აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(არქიტექტურა)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''აწყურის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი''' – (XI ს., XIV-XV სს.), [[საქართველო]]ს ერთ-ერთი უპირველესი და უდიდესი საეპისკოპოსო კათედრალი (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია).
 
'''აწყურის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი''' – (XI ს., XIV-XV სს.), [[საქართველო]]ს ერთ-ერთი უპირველესი და უდიდესი საეპისკოპოსო კათედრალი (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია).
 
   
 
   
„აწყური“ დგას სოფელ აწყურის ცენტრში ოდნავ დამრეც, ხელოვნურად მოსწორებულ მტკვრისპირა რელიეფზე, სოფლის უკან აზიდული გორაკის ძირას, მჭიდრო განაშენიანებაში. ეკლესიის დასავლეთი ფასადის წინ სოფლის ქუჩაა, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან საცხოვრებელი სახლებით არის შემოფარგლული. გუმბათიანი ეკლესია აიგო აქ მდგომი დარბაზული ეკლესიის სამხრით და მისი მდებარეობა განპირობებული იყო ამ ადრეული ხანის ეკლესიის არსებობით (დარბაზული ეკლესიის ნანგრევები მთლიანად მიწით არის დაფარული). თავისი მასშტაბის გამო ტაძარი გაბატონებულია არსებულ განაშენიანებაში. „აწყური“ ორი სამშენებლო პერიოდის ნაყოფია. თავდაპირველი, XI ს. ნაგებობის დანგრევის შემდეგ ტაძარი XIV-XV სს. აღადგინეს. ამჟამად [[გუმბათი]] და ტაძრის ზედა ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია.  
+
„აწყური“ დგას სოფელ აწყურის ცენტრში ოდნავ დამრეც, ხელოვნურად მოსწორებულ მტკვრისპირა რელიეფზე, სოფლის უკან აზიდული გორაკის ძირას, მჭიდრო განაშენიანებაში. ეკლესიის დასავლეთი [[ფასადი]]ს წინ სოფლის ქუჩაა, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან საცხოვრებელი სახლებით არის შემოფარგლული. გუმბათიანი ეკლესია აიგო აქ მდგომი დარბაზული ეკლესიის სამხრით და მისი მდებარეობა განპირობებული იყო ამ ადრეული ხანის ეკლესიის არსებობით (დარბაზული ეკლესიის ნანგრევები მთლიანად მიწით არის დაფარული). თავისი მასშტაბის გამო ტაძარი გაბატონებულია არსებულ განაშენიანებაში. „აწყური“ ორი სამშენებლო პერიოდის ნაყოფია. თავდაპირველი, XI ს. ნაგებობის დანგრევის შემდეგ ტაძარი XIV-XV სს. აღადგინეს. ამჟამად [[გუმბათი]] და ტაძრის ზედა ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია.  
  
 
===არქიტექტურა===
 
===არქიტექტურა===

17:35, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

აწყურის საკათედრო ტაძარი

აწყურის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი – (XI ს., XIV-XV სს.), საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი და უდიდესი საეპისკოპოსო კათედრალი (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია).

„აწყური“ დგას სოფელ აწყურის ცენტრში ოდნავ დამრეც, ხელოვნურად მოსწორებულ მტკვრისპირა რელიეფზე, სოფლის უკან აზიდული გორაკის ძირას, მჭიდრო განაშენიანებაში. ეკლესიის დასავლეთი ფასადის წინ სოფლის ქუჩაა, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან საცხოვრებელი სახლებით არის შემოფარგლული. გუმბათიანი ეკლესია აიგო აქ მდგომი დარბაზული ეკლესიის სამხრით და მისი მდებარეობა განპირობებული იყო ამ ადრეული ხანის ეკლესიის არსებობით (დარბაზული ეკლესიის ნანგრევები მთლიანად მიწით არის დაფარული). თავისი მასშტაბის გამო ტაძარი გაბატონებულია არსებულ განაშენიანებაში. „აწყური“ ორი სამშენებლო პერიოდის ნაყოფია. თავდაპირველი, XI ს. ნაგებობის დანგრევის შემდეგ ტაძარი XIV-XV სს. აღადგინეს. ამჟამად გუმბათი და ტაძრის ზედა ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია.

სარჩევი

არქიტექტურა

ტაძარი წარმოადგენდა მართკუთხედში ჩაწერილი ჯვრის ტიპის გუმბათიან ეკლესიას, აღმოსავლეთისკენ მიმართული სამი შვერილი მრავალწახნაგა აფსიდით (ზომები: 35 X 21 მ შვერილი აფსიდის გარეშე, სრული სიმაღლე – 38 მ). გუმბათი ეფუძნებოდა ცენტრალური საკურთხევლის ბემის მხრებსა და რთული პროფილის მქონე ორ თავისუფლად მდგომ სვეტს. დღეს შემორჩენილია მხოლოდ ამ ბემიანი საკურთხევლის ქვედა 2/3 ნაწილი და მის გვერდებზე მცირე აფსიდებიანი პასტოფორიები – სამკვეთლო და სადიაკვნე. პასტოფორიებს ზემოთ, მეორე სართულზე, ასევე აფსიდიანი სათავსები იყო მოწყობილი. ამჟამად, ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილის გარდა, შემორჩენილია მხოლოდ 7-8 მ სიმაღლის კედლები ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მხარეს. შემორჩენილი იყო ასევე გუმბათქვეშა სვეტების საფუძვლები, რომელთაგანაც სამხრეთი სვეტის საფუძველი მთლიანად დაშლილია და ქვები გატანილია მტკვრის გაღმა. მის ნაცვლად კი ამოყვანილია რკინაბეტონის სვეტის ძირი უხარისხოდ მიკრული თხელი ფილებით დანგრეული კედლების ქვების დიდი რაოდენობა მიმობნეული იყო ტაძრის ინტერიერში და მის გარეთ.

ორსაფეხურიან მართკუთხა ცოკოლზე მდგომი „აწყური“ აგებულია სუფთად გათლილი, მოვარდისფრო-რუხი ანდეზიტის კვადრებით. ინტერიერის ცალკეულ მონაკვეთებში შედარებით უხეშად დამუშავებული ქვებია გამოყენებული, კონსტრუქციული ნაწილები კი ფირუზისფერი ტუფისგან იყო გათლილი.

„აწყურის“ საფასადო ასახულობა ჩვეულია ამ ტიპის ნაგებობებისათვის და მათ შორის ერთ-ერთ მარტივ მაგალითს წარმოადგენს. ნაგებობის ორქანობიანი მკლავებით სივრცეში მაღლა იქმნება ჯვრული მოცულობა, რომლის ცენტრში აღმართულია გუმბათი. „ჯვრის“ დასავლეთი მკლავი წაგრძელებულია, აღმოსავლეთი კი – მოკლე. ამიტომ აღმოსავლეთი მკლავს საპირწონედ ემატება აფსიდის წინ წაწეული შვერილი. ამ ჯვრული სისტემის ქვემოთ გვერდითი ნავების ცალქანობიანი სახურავებია. ჯვრული მოცულობა მკვეთრად არ არის გამოხატული, რადგან ორქანობიანი მკლავები ნაკლებად არის ამაღლებული გვერდითი ნავების ცალქანობიანი სახურავებიდან.

აწყურის საკათედრო ტაძარი

ტაძრის სივრცული სტრუქტურის სიმარტივეს ხაზს უსვამს ფასადების ნაკლებად დანაწევრებული სიბრტყეები (აღმოსავლეთი ფასადის გარდა, სადაც შვერილი აფსიდების მრავალწახნაგა ფორმები და ცენტრალური აფსიდის კედლის თაღედი მხატვრულად ამთლიანებს ფასადს). ეს სიბრტყეები კედლის თაღედების გარეშეა და მხოლოდ თაღოვანი სარკმლებითა და შესასვლელებით არის აქცენტირებული.

მარტივად იყო გადაწყვეტილი ტაძრის ინტერიერის სივრცული სტრუქტურაც. იგი ეპასუხებოდა საკურთხევლის ბემის მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტზე აღმართული გუმბათის მოცულობას და მის ქვედა სივრცეს: აღმოსავლეთისკენ – მაღალკონქიანი საკურთხევლის აფსიდა ბემით; დასავლეთისკენ – ნახევარწრიული კამარით გადახურული წაგრძელებული მკლავი დაახლოებით თანაბარბიჯიანი სამთაღედით; ხოლო ჩრდილოეთით და სამხრეტისისკენ – მოკლე მკლავთა განივი კამარით გადახურული მოცულობები.

თავდაპირველ ტაძარში ეს კომპოზიცია გართულებული იყო დასავლეთისკენ მოწყობილი პატრონიკეებით, რაც ტაძრის მეორედ ამშენებელმა აღარ გაიმეორა და ნაგებობის სტრუქტურა ერთგვარად გაამარტივა. თუმცა, ტაძრის მარტივ საფასადო ასახულობისგან განსხვავებით, გუმბათქვეშა ბურჯებისა და ბემის მხრების მდიდრულად მორთული რთული პროფილები, დასავლეთი მკლავის გრძივი თაღედის ანალოგიურ მხატვრულ სახეებთან ერთად, ტაძრის ინტერიერს მეტ მხატვრულობას სძენს. ეს ვითარება გამოწვეული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ტაძრის ხელმეორედ ამგებმა ნაგებობის ფასადებს ვეღარ დაუბრუნა სათანადო მხატვრული სახე, ხოლო ინტერიერში შემორჩენილი თავდაპირველი მხატვრული სახის აღდგენითა და გამეორებით შეძლო სათანადო მხატვრული ღირებულების მქონე სივრცის შენარჩუნება. ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა – დასავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან. ინტერიერი უხვად იყო განათებული ფართო, გარეთ მკვეთრად შევიწროებული სარკმლებით. გარდა ამისა, ინტერიერს ანათებდა გუმბათის სარკმლები.

მშენებლობის ორივე ეტაპის ტაძრის ფასადები უხვად იყო მორთული ორნამენტული კვეთილობით. თავდაპირველი ნაგებობის საფასადო მორთულობა მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეს არის ფრაგმენტულად შემორჩენილი. XIV-XV სს. მორთულობა კი ფასადებზე დღეს აღარ არსებობს და შემორჩენილია მხოლოდ XIX ს. დასასრულის ფოტოზე. მშენებლობის ორივე ეტაპის დეკორატიული მორთულობის ფრაგმენტები ძირს არის ჩამოცვენილი. ქვების ნაწილი დაცულია ასევე თბილისის და ახალციხის მუზეუმებში. კედლის მხატვრობა, რომელიც მთლიანად ფარავდა ინტერიერის კედლებს, ამჟამად სრულიად წაშლილია. შემორჩენილია მხოლოდ ზიარების ფრაგმენტი საკურთხევლის ჩრდილოეთ სარკმელში.

აწყურის საკათედრო ტაძრის ინტერიერი

საისტორიო წყაროებისა და საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, „აწყურის“ საეკლესიო ისტორია I ს-იდან იწყება. აწყურის სახელთან არის დაკავშირებული „აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი“, რომელიც ანდრია პირველწოდებულის მიერ საქართველოში გავრცელებული ქრისტიანული რწმენის სიმბოლოა და ოცი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეს წარმოადგენს.

საისტორიო წყაროებით, საეპისკოპოსო ტაძრის არსებობა აწყურში VII ს-იდან არის დადასტურებული. ამ ტაძრის მშენებლობა ბიზანტიელი კეისარ ჰერაკლეს საქართველოში ყოფნის დროს – 627 წ. – დაწყებულა. ეს ადრეული ეკლესია უნდა იყოს დღეს არსებული ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან მიწაში ჩაფლული ნაგებობის ნაშთი.

XI ს. აგებული ტაძარი თითქმის მთლიანად დაანგრია 1283 წ. მიწისძვრამ. ცნობას ამ მიწისძვრის შესახებ გვაწვდის XIV ს. ქართველი ისტორიკოსი „ჟამთააღმწერელი“. როგორც ჩანს, მიწისძვრის დროს გადარჩა ტაძრის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი საკურთხევლითა და პასტოფორიებით. მიწისძვრით დანგრეული ტაძარი აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა – ჯაყელებმა. XIV-XV სს. ტაძრის აღდგენა 1500 წ. საბოლოოდ დაუსრულებია მზეჭაბუკ ჯაყელს. ეს ცნობა დაცულია მზეჭაბუკის მიერ სჳმონ მაწყვერლისადმი ნაბოძებ წყალობის წიგნში. მშენებლობის II ეტაპზე ჯაყელებმა აღმართეს ახალი გუმბათი. თუმცა გამოიყენეს გადარჩენილი საკურთხევლის მხრები და გუმბათქვეშა პილონები. მათ უკვე აღარ გამართეს დასავლეთ პატრონიკეები და შეცვალეს შუა ნავის სვეტების ფორმა და რიტმი. ასევე შეინარჩუნეს თავდაპირველი ნაგებობის კარ-სარკმელთა სისტემა – სამმაგი სარკმლები გვერდით მკლავებში და შესასვლელები ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. გადაკეთება ძირითადად გამოვლინდა საფასადო ორნამენტაციაში. ხელმეორე მშენებლობისას მიწისძვრის დროს ჩამოცვენილი ორნამენტიანი კვადრები უკუღმა ჩაუწყვიათ დუღაბში, საფასადო მორთულობისთვის კი ახალი ქვები გამოუთლიათ. მორთულობის ამ ფრაგმენტებში აშკარად ჩანს ხუროთმოძღვრული ოსტატობის დაქვეითება. ორნამენტები მშრალია და ხისტი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნევა ახალი გუმბათის მორთულობაში (გუმბათის მორთულობის ფრაგმენტები ძირს არის ჩამოცვენილი). ასევე დასავლეთ ფასადის შეკეთებისას მშენებლებს რელიეფური ჯვარი და გირჩების ორნამენტული სისტემა სათანადოდ ვერ აუწყვიათ, რაც კარგად ჩანს XIX ს. ბოლოს გადაღებულ ფოტოზე. 1578 წ. აწყური მთელ სამცხესთან ერთად ოსმალეთის ხელში გადავიდა და 250 წლის განმავლობაში თურქთა გამგებლობაში იყო.

აწყური. საკათედრო ტაძარი. მოხატულობის ფრანგმენტი

XIV-XV სს. აღდგენილი ტაძარი ვახუშტი ბატონიშვილის დროს (XVIII ს. I ნახ.) ჯერ კიდევ ხელუხლებელი მდგარა და შემდეგაა დანგრეული. ქართულ სიძველეთა მკვლევარი გიორგი ბოჭორიძე, რომელმაც 1932-1933 წწ. შეისწავლა სამცხის ისტორიული ძეგლები, თავის ნაშრომში აღნიშნავს: „გუმბათის დაქცევა არავის ახსოვს, ხოლო თაღი ჩამოქცეულა 42 წლის წინ“ – ე.ი. XIX ს. 90-იან წლებში. მართლაც, XIX ს. ბოლოს გადაღებულ ფოტოზე ტაძრის დასავლეთ ფასადი ჯერ კიდევ სრულად დგას, გუმბათი კი აღარ არის. გ. ბოჭორიძისავე ცნობით, 1921 წ. ვინმე ხარაბაძეს ტაძრის „ბევრი ნაწილი დაუქცევია – ქვა მტკვრის ბურჯისთვის შეუხმარებიათ, ნაწილობრივ ხალხისთვის მიუცია და აქა-იქ სახლებს უდევს მისი ქვები“. როგორც ჩანს, 20-იან წლებში თითქმის მთლიანად შემოუძარცვავთ ტაძრის მიწის ზემოთ დარჩენილი კედლების პერანგი. ინტერიერში ჩამოცვენილი ქვებიც გაუზიდავთ. ორნამენტული და საპირე ქვები მთელ აწყურში იყო მოფენილი. ქვები სხვა სოფლებშიც გაუტანიათ. გ. ბოჭორიძის დროს, 30-იან წლებში, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა გალავნის ნაშთი დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთი მხრიდან ნანგრევი – „კედლიდან 15 მ-ზე 4 მ სიმაღლისა და 3 მ სიგანისა“ (ამჟამად მიწით დაფარული დარბაზული ეკლესია). ცენტრ. საკურთხეველში შემორჩენილი ყოფილა აგრეთვე კედლის მხატვრობის შუა რეგისტრი მოციქულების გამოსახულებათა ფრაგმენტებით და ქვედა რეგისტრი – მღვდელმთავართა ფიგურებით.

XX ს. 80-იან წწ. თსუ-ის სტუდენტების მიერ ჩატარდა ტაძრის მიწისგან გაწმენდის სამუშაოები. გამოვლინდა ნაგებობის გეგმა. გუმბათქვეშა სვეტების ნაშთები. ამავე დროს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამმართველოს მიერ დაიწყო საპროექტო სამუშაოები. დამუშავდა დასავლეთ კედლის აღდგენის არქიტექტურული პროექტი (არქიტ. – დ. ბერბიჭაშვილი), სამხრეთი გადახრილი კედლის მოჭიმვის კონსტრუქციული გაანგარიშება (კონსტრუქტორი – ზ. გაჩეჩილაძე). 1990 წ. გასწორდა სამხრ. კედელი. 90-იან წლებში საკონსერვაციო სამუშაოები შეწყდა.

2002 წ. დაიწყო ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთის აღდგენა. სამწუხაროდ, გუმბათქვეშა სამხრეთ ბურჯის ძირი დაიშალა არასწორი მეთოდოლოგიის გამოყენების გამო და ბურჯის ქვები გადაიტანეს მტკვრის გაღმა. ასევე გადაიტანეს მარკირებული ქვების დიდი ნაწილი. 2006-2007 წწ. არასწორი მეთოდოლოგიით განხორციელდა ფასადებისა და ინტერიერის ნაწილების შემოსვა საპირე ფილებით და სამხრეთ გუმბათქვეშა ბურჯის ამოყვანა რკინაბეტონით.

2008 წ. დამუშავდა ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი (არქიტექტორ-რესტავრატორი – გ. მისრიაშვილი, კონსულტანტი – ი. ბანძელაძე), გათვალისწინებულია ტაძრის რეაბილიტაციის ეტაპობრივი განხორციელება.

მხატვრობა

მხატვრობის კვალი დღესდღეობით მხოლოდ საკურთხევლის აფსიდაში, სადიაკვნესა და დარბაზის კედლებზეა დარჩენილი. აქედან შედარებით უკეთ მოჩანს საკურთხეველში არსებული ფრაგმენტები. კონქში ძნელად გაირჩევა სერაბიმ-ქერუბიმის გამოსახულების კვალი. კონქის ქვემოთ, სამი სარკმლიდან განაპირა ორში, ჩაწერილია ტრაპეზი და მასთან მდგომი მაცხოვარი, რაც, ცხადია, წარმოადგენს „ხორცითა და სისხლით ზიარების“ ცენტრალურ ნაწილს. იმავე სიმაღლეზე, ბემის ჩრდილოეთ მხარეს, მკრთალად ჩანს მაცხოვრისკენ მიმართული მოციქულების ფიგურები. ამ მხარესვე, უფრო ქვემოთ, გამოსახული უნდა ყოფილიყო ფრონტალურად მდგარი წმ. მამების რიგი, რომელთა სილუეტები მიგვანიშნებს, რომ ტაძრის მხატვრობა მონუმენტური და შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. ტაძრის სხვა ნაწილებში არსებული ფრაგმენტები ძალზე უმნიშვნელოა და ამდენად – გაურკვეველიც.

გ. ჭანიშვილი

ლიტერატურა

ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები