ახალი ხელოვნება კუბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამელია პელაეზი. MARPACIFICO (ჰიბისკუსი), 1943; ტილო, ზეთი, 115.6X88.9 სმ. ამერიკის ხელოვნების მუზეუმი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი. IBM-ის საჩუქარი

ახალი ხელოვნება კუბაში–1920-იანი წლების კუბური ავანგარდი, ერთ-ერთი ყველაზე ინტერდისციპლინარული იყო, რადგან აერთიანებდა ანთროპოლოგებს, პოეტებს, კომპოზიტორებს და რამდენიმე მეცნიერსაც კი. მათ ჰავანაში მოიყარეს თავი და საკუთარ ჯგუფს "უმცირესობა" უწოდეს. 1927 წელს უმცირესობამ გამოსცა მანიფესტი, რომელშიც უარყოფდა და აპროტესტებდა სახელისუფლებო კორუფციას, "იანკების იმპერიალიზმს" და დიქტატურას ნებისმიერ კონტინენტზე. ჯგუფის ხელოვანები ამტკიცებდნენ, რომ კუბა უნდა გაჰყოლოდა ახალი ხელოვნების გზას, რომელსაც მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები მათ მიწაში.

ამელია პელაეზმა (Amelia Peláez, 1896-1968) მანიფესტის გამოსვლიდან მალევე დატოვა კუბა და პარიზს გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის, ანთროპოლოგ ლიდია კაბრერასთან ერთად, კუბური პოპულარული და ხალხური ხელოვნების შესწავლას შეუდგა. მისი ნამუშევრები ქალურ გარემოზე (სახლის ინტერიერი), იმავდროულად კი, ეროვნულ იდენტობაზეა ფოკსირებული. ასეთია სურათი MARPACIFICO (ჰიბისკუსი). პალაეზის გამომსახველობითი ენა კუბისტურია. ეს კარგად ჩანს სიბრტყობრივ, ერთმანეთის გადამფარავ ფორმებსა და დაკუმშულ ფერწერულ სივრცეში. მიუხედავად ამისა, სურათზე გამოსახული საგნების ამოცნობა იოლადაა შესაძლებელი: სარკე, მაგიდის ზედაპირი, ადგილობრივი ჰიბისკუსის ყვავილები, რომლთა გარშემომწერი სქელი, შავი კონტური და სუფთა ფერები სარკმელთა ბრტყელ, მარაოსებრ ვიტრაჟებს მოგვაგონებს, რომლებიც ასე მრავლად გვხვდება კუბურ სახლებში.

ომის შემდგომი ხელოვნება

ვიფრედო ლამი. ზამბეზია, ზამბეზია, 1950; ტილო, ზეთი, 125X110 სმ. სოლომონ რ. გუგენჰაიმის მუზეუმი, ნიუ იორკი. ბატონი ჯოზეფ ქანთორის საჩუქარი, 1974 (74.2095)

კუბაზე, ვიფრედო ლამის (Wifredo Lam, 1902-1980) აბსტრაქტული და სიურეალისტური ფერწერა ხორცს ასხამდა მისი ქვეყნის ტკივილებს, დარდს, ტანჯვასა და სისასტიკეს, რომელიც კოლონიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო გაჩენილი. ლამის შერეულმა — ჩინურმა, ესპანურმა და აფრიკულმა მემკვიდრეობამ მის ხელოვნებაში ისეთი თემები შემოიტანა, როგორიცაა იდენტობა და თვითგამორკვევა. იგი ჰავანის ეროვნულ აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ პარიზში გადავიდა, სადაც პიკასოს და სიურეალისტებს გაეცნო, მაგრამ ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა კუბაზე დაბრუნებულიყო. აღმოჩნდა, რომ სიურეალისტების ლიდერი ანდრე ბრეტონი და ლამი ერთი გემით მგზავრობდნენ. ლამი ჰავანისკენ მიემგზავრებოდა, ანდრე ბრეტონმა კი ნიუ იორკს მიაშურა. უკვე სახლში, ლამმა ანთროპოლოგ ლიდია კაბრერასა და ნოველისტ ალეხო კარპენტიერის დახმარებით, საკუთარი, აფრო-კუბური მემკვიდრეობის კვლევა დაიწყო. მისი 1940-იან წლების დასასრულის ნამუშევრები აფრო-კუბურ ხელოვნებას და სანტერიას ხატებათა პოლითეისტურ სულიერებას ასახავს. ზამბეზია, ზამბეზია-ს დაკბილულ, ნახევრადაბსტრაქტულ ფორმებში ევროპული მოდერნიზმის გამოძახილს ვამჩნევთ, მაგრამ მისი მთავარი წყარო მაინც სანტერიას რელიგიური რიტუალია. სურათის ცენტრალური ფიგურა სანტერიას ღვთაების კომპოზიტური სახეა.

ზამბეზია აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნის, ზიმბაბვეს ადრინდელი, კოლონიური სახელია, მაშინ ეს ბრიტანული კოლონია როდეზიის სახელითაც იყო ცნობილი. ძველად ზამბეზია კუბისთვის მონების მთავარ წყაროს წარმოადგენდა. ლამი თავის ხელოვნებაზე ამბობდა: "მთელი გულით მსურდა, ფერწერაში აღმეწერა ჩემი ქვეყნის დრამა... ამისთვის, ტროას ცხენივით უნდა მემოქმედა და ამომეფრქვია ფანტასტიკური ფიგურები, რომლებიც თავისი ძალით გააოცებდნენ და ოცნებებს დაუმსხვრევდნენ ექსპლუატატორებს."

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები