ბავშვების უგულებელყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვების უგულებელყოფა - გულისხმობს, რომ მშობელს არ აქვს უნარი იზრუნოს ბავშვზე. იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მოიცავს: ემოციურ დეპრივაციას, ფიზიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართ უყურადღებობას, განათლებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების უარყოფას. ასეთი სახის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი, დაბალი აკადემიური მოსწრება და ქცევის დარღვევები (Hildyard and Wolfe, 2002).

ბავშვების უგულებელყოფის ფაქტები უფრო ხშირია, ვიდრე ფიზიკური ძალადობისა და ამას უფრო მეტი ადამიანი ამჩნევს, მაგ., ნათესავები, მეზობლები, პედაგოგები, ექიმები და სოციალური მუშაკები. ბავშვების უგულებელყოფა დაკავშირებულია მძიმე სოციალურ პირობებთან და მინდობით აღზრდის საჭიროების ყველაზე ხშირი მიზეზია.

სარჩევი

არაორგანული ჩამორჩენა ზრდაში და დეპრივაციული ჯუჯოვნება (ნანიზმი)

პედიატრები აღიარებენ, რომ ზოგი ბავშვი ყოველგვარი ორგანული მიზეზის გარეშე ვერ იზრდება სიმაღლეში. 3 წლამდე ბავშვებში ამ მდგომარეობას სიმაღლეში ზრდის არაორგანული შეფერხება, მოგვიანებით ასაკში კი დეპრივაციული ნანიზმი ეწოდება.

კლინიკური სურათი

არაორგანულ შეფერხებას ზრდაში იწვევს არასაკმარისი კვება და ემოციური სიახლოვის ნაკლებობა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ ბავშვებს ადრეული ასაკიდან მშობლებთან ურთიერთობის აშკარა პრობლემები აღენიშნებათ. ეს, უპირატესად, ბავშვის უგულებელყოფას ან, მწვავე შემთხვევებში, ბავშვის მიმართ მტრულ განწყობაში გამოიხატება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. თუმცა, ყველა შემთხვევა არ არის გამოწვეული ასეთი მიზეზებით. ზოგი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ღეჭვისა და ყლაპვის პრობლემები აფერხებს (Wilensky et al., 1996). ახალშობილებში ზრდაში ჩამორჩენა წონაში კლებითა ან სიგრძეში არასაკმარისი მატებით ვლინდება. შესაძლებელია კოგნიტური ფუნქციებისა და განვითარების შეფერხებაც. ბავშვი გაღიზიანებული და უბედურია ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, ლეთარგიული და უკონტაქტოა. კლინიკური გამოვლინებების საკმაოდ ფართო დიაპაზონი არსებობს, რაც მსუბუქ კვებით პრობლემებსა და უფრო მძიმე შემთხვევებთანაა დაკავშირებული. სათანადო კვებისა და მოვლის პირობებში ბავშვი სწრაფად იზრდება და ვითარდება (Kempe and Goldbloom, 1987).

ფსიქოსოციალური ჯუჯოვნება ანუ დეპრივაციული ნანიზმი

ასეთი ბავშვები არაბუნებრივად დაბლები არიან. მათ კვების უცნაური პატერნები, კითხვის განვითარების ჩამორჩენა და რისხვის შეტევები ახასიათებთ. მიუხედავად სიდაბლისა, ბავშვებს შეიძლება ნორმალური წონა ჰქონდეთ. ზრდის ჰორმონის სეკრეცია დარღვეულია (Stanhope et al., 1988). ვითარდება ემოციური და ქცევითი აშლილობები, სახეზეა კოგნიტური ფუნქციებისა და განვითარების ჩამორჩენილობა, ასევე, მეტყველების დარღვევები. ბავშვებს აქვთ დაქვეითებული თვითშეფასება და დეპრესიული გუნებ-განწყობა. ანამნეზში, ჩვეულებრივ, დეპრივაცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა აღენიშნებათ. ასეთი ბავშვები ხარბად ეტანებიან საკვებს.

მკურნალობა

ორივე მდგომარეობის მკურნალობისას, მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს, ხშირად, სტაციონირებას გულისხმობს. ზოგი ბავშვის მოვლა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი, ხოლო ზოგი - მინდობით ზრუნვას საჭიროებს. მშობლებს სჭირდებათ დახმარება, რათა მათ შეძლონ შვილების პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობიერება და მოვლის გეგმის შემუშავება. ზოგი მშობელი სრულ მიუღებლობასა და მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს დახმარების მიმართ. თუ დახმარება შესაძლებელია, აუცილებელია ინტენსიური მუშაობა და მოვლის პატერნების შეცვლისაკენ მთელი ძალისხმევის მიმართვა. ამის მიღწევა ფსიქოზების მქონე მშობლებთან ძნელია, თუმცა, უფრო შესაძლებელია მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში.

პროგნოზი

მძიმე შემთხვევებში, ორივე სინდრომის დროს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარების მხრივ პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი (Oates et al., 1985). ნაკლებად მძიმე შემთხვევებში მდგომარეობა უმჯობესდება, თუ ბავშვს ძალადობრივ გარემოს ჩამოვაშორებთ. როდესაც ოჯახი ცვლილებებისადმი რეზისტენტულია, საჭირო ხდება, მიმღებ ოჯახში ბავშვის სამუდამოდ დატოვება (Skuse, 1989).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები