აფხაზთა სახალხო საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზთა სახალხო საბჭო (08.XI.1917 - 10.X.1918) - ნახევრად ლეგიტიმური წარმომადგენლობითი ორგანო აფხაზეთში. 1917 წლის 8 ნოემბერს სოხუმში ჩატარებულ აფხაზი ხალხის ყრილობაზე აირჩა აფხაზთა სახალხო საბჭო. ყრილობაზე მიღებული დეკლარაციის თანახმად, საბჭო გამოხატავდა აფხაზი ხალხის ინტერესებს და წარმოადგენდა მის ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანოს. საბჭო არ ითვალისწინებდა აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ერების ინტერესებს, რომლებიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ.

აფხაზთა სახალხო საბჭო არ თანამშრომლობდა აფხაზეთში არსებულ ქართველთა, სომეხთა, ბერძენთა ეროვნულ საბჭოებთან. 1918 წლის 9 თებერვალს ამ საბჭოს დელეგაცია (ა. შერვაშიძე, მ. ემუხვარი, ნ. მარღანია, ნ. ჩხოტუა, მ. ცაგურია) ტფილისში შეხვდა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასკომის წევრებს (ა. ჩხენკელი, კ. მესხი, გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე) და მოითხოვა აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნაში მხარდაჭერა. ეროვნულმა საბჭომ მათ შესთავაზა ავტონომიის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. ხანგრძლივი დისკუსიის შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა აღდგენილიყო აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობა მდ. ენგურიდან მდ. მზიმთამდე. აფხაზეთის პოლიტიკური მოწყობის საკითხს კი გადაწყვეტდა არჩევნების შედეგად შექმნილი აფხაზეთის სახალხო კრება.

1918 წლის მარტში აფხაზეთში მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება. აფხაზთა სახალხო კრება გარეკეს. დახმარებაზე მათი თხოვნის პასუხად, ამიერკავკასიის მთავრობამ 1918 წლის მაისში ჯარი გაგზავნა და აღადგინა სახალხო საბჭოს ძალაუფლება. ამ პერიოდში აფხაზთა სახალხო საბჭოში მუშავდება კავკასიის კონფედერაციის შექმნის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა თურქეთი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, 1918 წლის 2 ივნისს, აფხაზთა სახალხო საბჭომ მიიღო საქართველოსგან დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება. მოლაპარაკებების შემდგომ, 1918 წლის 11 ივნისს, საქართველოს მთავრობას და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

1. საქართველოს მთავრობასთან დაინიშნა აფხაზეთის საქმეთა მინისტრი, პოლკოვნიკი რ. ჩხოტუა, რომელსაც ევალებოდა აფხაზეთში საშინაო მმართველობის მოწყობა; 2. აფხაზთა სახალხო საბჭო გამოცხადდა მმართველ ორგანოდ; 3. საქართველოს მთავრობა ფინანსურ კრედიტს გადასცემს აფხაზთა სახალხო საბჭოს; 4. აფხაზეთში წესრიგის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩადგება სახალხო გვარდია; 5. მომზადდეს აფხაზეთის სახალხო ყრილობა, რომელიც აირჩევს აფხაზეთის სახალხო საბჭოს.

ბოლშევიკებმა დაიწყეს არეულობა აფხაზეთში. პარალელურად აფხაზთა სახალხო საბჭოს სეპარატისტული ფრთა იწვევს ა. დენიკინს დახმარების თხოვნით. სიტუაციის მოსაგვარებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 19 ივნისს აფხაზეთში გააგზავნა სახალხო გვარდიის და არმიის ნაწილები გ. მაზნიაშვილის სარდლობით. აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გ. მაზნიაშვილი. 1918 წლის 9 აგვისტოს აფხაზთა სახალხო საბჭოს დემოკრატიულმა ფრთამ საბჭო გაუქმებულად გამოაცხადა და შექმნა დროებითი საბჭო, რომელმაც დაგმო პროთურქული ორიენტაცია. სოხუმის ოკრუგის კომისარმა მარღანიამ და რ. ჩხოტუამ მოინდომეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ამიტომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1918 წლის 10 ოქტომბერს მათ შეუწყვიტა უფლებამოსილება, დაითხოვა აფხაზთა სახალხო საბჭო. არჩევნებამდე სოხუმის ოკრუგის უფროსად დანიშნა ბენია ჩხიკვიშვილი. 1918 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნების დებულება.

ბონდო კუპატაძე


იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები