აფხაზეთის ავტონომია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის ავტონომია - პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ფლობდა აფხაზეთი (ყოფილი რუსეთის იმპერიის სოხუმის ოკრუგი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.

1919 წლის 20 მარტს ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „აქტი ავტონომიის შესახებ“ და დასამტკიცებლად საქართველოს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა. მასში ნათქვამი იყო:

1. აფხაზეთი შედის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ავტონომიურ ელემენტად, რაზედაც აცნობებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას;
2. ავტონომიური აფხაზეთისთვის უნდა შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც დაარეგულირებს ცენტრალურ (საერთო-ქართულ) და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დამოკიდებულებას;
3. კონსტიტუციის შესადგენად უნდა ჩამოყალიბდეს შერეული პარიტეტული კომისია სახალხო საბჭოს წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან;
4. ამ კომისიისგან შემუშავებული დებულებები შეტანილი უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის სტატუსის მიმართ ნათლად გამოხატა ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას: „ჩვენ მათი (აფხაზეთის სახალხო საბჭოს) ყველა მოთხოვნა, რაც ავტონომიას ეხება, როგორი ფართოც არ უნდა იყოს, შეგვიძლია, მივიღოთ. არ შეგვიძლია, მივიღოთ მხოლოდ ერთი: გამოყოფა ჩვენგან და დენიკინთან მიერთება“.

ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შემმუშავებელ შერეულ საკონსტიტუციო კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო ავტონომიის დონის თაობაზე, ეთნიკური აფხაზი დეპუტატების ნაწილი კი საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ავტონომიას. დებატები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. შეიქმნა რამდენიმე წინასწარი პროექტი, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმების აუცილებელი ორი მესამედი. იყო ინტენსიური კონსულტაციები თბილისთან. საბოლოოდ, ძირითადი შიდა უთანხმოებების გადალახვა მოხერხდა. 1920 წლის 1 ივლისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამი პროექტი, დამფუძნებელი კრების სხდომაზე ერთ-ერთი მათგანის დამტკიცების მიზნით. ამ პროექტებს აერთიანებდა შემდეგი ძირითადი დებულებები:

1. აფხაზეთი ავტონომიური ერთეულია საქართველოს შემადგენლობაში;
2. საქართველოს ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები პასუხს აგებენ საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზე, საფინანსო, საგადასახადო და სასამართლო სისტემებზე, ფოსტაზე, ტელეგრაფზე, რკინიგზის და საავტომობილო გზების ქსელებზე;
3. აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომისარიატის გამგებლობაში რჩება აფხაზეთის ცხოვრების ყველა დანარჩენი სფერო.

1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი და გააგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. კონსტიტუცია ადასტურებდა აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროექტის პირველ მუხლში ეწერა: „აფხაზეთი, მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, და შავი ზღვის სანაპიროებიდან კავკასიონის ქედამდე – საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად მართავს თავის საშინაო საქმეებს“.

ამგვარად, შეთანხმება ავტონომიისა და თბილისსა და სოხუმს შორის სახელისუფლებო უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ მიღულ იქნა. 1920 წლის 29 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელი კრების მცირე საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო „ავტონომიური აფხაზეთის მართვის დებულება“. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ აფხაზეთის ავტონომიის ძირითადი პრინციპები შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 107, 108).

ბონდო კუპატაძე



ლიტერატურა

ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი მეორე, 1917-1993, თბ., 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები