ბაგრატიონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონები - სამეფო დინასტია საქართველოში (IX-XVIII სს.). ბაგრატიონების საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი ქართული დინასტიური გვარია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სათავეში ედგა როგორც გაერთიანებულ ქართულ მონარქიას, ასევე შემდგომში ცალკეულ ქართულ სამეფოებს (ქართლი, კახეთი, იმერეთი).

სარჩევი

საგვარეულო ლეგენდა

საგვარეულო ლეგენდის მიხედვით, „ქართველი მეფენი მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ“. ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ბაგრატიონებთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორია.

სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების, იესე-დავით-სოლომონის შთამომავლებად თვლიდნენ თავს და ამიტომაც იწოდებოდნენ „იესიან-დავითიან-სოლომონიანებად“. ამდენად, ისინი ღვთისმშობელსა და მაცხოვარს ენათესავებიან.

ქართლის მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონთა „ნათესაობის წიგნში“ ქართველ ერს განიხილავს, როგორც ბიბლიური ნოეს შვილის, იაფეტის, ხოლო ბაგრატიონებს – ნოეს უფროსი შვილის, სემის შთამომავლებს; ნათესაობა აქ წარმოდგენილია „დაბადების“ ძირითადი გენეალოგიური ხაზის სახით: ნოე-სემი-აბრაამი-იაკობი-იესე-დავითი-სოლომონი. ბაგრატიონები ამ მამამთავართა და მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეებად არიან გამოცხადებული. დავით IV აღმაშენებლის ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი ბიბლიური მეფის, დავითის, 78-ე შთამომავალია: „...ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან, დავით, ღმერთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“.

ქართულ მწერლობაში პირველი ცნობა ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობის შესახებ დაცულია გიორგი მერჩულესთან „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“; გრიგოლ ხანცთელი ასე მიმართავს აშოტ I კურაპალატს: „დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან“ და ამით აკანონებს აშოტ I კურაპალატის უფლებას ტაო-კლარჯეთზე. ამასვე ადასტურებს აშოტ I კურაპალატის ბარელიეფური გამოსახულება, რომელიც თავდაპირველად ოპიზის მონასტრის მთავარი ეკლესიის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული. ამ ბარელიეფზე ოპიზის ეკლესიის მოდელით ხელში გამოსახულია აშოტ I ბაგრატიონი, რომელსაც ლოცავს იესო ქრისტე, ხოლო მის გვერდით ვედრების პოზაში დგას მეფე-მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი, ბაგრატიონების ბიბლიური წინაპარი.

ქართული საისტორიო წყაროებით, მაცხოვრის ჯვარცმას დაესწრნენ მცხეთელი ებრაელები: „წარავლინა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარცუმასა უფლისა“; მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე „დამსჭუალეს“, „კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წამოიღო ელიოზ და მოიღო მცხეთას“, „მეორე იერუსალიმად“ წოდებულ ქალაქში. ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდის – უფლის კვართის - ფლობას ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს. საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთ უპირველესი სიწმინდისა და ყველა ქრისტიანი ერისა თუ ქვეყნისთვის საოცნებო რელიკვიისა – ქრისტეს კვართისა, ამიტომ მისი ფლობა და ბაგრატიონების ღვთიური წარმომავლობის თეორია აისახა ტიტულატურაში, სახვით ხელოვნებაში (ხატები, ფრესკები), ყოფაში (ნუმერაცია დავით წინასწარმეტყველისაგან, დავითის ვარსკვლვი), ნუმიზმატიკაში, ჰერალდიკაში, ვექსილოლოგიაში და სფრაგისტიკაში. აღსანიშნავია, რომ კვართს ყოველთვის გამორჩეულ ადგილზე ათავსებენ. მაცხოვრის კვართის ფლობა და ღვთიური წარმომავლობა გამჟღავნებულია სამეფო გერბის წარწერაში: „სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო“. სამეფო გერბზე, კვართის გარდა, გამოსახული იყო სფერო, კვერთხი და ხმალი, ქნარი, შურდული. გერბზე გამოსახული ქნარი და შურდული (რომლითაც ბაგრატიონების ბიბლიურმა წინაპარმა დავითმა მოკლა გოლიათი) ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობაზე მეტყველებდა, ანუ სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის გამომხატველ ელემენტებს წარმოადგენდა.

მეფეთა ტიტულატურა

საქართველოს გაერთიანებისა და „ყოველი საქართველოს“ წარმოქმნის პარალელურად ჩამოყალიბდა საქართველოს მეფეთა ტიტულატურის ფორმულა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“ („აფხაზთა“ ნიშნავდა დასავლეთ საქართველოს, „ქართველთა“ – ტაო-კლარჯეთსა და ქართლს, „რანთა“ – ჰერეთს, „კახთა“ – კახეთს, „სომეხთა“ – ლორე-ტაშირს, „შირვანშა“ – შირვანს, „შაჰანშა“ – ანისის სამეფოს). იგი შესანიშნავად ასახავდა ქვეყნის თანდათანობითი გაერთიანების პროცესსა და საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ზრდას. საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში ჩნდება ზედწოდება „მესიის მახვილი“.

ბაგრატიონების წარმომავლობა საისტორიო წყაროებში

ქართული საისტორიო წყაროებიდან ბაგრატიონების წარმომავლობა ბიბლიური მეფე დავითისაგან აღნიშნულია ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, „მატიანე ქართლისაში“, ანონიმი ავტორის თხზულებაში „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“, ვახუშტი ბატონიშვილის „ცხოვრება საქართველოსაში“ და დავით ბაგრატიონის „საქართველოს ისტორიაში“.

ქართულ წყაროებთან ერთად ბაგრატიონების წარმომავლობა დავით წინასწარმეტყველისაგან აღინიშნება სხვადასხვა უცხოურ ლიტერატურაში: 1) ბიზანტიურში (კონსტანტინე პორფიროგენეტი), 2) სომხურში (1335 წ. ხელნაწერის მინაწერი), 3) იტალიურში (ქრისტოფორო კასტელი), 4) რუსულში (ტოლოჩანოვი და იევლევი), 5) თურქულში (ალი ჩელები, იბრაჰიმ ფეჩევი, ევლია ჩელები) და 6) ფრანგულში (ჟან შარდენი).

ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (913-959) თხზულებაში „იმპერიის მართვის შესახებ“ (დე ადმინისტრანდო იმპერიო) აღნიშნულია, რომ ბაგრატიონები იერუსალიმიდან საქართველოში გადმოსახლდნენ მათი მმართველობიდან 400 ან 500 წლის წინ. დაწყებული კონსტანტინე პორფიროგენეტიდან, ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში აღნიშნულია ბაგრატიონების განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ წმიდა ქალაქთან. საუკუნეების განმავლობაში ქართველი მეფეები ბაგრატიონების დინასტიიდან იერუსალიმში დიდძალ შემოწირულობას გზავნიდნენ. საქართველოში არსებობდა სპეციალური გადასახადი – „საერუსალიმო“.

ზოგიერთი საისტორიო წყარო ბაგრატიონებს ქართველ მეფეთა პირველ დინასტიასთან – ფარნავაზიანებთანაც – ანათესავებს.

ბოლო დროს მიკვლეული მასალიდან გამომდინარე, რომელიც სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერში (N/Sin-50) აღმოჩნდა, ბაგრატიონები ქართლში VII ს. დასაწყისში ჩნდებიან და ენათესავებიან ქართლის ერისმთავრებს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, ბაგრატიონების გვარი მომდინარეობს სამხრეთ დასავლეთ საქართველოდან – სპერიდან (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა), შემდეგ ისინი დამკვიდრდნენ ქართლში, მათი განშტოება, ბაგრატუნები კი – სომხეთში, სადაც ისინი XI საუკუნემდე მეფობდნენ, ხოლო XIII ს. 50-იან წლებამდე ნომინალურად შეინარჩუნეს მეფის ტიტული.

ბაგრატიონების გვარზე, რომელიც ადრევე გამოჩნდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ არენაზე, ქართულ-სომხურ გარემოში სხვადასხვა ლეგენდა და თქმულება შეიქმნა.

ტაო-კლარჯეთის სამთავრო

VIII-IX სს. მიჯნაზე მიმდინარეობდა ტაო-კლარჯეთის სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი ბაგრატიონების დინასტიის მეთაურობით. ეს ახალწარმოქმნილი პოლიტიკური ერთეული იმ პერიოდის საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძლიერესი გაერთანება იყო, რომელიც საბოლოოდ ქართული მიწების გაერთიანებისათვის ბრძოლის მოთავედაც გამოვიდა. ქართული საისტორიო წყაროთა ერთ ნაწილში დაცული ტრადიციით (სუმბატ დავითის ძე) ბაგრატიონების გვარის დაწინაურება VI ს. თარიღდება, ხოლო მეორე ნაწილი (ჯუანშერი) მათ ხელისუფლებაში მოსვლას VIII ს. ათარიღებს. ცნობილია, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების დინასტიის აღზევება VIII საუკუნის ბოლოს მოხდა ამ დინასტიის ფუძემდებლის, აშოტ I კურაპალატის დროს.

IX საუკუნის ბოლოს ტაო-კლარჯეთის სამთავრო იმდენად გაძლიერდა, რომ მისი მმართველები 898 წლიდან ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ. IX–X სს. ტაო-კლარჯეთში უმაღლეს ხელისუფლებას ფლობდნენ აშოტ I კურაპალატის შუათანა ვაჟის, ბაგრატ I კურაპალატის მემკვიდრენი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების გვარში ორი შტო გამოიყო: ტაოსი, რომელსაც რეზიდენცია ბანაში (ან ოლთისში) ჰქონდა, და კლარჯეთის, რომლის რეზიდენცია არტანუჯში მდებარეობდა.

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების მმართველობა ფეოდალური კოლეგიალობის პრინციპს ემყარებოდა, რომლის მიხედვით, ორივე შტოს წარმომადგენლები, ქართველთა მეფისა და კურაპალატის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ სამეფოს მართვაში, თუმცა, ძირითადად, ტაოს შტოს წარმომადგენლებს შეიძლება რგებოდათ „ქართველთა მეფის“ ან „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული, რომელიც ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმას გულისხმობდა.

სწორედ ტაოს შტოს წარმომადგენელი იყო ბაგრატ III – გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. ქართველთა მეფისა და ქართველთა კურაპალატის გარდა, ბაგრატიონები ატარებდნენ ქართულ წოდებებს: ერისთავთერისთავი, მამფალი, ერისთავი, ასევე – ბიზანტიურ ტიტულებს: მაგისტროსი, სევასტოსი, პატრიკიოსი, კესაროსი და სხვ.

X საუკუნის II ნახევარში ტაო-კლარჯეთის სამეფო მნიშვნელოვანი და ძლიერი სახელმწიფო იყო. 975 წელს გამოჩენილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და საქართველოს გაერთიანების ფუძემდებელმა, დავით III კურაპალატმა, თავისი შვილობილი ბაგრატ III თავდაპირველად ქართლის მმართველად, ხოლო შემდეგ, 978 წელს, აფხაზთა მეფედ გამოაცხადა. 1001 წელს ბაგრატ III (975-1014) კურაპალატი გახდა, ხოლო 1008 წელს – ქართველთა მეფე. ამ აქტით საფუძველი დაედო ერთიან სახელმწიფოებრივ მმართველობას. ამგვარად, ჩამოყალიბდა ერთიანი საქართველოს სამეფო, რომლის სათავეში ბაგრატიონები იდგნენ.

კახეთის სამეფო

წარმოიშვა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები, სადაც ბაგრატიონები აგრძელებდნენ მმართველობას. კახეთის ბაგრატიონების სამეფო შტოს ფუძემდებელი იყო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (1) (1446-1466), რომელმაც 1466 წელს საფუძველი ჩაუყარა კახეთის დამოუკიდებელ სამეფოს და რომლის შთამომავლებმა გარკვეულ პერიოდებში შეძლეს ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანება.

იმერეთის სამეფო

იმერეთის ბაგრატიონების სამეფო შტოს ფუძემდებელი იყო ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის (1412-1442), უმცროსი ძმის – გიორგი ბატონიშვილის - შვილი და, ამდენად, მეფე გიორგი VIII-ის ბიძაშვილი – ბაგრატ VI (II), რომელიც 1463 წელს იმერეთის, ხოლო 1466 წელს ქართლ-იმერეთის ტახტს ფლობდა.

ქართლის სამეფო

ქართლის ბაგრატიონების სამეფო შტოს ფუძემდებელი ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-ის ძმისშვილი – კონსტანტინე II – გახდა.

სამეფო სახლის განშტოებანი

XVI საუკუნიდან შინაპოლიტიკურ-დინასტიური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ურთიერთგადაჯაჭვა ხელს უწყობდა და განაპირობებდა საგვარეულო განშტოებების წარმოქმნას. ბაგრატიონების ზოგიერთი გვერდითი შტოს გათავადების შედეგად წარმოიშვნენ სამეფო სახლის განშტოებანი: მუხრანბატონები, დავითიშვილები, რამაზიშვილები, გოჩაშვილები, ბაბადიშები.

XVIII საუკუნეს გიორგი VIII-ის პირდაპირი შთამომავლები, კახეთის მეფეები – თეიმურაზ II (რომელიც იყო ქართლის და შემდეგ კახეთის მეფის, ერეკლე I-ის ვაჟი და მეფე ვახტანგ VI-ის სიძე) და მისი შვილი ერეკლე II აერთიანებენ ქართლსა და კახეთს (1744 წ.– დეფაქტო, ხოლო თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1762 წ. – დეიურე).

ბაგრატიონები და რუსეთში

XVIII საუკუნეს საქართველოს რთული შინაპოლიტიკური მდგომარეობის გამო ქვეყნის სამეფო გვარის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, გადახვეწილიყვნენ რუსეთში. აქ დააარსეს ე.წ. ქართული კოლონიები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში.

1783 წლის 24 ივლისს რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ჩრდილოეთ კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში დაიდო მფარველობითი ტრაქტატი (გეორგიევსკის ტრაქტატი), რომლის მიხედვით, რუსეთი კისრულობდა ქართლ-კახეთის გარეშე მტრებისაგან დაცვას, სამხედრო ძალით დახმარებას, სამეფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას.

აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის მიერ ძალდატანებითი დაპყრობა ტრაქტატის პირობების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. 1801 წლის 12 სექტემბერს გამოცემულ იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტის მიხედვით, ქართლ-კახეთში სამეფო ხელისუფლება გაუქმდა, ხოლო ქვეყანა რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. 1804 წელს რუსეთის ხელისუფლებამ თავის მფარველობაში იმერეთის (დასავლეთ საქართველო) სამეფოც ძალდატანებით შეიყვანა, რომელიც 1810 წელს ასევე ძალით დაიპყრო. ასე გაუქმდა ქართველ მეფეთა – ბაგრატიონების – დინასტია, რომელიც საქართველოს მთელი ათასი წლის განმავლობაში მართავდა.

ბაგრატიონების საგვარეულოს ბევრმა წევრმა დაიწყო ბრძოლა საქართველოში სამეფო ხელისუფლების აღდგენისათვის, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთში ძალით გადასახლებულმა ბაგრატიონების შთამომავლებმა თავი გამოიჩინეს საეკლესიო და სამხედრო ასპარეზზე, მეცნიერების და ხელოვნების სფეროში.

დღეს საქართველოში მცხოვრებ ბაგრატიონების საგვარეულოს წარმომადგენელთაგან სამეფო დინასტიის პირდაპირი შთამომავლები არიან ბაგრატიონ-გრუზინსკები.

წმინდანები

ქართველი ერისა და ქრისტიანობის წინაშე დამსახურებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბაგრატიონების სამეფო დინასტიის რამდენიმე წარმომადგენელი წმინდანად შერაცხა. ესენი არიან:

  1. აშოტ I დიდი კურაპალატი (813-826; გ. 826) – ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების დინასტიის ფუძემდებელი, ქართული მიწების გაერთიანების მოთავე და მცხეთის საკათალიკოსო ტახტის ძლიერებისათვის მებრძოლი, რომელიც არტანუჯის ტაძარში აწამეს (ხსენების დღე 29.01.);
  2. დინარა, დედოფალი ჰერეთისა (X ს.) – ადარნასე II არტანუჯელის ასული და გურგენ IV ერისთავთერისთავისა და ჰერეთის მეფის, ადარნასე II პატრიკის მეუღლე და იშხანიკის დედა; მან ჰერეთი კვლავ „მოაქცივნა მართლმადიდებელად“ (ხსენების დღე 30.06.);
  3. საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი (1089-1125; გ. 1125) – საქართველოს სრული გაერთიანებისა და ქვეყნის გაძლიერებისათვის მებრძოლი, „გალობანი სინანულისას“ ავტორი (ხსენების დღე 26.01.);
  4. საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156; გ. 1156), ბერობაში დამიანე, დავით აღმაშენებლის ძე, გარეჯელი, ავტორი იამბიკოსი „შენ ხარ ვენახი“ (ხსენების დღე 23.05.);
  5. საქართველოს მეფე თამარი (1184-1213; გ. 1213) – საქართველოს გაძლიერებისა და ეკლესიათა აღმშენებლობაში უდიდესი ღვაწლისათვის (ხსენების დღე 01.05.);
  6. საქართველოს მეფე დემეტრე II (1270-1289; გ. 1289) – მონღოლთა მიერ სიკვდილით დასჯილი და ქვეყნისათვის თავდადებულად წოდებული (ხსენების დღე 12.03.);
  7. საქართველოს მეფე ვახტანგ III (1298-1308; გ. 1308), დემეტრე II თავდადებულის ძე, მოწამე (ხსენების დღე 10.12.);
  8. კახეთის დედოფალი ქეთევანი (1601-1602; გ. 1624) – ირანში ქრისტიანობისათვის წამებული, საქართველოს მნათობი, დიდმოწამე (ხსენების დღე 13.09.);
  9. ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615; გ. 1622) – ირანში ქრისტიანობისათვის წამებული (ხსენების დღე 21.06.);
  10. იმერეთის მეფე სოლომონ II (1798-1810; გ. 1815) – სამშობლოსათვის თავდადებული (ხსენების დღე 07.02.);
  11. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ V (1584-1594; გ. 1594), კახეთის მეფის, ლევან I-ის ძე (ხსენების დღე 18.02.);
  12. აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსი იოსებ / (1769-1776; გ. 1776), იმერეთის მეფის, ალექსანდრე V-ის ძე (ხსენების დღე 17.10).

საქართველოს ეკლესია და ბაგრატიონები

XV–XIX სს. ბაგრატიონების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი იყო საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის საჭეთპყრობელი:

1) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით II (1426-1430), საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის ძე; 2) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ II (1538-1541), ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ძე; 3) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმ. ნიკოლოზ V (1584-1594), კახეთის მეფე ლევან I-ის ძე; 4) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი III (1660–1676), ქაიხოსრო მუხრანბატონის (ბაგრატიონის) ძე; 5) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი IV (1705-1741), ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ძმა; 6) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I (1744-1755, 1764-1788), ქართლის მეფე იესე I-ის ძე; 7) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (1788-1811), ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის ძე; 8) აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი იოსები (1769-1776), იმერეთის მეფეების – ალექსანდრე V-ის ძე და სოლომონ I-ის ძმა.

ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლებს ხშირად ეკავათ საეპისკოპოსო კათედრები: ნიკოლოზ ბოლნელი (ჩანს 1665-1687), ქაიხოსრო მუხრანბატონის შვილიშვილი; ქრისტეფორე წილკნის მთავარეპისკოპოსი (გ. 1700), კონსტანტინე მუხრანბატონის ძე; ქრისტეფორე წილკნის მთავარეპისკოპოსი (ჩანს 1727-1736), ლევან მუხრანბატონის ძე; სიმონ გენათელი, იმერეთის მეფის, გიორგი III-ის ძმა; იოსებ გენათელი (შემდგომში – კათოლიკოსი) (გ. 1776); არსენ თბილელი (გ. 1812), ქართლის მეფის, იესე I-ის შვილიშვილი.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ღვთისმოსაობა ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა დამახასიათებელი ნიშანია. მათ შორის ხშირი იყო ბერად აღკვეცა:

1) ადარნასე (გ. 874), ბაგრატ I კურაპალატის ძე – ბერობაში არსენ; 2) გუარამ მამფალი (გ. 882), აშოტ I კურაპალატის ძე; 3) დავით I მამფალი (გ. 943), სუმბატ I მამფლის ძე; 4) ადარნასე II კლარჯი (გ. 945), ბაგრატ I მამფლის ძე – ბერობაში ბასილი; 5) ადარნასე III კურაპალატი (გ. 961), ბაგრატ II მაგისტროსის ძე; 6) ბასილი (XI ს.), საქართველოს მეფე, ბაგრატ III-ის ძე; 7) საქართველოს მეფე დემეტრე I (გ. 1156), დავით IV აღმაშენებლის ძე – ბერობაში დამიანე; 8) მონაზონი თამარი (გ. 1155), დავით IV აღმაშენებლის ასული, თიღვის მონასტრის აღმშენებელი; 9) მეფე დავით VI ნარინი (გ. 1293), რუსუდან მეფის ვაჟი; 10) საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი (გ. 1442), მეფე კონსტანტინე I-ის ძე – ბერობაში ათანასე; 11) ვახტანგ ბატონიშვილი (გ. დაახლოებით 1484), საქართველოს მეფე გიორგი VIII-ის ძე – ბერობაში ვარსიმე; 12) ქართლის მეფე კონსტანტინე II (გ. 1505), ძე დიმიტრი „პროვინციის მეფისა“ – ბერობაში კირილე; 13) ქართლის მეფე დავით X (გ. 1525), მეფე კონსტანტინე II-ის ძე – ბერობაში დამიანე; 14) ქართლის მეფე გიორგი IX (გ. 14), მეფე კონსტანტინე II-ის ძე – ბერობაში გერასიმე; 15) ბაგრატ მუხრანბატონი (გ. 1539), მეფე კონსტანტინე II-ის ძე – ბერობაში ბარნაბი; 16) კახეთის მეფე ალექსანდრე II (გ. 1605), მეფე ლევან I-ის ძე.

XVIII–XIX სს. ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლები სათავეში ედგნენ რუსული ეკლესიის ეპარქიებს: ანტონ (1755-1764) – ვლადიმირის ეპარქიას, ხოლო ანტონ II (1811–1827) – ნიჟნი ნოვგოროდის ეპარქიას.

ბაგრატიონების მიერ ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა აშოტ I დიდი კურაპალატიდან (გ. 826) იწყება, რომელმაც ააშენა IX საუკუნის I ნახევარში წმ. პეტრეს და წმ. პავლეს ეკლესიები არტანუჯში და ხელმეორედ ააგო ოპიზის მონასტერი კლარჯეთში; ბაგრატ I კურაპალატის (826-876) მხარდაჭერით საბა იშხნელმა IX ს. 30-იან წწ. იშხნის კათედრალური ტაძარი აღადგინა; დავით I კურაპალატის (876-881) მმართველობის დროს ტაოში აშენდა ხახულის მცირე ეკლესია; IX–X სს. მიჯნაზე აშოტ კუხმა (გ. 918) ააგო ტბეთის კათედრალი შავშეთში. მანვე წამოიწყო ხანცთის ახალი ეკლესიის მშენებლობა კლარჯეთში, რომელიც დაასრულა მისმა ძმისწულმა, გურგენ IV ერისთავთერისთავმა 918-941 წწ.; ქართველთა მეფე ადარნასე II-მ (898-923) ხელახლა ააშენა ბანის კათედრალური ტაძარი; მისმა ძემ, სუმბათ I კურაპალატმა (954-958), ააშენა დოლისყანის ეკლესია. ბაგრატ IV ერისთავთერისთავმა (გ. 966) და დავით III მაგისტროსმა (შემდგომში კურაპალატმა) 961-973 წწ. ააშენეს ოშკის ტაძარი ტაოში. ასევე დავით III კურაპალატმა (გ. 1001) ტაოში ააგო ხახულის ეკლესია, პარხლის მონასტერი და ჭოროხის ხეობაში – ოთხთა ეკლესია. ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ (975–1014) X-XI სს. მიჯნაზე ააგო ქუთაისში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (იგივე ბაგრატის ტაძარი), ბედიისა და ნიკორწმინდის კათედრალები. მისი მეფობის ჟამს დაიწყო მცხეთის „სვეტიცხოვლის“ მშენებლობა. დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) 1106 წელს დაიწყო გელათის მთავარი ტაძრის მშენებლობა, რომელიც შემდგომში ბაგრატიონების ერთ-ერთ მთავარ საძვალედ იქცა, ხოლო 1106-1110 წწ. ააშენა გელათის სამონასტრო კომპლექსი. მანვე შიომღვიმის ლავრაში ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. დავით აღმაშენებლის შვილებიდან მეფე დემეტრე I-მა (1125-1156) 1130 წელს დაასრულა გელათის მთავარი ტაძრის მშენებლობა, ხოლო თამარმა (შირვანის დედოფალმა) ააშენა თიღვის მთავარი ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. მეფე გიორგი III-მ (1156-1184) დაიწყო ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დამთავრდა თამარის (1184-1213) მეფობაში.

შემდგომში აშენებული ეკლესიებისა და მათი მაშენებელი ბაგრატიონების ჩამონათვალი ასეთია: მეფე გიორგი IV ლაშამ (1213-1223) ააგო ფიტარეთის ეკლესია; რუსუდან მეფემ (1223-1245) – გუდარეხის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი; მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442) აღადგინა სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძარი; კახეთის მეფე ლევან I-მა (1518-1574) ააშენა გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია XVI ს. 60-იან წწ. და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსი. 1545 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) გელათში ააგო წმ. გიორგის ეკლესია, სადაც 1545-1559 წწ. ბიჭვინთიდან აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენცია გადმოიტანა. გარდა ამისა, ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა და მათ რესტავრაციის საქმეში თავი გამოიჩინეს ბაგრატიონების დინასტიის – ქართველ მეფეთა სხვა წარმომადგენლებმა (გიორგი I-დან გიორგი XII-მდე).

ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლები დიდად ზრუნავდნენ საქართველოში საეკლესიო განათლების ამაღლებაზე. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ დავით III კურაპალატი სისტემატურად უკვეთდა ათონის ქართველთა მონასტერს ბერძნულიდან ქართულად თარგმნილ საეკლესიო ლიტერატურას.

მეფე დავით IV აღმაშენებელმა გელათსა და იყალთოში დააარსა აკადემიები, რომლებიც ზრუნავდნენ განათლების ამაღლებაზე და საეკლესიო მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდნენ.

ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ თბილისში საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტამბას, რომელშიც დაიბეჭდა სახარება, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი და სხვა სასულიერო ხასიათის წიგნები. ამ წამოწყების უდიდესი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნაბეჭდი წიგნები, რომლებიც 400-1000 ეგზემპლარად იბეჭდებოდა, გაცილებით აღემატებოდნენ ხელნაწერი წიგნების ტირაჟს და ამით ხელს უწყობდნენ აღნიშნული ლიტერატურის ფართო გავრცელებას საქართველოში. ქართულ ენაზე სასულიერო ლიტერატურის ბეჭდვას რუსეთში საფუძველი დაუდო მეფე არჩილმა. მეფე ვახტანგ VI-ისა და მეფე არჩილის საქმე მოსკოვში გააგრძელეს ვახტანგის შვილებმა, ბაქარმა და ვახუშტიმ, რომლეებმაც 1743 წელს ქართულ ენაზე ბიბლია დაბეჭდეს.

მეფე ერეკლე II-მ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-თან ერთად თბილისსა და თელავში სასულიერო სემინარიები დააარსა. 1749 წელს თბილისში ფუნქციონირება დაიწყო მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით გახსნილმა სტამბამ, სადაც სასულიერო ხასიათის წიგნები იბეჭდებოდა.

საუკუნეების განმავლობაში მტერთა მრავალგზის თავდასხმებისა და ქვეყნის აოხრების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო თავისი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. ამ საქმეში უდავოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ბაგრატიონების სამეფო დინასტიას.

ი. ბიჭიკაშვილი
რ. ჩაგუნავა

წყაროები და ლიტერატურა

  • ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1980;
  • გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1-2, თბ., 1955-59; ტ. 4, თბ., 1973;
  • თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითისძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1949 ნაკვ. 27;
  • Иоселиани Пл., Жизнеописание святых, прославляемых православною rpyзинскою церковью, Тфл., 1850.
  • ბაგრატიონები, სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003;
  • ბიჭიკაშვილი ი., ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთიური წარმომავლობის შესახებ, „ბაგრატოვანნი“, 2001, №1;
  • თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. თბ., 1960;
  • კუპატაძე ბ., იზოთეიზმის ისტორიული საფუძვლები და ბაგრატიონთა დინასტია, „არტანუჯი“, 1994, №1;
  • ლომოური თ., სუმბატ დავითის ძისა და გიორგი მერჩულის ცნობები IX-X სს. ქართველ ბაგრატიონთა შესახებ, კრ.: „არილი“, ტფ., 1925;
  • ლორთქიფანიძე მ., ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ, კრ.: „კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები“, თბ., 1966;
  • სურგულაძე მ., ბაგრატიონთა წარმოშობის ბიბლიური ლეგენდა, საისტ. ალმანახი „კლიო“, 2004, №22.


იხილე აგრეთვე

ქართლის ბაგრატიონები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები