ახმეტელი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ახმეტელი

ახმეტელი ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე - (1.IV.1886, სოფ. ანაგა, სიღნაღის მაზრ. VI.1937, თბილისი) - რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1900 დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად განჯაში გადავიდა და იგი განჯის გიმნაზიაში შეიყვანეს, საიდანაც მოსწავლეთა მღელვარებაში მონაწილეობისათვის გარიცხეს. დაასრულა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1907 ჩაირიცხა და 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში დააპროექტა და ააგო აეროპლანი, რომელიც თბილისში, მთაწმინდაზე გამოცადა კიდეც.

1917 წლის ივნისში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი. 1917 წლის ოქტომბერში ედპ-ს ჩამოშორდა წევრთა ერთი ჯგუფი, რომელმაც თავი საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიად გამოაცხადა. ს. ახმეტელი ამ ჯგუფის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. იგი არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ უშედეგოდ.

1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“. იყო სახელმწიფო დრამატული დასის წევრი და ქართული თეატრის რეჟისორი, რომლის სცენაზეც წარმოადგინა ს. შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“ (1920). ამავე პერიოდში დაიწყო რადიკალ-დემოკრატების ედპ-სთან დაახლოების პროცესი, რომელიც 1921 წლის იანვარში მათი გაერთიანებითა და დემოკრატიული პარტიის შექმნით დასრულდა. ს. ახმეტელი გაერთიანებული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას, 1921 უცხოეთში არ გახიზნულა და აქტიურად ჩაერთო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1922 წელს კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლბაში, იყო ედპ-ის თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე. 1923 წლის აპრილში დააპატიმრეს. ციხიდან იმავე წლის აგვისტოს დასაწყისში გაათავისუფლეს და აიძულეს, ედპ-ის სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად, ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. 1923 წლის 28 ოქტომბერს კონფერენციამ ედპ დაშლილად გამოაცხადა.

1921 წელს ს. ახმეტელი დაინიშნა სახელმწიფო თეატრების მმართველად. 1923 კ. მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში. 1924 წლდან იყო ამ თატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1926-1935 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 აქტიური მონაწილეობა მიიღო მსახიობთა კორპორაცია „დურუჯის“ დაარსებაში. 1926 ოპერის სახელმწიფო თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის „ლატავრა“.

ს. ახმეტელის მეთაურობით რუსთაველის თეატრმა შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა. მან შექმნა არაერთი საეტაპო სპექტაკლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. რობაქიძის პიესა „ლამარას“ დადგმა რუსთაველის თეატრის სცენაზე და 1930 ამ სპექტაკლის წარმატებული გასტროლი მოსკოვში. ერთ-ერთ წარმოდგენას დაესწრო ი. სტალინი, რომელმაც რეჟისორთან სურათიც გადაიღო. საბჭოთა და უცხოურმა პრესამ სპექტაკლს მაღალი შეფასება მისცა. რუსთაველის თეატრმა ევროპის ქვეყნებიდან გასტროლებზე არაერთი მიპატიჟება მიიღო. ლ. ბერიას უშუალო განკარგულების საფუძველზე, დასი საზღვარგარეთ არ გაუშვეს.

1933 წელს ს. ახმეტელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, მაგრამ თავისუფალი აზროვნებისთვის მას მალე დევნა დაუწყეს. 1935 წელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მუშაობა მოსკოვის „მწვანე თეატრში“ გააგრძელა. დიდხანს არც იქ დასცალდა. 1936 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრეს და ეტაპით თბილისში ჩამოიყვანეს. შვიდი თვე გრძელდებოდა მისი დაკითხვა და წამება. „ხალხის მტრად და მავნებლად“ გამოცხადებული რეჟისორი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და ლ. ბერიასა და ი. სტალინის ფიზიკურ განადგურებაშიც დასდეს ბრალი. ს. ახმეტელის გვარი შეტანილია 1937 წლის 31 მაისით დათარიღებულ დასასჯელთა სიაში, რომელსაც ხელს აწერდნენ ი. სტალინი და ვ. მოლოტოვი. 1937 წლის 28 ივნისის სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. რეჟისორის მეუღლეს - თამარ წულუკიძე-ახმეტელს - ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს (ახმეტელის პირველი მეუღლე იყო ტასო როსტომაშვილი, რომელთანაც ჰყავდა ვაჟი - შალვა). ს. ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით. 1979, მისი დაბადების ასი წლის საიუბილეოდ, სოფელ ანაგაში გაიხსნა ს. ახმეტელის სახლ-მუზეუმი.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ვ. კიკნაძე, სანდრო ახმეტელი, თბ., 1977; ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი: დოკუმენტები და ნარკვევები 3 ტომად, თბ., 1978-1987;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულდემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები