეებს ზოგჯერ მთლიანი ნარგავობის სახით. გავრცელებულია უცხო შემოტანილი ატმის ჯიშები, ამერიკული ადრეულა ჯიშები და აგრეთვე ევროპული ჯიშები, რომლებიც შერჩეულია მრავალწლიური დაკვირვებების შედეგად.

გუდაუთის რაიონში მოსახლეობა ამ კულტურას ძველადვე იცნობს.

პირველი მსოფლიო ომის წინ ზოგიერთ მოსახლეს სამრეწველო ხასიათის ატმის მეურნეობები ჰქონდა. ცნობილი იყო ლაპატინისა და უგრონოვიჩის სპეციალური ატმის მეურნეობები, სადაც გაშენებული ჰქონდათ სხვადასხვა დროის სიმწიფის ატმის ჯიშები. აქედან ატამი პატარა ყუთებით მოსკოვის საუკეთესო მაღაზიებში იგზავნებოდა. ადრეულა და საგვიანო ატმის ჯიშების ნაყოფი დიდ ფასებში საღდებოდა.

საუკეთესონი ამ ჯიშებიდან რაიონში ახლაც შერჩენილია; ასეთებია: ამსდენი, ჰალის საადრეო, ელბერტა და სალვეი.

სოხუმის რაიონი

სოხუმის რაიონში ტმის სამრეწველო კულტურა გავრცელებულია მეორე ზონაში, ზღვის დონედან 200–500 მეტრის სიმაღლეზე.

ატმის ხეები გვხვდება აგრეთვე პირველ ზონაში და მთაგორიან ადგილებში 1000 მეტრამდე. აქ ატამი კარგად ვითარდება და კარგად ისხამს კიდეც; მაგრამ სამრეწველო ხასიათის ატმის კულტურას აქ ხელს არ უწყობს ეკონომიური პირობები. ზღვის სანაპირო ზოლში ადგილი დათმობილი აქვს უფრო ხელსაყრელ ციტრუსოვან კულტურებს, ხოლო მაღალ ზონაში, ატმის კულტურამ სამრეწველო ხასიათი ვერ მიიღო. სოხუმის რაიონში ატმის კულტურა უფრო ხშირად გავრცელებულია ეწერებზე და ეწეროვან ნიადაგებზე. ჰავა მეორე ზონაში ზომიერი თბილია, საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 14,5–14 გრადუსს.

ნალექების წლიური რაოდენობა უდრის 1450 მმ.–ს. აქ ატამს უმთავრესად მყნობით ამრავლებენ. ატმის ხეები გამოჰყავთ დაბალშტამიანი, ჯამისებრი ფორმის ვარჯით. ვარჯს ყოველწლიურად სხლავენ. მიღებულია აგრეთვე წამლობა ერთხელ, კვირტის გაშლამდე, 0,5% შაბიამნის ხსნარით და ორჯერ ზაფხულის განმავლობაში 1% ბორდოსის ხსნარით.

რაიონში გავრცელებულია ატმის შემდეგი ჯიშები: ამსდენი, ელბერტა, სოხუმის ნარინჯოვანი და ხიდისთაური საგვიანო.

ყველაზე დიდ პროდუქციას იძლევა: ადრეულა ატმებში – ამსდენი და შუაზაფხულის ატმებში (აგვისტოს ნახევრიდან) – ელბერტა.

სხვა დაავადებებთან ერთად ამ რაიონში გვხვდება ბაქტერიული კიბო' (Bacterium tumefaciens E.).

გალის რაიონი

გალის რაიონში ატამი საკმაოდ გავრცელებული კულტურაა.

ამ რაიონის რელიეფი ვაკეა და წარმომდგარია მდინარეების ტერასებისაგან. აქ გავრცელებულია ზედაპირმიწალებიანი ნიადაგები, რომელთა შორის გვხვდება გაამპალები (ტორფიანი მიწალებიანი ნიადაგები).

მდინარეების შემაღლებულ ტერასებზე გვხვდება ეწერები და ეწეროვანი ნიადაგები.

გალის რაიონი შედის სუბტროპიკულ ტენიან ჰავის ზონაში, მხოლოდ ითვლება ცივ რაიონად, საშუალო ტემპერატურა უდრის 13–14 გრადუსს და სითბოს ჯამი – 3,800–4,100 გრადუსს.

ნალექთა რაოდენობა უდრის 1,500 მმ.–ს ჰაერის ტენიანობა დიდია.

ატამს აქ ამრავლებენ კურკის დათესვით; ამით აიხსნება ატმის ჯიშობრივი შემადგენლობის დიდი სიჭრელე. ამ რაიონში უმთავრესად გვხვდება შებუსვილი ატმები, იშვიათად ვაშლ–ატამი (უბუსუსო), ან ტიტველ ატამი.

გავრცელებულია როგორც სახრავი, ისე საპობი ატმები. პირველს მოსახლეობა უფრო აფასებს და „ხორხს“ უწოდებს.

გამოყოფილი ჯიშები თავისი სახელწოდებით სულ არა გვხვდება. გავრცელებული ჯიშური ფორმები ეკუთვნის ადრეულა შემოდგომის ჯიშებს.

ზოგიერთი მათგანი ხასიათდება დიდი სამეურნეო ღირებულებით, როგორც კარგი ხარისხის ნაყოფის მომცემი, უხვმოსავლიანი და გამძლე დაავადებათა მიმართ.

კურკით გამრავლებული ხე დამყნილ უცხო ჯიშთაგან განსხვავდება თავისი ხანგრძლივი სიცოცხლით (20 წლამდე), უხვი მოსავლიანობით და საღი ფოთოლით.

დამყნილი ატმები ნაკლებად გვხვდება.

ტენიანი და თბილი ჰავა ამ რაიონში ხელს უწყობს სოკოვან დაავადებათა გავრცელებას. უცხო ჯიშებით დამყნილ ატმის ხეებს აქ დიდ ზიანს აყენებს ფოთლის სიხუჭუჭე და ნაცარი.

საქართველოს რაიონებში გავრცელებული ატმის ჯიშების დახასიათება

საქართველოს რეგიონებში გავრცელებული ატმის ჯიშები შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად:

I ჯგუფი ადგილობრივი ჯიშები მსხვილი ნაყოფით. ჯიშებს აქვს თავისი სახელწოდება. ხშირად ერთ ჯიშში გვხვდება სხვადასხვა ჯიშური ფორმა. ამ ჯგუფის ჯიშები ძვირფასი სამეურნეო თვისებებით ხასიათდება.

II ჯგუფი – ადგილობრივი ჯიშები წვრილი ნაყოფით. ამ ჯგუფში შედის უამრავი ჯიშური ფორმა, რომლებიც წარმოშობილია კურკის თესვის შედეგად.

III ჯგუფი – როგორც ამერიკული. ისე ევროპული წარმოშობის ძველად შემოტანილი ატმები.

ამ ჯგუფში შემავალი ჯიშები უფრო ადრეულა სიმწიფის ჯიშებია, რომლებსაც ზოგიერთ რაიონში გავრცელების მხრივ დიდი კუთრითი წონა აქვს სხვა ჯიშებს შორის.

IV ჯგუფი – გამოსაცდელად ახლად შემოტანილი ჯიშები, რომლებიც პერსპექტიულ ჯიშებად უნდა ჩაითვალოს და მხოლოდ ფართო, საწარმოო ხასიათის გამოცდას საჭიროებს.


გავრცელებული ჯიშები – ძირითადი ინფორმაცია

დასახელება ზოგადი აღწერა სიმწიფის პერიოდი
ამსდენი ყვითელრბილობიანი, სახრავი, წითელი ლოყით, საშუალო ზომის, უნივერსალური მოხმარების ივნისის II ნახევარი – ივლისი
ელბერტა ყვითელრბილობიანი, საპობი, წითელი, დიდი ზომის, ნაკლებ ტრანსპორტაბელური, უნივერსალური მოხმარების. აგვისტოს I ნახევარი
კორონეტი ყვითელრბილობიანი, სახრავი, მუქი წითელი, სშუალო-დიდი ზომის, უნივერსალური მოხმარების. აგვისტოს I ნახევარი
კრიმაჩკი თეთრრბილობიანი, სახრავი, წითელი ლოყით, დიდი ზომის, უნივერსალური მოხმარების. აგვისტოს II ნახევარი
ვაჟური თეთრრბილობიანი, სახრავი, ზოლიანი „ზებრა“ წითელი ლოყით, საშუალო-დიდი ზომის, ტრანსპორტაბელური. აგვისტოს II ნახევარი-სექტემბერი
ო’ჰენრი ყვითელრრბილობიანი, სახრავი, მუქი წითელი, დიდი ზომის, უნივერსალური მოხმარების. სექტემბერი

გამოყენებული საძირეები – ძირითადი ინფორმაცია

დასახელება ზოგადი აღწერა ხის საშუალო სიმაღლე
ატამი („ქართული ატამი, ვენახის ატამი“) ნათესარი ძლიერი, არ მოითხოვს საყრდენს, სტანდარტული ბაღისთვის 2,5-3,5 მეტრი
ნუში ძლიერი, არ მოითხოვს საყრდენს, მშრალი ნიადაგებისთვის 2,5-3,5 მეტრი
ტყემალი ძლიერი, არ მოითხოვს საყრდენს, ტენიანი ნიადაგებისთვის 2,5-3,5 მეტრი
რუტპაკ 40 საშუალო, ზოგჯერ მოითხოვს საყრდენს, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღებისთვის 2,5-3,0 მეტრი


საბაზისო აგროკალენდარი

ატამი
აგროღონისძიება თვე
გაშენება XI,II, III
გასხვლა XI,II, III
დანორმება V
რიგთაშორისების გათიბვა, დამუშავება IV-VIII
მწვანე გასხვლა VI, VII
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები, წამლობა III-VIII
მორწყვა V-VIII
მოსავლის აღება VII-IX

ნიადაგის მომზადება გასაშენებლად

ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე, საბაღე ნაკვეთზე ტარდება საპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ. სიღრმეზე, გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე მოხდება გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება, ბოლოს – როტაციული კულტივატორით „ფრეზირება“.

დარგვის წესები და ნორმირება

ირგვება 40X30-40 სმ სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.

დარგვის სქემები

ძლიერ საძირეებზე (ატამი, ტყემალი, ნუში) 5,0-5,5 X5,0-4,0 მეტრი საშუალო საძირეზე (რუტპაკ 40) – 4,0-5,0 X1,5-3,0 მეტრი (მოითხოვს საყრდენ სისტემას.

სხვლა-ფორმირების მეთოდები

ძირითადად გამოიყენება ჯამისებური, ინტენსიურ ბაღებში – Y, ტატურა და შპინდელი.

მორწყვა

მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, საშუალოდ: წვეთოვანი მორწყვით – 16-24-ჯერ/ სეზონი, მოღვარვით – 5-6ჯერ/სეზონი.

მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, მოღვარვიღ, კვალში მიშვებით. მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 60-80 მ3 წვეთოვანი მორწყვა, 500-700მ3 მოღვარვით ან კვალში მიშვებით.

ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: ნაყოფის დამსხვილება, სიმწიფის დასაწყისი.

ატმის განოყიერების საორიენტაციო სისტემა

ზოგადი ინფორმაცია

რეკომენდებულია განოყიერება ჩატარდეს ნიადაგის და ფოთლის ანალიზის მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობაა: N – 2,8-3,4; P – 0,13-0,20; K – 1,3-1,8; Mg 0,30-0,70; Ca – 1,6-2,6 (%/მშრალ ნიადაგზე)

განოყიერების საორიენტაციო სქემა

საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა კგ. შეტანის ვადა
N – აზოტი 100-120 ვეგეტაციის პერიოდში, კვირტების დაბერვა, მოსავლის აღების შემდეგ
P – ფოსფორი 80-100 ხსნადი ფორმა – ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა – შემოდგომა, გვიანი ზამთარი
K – კალიუმი 80-100 იგივე რაც ფოსფორის შემთხვევაში
კომპოსტი 20-30 ტონა შემოდგომა, ადრე გაზაფხული

მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ინტეგრირებული დაცვის ზოგადი სქემა

მავნე ობიექტი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება გამოყენების პერიოდი
დაავადებები – ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, მონილიოზი, ნაცარი და სხვა ბორდოს ნარევო, სპილენძის სულფატი*კალციუმის ჰიდროქსიდი, სპილენძის ქლორჟანგი, დიფენოკონაზოლი, ციპროდინილი*ფლუდიოქსოლინი, პროპიკონაზოლი და სხვა IV,V,VI,VII,VIII
მავნებლები – აღმოსავლური ნაყოფჭამია და სხვა დელტამეტრინი, ქლორპირიფოსი, თიაკლოპრიფი და სხვა IV,V,VI,VII
მავნებლები – ბუგრები იმიდაკლოპრიდი, აცეტამიდიპრი და სხვა V,VI,VII,VIII
მავნებლები – ტკიპები სპიროდიკლოფენი, ტებუფენპირადი და სხვა V,VI,VII,VIII

ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ

განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება შენიშვნა
სარეველების ამოსვლამდე სელექციური პენდიმეტალინი და სხვა ხის ვეგეტაციის დაწყებამდე
სარეველების ამოსვლის შემდეგ ტოტალური გლიფოსატი, ამონიუმის გლიფოსინატი და სხვა არ უნდა შეეხოს ხის მწვანე ორგანოებს, ახალშენ ბაღში არ იყენებენ

წყარო

  • საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები