ბაგრატიონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონები - ისტორიკოსთა დიდ ნაწილს ბაგრატიონ მეფეთა წინაპრების ქართლში დამკვიდრების ფაქტი შორეული წარსულის კუთვნილებად მიაჩნდათ და V-VI საუკუნით ათარიღებენ. მათ შორის არიან როგორც ჩვენი თანამემამულენი (მაგ. ე. თაყაიშვილი და ი. ჯავახიშვილი), ასევე მსოფლიო საეკლესიო კორიფენი. ამასთანავე ძალიან საინტერესო ცნობას იძლევა ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ წიგნი „ბიზანტიელი მწერლები საქართველოს შესახებ“, სადაც მოტანილია ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის აზრი, რომ ბაგრატიონების დამკვირდება ქართლში V-VI საუკუნეში მომხდარა.

ბაგრატიონთა გვარის გენეალოგია ყველაზე დაწვრილებით აღწერილი აქვს სუმბათ დავითის-ძე ბაგრატიონს თავის თხზუბლებაში, რომლის სათაურია „ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“. ნაწარმოები მიზნად ისახავს ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტიის წარმომავლობის გაშუქებას, მათი საქართველოში მოსვლისა და დამკვიდრების თარიღის გარკვევას.

ისტორიკოსთა ერთი ნაწილის, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, დასაწყისი დავით სუმბათის ძის თხზულებებისა, სადაც გადმოცემულია ბაგრატიონთა გენეალოგია ქართლში შემოსვლამდე, დაწყებული ადამიდან დანის ძე სოლომონამდე, ემყარება ბიბლიის ქართულ თარგმანს და ევსევი კესარიელის „საეკლესიო ისტორიას“.

საგანგებო ყურადღებას იქცევს სუმბათის ცნობები VI-VIII სს. ქართველი ერისმთავართ სახლისშვილების შესახებ. მემატიანის თვალსაზრისით პირველი ბაგრატიონი, რომელიც ქართლში ხელისუფლებას ეუფლება, არის გურამ კურაპალატი, შვილიშვილი (ქალიშვილის მხრიდან) წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლისა. აქედან დაწყებული აშოტ დიდამდე ქართლის ზოგიერთი ერისმთავარი გურამის ჩამომავალია და ამდენად ბაგრატიონია, დანარჩენები კი ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩისა - ფარნავაზიან-ხოსროიანები არიან.

სუმბათ დავითის ძის ერთ-ერთი წყარო უნდა ყოფილიყო აგრეთვე გადმოცემა ბაგრატიონთა გვარის ეპონიმის („ეპონიმი“ - ბერძ. პირი, რომლის სახელიდანაც წარმოდგება ხალხის, ადგილის, დინასტიის სახელწოდება) შესახებ. მემატიანის თანახმად, რაქაელ დედოფალმა ფილისტიმიდან ეკლეცში მოსულ შვიდ ძმათაგან სამს „უცვალა სახელი, რამეთუ ერთსა სახელი სდვა მუშელ და ერთსა ბაგრატ, რომელი არის მამა ბაგრატიონთა“. აქ ამგვარად ჩანს გამოძახილი აღნიშნული გვარის ტრადიციული ეტიმოლოგიისა, რომლის მიხედვით გვარის სახელწოდება სახელიდან - „ბაგრატ“ მომდინარეობს.

მოსე ჯანაშვილი თავის წიგნში: „საქ. საეკლესიო ისტორია“, წერს: „საქართვეოს მეფედ იუსტინე II-მ - საბერძნეთის იმპერატორმა - 5 86 წელს დანიშნა გუარამ I. ეს იყო ძე ბაგრატისა, ძისა გუარამისა და ვ. გორგასლიანის ასულისა, ძისა სოლომონისა, რომელიც იყო 58-ე შთამომავალი მეფის დავითისა.“

პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე იყო აშოტ კურაპალატი (წმიდანები).


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები