აფხაზეთის აჯანყება 1821-27

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის აჯანყება 1821-27 - ანტირუსული აჯანყება აფხაზეთში, რომელიც 1810 წლიდან ავტონომიურ სამთავროს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში.

შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო აფხაზეთის მთავრის გიორგი (საფარბეგ) შარვაშიძის გარდაცვალების (1821 წლის 7 თებერვალი) შემდეგ. მოძრაობას სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის ყოფილი მთავარი, ოსმალური ორიენტაციის ასლანბეგ შარვაშიძე.

იმერეთის მმართველი გენერალი გორჩაკოვი რეგულარული ჯარის დანაყოფებით (1,5 ბატალიონი, 2 ქვემეხი) და მილიციით (600 კაცი) გამდგარი აფხაზეთის წინააღმდეგ დაიძრა. ცხარე შეტაკება მოხდა კოდორთან, სადაც 3 ათ. აფხაზი იყო გამაგრებული. მთავრობის ჯარმა გაარღვია აჯანყებულთა პოზიციები და სოხუმში შევიდა. აქედან გორჩაკოვი ბზიფის მხარეში (ახლანდელი გუდაუთის რაიონი) შეიჭრა, სადაც მისმა რაზმებმა მრავალი სოფელი გადაწვეს.

გორჩაკოვმა აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა გიორგი შარვაშიძის ვაჟი, რუსეთში გაზრდილი და გარუსებული დიმიტრი, რომლის დასაცავად ლიხნის რეზიდენციაში დატოვა 300 ჯარისკაცი 2 ქვემეხით. მცირე ხნის შემდეგ ასლანბეგმა შეუტია ლიხნის გარნიზონს, მაგრამ მოგერიებულ იქნა და აფხაზეთიდან გადაიხვეწა.

სასტიკი რეპრესიების მიუხედავად აფხაზეთში წინააღმდეგობის იდეა არ გამქრალა. დიმიტრი შარვაშიძე პოპულარობით არ სარგებლობდა, ხოლო 1822 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა (ოფიციალური ვერსიით, მსახურმა მოწამლა).

1823 წელს აფხაზეთის მთავრად დაამტკიცეს დიმიტრის უმცროსი ძმა – 13 წლის მიხეილი, მაგრამ არც მისი ხელისუფლება იყო მტკიცე.

1824 წლის 22 მაისს აჯანყებულმა აფხაზებმა რუსთა სამხედრო რაზმი (225 კაცი) გაანადგურეს, მოკლულთა შორის იყო სოხუმის კომენდანტი. ამის შემდეგ აჯანყებამ მთელი სამთავრო მოიცვა. სამშობლოში კვლავ დაბრუნდა ასლანბეგი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბრძოლას. რუსეთის სარდლობამ ენერგიული ზომები მიიღო აჯანყების ჩასახშობად: აფხაზეთში კვლავ გაილაშქრა გორჩაკოვმა 1400 ჯარისკაცით და 4 ქვემეხით; მას შეუერთდა სამეგრელოს სამთავროს მხედრობაც (1100 კაცი). სევასტოპოლიდან გამოიძახეს სამხედრო გემები.

პირველი შეტაკება ენგურთან მოხდა. მთავრობის ჯარი მძიმე ბრძოლებით მიიწევდა წინ. 20 ივლისს დაიწყო შეტევა ბზიფის მიმართულებით. რუსებმა გაფანტეს აჯანყებულები და ბლოკადისგან იხსნეს ლიხნის გარნიზონი. დამარცხებული ასლანბეგი ისევ გადაიხვეწა. სიტუაცია სამთავროში შედარებით დაწყნარდა მხოლოდ 1827 წლისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები