ბაგრატ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატ IV.
სრულიად საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში.

ბაგრატ IV (1018 ან 1020 – 24.XI.1072) - საქართველოს მეფე 1027-72. ბაგრატ მესამის შვილიშვილი. სრულიად საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში. 1022 წელს ოთხი წლისა მძევლად წაიყვანეს ბიზანტიაში, სამი წლის შემდეგ დააბრუნეს საქართველოში და 1027 წელს ცხრა წლისა გამეფდა.

ბაგრატ IV-ის უმთავრესი ამოცანა იყო საქართველოს საბოლოო გაერთიანება და მისი დაცვა უცხოელი დამპყრობლებისაგან (ბიზანტიელები, თურქ-სელჩუკები). მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებისთანავე, 1028 წელს, საქართველოს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის ჯარი შემოესია. ბიზანტიელებმა თრიალეთამდე და შავშეთამდე შემოაღწიეს, მაგრამ ფართოდ გაშლილი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

1030 წელს ბაგრატ IV-ის დედა, მარიამი, კონსტანტინეპოლში ეწვია კეისარ რომანოზ მესამეს და მშვიდობა აღადგინა საქართველოსთან. მისი ძმისწული ელენე კი ცოლად ჩამოუყვანა ბაგრატს. ელენე მალე მოკვდა უშვილოდ. ბაგრატმა მეორე ცოლად შეირთო ოვსთა მეფის ასული ბორენა, რომლისგანაც შეეძინა შვილი გიორგი (შემდეგში მეფე გიორგი მეორე).

1032 წელს ბაგრატ IV-ს განუდგა მისი ნახევარძმა დემეტრე და ბიზანტიელებს გადასცა ანაკოფიის ციხე. 30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის. 1037-39 წლებში ქალაქი გარემოცული იყო ქართველ მეფეთა (ბაგრატ IV და გაგიკი, კახეთ-ჰერეთი) ჯარების მიერ. თბილისელი მუსლიმანები უკვე დანებებას აპირებდნენ, როდესაც ბაგრატ IV თბილისის ამირას დაუზავდა და ქალაქის ალყა მოშალა. ეს ფაქტი თბილისის გარემოცვის მთავარი ინიციატორის, კლდეკარის ერისთავის ლიპარიტის მეფეზე განაწყენების საბაბად იქცა. ამის შემდეგ დაწყებული ბრძოლა ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს შორის თითქმის 20 წელი გრძელდებოდა.

1045 წელს სომხეთის დედაქალაქის ანისის თავკაცებმა, რომლებიც შეწუხებული იყვნენ ბიზანტიელთა აგრესიით, ქალაქი ბაგრატ IV-ს გადასცეს. მომდევნო წელს მეფეს თბილისის მოსახლეობამაც მიმართა ქალაქის ჩაბარების თხოვნით, მაგრამ ლიპარიტ ერისთავის აჯანყების გამო ბაგრატ IV-მ დაკარგა ანისი და თბილისი (1046). ლიპარიტი მეფემ მხოლოდ 1058 წელს იგდო ხელთ და იძულებით ბერად შეაყენა.

1064 წელს დაიწყო თურქ-სელჩუკთა შემოსევები საქართველოში (ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში). განსაკუთრებით გამანადგურებელი იყო სულთან ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობა 1067 წლის ნოემბრიდან 1068 წლის იანვრამდე. მიუხედავად ამისა, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა არ დაცემულა. სელჩუკთა მთავარი ძალების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ბაგრატ IV-მ წარმატებული ლაშქრობები მოაწყო მისი ვასალების (განჯის ამირა და სხვა) წინააღმდეგ. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მიწვევით 1060-65 წლებში საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა. არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი.

1072 წლის 24 ნოემბერს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაგრატ მეფე მუცლის სალმობით (მუცლის ტიფით)ქართლში. ანდერძის თანახმად, დაასაფლავეს ჭყონდიდში. მისი ერთადერთი დაზიანებული ფრესკა შემორჩენილია ატენის სიონში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები