აუშტროვი რუბენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:48, 7 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუბენ აუშტროვი

აუშტროვი რუბენ გიორგის ძე (24.VI.1887, ქუთაისი - 23.XII.1937) - ეროვნებით სომეხი, პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება იქვე მიიღო. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. პოლიტიკურ მოძრაობაში სტუდენტობის პერიოდიდანვე ჩაერთო. 1905 სტუდენტი რ. აუშტროვი მოსკოვის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის დროშის ქვეშ ღებულობდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ვექილთა კორპორაციაში განაგრძო მუშაობა, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რევოლუციურ მოძრაობაში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რ. აუშტროვი თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრად აირჩიეს, იყო მუშათა აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ასევე, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური მუშაობის გამო, იგი ჯერ გვარდიის მთავარი შტაბის წევრად, შემდეგ მდივნად აირჩიეს.

რ. აუშტროვს საპატიო წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და განმტკიცებაში. მისი უშუალო მონაწილეობით წყდებოდა სახალხო გვარდიის ყველა მთავარი საკითხი. იგი იყო თბილისის ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. რ. აუშტროვი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ენერგიული დამცველი და კავკასიის ერთა შორის ძმობის მქადაგებელი იყო.

1921 საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რ. აუშტროვი ემიგრაციაში გაემგზავრა. არც ემიგრანტის მძიმე ხვედრს შეუცვლია მისი რწმენა. მუშაობდა მუშად ქარხანაში, შემდეგ - საკუთარ სახელოსნოში. იყო ერთ-ერთი ინიციატორი პარიზში ქართული წარმოდგნის გამართვისა. გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ქართული ემიგრაციული პრესა წერდა: „მტკიცე ხასიათის და მთლიანი ბუნების პატრონი, იგი ისეთივე ჩავიდა სამარეში. მისი ოცნება იყო, ისევ თავის მშობელ მიწას დაბრუნებოდა... რუბენი ამით ერთგვარი სიმბოლოა, ნიმუში, თუ გნებავთ, იმ სულიერი კავშირისა, რომელსაც ჰქმნის ერის ლაღი ბუნება და ჰუმანურობა, რაც საქართველოს მუდამ ახასიათებდა და რუბენიც ამ თვისებებით უხვად იყო დაჯილდოებული, მუდამ საზოგადოებრივი მუშაობის მოსურნე, იგი ემიგრაციაში ცდილობდა თავისი წვლილის შეტანას საერთო საქმეში... როგორც ადამიანი, იყო თავმდაბალი და თავაზიანი ყველასთან. უწყინარი და მშვიდობიანი ხასიათის პიროვნება...“.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • აუშტროვი რუბენ (1887-1937), გაზ. „სოციალისტური აზრი“, პარ., 1938, №38;
  • გ. შარაძე,ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VII, თბ., 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი


იხილე აგრეთვე

რუბენ აუშტროვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები