აფხაზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 22: ხაზი 22:
 
ბრინჯაოს ეპოქის ნაგებობებიდან აფხაზეთში შემორჩენილია მეგალითური სამარხი ნაგებობები - [[დოლმენი|დოლმენები]] (ძვ.წ. III-II ათასწლ.). ამ ტიპის ძეგლები, რომლებიც ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანით თარიღდება, მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება (დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო აფრიკაში და სხვ.). კავკასიური დოლმენების გავრცელების არეალია ჩრდილო-დასავლეთ კავკასია მდ. ყუბანიდან მოყოლებული თანამედროვე აფხაზეთის ჩათვლით (მდ. ღალიძგამდე).
 
ბრინჯაოს ეპოქის ნაგებობებიდან აფხაზეთში შემორჩენილია მეგალითური სამარხი ნაგებობები - [[დოლმენი|დოლმენები]] (ძვ.წ. III-II ათასწლ.). ამ ტიპის ძეგლები, რომლებიც ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანით თარიღდება, მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება (დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო აფრიკაში და სხვ.). კავკასიური დოლმენების გავრცელების არეალია ჩრდილო-დასავლეთ კავკასია მდ. ყუბანიდან მოყოლებული თანამედროვე აფხაზეთის ჩათვლით (მდ. ღალიძგამდე).
  
ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე კოლხური კულტურა. იგი მოიცავს ტერიტორიას აფხაზეთიდან ქ. ორდუმდე მცირე აზიაში, აღმოსავლეთით კი სცილდება ლიხის ქედს. ამ ვრცელ არეალში წარმოდგენილია კოლხური კულტურის რამდენიმე ლოკალური ვარიანტი - აფხაზეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ჭოროხის აუზისა და სხვ. კავკასიის ისტორიის ამ არქაულ პერიოდში, რომელიც არ არის გაშუქებული წერილობით ძეგლებში, შეუძლებელია დაბეჯითებით ითქვას რაიმე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ, თუმცა ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური, ტოპონიმიური და სხვა სახის წყაროების მოშველიება, გარკვეულწილად, საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ამა თუ იმ არქეოლოგიური კულტურის ეთნიკურ სპეციფიკაზე. კერძოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლხური კულტურის მატარებელ ტომებში იყვნენ როგორც წინარე ქართველური, ასევე წინარე აფხაზურ-ადიღური ტომები. ასე რომ, ქართველი და აფხაზი ხალხების წინაპართა თანაცხოვრება და მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობები შორეულ წარსულში იღებს სათავეს.
+
ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე კოლხური კულტურა. იგი მოიცავს ტერიტორიას აფხაზეთიდან ქ. ორდუმდე მცირე აზიაში, აღმოსავლეთით კი სცილდება ლიხის ქედს. ამ ვრცელ არეალში წარმოდგენილია კოლხური კულტურის რამდენიმე ლოკალური ვარიანტი - აფხაზეთის, [[რაჭა]]-ლეჩხუმის, ჭოროხის აუზისა და სხვ. კავკასიის ისტორიის ამ არქაულ პერიოდში, რომელიც არ არის გაშუქებული წერილობით ძეგლებში, შეუძლებელია დაბეჯითებით ითქვას რაიმე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ, თუმცა ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური, ტოპონიმიური და სხვა სახის წყაროების მოშველიება, გარკვეულწილად, საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ამა თუ იმ არქეოლოგიური კულტურის ეთნიკურ სპეციფიკაზე. კერძოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლხური კულტურის მატარებელ ტომებში იყვნენ როგორც წინარე ქართველური, ასევე წინარე აფხაზურ-ადიღური ტომები. ასე რომ, ქართველი და აფხაზი ხალხების წინაპართა თანაცხოვრება და მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობები შორეულ წარსულში იღებს სათავეს.
  
 
=====ანტიკური ხანა=====
 
=====ანტიკური ხანა=====

16:06, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

აფხაზები - ხალხი, აფხაზეთის აბორიგენული მოსახლეობა. 1989 წლის აღწერით, საქართველოში ცხოვრობდა 95,9 ათასი აფხაზი, აფხაზეთში - 93,3 ათასი, ხოლო მთლიანად სსრ კავშირში - 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთში ჩატარებული აღწერის მასალების მიხედვით, აფხაზთა რაოდენობა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 94,5 ათას კაცს უდრიდა1. გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა (სავარაუდოდ, 400 ათას კაცამდე) განსახლებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (თურქეთი, სირია, იორდანია და სხვ.), ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსა და აშშ-ში.

აფხაზები. მე-19 საუკუნის ბოლო, ერმაკოვის არქივი

სარჩევი

ენა და სახელწოდება

აფხაზური ენა, რომელიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, ანუ აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს ეკუთვნის, აფხაზეთში დღეს წარმოდგენილია ბზიფური და აბჟუური დიალექტებით. პირველი მათგანი გავრცელებულია, ძირითადად, ქ. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით, მეორე კი - სამხრეთ-აღმოსავლეთით. განსხვავებები აღნიშნულ დიალექტებს შორის, პირველ ყოვლისა, შეინიშნება ფონეტიკაში: ბზიფურ დიალექტს უფრო რთული ფონეტიკური სისტემა აქვს, რაც რამდენიმე სპეციფიკური ბგერის არსებობაში გამოიხატება, რომლებიც არ გვხვდება აბჟუურ დიალექტში.

გარდა ამისა, აფხაზურ დიალექტებს შორის გარკვეული სხვაობაა ლექსიკაშიც, კერძოდ, აბჟუურში ვხვდებით მეგრულ და ქართულ ლექსიკურ ელემენტებს, მაშინ როდესაც ბზიფურში, რომელზე მეტყველთაც წარსულში მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ ჩერქეზულ ტომებთან, შესულია ადიღური სიტყვების გარკვეული რაოდენობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლექსიკური განსხვავებები მთლიანობაში ხელს არ უშლის აბჟუურ და ბზიფურ დიალექტებზე მეტყველთ ადვილად გაუგონ ერთმანეთს.

აფხაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი.

აფხაზურ ენასთან ძალიან ახლოს დგას ჩრდილოკავკასიელი აბაზების ენა. აფხაზური და აბაზური ენები, ფაქტობრივად, ერთ ენობრივ ერთეულს წარმოადგენენ. მხოლოდ ტერიტორიული დაცილებისა და სალიტერატურო ენის ორ სხვადასხვა საფუძველზე ჩამოყალიბების გამო არის მიღებული აფხაზური (სალიტერატურო) ენის გარჩევა აბაზური (სალიტერატურო) ენისაგან.

ჩრდილო კავკასიის ხალხებიდან ენითა და კულტურით აფხაზებს ენათესავებიან აგრეთვე ადიღები (ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები) და უბიხები. ეს უკანასკნელნი 1864 წლამდე დღევანდელი ქ. სოჭის მიდამოებში ცხოვრობდნენ, ხოლო ამჟამად, ძირითადად, თურქეთში არიან განსახლებულნი. გარდა ამისა, აფხაზები მრავალი კულტურულ-საყოფაცხოვრებო თავისებურებით უახლოვდებიან ქართველებს, რომლებთან მრავალსაუკუნოვანმა ურთიერთობამ და თანაცხოვრებამ გავლენა იქონია მათ ენასა და ანთროპოლოგიურ ტიპზე.

აფხაზთა საკუთარი სახელწოდებაა - აფსუა. ქართველები მათ „აფხაზებს“ უწოდებენ და ქართული ენიდან გავრცელებული ეს ეთნიკური ტერმინი დღეს ფართოდაა ცნობილი მსოფლიოში.

თურქულ და ზოგიერთ ჩრდილო კავკასიელი ხალხის ენაში აფხაზების სახელწოდებაა „აბაზა“.

ისტორიული ნარკვევი

პრეისტორიული ხანა

აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი ნაკვალევი 400-100 ათასი წლის წინანდელი აშელის კულტურით თარიღდება, რომელიც, არქეოლოგიური პერიოდიზაციით ქვის ხანის ერთ-ერთი ადრინდელი საფეხურია. აფხაზეთში კარგად არის წარმოდგენილი, აგრეთვე, ქვის ხანის შემდგომი პერიოდების ძეგლები. ძვ.წ. V ათასწლეულის მეორე ნახევარსა და IV ათასწლეულის დასაწყისში კავკასიაში იწყება ლითონების ათვისება, დაახლოებით 1000 წლის შემდეგ კი - ბრინჯაოს ხანა, როდესაც ლითონმა, როგორც საწარმოო იარაღის დასამზადებელმა მასალამ, საბოლოოდ გაიმარჯვა ქვაზე. აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძველეს ბრინჯაოს ნივთებს სპეციალისტები ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე-მესამე მეოთხედით ათარიღებენ.

ბრინჯაოს ეპოქის ნაგებობებიდან აფხაზეთში შემორჩენილია მეგალითური სამარხი ნაგებობები - დოლმენები (ძვ.წ. III-II ათასწლ.). ამ ტიპის ძეგლები, რომლებიც ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანით თარიღდება, მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება (დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო აფრიკაში და სხვ.). კავკასიური დოლმენების გავრცელების არეალია ჩრდილო-დასავლეთ კავკასია მდ. ყუბანიდან მოყოლებული თანამედროვე აფხაზეთის ჩათვლით (მდ. ღალიძგამდე).

ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე კოლხური კულტურა. იგი მოიცავს ტერიტორიას აფხაზეთიდან ქ. ორდუმდე მცირე აზიაში, აღმოსავლეთით კი სცილდება ლიხის ქედს. ამ ვრცელ არეალში წარმოდგენილია კოლხური კულტურის რამდენიმე ლოკალური ვარიანტი - აფხაზეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ჭოროხის აუზისა და სხვ. კავკასიის ისტორიის ამ არქაულ პერიოდში, რომელიც არ არის გაშუქებული წერილობით ძეგლებში, შეუძლებელია დაბეჯითებით ითქვას რაიმე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ, თუმცა ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური, ტოპონიმიური და სხვა სახის წყაროების მოშველიება, გარკვეულწილად, საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ამა თუ იმ არქეოლოგიური კულტურის ეთნიკურ სპეციფიკაზე. კერძოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლხური კულტურის მატარებელ ტომებში იყვნენ როგორც წინარე ქართველური, ასევე წინარე აფხაზურ-ადიღური ტომები. ასე რომ, ქართველი და აფხაზი ხალხების წინაპართა თანაცხოვრება და მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობები შორეულ წარსულში იღებს სათავეს.

ანტიკური ხანა

ახლანდელი აფხაზეთის ტერიტორია წერილობითი წყაროების თვალთახედვის არეში ძვ.წ. VI საუკუნიდან ხვდება. ბერძენი ავტორები აქ მრავალ სხვადასხვა ტომს ასახელებენ, მაგრამ მათი ცნობები ამ ტომთა შესახებ საკმაოდ მწირია და ეთნიკური კუთვნილების საკითხი საკამათო რჩება.

შედარებით უკეთესადაა ცნობილი ვითარება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ახ.წ. დასაწყისიდან, როდესაც ეს მხარე რომის იმპერიის გავლენის სფეროში ექცევა. I-II საუკუნეებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩნდება ახალი ეთნიკური სახელწოდებები, რომელთაგან აღსანიშნავია აფსილები და აბაზგები (ქართულ წყაროებში: აფშილები და აფხაზები). ამ ტომების საერთო წარმოშობაზე უკვე მათი სახელწოდებები მიანიშნებს, რომლებიც მომდინარეობენ ერთი ფუძიდან - ფს-ბზ. ეთნონინიმ „აფსილიდანაა“ წარმოშობილი აფხაზთა საკუთარი სახელწოდება (ავტოეთნონიმი) „აფსუა“, ხოლო „აბაზგიდან“ - ალოეთნონიმები „აფხაზი“ და „აბაზა“.

მეცნიერების უმრავლესობა (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, გ. მელიქიშვილი, ლ. ლავროვი, ზ. ანჩაბაძე, ე. ხოშტარია-ბროსე, ნ. ლომოური, მ. ინაძე და სხვ.) მიიჩნევს, რომ აფსილები და აბაზგები აფხაზურ-ადიღური მოდგმის ტომები იყვნენ და თანამედროვე აფხაზი ხალხის წინაპრები არიან.

ახ.წ. პირველ საუკუნეებში აფსილებს, აბაზგებსა და მათ მეზობლად მცხოვრებ სხვა ტომებს საკუთარი ბელადები ჰყავდათ, რომლებსაც ბერძნულ-რომაული წყაროები მეფეებად მოიხსენიებენ. ეს „მეფეები“ რომის იმპერატორთა უზენაესობას აღიარებდნენ, მაგრამ საშინაო საქმეებში დამოუკიდებლად მართავდნენ თავის საგამგებლო ტერიტორიებს.

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომობრივი სამთავროებიდან IV-V საუკუნეებში განსაკუთრებით ძლიერდება ეგრისი, ანუ ლაზიკა, რომელიც დასავლურ ქართულ ტომთა გაერთიანებას წარმოადგენდა. ეგრისის მეფეებმა მოახერხეს სხვა ადგილობრივი ტომების, მათ შორის აფსილებისა და აბაზგების, დამორჩილება, თუმცა, ამავე დროს, თვითონაც აღიარებდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) უზენაეს ძალაუფლებას.

აფხაზეთი VI-VIII საუკუნეებში

ბიზანტიის გავლენა ეგრის-აფხაზეთში ხელს უწყობდა ქრისტიანობის განმტკიცებას, თუმცა ტრადიციული რწმენა-წარმოდგენების აღმოფხვრა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ბერძენი ისტორიკოსის ცნობით, VI საუკუნეში აფხაზური ტომები ქრისტიანობის აღმსარებლები იყვნენ, მაგრამ შენარჩუნებული ჰქონდათ ხეების თაყვანისცემა და წარმართობის სხვა გადმონაშთები.

ეგრისის ვასალებიდან შინაგანი დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი დონე ჩრდილოეთით მცხოვრებ აბაზგებს ჰქონდათ, რომლებმაც საკუთარი მეფე-მთავრების ინსტიტუტი შეინარჩუნეს. VI საუკუნის პირველ ნახევარში აბაზგები განუდგნენ ეგრისის მეფეებს და უშუალოდ ბიზანტიის იმპერატორს დაემორჩილენ. 550 წელს აბაზგები ბიზანტიელებსაც აუჯანყდნენ, მაგრამ იმპერატორის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაამარცხა აჯანყებულთა ლაშქარი და იერიშით აიღო მათი მთავარი გამაგრებული პუნქტი - ტრაქეა (დღევანდელ ახალ ათონთან).

აბაზგებმა მალე მოიშუშეს 550 წელს მიყენებული ჭრილობები და VII საუკუნისათვის მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. ბიზანტიის პროტექტორატის ქვეშ ყალიბდება ადრეფეოდალური ტიპის აბაზგიის სამთავრო, რომლის შემადგენლობაში შედიან აფსილები და ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომები. ამ პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში VII-VIII საუკუნეებში აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. როგორც აკად. ს. ჯანაშია აღნიშნავს: „VIII საუკუნისათვის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აშკარა უპირატესობა აბაზგებმა მოიპოვეს. ეს ეთნიკური სახელი მალე უფრო ფართო, განმაზოგადებელ მნიშვნელობას იძენს. მისი ქართული ფორმა - „აფხაზი“, რომელიც მიღებულია „აბაზგი“, „აბაზხი“-დან თანხმოვანთა შინაგანი გადაჯგუფების გზით, ქართული ენის ფონეტიკური კანონების თანახმად, თანდათანობით საყოველთაო გავრცელებას პოულობს“. მართლაც, VI-VIII საუკუნეებში წერილობითი წყაროებიდან ქრება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები შედარებით წვრილი ტომური ერთეულების (მისიმიანები, სანიგები, ბრუქები, აფსილები) მოხსენიება და მათ ნაცვლად მემატიანეები უკვე მხოლოდ აბაზგებს, ანუ აფხაზებს, ასახელებენ.

ამრიგად, აფხაზური ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბება, ძირითადად, VIII საუკუნეში დასრულდა. ამ პროცესში მთავარი როლი შეასრულეს აბაზგებმა და აფსილებმა. ამ მცირე ეროვნებების შერწყმამ ჩამოაყალიბა ფეოდალური ეროვნების ბირთვი, რომელსაც შემდეგში შეერწყნენ ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური კომპონენტები6.

აბაზგიის პოლიტიკური გაძლიერება ხდებოდა ეგრისის სამეფოს დაცემის ფონზე, რომელიც ძალიან დააზარალა მის ტერიტორიაზე მიმდინარე ხანგრძლივმა ომებმა. მას შემდეგ, რაც VII საუკუნეში ბიზანტიელებმა გააუქმეს ეგრისის სამეფო, ჰეგემონობა თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თანდათანობით აბაზგიის (აფხაზეთის) მთავრების ხელში გადავიდა.

ამ პერიოდში აფხაზთა მთავრები პოლიტიკურ კავშირებს ამყარებენ აღმოსავლეთ საქართველოსთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია VIII საუკუნის 30-იანი წლები, როდესაც ქართლის მეფეებმა მიჰრმა და არჩილმა არაბთა შემოსევის დროს აფხაზეთს შეაფარეს თავი. 736 წელს აფხაზ-ქართველთა გაერთიანებულმა ძალებმა ანაკოფიასთან (ძველი ტრაქეა) არაბთა ძლიერი შემოტევა მოიგერიეს, რამაც არაბებს უკან დაახევინა და მალე მათ დასავლეთ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

VIII საუკუნის 80-იან წლებში აფხაზთა მთავარმა ლეონ II-მ თავისი ხელისუფლება მთელს დასავლეთ საქართველოზე გაავრცელა, რომლის მოსახლეობა, ბიზანტიელი და არაბი დამპყრობლების თარეშით შეწუხებული, დაინტერესებული იყო ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნით. პირველ ხანებში ლეონ II ჯერ კიდევ ბიზანტიის ვასალად ითვლებოდა, მაგრამ VIII საუკუნის ბოლოს მან ისარგებლა ბიზანტიაში ატეხილი შინაური შფოთით და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლეონმა მიიღო „აფხაზთა მეფის“ ტიტული და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო ისტორიაში შევიდა აფხაზთა სამეფოს სახელწოდებით.

აფხაზი ახალგაზრდა ქალბატონი ეროვნულ სამოსში
აფხაზთა სამეფო

აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი იყო, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, რომელთა ხვედრითი წილი კიდევ უფრო გაიზარდა ლეონ II-ის მემკვიდრეების დროს, რომლებმაც თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილზე გაავრცელეს. ყოველივე ამან განაპირობა ის გარემოება, რომ აფხაზთა სამეფო თავისი ჩამოყალიბებიდან მოკლე ხანში აქტიურად ჩაერთო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური წარმონაქმნების სისტემაში.

აფხაზთა სამეფო მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში და ამ საქმეში პოზიტიური წვლილი შეიტანა. საკუთრივ აფხაზები, რომლებიც ძირითადად სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაში. როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. ნ. ბერძენიშვილი: „აფხაზთა და ქართველთა ასეთი ერთიანობა... იყო შედეგი არა ურთიერთ დაპყრობის, არამედ აფხაზთა თანდათანი მშვიდობიანი შემოსვლისა ქართველთა კულტურულ სამყაროში“.

978 წელს აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატ ბაგრატიონი ავიდა, რომელიც მამის მხრიდან სამხრეთ საქართველოს მფლობელი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, ხოლო დედის მხრიდან - აფხაზთა მეფეების შთამომავალი. მან წარმატებით გააგრძელა წინაპართა გამაერთიანებელი პოლიტიკა და ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ III (978-1014).

ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში

ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში აფხაზეთი შედიოდა, ძირითადად, აფხაზეთის საერისთავოს სახით, რომლის სათავეში XII საუკუნიდან შარვაშიძეთა (აფხაზურად: ჩაჩბა) ფეოდალური საგვარეულო იდგა. აფხაზები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ერთიანი საქართველოს ცხოვრებაში. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობდნენ მის საგარეო ომებში, ხოლო როდესაც XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან საქართველო მონღოლებმა დაიმორჩილეს, აფხაზები ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩაებნენ.

აფხაზეთის სამთავროს ჩამოყალიბება

ერთიანი ქართული სამეფო XV საუკუნეში რამდენიმე დამოუკიდებელ ერთეულად დაიშალა. აფხაზეთის საერისთავო დასავლეთ საქართველოს, ანუ იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. დროთა ვითარებაში იმერეთის სამეფოში შემავალი საერისთავოებიც გადაიქცნენ სუვერენულ სამთავროებად (ოდიშის, გურიის, აფხაზეთის, სვანეთის), რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ იმერეთის მეფეთა უზენაესობას. აფხაზეთის სამთავრო, რომლის სათავეში შარვაშიძეთა საგვარეულო იდგა, თავდაპირველად ოდიშის მთავართა ვასალი იყო, მაგრამ XVI საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

აფხაზთა ნაწილის გადასახლება ჩრდილო კავკასიაში

ერთიანი სამეფოს დაშლის პერიოდში საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მძიმდება. ეს მდგომარეობა აფხაზეთსაც შეეხო. აქ აღარ მიმდინარეობს ტაძრების, ხიდებისა და სასახლეების მშენებლობა, რაც დამახასიათებელი იყო აფხაზთა სამეფოსა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს დროისათვის. როგორც ჩანს, გართულებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ვითარებამ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აიძულა კავკასიონს გადაღმა გადასულიყო. XIV საუკუნიდან ჩრდილო კავკასიაში (მდ. ყუბანისა და მისი მარცხენა შენაკადების სათავეებში) მკვიდრდება აფხაზური ეთნოსის ნაწილი, რომელიც დროთა ვითარებაში ჩამოყალიბდა როგორც თავისთავადი აბაზა ხალხი. ამიტომ შემდეგი დროის ევროპელი ავტორები ისტორიულ აფხაზეთს „ძველ“ ან „დიდ აფხაზეთად“ მოიხსენიებენ, აბაზებით დასახლებულ მხარეს კი - „მცირე აფხაზეთად“.

აფხაზეთის სამთავრო XVII-XVIII საუკუნეებში
და-ძმა ბაბო და მიხეილ შარვაშიძეები

XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ოსმალთა იმპერიის პოლიტიკური გავლენის სფეროში ექცევა. სანაპირო პუნქტებში (მათ შორის სოხუმში) ოსმალთა გარნიზონები დგებიან და ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებს ხარკს ადებენ. ოსმალური ხარკი აფხაზეთსაც ჰქონდა შეწერილი, მაგრამ აფხაზები მას იშვიათად იხდიდნენ. ოსმალთა პოლიტიკურ გავლენას თან სდევდა აფხაზეთში ისლამის გავრცელება. XVIII საუკუნის ბოლოსათვის უკვე საკმაოდ ბევრი აფხაზი გამუსლიმდა, განსაკუთრებით თავად-აზნაურთაგან. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა აფხაზეთში არასოდეს ჩამკვდარა, რასაც ხელს უწყობდა ქართველებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება. ამ პერიოდში აფხაზეთის სამთავრო აქტიურად მონაწილეობს, აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს შინაომებში. ამ ომების პროცესში XVII საუკუნის ბოლოსათვის აფხაზეთის მთავრებმა თავისი სამფლობელოები კოდორიდან ენგურამდე გააფართოვეს.

აფხაზეთის სამთავრო, როგორც ფეოდალური წარმონაქმნი, არ გამოირჩეოდა შინაგანი სიმტკიცით. მთავრის უშუალო მმართველობის ქვეშ მხოლოდ მდინარე ბზიფსა და მდინარე კოდორს შორის მდებარე ტერიტორია იმყოფებოდა (ისტორიული ოლქები - ბზიფი და გუმა). მიწები მდ. კოდორიდან ენგურამდე (ისტორიული ოლქები - აბჟუა და სამურზაყანო) შარვაშიძეთა გვარის უმცროსი შტოების საუფლისწულო სამფლობელოებს წარმოადგენდნენ, რომლებიც სამთავროში ავტონომიის მაღალი დონით სარგებლობდნენ. მთავრებს მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდნენ, აგრეთვე, მთიანი აფხაზეთის თემები (წაბალი, დალი, ფსხუ და სხვ.) და ბზიფის დასავლეთით მცხოვრები აფხაზური ტომები - საძები (ქართული წყაროებით - ჯიქები). გარდა ამისა, მთავრებისა და უფლისწულების საგამგებლო ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი თავადური საგვარეულოების ხელში იყო, რომლებიც ასევე ნახევრადდამოუკიდებელ მფლობელებად მიიჩნევდნენ თავს. ასეთი პოლიტიკური სისტემა ფეოდალურ ანარქიას უწყობდა ხელს, რითიც ოსმალები სარგებლობდნენ თავისი პოზიციების გასამტკიცებლად. აფხაზები ხშირად გამოდიოდნენ ოსმალთა წინააღმდეგ (1725, 1728, 1733, 1771, 1806 წწ. და სხვ.). ზოგჯერ ეს გამოსვლები ქართველ მეფე-მთავრებთან იყო კოორდინირებული.

რუსეთის პროტექტორატის ქვეშ

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მიერ იქნა ანექსირებული. ამან შემდგომში საქართველოს სხვა ნაწილების რუსეთთან შეერთებაც განაპირობა. აფხაზეთში რუსეთის ჯარები 1810 წელს შეიჭრნენ და ხელთ იგდეს ქ. სოხუმი. მაგრამ აფხაზეთის დანარჩენ ნაწილს რუსები დიდხანს ვერ აკონტროლებდნენ. ამიტომ პირველ ხანებში შენარჩუნებული იქნა აფხაზეთის მთავრების ხელისუფლება შეზღუდული ავტონომიის სახით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ გატეხა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგობა და სრული კონტროლი დაამყარა აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, პეტერბურგში მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შესახებ. უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს, აფხაზეთში კი უშუალო რუსული მმართველობა შემოიღეს (1864 წ.).

ბრძოლა კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ და მუჰაჯირობა

აფხაზი ხალხი რუსული კოლონიური რეჟიმის დამყარებას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აჯანყებებს ადგილი ჰქონდა 1821-1827, 1840-1842, 1866, 1877 წლებში. აჯანყებების სისხლში ჩახშობას თან სდევდა აფხაზთა იძულებითი მიგრაცია ოსმალეთის იმპერიაში. 1864 წელს კავკასიის მთიელი ხალხების დამარცხების შემდეგ რუსეთის მთავრობა შეუდგა ადრე შემუშავებული გეგმის განხორციელებას - მთიელთა განდევნას მშობლიური მიწაწყლიდან, განსაკუთრებით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. მაშინ აიძულეს 700 ათასამდე ჩერქეზი, უბიხი, აფხაზი, ჩეჩენი, დაღესტნელი და სხვა მთიელნი ოსმალეთში გადასულიყვნენ. სამშობლოდან განდევნილებს „მუჰაჯირებს“ უწოდებდნენ, რაც არაბულად „გადასახლებულს“ ნიშნავს. 1864 წლის მუჰაჯირთა შორის აფხაზთა რაოდენობა 20 ათასს აღემატებოდა. დაახლოვებით ამდენივე აფხაზი გადასახლდა ოსმალეთში 1866 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ხოლო 1877 წლის აჯანყების შემდეგ აფხაზეთი დატოვა კიდევ 30-40 ათასმა ადამიანმა. მთლიანობაში ოსმალეთში გადასახლებული აფხაზებისა და აბაზების საერთო რაოდენობას 135 ათასი კაცით ანგარიშობენ. ამრიგად, რუსეთის აფხაზეთში გაბატონებისა და აფხაზთა შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგი იყო აფხაზური ეთნოსის დიდი ნაწილის სამშობლოდან გაძევება. საზღვარგარეთის აფხაზური დიასპორა (დსთ-ს ქვეყნებს გარდა), ძირითადად, XIX საუკუნის მუჰაჯირთა შთამომავალია.

„დამნაშავე მოსახლეობა“

აფხაზთა უკანასკნელი, 1877 წლის, აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის მთავრობამ სამშობლოში დარჩენილი აფხაზების სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. პრაქტიკულად, მთელი აფხაზი ხალხი (მცირე გამონაკლისის გარდა) ოფიციალურად გამოცხადებული იყო „დამნაშავე მოსახლეობად“ და მისი უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. აფხაზებს აეკრძალათ, აგრეთვე, აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცხოვრება: კერძოდ, ზღვისპირეთში, მაღალმთიან ზონასა და სოხუმის მიდამოებში - ქალაქიდან 25 კილომეტრის სიახლოვეს. „დამნაშავე მოსახლეობის“ სტატუსი აფხაზ ხალხს მხოლოდ 1907 წელს მოუხსნეს.

აფხაზეთი 1880-1917 წლებში

აფხაზეთის დაცარიელებულ ადგილებზე რუსული ხელისუფლება ასახლებდა კოლონისტებს - რუსებს, სომხებს, ბერძნებსა და სხვ., რათა, აქ მათი სახით, მთავრობის ერთგული მოსახლეობა გაჩენილიყო. აფხაზეთში ჩასახლება დაიწყეს ქართველებმაც, განსაკუთრებით მეზობელი სამეგრელოდან. მეგრელთა გარკვეული ნაწილი აფხაზეთში ადრეც ცხოვრობდა, მაგრამ მასობრივი გადასახლება სწორედ XIX საუკუნის ბოლოდან იწყება. ქართველების აფხაზეთში ჩასახლებას რუსეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს პროცესი მაინც განვითარდა. თანდათანობით ქართველები აფხაზეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი გახდა. ბევრი იყო რუსი, სომეხი, ბერძენი. გარკვეული რაოდენობით ცხოვრობდნენ თურქები, ესტონელები, ბულგარელები და სხვ.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იწყება აფხაზური კულტურის აღორძინება, ყალიბდება აფხაზური ინტელიგენცია, რომელიც მოწინავე ქართული და რუსული საზოგადოებრივი აზრის გავლენას განიცდის. აფხაზურ ენაზე ითარგმნა სასულიერო წიგნები (მათ შორის „ოთხთავი“), იქმნება აფხაზური ენის სახელმძღვანელოები და პირველი მხატვრული ნაწარმოებები.

დამწერლობა

აფხაზური ენა ახალდამწერლობიანი ენაა. ადრეულ შუა საუკუნეებში კულტურის იარაღად აფხაზეთში ბერძნული ენა და დამწერლობა გამოიყენებოდა. აფხაზთა სამეფოს დროიდან მოყოლებული გვიანდელ შუა საუკუნეებამდე მწიგნობრობის, სახელმწიფო კანცელარიისა და ეკლესიის ენა ქართული გახდა. ოსმალთა დომინირების პერიოდში, განსაკუთრებით XVIII საუკუნიდან, აფხაზეთში ვრცელდება თურქულ-ოსმალური დამწერლობა, თუმცა არც ქართული იყო დავიწყებული. XIX საუკუნის შუა ხანებიდან გავრცელებას იწყებს რუსული ენა და დამწერლობა. რუსულმა ადმინისტრაციამ, აფხაზეთში ქართული და ოსმალური კულტურული გავლენის შეზღუდვის მიზნით, საჭიროდ ჩათვალა შეექმნა რუსულ გრაფიკაზე დამყარებული აფხაზური ანბანი, რასაც მომავალში უნდა გაეადვილებინა აფხაზთა გარუსება. ასე იქმნება 1862 წელს პირველი აფხაზური ანბანი, რომელიც შემდგომ რამდენჯერმე შეიცვალა: 1926-1928 წლებში მოქმედებდა აკად. ნ. მარის მიერ შედგენილი ე.წ. ანალიტიკური ანბანი, 1928-1938 წლებში სარგებლობდნენ ლათინიზებული დამწერლობით, 1938-1954 წლებში მოქმედებდა ქართული გრაფიკის საფუძველზე შედგენილი ანბანი, ხოლო 1954 წლიდან კვლავ რუსული გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული ანბანი გამოიყენება. დამწერლობის ასეთი ხშირი ცვლა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენდა აფხაზური კულტურის განვითარებაზე.

აფხაზეთი 1917-1920 წლებში

1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად რუსეთის იმპერია დაიშალა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა - საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს (1918 წ. მაისი). აფხაზეთში რამდენიმე პოლიტიკური მიმდინარეობა იყო. კერძოდ, იყვნენ როგორც საქართველოსთან გაერთიანების მომხრეები, ასევე ჩრდილო კავკასიასთან ერთობის მხარდამჭერნი. საბოლოოდ გაიმარჯვა საქართველოსთან ერთობის იდეამ. აფხაზეთი საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიის პირობით.

საბჭოთა ეპოქა
აფხაზი მამაკაცები

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს საქართველოს რესპუბლიკა. პირველ ხანებში ფორმალურად ითვლებოდა, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა - შეიცვალა მხოლოდ პოლიტიკური წყობილება და საქართველო იქცა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. თავიდან ასეთივე სტატუსი მიანიჭეს კომუნისტებმა აფხაზეთსაც („საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი“). რამდენიმე თვის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკა, ე.წ. ხელშეკრულების საფუძველზე, შევიდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეს ვითარება (რესპუბლიკა რესპუბლიკაში) გაგრძელდა 1931 წლამდე, როდესაც აფხაზეთის სტატუსი უკვე ავტონომიური რესპუბლიკის სახით იქნა განსაზღვრული და ასეთად დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობები XX საუკუნეში

როგორც ზემოთ ითქვა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. საუკუნეების განმავლობაში ამ ხალხებს შორის მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობა სუფევდა. ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში (XIX-XX ს-ის დასაწყისი) აფხაზი მიჩნეულია გმირობის, ვაჟკაცობის, ერთგულების განსახიერებად, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ამ ურთიერთობების რღვევა დაიწყო. ვითარება ურთიერთობები აფხაზეთში განსაკუთრებით დაიძაბა 1940-იანი წლებიდან. ამის ძირითადი მიზეზი იყო კომუნისტების მანკიერი საშინაო პოლიტიკა (საკადრო, დემოგრაფიული, სასკოლო და ა.შ.), თუმცა ეთნიკურ დაპირისპირებას, როგორც ჩანს, ზოგჯერ სპეციალურადაც აღვივებდნენ საბჭოთა ცენტრის გარკვეული სამსახურები, რათა აფხაზეთი და, მთლიანად, საქართველო უფრო ძლიერი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ. აფხაზთა გამოსვლები სხვადასხვა მოთხოვნებით, პერიოდულად, მასობრივ ხასიათს იძენდა (1956, 1967, 1978 წწ.). ამ მოთხოვნებში ზოგჯერ ჟღერდა აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის ლოზუნგიც, რაც ქართველთა საპროტესტო აქციებს იწვევდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყოფით დონეზე ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში არ მიუღია ეთნიკური ანტაგონიზმის ხასიათი, რასაც მოწმობს თუნდაც შერეული ქორწინებების სიმრავლე.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ძალიან დაიძაბა 1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა ხელისუფლების კრიზისის პერიოდში, როდესაც საქართველოსა და აფხაზეთში ჩამოყალიბდნენ და გავლენა მოიპოვეს ეროვნულმა მოძრაობებმა. ნაციონალისტური მიმართულებების ორგანიზაციათა აქციები და მოთხოვნები, როგორც წესი, რადიკალურ ხასიათს ატარებდნენ. პოლიტიკურმა კონფლიქტმა მალე ეთნიკური დაპირისპირების ფორმა მიიღო და 1992-1993 წლების ომში გადაიზარდა, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. აფხაზეთის დატოვება მოუხდა მისი ქართული მოსახლეობის (245 ათასი ადამიანი) დიდ ნაწილსაც.

მეურნეობა და მატერიალური კულტურა

სოფლის მეურნეობა

აფხაზთა მეურნეობის ტრადიციული დარგებია ინტენსიური მიწათმოქმედება და მეცხოველეობა; დამხმარე - მეფუტკრეობა და მონადირეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან წამყვანი ადგილი ეკავა სიმინდს, რომელმაც ნაწილობრივ დაჩრდილა ღომი, წარსულში დასავლეთ კავკასიის მოსახლეობის ძირითადი პურეული მარცვლოვანი. გარდა ამისა, მოჰყავდათ ქერი, ლობიო, მცირე რაოდენობით - ხორბალი.

მეურნეობის მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეღვინეობა. ჯერ კიდევ XX საუკუნის დამდეგს მხოლოდ ბზიფის აფხაზეთში (ახლანდელი გუდაუთის რაიონი) - მეღვინეობის ძირითად ზონაში - ყურძნის 30-ზე მეტი სხვადასხვა ჯიში იყო გავრცელებული, მთლიანად აფხაზეთში კი დაახლოებით ორჯერ მეტი. მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ფართოდ დაინერგა ყურძნის ამერიკული მოსავლიანი ჯიში - იზაბელა (შემოიტანეს XIX საუკუნის ბოლოს), ადგილობრივი ჯიშების გავრცელება მნიშვნელოვნად შეიზღუდა, ზოგიერთი კი საერთოდ გაქრა.

აფხაზური სოფლები ხილის ბაღებით იყო მდიდარი, ხარობდა ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, გარგარი, თხილი, კაკალი, ლეღვი, ალუბალი და სხვ. მოჰყავდათ ბოსტნეული კულტურებიც, რომელთაც XIX საუკუნიდან კომბოსტო და კარტოფილი დაემატა.

ტექნიკური კულტურებიდან გავრცელებული იყო ბამბა, სელი, კანაფი, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავდა, რაც ნატურალური მეურნეობის გადმონაშთების შედეგი იყო. XX საუკუნეში აითვისეს, აგრეთვე, მეთამბაქოეობა, მეციტრუსეობა, მეჩაიეობა.

აფხაზეთის სახალხო მეურნეობის მეორე უმნიშვნელოვანესი დარგი, როგორც აღვნიშნეთ, იყო მეცხოველეობა. დიდი რაოდენობით ჰყავდათ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონელი (ძროხა, კამეჩი, თხა, ცხვარი), აგრეთვე ცხენი, სახედარი, ჯორი. ისლამის გავრცელებამდე ფართოდ მისდევდნენ მეღორეობასაც, რომელიც შემდეგ უფრო აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში შემორჩა. საქონელი ზამთარ-ზაფხულს, პრაქტიკულად, ღია ცის ქვეშ ატარებდა. გაზაფხულის ნაწილსა და მთელ ზაფხულს საქონელი მთაში ჰყავდათ. აფხაზები საზაფხულო საძოვრებად იყენებდნენ კავკასიონის როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ფერდობებს. წლის სხვა დროს სარგებლობდნენ ზღვისპირა და მთისწინა ზოლებში არსებული საძოვრებით.

აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში XIX საუკუნეში გარკვეულ როლს ასრულებდა საზღვაო რეწვა. კერძოდ, ნადირობდნენ დელფინებზე, რომლის ქონს ბერძენი და თურქი ვაჭრები ყიდულობდნენ. დელფინზე სანადიროდ აფხაზები ზღვაში მთლიანი მორისგან გამოთლილი ნავებით გადიოდნენ. რუსი მოგზაური ფ.ტორნაუ, რომელმაც 1830-იან წლებში აღწერა დელფინების რეწვა აფხაზეთში, აღნიშნავს: „თევზაობის ეს წესი არც თუ უსაფრთხოა, რადგან ნავი ზოგჯერ იძირება დახოცილი თევზის სიმძიმისგან ან ყირავდება დელფინის დაჯახებით, მაგრამ აფხაზებს ეს არ აშინებთ, ვინაიდან ისინი ისე ცურავენ, როგორც ველურები სამხრეთ ოკეანის კუნძულებიდან“

ხელოსნობა

ნატურალური მეურნეობის პირობებში, რომელიც აფხაზეთში XIX საუკუნის შუა ხანებამდე შემორჩა, ხელოსნური წარმოება ბოლომდე არ იყო გამოყოფილი სოფლის მეურნეობისგან. საოჯახო მოხმარების საგანთა უმეტესობას (სამუშაო იარაღს, საოჯახო ჭურჭელს, ქსოვილებს, ნაბდებს, ტანსაცმელს, თოფის წამალსა და სხვ.) ყველა ოჯახი თავისთვის თვითონ ამზადებდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში იყვნენ ხელოსნები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძირითადად უკვე ბაზრისთვის მუშაობდნენ, კერძოდ, მესაჭურვლეები, ოქრომჭედლები, ნავების მკეთებლები და სხვ. ადგილობრივი ხელოსნები კარგი ხარისხის თოფებს, ხმალ-ხანჯალსა და სხვა საჭურველს ამზადებდნენ, რომელიც ხშირად ოქრო-ვერცხლით იყო შემკული. XIX საუკუნის დამდეგამდე აფხაზეთში დამცავი აბჯრების ჭედვაც გრძელდებოდა. გამოჩენილი გერმანელი ორიენტალისტი ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით, რომელმაც 1807-1808 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი ჯაჭვის პერანგები იწარმოებოდა „აფხაზთა ქვეყანაში, შავი ზღვის სანაპიროზე“.

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ჰქონდა აფხაზეთში, აგრეთვე, ზღვაოსნობასა და გემთმშენებლობას. ძველი გემთსაშენების მდებარეობაზე დღესაც მიანიშნებს სანაპირო ზოლში შემორჩენილი ტოპონიმები, რომლებიც აფხაზურიდან ითარგმნება როგორც „ნავის გამოსათლელი ადგილი“, „ხომალდის ასაგები ადგილი“, „ნავის ჩასაშვები ადგილი“ და ა.შ. ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც XIX საუკუნის 20-იან წლებში მოინახულა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, აღნიშნავს: „გემთმშენებლობის ხელოვნებას ჩერქეზეთისა და აფხაზეთის სანაპიროზე გაცილებით უკეთ ფლობენ, ვიდრე ხობისა და ფაზისის მიდამოებში“. აფხაზური საზღვაო ნავები, ძირითადად, ბრტყელძირიანი აფრიან-ნიჩბიანი ხომალდები იყო, რომლებშიც 80-100 კაცამდე ეტეოდა, მაგრამ აფხაზ ოსტატებს, როგორც ჩანს, უფრო დიდი გემების აგებაც შეეძლოთ. მაგალითად, არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მთავარმა ქელეშბეგ შარვაშიძემ XIX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის სულთანს საჩუქრად გაუგზავნა თავის სამფლობელოში აგებული 60-ზარბაზნიანი ხომალდი.

ზღვაოსნობისა და გემთმშენებლობის ტრადიციები აფხაზეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოისპო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რუსეთის გაბატონებით გამოწვეული სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორების გამო.

დასახლებები და საცხოვრებელი გარემო

აფხაზურ სასოფლო თემს, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე უბანს აერთიანებდა, დიდი ფართობი ეკავა - ზოგჯერ რამდენიმე ათეულ კვადრატულ კილომეტრამდე. სამოსახლოების გაფანტულობა აფხაზური სოფლისთვის დღესაც დამახასიათებელი ნიშანია. ძველებური ტიპის სახლი მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის, ჩალით დახურული ფაცხა იყო. შეძლებული ოჯახების ეზოში, როგორც წესი, ორი სახლი იდგა: დიდი სახლი - სტუმრების მისაღებად და უფრო მცირე - ოჯახისათვის. გარდა ამისა, თუ ოჯახში ახლად დაქორწინებული შვილი იყო, მისთვის დამატებით პატარა ფაცხა იდგმებოდა. აფხაზური ეზოსათვის დამახასიათებელია, აგრეთვე, სამზადი სახლი მიწის იატაკითა და შუაცეცხლით. ფაქტობრივად, ოჯახის წევრები დროის დიდ მონაკვეთს სწორედ ამ სამზადში ატარებდნენ.

პრივილიგირებული კლასის წარმომადგენელთა სახლები გლეხური ფაცხებისაგან ზომით, მასალითა და დაგეგმარებით განირჩეოდა. ყველაზე მსხვილი ფეოდალების სამოსახლოები კი ციხე-დარბაზული ტიპის ნაგებობებს წარმოადგენდა გამაგრებული კოშკითა და მტკიცე მესერით, რომელიც ღრმა თხრილით იყო გარშემორტყმული.

XIX საუკუნის შუა ხანიდან მოყოლებული აფხაზურ სოფლებში დასავლურ-ქართული ტიპის ოდასახლების მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე სოფელში უკვე ქვისა და აგურის ორსართულიანი და მრავალოთახიანი სახლები ჭარბობს.

ეროვნული ტანსაცმელი, შრომის იარაღები და სხვ. უმთავრესად დასავლეთ ქართული და კავკასიური ტიპისაა, ოღონდ ზოგიერთი ადგილობრივი თავისებურებაც ემჩნევათ. ტრადიციული საკვებია ღომი, ლობიო, რძე, რძის პროდუქტები (განსაკუთრებით ყველი და მაწონი), მწვანილი, ხილი, ნიგოზი, თაფლი; ხორცეულიდან - საქონლის, თხის, ცხვრის, შინაური ფრინველის ხორცი. აფხაზური სუფრისთვის დამახასიათებელია, აგრეთვე ცხარე, საწებელი და „აფხაზური მარილი“ - აჯიკა.

საზოგადოებრივი და ოჯახური ურთიერთობები

საზოგადოებრივი წყობილება

XIX საუკუნის დამდეგს აფხაზეთი თავისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით გარდამავალ საფეხურზე იდგა დასავლეთ საქართველოს ბარის რეგიონებსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის პატრიარქალურ-ფეოდალურ საზოგადოებებს შორის. ამასთან, ფეოდალური ურთიერთობები შედარებით განვითარებული იყო აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ხოლო მთაში მეტად იყო შემორჩენილი თემურ-გვაროვნული წყობის გადმონაშთები, თუმცა აქაც წამყვანი სოციალური ფენა ფეოდალური იყო.

აფხაზეთის ფეოდალური საზოგადოების სათავეში იდგა მთავარი (აფხ. აჰ) შარვაშიძეთა გვარიდან. ამ საგვარეულოს აფხაზური ფორმაა - ჩაჩბა. გაბატონებული კლასის ზედაფენას წარმოადგენდნენ თავადები (აფხ. ათავად). პრივილეგირებული კლასის ქვედა კატეგორიას აზნაურები (აფხ. აამსთა) შეადგენდნენ, რომლებიც მთავრების, უფლისწულებისა და თავადების ვასალები იყვნენ.

ფეოდალურ კლასსა და გლეხობას შორის გარდამავალი ფენა იყო აშნაყმა (შინაყმა), რომლებიც ფეოდალთა შეიარაღებულ ამალას შეადგენდნენ ან მათ კარზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურს ასრულებდნენ.

არაპრივილეგირებული წოდება შემდეგ კატეგორიებად იყოფოდა: ანხაიუ (თავისუფალი მეთემე), ამაწურასგუ (ყმა გლეხთა ზედაფენა, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა გარკვეული უფლებრივი და ქონებრივი პრივილეგიები), ახოიუ (ტიპური ყმა გლეხი), ახაშალა (საოჯახო მონა)19.

არაპრივილეგირებული წოდებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენა იყო ანხაიუ (სიტყვასიტყვით: „მეურნე ადამიანი“, „მიწათმოქმედი“), რომელთა რიცხვი 1869 წელს 47 ათასი იყო აფხაზეთში იმჟამად მცხოვრები 65 ათასი სულიდან. ე.ი., აფხაზთა დიდი ნაწილი მოსახლეობის ამ კატეგორიას ეკუთვნოდა. იურიდიულად ანხაიუ თავისუფალი მეთემე გლეხები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო (მამაძუძეობა, მფარველობა, მიწისმფლობელობის საკითხი და სხვ.) ისინიც დამოკიდებულნი იყვნენ ფეოდალებზე და მათ სასარგებლოდ შრომითი ბეგარა და გამოსაღები ემართათ. ზოგჯერ თავისუფალი გლეხების ექსპლოატაცია ნებაყოფლობითი სამსახურის, პატივისცემის, საჩუქრის ფორმით ინიღბებოდა.

რუსეთის ხელისუფალთა მიერ აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარებამ 1870 წელს ეს ფეოდალური იერარქია გააუქმა, - შეიქმნა წინაპირობები საზოგადოების ბურჟუაზიული ტრანსფორმაციისათვის, მაგრამ გარდაქმნის პროცესი აფხაზურ სოფელში ნელა მიმდინარეობდა და რეფორმის შემდეგაც დიდხანს ინარჩუნებდა ფეოდალურ-პატრიარქალური ყოფის გადმონაშთებს.

ოჯახი და ოჯახური ყოფა

გვიანდელ შუა საუკუნეებში აფხაზებისათვის, დიდი პატრიარქალური ოჯახები დამახასიათებელი იყო, მაგრამ XIX საუკუნეში უკვე მცირე მონოგამური ოჯახი ჭარბობდა. ამასთან, სამეზობლო თემში გამოიყოფოდა, და დღესაც შემორჩენილია, გვაროვნულ-პატრონიმიული გაერთიანებები.

აფხაზური წესებით, საქორწინო ურთიერთობებში მკაცრი ეგზოგამია იყო დაცული. ქორწინება იკრძალებოდა არამარტო ერთი გვარის წარმომადგენელთა შორის, არამედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორი სხვადასხვა გვარი, გადმოცემით, ერთი ძირიდან მომდინარეობდა. ეგზოგამური აკრძალვები ვრცელდებოდა დედისა და ბებიების გვარებზეც, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში, ეს წესი ყოველთვის ზედმიწევნით არ სრულდებოდა. არ შეიძლებოდა, აგრეთვე, ქორწინება მამა და დედამძუძეობით დაკავშირებულ სახლებს შორის. საკმარისი იყო ქალს ერთხელ მაინც მიეცა ძუძუ სხვა გვარის ბავშვისათვის, რომ ამ ოჯახებს შორის საქორწინო კავშირი დაუშვებელი ხდებოდა.

ეგზოგამიური აკრძალვების დამრღვევებს, უპირატესად, გვარიდან გაძევებით სჯიდნენ.

ძველ აფხაზურ ოჯახში პატრიარქალური საწყისები იყო გაბატონებული. ყველა მნიშვნელოვან საქმეში საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ოჯახის მამა, უფროსი მამაკაცი იღებდა. ქონების გაყოფის დროსაც გარკვეული უპირატესობით ყველაზე უფროსი და უმცროსი ვაჟიშვილები სარგებლობდნენ. ქალის მდგომარეობა არ იყო თანასწორუფლებიანი. იგი მამისა და მეუღლის მორჩილი იყო, არ გააჩნდა მემკვიდრეობის უფლება. მაგრამ, ამავე დროს, ქალი ადათით დაცული იყო ქმრის მხრიდან რაიმე უსამართლო ქმედებისაგან. ასეთ შემთხვევაში, იგი თავისი ნათესავებისგან პოულობდა დაცვასა და დახმარებას.

აფხაზურ საზოგადოებაში ქალი (განსაკუთრებით ხანშიშესული) საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ფრიად დაფასებულიც იყო. ქალი არასოდეს არ იფარავდა სახეს, მონაწილეობდა თანასოფლელთა თავყრილობებში, თავისუფლად იღებდა სტუმრებს. მისი თანდასწრებით დაუშვებელი იყო უხეში გამოთქმის ხმარება ან ჩხუბისა და აყალმაყალის ატეხვა. მამაკაცისთვის ქალზე შურისძიება სირცხვილად ითვლებოდა. სისხლის ძიების წესი ქალზე არ ვრცელდებოდა.

მამამძუძეობა

აფხაზებისა და ზოგი სხვა კავკასიელი ხალხის ტრადიციული კულტურის დამახასიათებელი ნიშანი იყო მამამძუძეობა (აფხ. ააძარა), რაც გულისხმობს ბავშვის გადაცემას აღსაზრდელად სხვა ოჯახისთვის, რომელიც, როგორც წესი, სოციალური „კიბის“ უფრო დაბალ საფეხურზე იდგა, ვიდრე ბავშვის ოჯახი. ამრიგად, პრივილეგირებული წოდების შვილები ძუძუმწოვრობიდან 8-13, ზოგჯერ კი 17-18 წლამდე, ქვემდგომი აზნაურებისა და გლეხების სახლებში იზრდებოდნენ. აღმზრდელი - მამამძუძე - აღსაზრდელ ვაჟს ასწავლიდა საზოგადოებრივი ქცევის ნორმებს, ცხენზე ჯდომას, იარაღის ხმარებას. მისი მეუღლე აღსაზრდელ გოგონას ასწავლიდა ხელსაქმეს, საოჯახო მეურნეობის გაძღოლას, ეტიკეტსა და სხვ. ახალგაზრდა ადამიანის მშობლიურ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმზრდელისა და გაზრდილის ოჯახებს შორის ახლო ურთიერთობა გრძელდებოდა. აღზრდილის ოჯახი ვალდებულად თვლიდა თავს მფარველობა გაეწია მამამძუძის ოჯახისა და მთელი მისი საგვარეულოსათვის. ითვლება, რომ მამამძუძეობა არბილებდა კლასობრივ წინააღმდეგობებს აფხაზურ საზოგადოებაში, მაგრამ, ამავე დროს, ეს ჩვეულება ამყარებდა ფეოდალიზმის საფუძვლებს და აძლიერებდა მოსახლეობის ქვედა ფენების დამოკიდებულებას თავადაზნაურობაზე. აფხაზეთში მამამძუძეობის ინსტიტუტი XX საუკუნის დამდეგამდე შემორჩა.

სამართალწარმოება

ფეოდალურ აფხაზეთში საზოგადოებრივ ურთიერთობებს ხალხურ წეს-ჩვეულებებზე დაფუძნებული სამართალი აწესრიგებდა. პასუხისგებისაგან არავინ იყო დაზღვეული და ყველას ჰქონდა უფლება სასამართლოში ეჩივლა თავისი მჩაგვრელისა და შეურაცხმყოფელისთვის. წოდებრივ ან ნათესაურ უპირატესობას აქ არავითარი მნიშვნელობა არ ეძლეოდა. მსაჯულებად ირჩევდნენ პატივცემულ და ადათწესების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ არჩევდნენ საქმეებს. ორივე მხარე ირჩევდა მედიატორებსა და თავდებებს, დებდა ფიცს, რომ დამორჩილდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მსაჯულები ყურადღებით მოისმენდნენ მოდავე მხარეებისა და მათი მოწმეების ჩვენებებს და სათათბიროდ გადიოდნენ. მსაჯულთა დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დაწვრილებით გაიმეორებდა საქმის დეტალებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. გადაწყვეტილების აღსრულება თავდებთა მეშვეობით ხდებოდა. სასიკვდილო განაჩენი აფხაზეთში წესად არ იყო მიღებული. თავადები და აზნაურები თავისი ქონებით აგებდნენ პასუხს, გლეხი კი პირადი თავისუფლებით, თუ მისი ქონება საკმარისი არ იყო ჯარიმის დასაფარავად. დაზარალებულს შეეძლო მონად გაეყიდა იგი ან თავისთან ყოლოდა, ვიდრე ნათესავები გამოსასყიდ თანხას არ შეუგროვებდნენ.

1864 წელს, აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ, ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ძალაში დატოვა სახალხო სასამართლო, ვინაიდან მიჩნეული იყო, რომ კავკასიელი მთიელებით დასახლებულ რეგიონებში საერთო იმპერიული კანონმდებლობის გავრცელება ჯერ ნაადრევი იყო. მსაჯულებს ძველებურად მოსახლეობა ირჩევდა, მაგრამ სამართალწარმოების პროცესი უკვე რუსული ადმინისტრაციის კონტროლქვეშ მიმდინარეობდა.

სისხლის აღება

მკვლელობის შემთხვევაში სასამართლოს მხოლოდ ის ადამიანი მიმართავდა, ვისაც ძალა არ შესწევდა თვითონვე ეძია შური, ვინაიდან სისხლის აღების ძველი წესი მოკლულის ნათესავებისაგან მკვლელის ან რომელიმე მისი ნათესავის მოკვლას მოითხოვდა. ამ კანონის შეუსრულებლობა სირცხვილად ითვლებოდა. შურისძიებას ვადა არ ჰქონდა და ზოგჯერ იგი თაობიდან თაობაზე გადადიოდა. სისხლის ღვრა განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს იძენდა, როდესაც თავადურ სახლებს შორის ჩამოვარდებოდა მტრობა. ასეთ შემთხვევებში ბრძოლაში ებმებოდნენ ამ თავადებზე დამოკიდებული აზნაურები და გლეხები. თუ დაუსრულებელი მტრობის შეწყვეტა სურდათ, არსებობდა სიტუაციიდან გამოსვლის გზებიც, მაგალითად, მიმართავდნენ საპატიო მოხუცთა შუამდგომლობას, რათა მათ დაეყოლიებინათ მოკლულის ნათესავები, სისხლის წილ მატერიალური ანაზღაურების მიღებას დათანხმებულიყვნენ. „სისხლის ფასი“ მოკლულის წოდებრივ კუთვნილებასა და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული.

სტუმართმოყვარეობა

სტუმარმასპინძლობის კანონი წმიდათაწმიდად ითვლებოდა. ჯერ კიდევ ვახუშტი წერს აფხაზებზე: „უყუართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად“. აფხაზის სახლი სტუმრისათვის ყოველთვის ღია იყო. ნებისმიერ მგზავრს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, შეეძლო პირველივე ეზოში შესვლა და იქ მას დიდი პატივით მიიღებდნენ. სტუმარს არ ეკითხებოდნენ ვინ იყო და რა საქმეზე მიდიოდა. მშვიდობით მოსულ მტერსაც კი ცუდს ვერ აკადრებდა მასპინძელი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ვალდებული იყო, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაეცვა იგი. აფხაზებში, ისევე როგორც სხვა კავკასიელ მთიელებში, სტუმართმოყვარეობა სისხლის აღების კანონზე მაღლა იდგა.

ტრადიციული სულიერი კულტურა

რელიგიური ვითარება. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე აფხაზთა შორის არიან მართლმადიდებელი ქრისტიანებიც და სუნიტი მუსლიმებიც. აფხაზეთში მათ თანაცხოვრებას არასოდეს გამოუწვევია რაიმე შინაგანი კონფლიქტი. ხშირად ერთსა და იმავე ოჯახში იყვნენ როგორც ერთი, ასევე მეორე რელიგიის აღმსარებელნი. ქრისტიანები და მუსლიმები ერთად აღნიშნავდნენ რელიგიურ დღესასწაულებს, მაგალითად, აღდგომას. მსგავსი ვითარებაა დღესაც, თუმცა აფხაზეთში ქრისტიანები მნიშვნელოვნად სჭარბობენ ისლამის მიმდევართ (დიასპორის აფხაზები, ძირითადად, სუნიტი მუსლიმები არიან).

ქრისტიანობისა და ისლამის გვერდით აფხაზეთში ჩვენს დრომდე შემოინახა ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები. ღმერთების პანთეონში, რომელსაც სათავეში უდგას მთავარი ღმერთი ანცვა, შედიან სხვა ღვთაებებიც და ყოველი მათგანი ამა თუ იმ სამეურნეო დარგის მფარველია. მაგალითად: ჯაჯა - ნაყოფიერების ქალღმერთი, მოსავლისა და მიწათმოქმედების მფარველი, აითარი - მეცხოველეობის ღმერთი, ანანაგუნდა - ფუტკრებისა და მეფუტკრეობის მფარველი ქალღმერთი, კვიკვინი - სელისა და ბამბის მფარველი, ერიში - რთვისა და ქსოვის ქალღვთაება, აჟვეიფშა - ნადირთა მბრძანებელი, მონადირეობის მფარველი, აირგი - ომის ღმერთი, ძიძლანი - წყლის განმგებელი ქალღვთაება და ა.შ. ფართოდ არის გავრცელებული, აგრეთვე, წმინდა ხეებისა და მთების კულტი. სალოცავ ადგილებში დღესაც სრულდება ტრადიციული რიტუალები და ლოცვები, ხდება მსხვერპლშეწირვა. ამ ცერემონიალებში მონაწილეობენ როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი აფხაზები.

ეპოსი და ხალხური ხელოვნება

აფხაზური ფოლკლორი მდიდარი და მრავალფეროვანია. უძველესი ეპიკური თქმულებები გვაროვნული წყობილების წიაღში იღებენ სათავეს. ასეთია, მაგალითად, თქმულება აბრსკილზე - სიკეთისა და სამართლიანობის ქომაგზე, რომელიც უცხოელთა შემოსევებისაგან იცავდა მშობლიურ მიწას, დევნიდა ბოროტ და მავნე ადამიანებს, მფარველობდა მშრომელ ხალხს. ამაყი აბრსკილი თვით ღმერთსაც არ ემორჩილებოდა. ამიტომ შეიპყრეს იგი ღვთის მსახურებმა და ღრმა გამოქვაბულში ჩაკეტეს.

აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნართების ეპოსს, რომლის თავდაპირველი ბირთვი, სპეციალისტების აზრით, „სამხედრო დემოკრატიის“ პერიოდში ჩამოყალიბდა. ნართები იყვნენ ასი ძმა, რომელთა გმირული თავგადასავალი მრავალ სიმღერასა და პროზაულ თქმულებაშია გადმოცემული. ეპოსში განსაკუთრებით გამოირჩევა სასრიყვა, ყველაზე უმცროსი ნართი, მაგრამ საინტერესოდ არიან წარმოჩენილი სხვა პერსონაჟებიც. მათ შორის, აღსანიშნავია ნართების დედა - სათანეიგუაშა, რომლის მხატვრულ სახეში აშკარა მატრიარქალური ნიშნები იკვეთება.

არანაკლებ ძველია თქმულება ჯუჯა აწანების შესახებ, რომლებიც ერთი ვერსიით: აფხაზეთის ტერიტორიაზე ნართებზე უფრო ადრე ცხოვრობდნენ, მეორე ვერსიით კი მათი თანამედროვენი იყვნენ.

პოპულარულია, აგრეთვე, სხვადასხვა სასიმღერო ჟანრები, ცეკვები, ეროვნული სპორტული თამაშობები.

გიორგი ანჩაბაძე


წყარო

ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა. - თბილისი,2008

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები