ატენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატენი – სოფელი ქართლში (გორის მუნიციპალიტეტი, გორისა და ატენის ეპარქია), ქ. გორიდან 10 კმ-ზე მდ. ტანას ხეობაში (ატენის ხეობა).

XI ს. შუა ხანებში აქ მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით ქალაქი აშენდა, რომელიც XVII საუკუნემდე მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. დაღესტნელ ფეოდალთა განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, ატენი XVIII ს. დაკნინდა და სოფლად იქცა. ხეობა, რომელშიც ატენი მდებარეობს, უძველესი დროიდან იყო დასახლებული, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის შემდეგ დღევანდელი ატენის ხეობა სპასპეტის საგამგეოში შედიოდა და, სავარაუდოდ, ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს – ხევს – წარმოადგენდა. ეს ადმინისტრაციული ერთეული IV-VII სს. „ტანის ხევის“ სახელითაა ცნობილი (ენათმეცნიერთა აზრით, „ტანა“ ნიშნავს „სწრაფ დინებას“, „მდინარეს“, „წყალს“). ტოპონიმი „ატენი“ პირველად ნახსენებია ჯვრის კვარცხლბეკის VIII ს. დათარიღებულ ლაპიდარულ წარწერაში, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში ვეჟან ატენელი მამასახლისის მოსახსენიებელ წარწერას უწოდებენ. ატენის ეტიმოლოგიას ზოგიერთი მკლევარი უკავშირებს მდ. ტანას სახელწოდებას. ეს აზრი მცდარი უნდა იყოს, რადგან ქართული ენის გრამატიკული ნორმებით, „ტანადან“ „ატენის“ მიღება შეუძლებელია. ატენის ეტიმოლოგია ბერძნული ენის ნიადაგზე იხსნება და ნიშნავს ადგილს, საიდანაც შეიძლება ხედვა, ჭვრეტა, დაზვერვა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ატენში არის მთა (სიმაღლე 1641 მ) – სახელწოდებით „დანახვისი“, რომლის შესახებაც ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „დანახვისი დგას მაღალსა მთასა ზედა, ეკლესია წმიდისა გიორგისა მჭურეტი ქართლისა“. ე.ი. ბერძნ. τένι-ის (ატენი) პარალელურად ხეობაში მისი შესატყვისი ქართული სახელწოდებაც „დანახვისი“ დამკვიდრდა. ატენი ტანას ხეობაში კუნძულ ანდროსის (საბერძნეთი) ატენის (Ατένη//Ατένι) გავლენით უნდა დამკვიდრებულიყო, რადგან იქ მდებარე მონასტრები VII-IX სს. ბიზანტიის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებს წარმოადგენდნენ, სადაც თვით კონსტანტინოპოლიდან მიდიოდნენ ცოდნის დასაუფლებლად. სავარაუდოდ, საქართველოში კარგად იცნობდნენ ამ მონასტრებს და მათთან ცხოველი ურთიერთობაც ჰქონდათ. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში არა მხოლოდ იერუსალიმის წმ. ადგილების, არამედ ბიზანტიის სახელგანთქმული ტოპონიმებისა და ავტორიტეტული მონასტრების სახელწოდებებიც გადმოჰქონდათ („ანტიოქია“მცხეთაში, „ქოზიფა“ და „ულუმბის მონასტერი“ – შიდა ქართლში). ასეთივე გზით უნდა დამკვიდრებულიყო ტოპონიმი „ატენი“. ატენში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლი – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (ატენის სიონი). ატენის ხეობაშია აგრეთვე ორბელიანის, იგივე საცივის, ცნობილი ციხე.

თ. მესხი

ლიტერატურა

ბედოშვილი გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002; გორდეზიანი რ., მედიტერანულ-ქართველური მიმართებები 1, საწყისები, თბ., 2007; მაკალათია ს., ატენის ხეობა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1957; მესხი თ., ბერძნული ელემენტი ატენის ხეობის ტოპონიმიკაში და ატენის სიონი, თბ., 2010; Гамреклидзе Т. В., Иванов В.В., Индоевропейский язык и Индоевропейцы, Реконструкция и Историко-Типологический Анализ Праязыка и Прокултуры, т. 2, Тб., 1984.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები