ახალსამოციქულო ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალსამოციქულო ეკლესია - კათოლიკური და ანგლიკანური წარმოშობის ეპისკოპალური ეკლესიაა; ატარებს როგორც პროტესტანტული, ისე ტრადიციული ეკლესიების ნიშნებს. თავს უძველესი ეკლესიის მოძღვრებისა და პრაქტიკის გამგრძელებლად მოიაზრებს. ახასიათებს მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინი, რის გამოც მას „აპოკალიპსური ჟამის მომლოდინეთა კავშირსაც“ უწოდებენ. დამაარსებლები: ჰაინრიხ გაიერი (1818-1896) და ფრიდრიხ ვილჰელმი (1815-1895).

წარმოიშვა ინგლისში (კათოლიკურ-სამოციქულო ეკლესიის ბაზაზე), მაგრამ მსოფლიოში უფრო გერმანულენოვანი სამყაროდან გავრცელდა. დღეისათვის მას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი აფრიკასა და ინდოეთში ჰყავს.

მიმდევართა რიცხვი: დაახ. 11 მილიონი

სარჩევი

ისტორია

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დიდ ბრიტანეთში ბევრი თეოლოგი და მორწმუნე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თანამედროვე ეკლესიას პირველქრისტიანთა ნიჭი და სულიწმინდის ცხოველმყოფელი მოქმედება მოაკლდა. ამის გამო 1830 წელს ინგლისსა და შოტლანდიაში „ხალხთა გამოსაფხიზლებელი მოძრაობა“ დაიწყო, რომელიც წინასწარმეტყველების უნარის ბოძებისათვის, განკურნების მადლის მოცემისათვის და, ზოგადად, სულიწმინდის მოფენისათვის ლოცულობდა. ეკლესიის პირველმოსახლეთა სარწმუნოება და ტრადიცია აღიარებულ იქნა იმ „ლოდად“, რომელიც მაშენებლებმა „შეურაცხყვეს“ (გადააგდეს), თუმცა ის სინამდვილეში თავსაკიდური ლოდია (საქ. 4:11). ამ რწმენის საფუძველზე შეიქმნა „ლოცვისა და ბიბლიის“ წრეები, დაიწყო ქადაგება პირვანდელი ეკლესიის განახლებისა და მისი წესგანგების თანამედროვე ცხოვრებასთან მისადაგების აუცილებლობაზე.

1832 წელს ასპარეზზე გამოვიდა თორმეტი „მოციქული“, რომლებიც, მათი თქმით, მოციქულთა მისიისათვის წინასწარმეტყველური ხილვების შედეგად იყვნენ მოწოდებულნი. მათ შეიმუშავეს სამოქმედო პროგრამა, რის საფუძველზეც 1835 წლის 14 ივლისს ინგლისში დააარსეს ორგანიზაცია სახელწოდებით „კათოლიკურ-სამოციქულო ეკლესია“.

ამ ეკლესიას თავიდან ეკუმენური მისწრაფებები ჰქონდა და მიზნად ეკლესიათა ერთიანობის აღდგენას ისახავდა. მისმა წინამძღვრებმა 1837 წელს მაშინდელი ევროპის სასულიერო და საერო ლიდერებს რწმენის მოწმობის საგანგებოდ შედგენილი ტექსტი (თესტიმონიუმ) გაუგზავნეს, მაგრამ ამ მოწოდებას სათანადო გამოხმაურება არ მოჰყვა. ამიტომ მათ ყურადღება საკუთარი მოძღვრებისა და ლიტურგიის დახვეწაზე გადაიტანეს.

თორმეტი მოციქულის გარდაცვალების შემდეგ, „წინასწარმეტყველ“ ჰაინრიხ გაიერის (1818-1896) დიდი ავტორიტეტის გამო, კათოლიკურ-სამოციქულო ეკლესიის ცენტრმა გერმანიაში გადმოინაცვლა. საღვთო წერილის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისა და ახალი მოციქულების მოწოდების (გამორჩევის) საფუძველზე ამ ეკლესიაში 1863 წელს განხეთქილება მოხდა, რომელიც „ჰამბურგის სქიზმის“ სახელითაა ცნობილი. შეიქმნა ორი ორგანიზაცია:

1) „ზოგადი ქრისტიანულ-აპოსტოლური მისია“ და
2) „ახალსამოციქულო ეკლესია“.

1897 წლიდან მოღვაწეობას მოციქული ფრიდრიხ კრებსი (1832-1905) შეუდგა. მან „სულიწმინდის ზეშთაგონებით“ თავი მთავარმოციქულად (შტამმაპოსტელ) გამოაცხადა და იმ დღიდან ყველა ახალსამოციქულო ეკლესია მის ეპისკოპალურ დაქვემდებარებაში გადავიდა. მთავარმოციქულმა ღვთისმსახურების საერთო-სავალდებულო წესები შემოიღო, რის შედეგადაც ახალსამოციქულო ეკლესიის ცხოვრებაში „წინასწარმეტყველების ელემენტი“ შემცირდა. ამჟამად (2005 წლიდან) აღნიშნულ თანამდებობას მე-8 მთავარმოციქული, ვილჰელმ ლებერი, ასრულებს.

1921 წელს გერმანიაში მოციქულთა კოლეგია შეიქმნა, რომელმაც ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ აქტიური სამისიონერო მოღვაწეობა გააჩაღა, მაგრამ ეს საქმიანობა ნაცისტური რეჟიმის პირობებში დიდ დაბრკოლებებს წააწყდა. 1933 წელს ახალსამოციქულო ეკლესია გერმანიაში კანონგარეშედ გამოცხადდა. მაშინდელი მთავარმოციქული იოჰან გოტფრიდ ბიშოფი იძულებული გახდა, რომ გებელსისათვის საგანგებო ეპისტოლე გაეგზავნა და ემტკიცებინა, რომ მისი ეკლესიის თეორია და ტრადიცია ნაციონალ-სოციალისტური იდეისათვის საშიშროებას არ წარმოადგენდა.

ახალსამოციქულო ეკლესიის პირველი თემი რუსეთში რევოლუციის წინა წლებში გაჩნდა, მაგრამ ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში არსებობა ვერ შეინარჩუნა. სამაგიეროდ, პირველი და, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კონფესია გავრცელდა აფრიკის, ინდოჩინეთის, ავსტრალიისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში. აფრიკაში (მაგალითად, ანგოლაში, კონგოში, სომალსა და მოზამბიკში) მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

ახალსამოციქულო ეკლესია დღეს (1994 წლიდან) 28 სამოციქულო ოლქადაა დაყოფილი. მთავარმოციქულის რეზიდენცია ციურიხშია (შვეიცარია). მსოფლიოში 360 მოციქული მსახურობს. ისინი ეკუმენურ მოძრაობაში არ მონაწილეობენ, თუმცა მთავარმოციქულის მიერ გამოთქმულია მზადყოფნა ინტერკონფესიური დიალოგისათვის.

მოძღვრება და პრაქტიკა

ახალსამოციქულო ეკლესიის წინამძღვარს „თანამედროვე ეპოქის მთავარმოციქული“ წარმოადგენს. იგი პირველმოციქულთა თავის (პეტრეს) მემკვიდრედ ითვლება. წუთისოფელში მას (და მხოლოდ მას) აბარია სამოთხის გასაღები და საღვთო გამოცხადებასაც ის ღებულობს. ეს, ახალმოციქულთა რწმენით, აუცილებელია, რათა ეკლესია იდეალს ეზიაროს, - ღირსეულად დახვდეს იესო ქრისტეს და მასთან „ზეციურ ქორწილში“ შევიდეს.

ახალსამოციქულო ეკლესია მეორედ მოსვლის კონკრეტულ თარიღს, იესო ქრისტეს მითითების შესაბამისად (მათე 24:36; საქ. 1:7), არ ასახელებს. ამის მიუხედავად, მთავარმოციქულმა იოჰან გოტფრიდ ბიშოფმა 1951 წლის შობას განაცხადა, რომ მეორედ მოსვლა მის სიცოცხლეში მოხდება. მან თქვა: „მე უკანასკნელი მოციქული ვარ. ჩემ შემდეგ აღარავინ იქნება. ეს ჩვენი უფლის გადაწყვეტილებაა, ეს განჩინებაა, და ეს უფალმა დაამოწმა!“ მთავარმოციქულის ეს განცხადება აღქმული იქნა როგორც „ღვთის სიტყვის ხმა“ (Botschaft) და დოგმატად ჩამოყალიბდა. ვინც მის ჭეშმარიტებაში ეჭვს შეიტანდა, ეკლესიიდან აძევებდნენ. 1955 წელს, მაგალითად, 1000 კაცი განკვეთეს. ამის გამო ეკლესიის უმაღლესი იერარქია კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა როგორც შიგნიდან ისე გარედან, ი.გ. ბიშოფის გარდაცვალების (1960 წ.) შემდეგ გაიმართა მოციქულთა კრება, რომელმაც აღნიშნა, რომ ღმერთმა „ჩვენთვის გამოუცნობი მიზეზის გამო“ გადაწყვეტილება შეცვალა.

ახალსამოციქულო ეკლესია აღიარებს სამ საეკლესიო საიდუმლოს: ნათლისღებას, ზიარებასა და ბეჭედდასმას. ნათლობა წყალში შთაფლვით ან წყლის სხურებით სრულდება (ასაკს მნიშვნელობა არა აქვს). ყოველი ღვთისმსახურება ზიარებით მთავრდება. სეფისკვერი, რომელსაც ჩამოატარებენ, ღვინის სამი წვეთითაა მოზელილი (სეფისკვერის ცხობას დიდი რიტუალურ-სპირიტუალური დატვირთვა აქვს). ზიარებაში ბავშვებიც მონაწილეობენ. დანარჩენი პროტესტანტებისაგან განსხვავებით, ახალმოციქულები მიცვალებულებისთვისაც ლოცულობენ, მათი „სულის მოსახსენიებელი მსახურება“ წელიწადში სამჯერ ეწყობა. აღსარება საჯაროა და მორწმუნე მას ლიტურგიის დროს წარმოთქვამს.

ახალმოციქულთა ლიტურგია 1885 წლამდე ლათინურ და ანგლიკანურ ტიპიკონთა სინთეზს წარმოაგდენდა, შემდეგ კი მან ჰოლანდიური კალვინიზმის გავლენა განიცადა, რის გამოც წამყვანი ადგილი ქადაგებამ დაიჭირა.

იერარქია

ახალსამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები ერთმანეთის მიმართ იერარქიულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან და სამ კატეგორიად განიყოფიან (ზევიდან ქვევით):

  1. მოციქული: მთავარმოციქული, ოლქის მოციქული და მოციქული,
  2. მღვდელი: ეპისკოპოსი, ოლქის უფროსი, ოლქის მახარებელი (ევანგელისტი), მწყემსი, თემის მახარებელი, ხუცესი,
  3. დიაკვნები: დიაკონი და იპოდიაკონი (თანადიაკონი).

ახალსამოციქულო ეკლესიის წევრებს „ღვთის შვილები” ეწოდებათ. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ კოლექტიურობის გრძნობის გამომუშავებას. მათგან ხშირად ასეთ სიტყვებს გაიგონებთ: „ჩვენ ვრჩებით ერთად, ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ჩვენ შენობით მივმართავთ ერთმანეთს, თუკი ერთი აშენებს სარდაფს, ყველა მის გვერდით ვართ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“.

ახალსამოციქულო ეკლესია საქართველოში

1993 წელს გერმანიაში საქართველოს მისიონი შეიქმნა. მისიონერები მოციქულ ბერნდ კლიპარტის მეთაურობით თბილისში 1994 წლის ივნისში ჩამოვიდნენ, იქადაგეს და იმავე წელს ეკლესია (მცირერიცხოვანი თემი) ჩამოაყალიბეს. მსახურება ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ნაქირავებ ბინებში, მიმდინარეობდა. 1997 წელს გაუქმებული რესტორნის „ბეთანიის“ შენობა შეიძინეს, სადაც მისიონი დაბინავდა და საღვთისმსახურო დარბაზიც მოეწყო. მორწმუნეთა რიცხვის ზრდის გამო დღის წესრიგში უფრო დიდი ფართის საკითხიც დადგა და ეს პრობლემაც მოგვარდა: მეტრო „ავლაბრის“ მახლობლად თბილისის ახალსამოციქულო ეკლესიამ შთამბეჭდავი ნაგებობა აღმართა, რომელიც 2002 წლის 7 აპრილს აკურთხეს. იმავე შენობაში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც განთავსდა. ამჟამად თბილისში ახალმოციქულთა ორი ეკლესია არსებობს. ეკლესიები აქვთ ბათუმში, ქუთაისში, ახმეტასა და ზოგ სხვა რაიონში.

შედარებით მრავალრიცხოვანია ქორეთის ეკლესია (ახმეტა). ეს სოფელი, ძირითადად, ეთნიური ოსებითაა დასახლებული. მათი დიდი ნაწილი ამ ეკლესიას 2000 წელს შეუერთდა.

პროფ. ხ. მამისიმედიშვილის დაკვირვებით, ქორეთელები ახალსამოციქულო მსახურებას, შეძლებისამებრ, რეგულარულად ესწრებიან, მაგრამ ტრადიციულ ქრისტიანულ რიტუალებსაც იცავენ: კლავენ საკლავს და ჯვარხატებში სანთელს ანთებენ.

ახალსამოცუქულო ეკლესია საქართველოში 700-მდე წევრს აერთიანებს.

ნუგზარ პაპუაშვილი


წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები