ბაზილიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანტა-კროჩეს ბაზილიკა.
რომი, იტალია.

ბაზილიკა - ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. სიგრძივი ღერძის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხა უგუმბათო შენობა, რომელიც შიგნით სვეტების ან ბოძების მწკრივებით სამ ან ხუთ ნავად იყოფა. შუა ნავი ჩვეულებრივ სხვებზე ფართო და მაღალია, გარედან ორფერდა სახურავი აქვს, სხვა ნავები ცალფერდა სახურავიანია.

(ეტიმ. ბერძ. (stoá) basiliké „სამეფო (პორტიკი. ბაზილიკა სპარსეთის სამეფო სასახლეთაგან მომდინარეობს: ის მეფის (baziléus-ის) სააუდენციო დარბაზს წარმოადგენდა.

კონსტანტინე დიდის მიერ 313 წლის მილანის ედიქტით ქრისტიანული სარწმუნოების ოფიციალურ რელიგიად აღიარებით დაიწყო ახალი ერა ქრისტიანობის ისტორიაში. ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ღვთისმსახურების ფორმირებისა და განვითარებისათვის. უპირველესად დადგა ქრისტიანული ტაძრის მშენებლობის საკითხი. ერთ-ერთი პირველი არქიტექტურული ტიპი, რომელიც ქრისტიანულმა ხუროთმოძღვრებამ ეკლესიის მშენებლობისათვის გამოიყენა, იყო ბაზილიკა.

ქრისტიანული ბაზილიკა გეგმაში წაგრძელებული, სწორკუთხა ფორმის ნაგებობაა, საყრდენების საშუალებით დაყოფილი კენტი რიცხვის (3-5) ნავებად. შუა ნავი გვერდითებზე მაღალი და განიერია. საყრდენები ერთმანეთს უკავშირდება თაღების საშუალებით ან გამოყენებულია არქიტრავული სისტემა.

ნაგებობის აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდაა, რომელიც გეგმის სწორკუთხედშია ჩაწერილი ან შვერილი ფორმისაა. ფართოდ გავრცელებულია ე.წ. სამნაწილიანი საკურთხეველი - აფსიდა და გვერდითი სათავსები, პასტოფორიუმები. საკურთხეველსა და ნავებს შორის რიგ ძეგლებში გვხვდება ტრანსეპტი. ბაზილიკის გეგმაში გამოკვეთილია დასავლეთ-აღმოსავლეთი ღერძი, მიმართული საკურთხევლისაკენ. ამ ტიპის ნაგებობაში ყველა არქიტექტურული ელემენტი საკურთხეველთან მიმართებაში გაიაზრება და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურება.

ბაზილიკის ნავების გადახურვა შეიძლება იყოს კამაროვანი ან ხის კონსტრუქციებით შესრულებული. შუა ნავს ექსტერიერში უმეტესად დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი აქვს, ხოლო გვერდითებს ცალფერდა. ასეთ შემთხვევაში ნაგებობას გააჩნია ე.წ. ბაზილიკური ჭრილი და ექსტერიერში სახასიათო სილუეტი. ბაზილიკური ჭრილის ნაგებობებში შუა ნავის კედლებში სარკმლების მოთავსების შესაძლებლობა იქმნება. ეს არსებითად განსაზღვრავს როგორც ინტერიერის განათების ინტენსივობას, ასევე შიდა სივრცის ხასიათს. გვხვდება სამი ნავის ერთიანი ორფერდა სახურავით გადახურვის მაგალითებიც. ამგვარი ნაგებობები განსხვავებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის გადაწყვეტის და განათების მხრივ. ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში უმეტესად ნართექსი მდებარეობს. მის დასავლეთით ადრეული ხანის რიგ ძეგლებში ატრიუმია.

ბაზილიკა, როგორც ქრისტიანული რელიგიის მიერ დაკანონებული ხუროთმოძღვრული ტიპი, მთელ ადრექრისტიანულ სამყაროში გავრცელდა და არქიტექტურულ-სამშენებლო ტრადიციებით განსხვავებულ ქვეყნებში სახეცვლილებები განიცადა. ამ პროცესში ორი ძირითადი რეგიონი იკვეთება - ერთის მხრივ კონსტანტინოპოლისა და ხმელთაშუაზღვის ევროპული ნაწილის, მეორე მხრივ აღმოსავლეთის ქვეყნების სახით. აღსანიშნავია, რომ გეგმარების თუ რომელიმე არქიტექტურული ფორმის გადაწყვეტის თვალსაზრისით ცალკეულ ქვეყნებში ქრისტიანული ბაზილიკის თავისებური ვარიანტები დამუშავდა.

ქრისტიანული რელიგიის მიერ ბაზილიკის დაკანონებას ფაქტობრივი მონაცემების გარდა 1V-V საუკუნეების წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. ამ თვალსაზრისით საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს კესარიის ეპისკოპოს ევსების 317 წლით დათარიღებული ტირის ეპისკოპოს პავლინისადმი მიძღვნილი პანეგერიკი, „წესნი მოციქულთანი” და თესტამენტუმ დომინი. პანეგერიკში ქრისტიანული რელიგიის განდიდებისა და ეპისკოპოს პავლინის საქმეთა ხოტბის შემდგომ ტირის ტაძრის აღწერისას იძლევა ის ტირის ტაძრის და მის ცალკეულ ნაწილთა ფორმის და სიმბოლური გააზრების ინტერპრეტაციას.

V-V საუკუნეების ამ წყაროების მიხედვით წერილობით დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მოთხოვნა ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის შესახებ. საეკლესიო ნაგებობა მოიაზრება წაგრძელებული გეგმარების, სვეტებიან, უგუმბათო ნაგებობად, რაც ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის მახასიათებლებს შეესაბამება. დადასტურებულია ნაგებობის ორიენტაცია აღმოსავლეთისაკენ. განიმარტება საკურთხევლის მოწყობის წესი (მდებარეობა ტაძრის აღმოსავლეთით, იატაკიდან სამი საფეხურით ამაღლება, ტრაპეზის ცენტრში განთავსება, სამღვდელოების ჩამოსაჯდომი რიგების მოწყობა, ფარდით ან ცხაურით გამოყოფა ტაძრის სივრციდან). განსაზღვრულია ტაძრის სხვადასხვა ნაწილის ფუნქცია და ადგილმდებარეობა: პასტოფორია - სამკვეთლო საკურთხევლის რომელიმე მხარეს, სადიაკვნე ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, ხოლო სანათლავი ეზოშია. ტაძართან კათაკმეველთა სპეციალური სადგომი იმგვარად არის მოწყობილი (სავარაუდოდ ღიობებით დაკავშირებული), რომ აქ მყოფთ ფსალმუნების მოსმენის შესაძლებლობა ეძლევათ. ტაძრის დასავლეთით პორტიკებიანი ოთხკუთხა ეზოა.

ტაძარში მლოცველთა დამსახურების, სქესის და ასაკის მიხედვით იერარქიული განაწილება საკურთხეველთან მიმართების და მარჯვენა მხარის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ხორციელდება.

ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი ნაწილების რეგლამენტაცია, მათი ფუნქცია, მლოცველთა განაწილების წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული. ამავე დროს გაცხადებულია საუფლო სახლის საკრალური დანიშნულების სიმბოლური მნიშვნელობა, რომლის მიხედვით ტაძრის შიდა ეზოში შესვლა ოთხი სახარების შეგონებაა, ტაძრის სამი კარი - წმ. სამების აღიარება. თავად ტაძარი, საუფლო სახლი, მორწმუნეთა შესაკრები, კეთილი მწყემსის სამწყოსს - ცხვრების სადგომია. ტაძარი გემიკიდობან – ხომალდია მორწმუნეთა სულების ზეციურ სასუფეველში გადასასვლელად აგებული. სასულიერო პირნი გემის გამცილებლებია, ვინც წარმართავს მრევლს ამ რთულ გზაზე. წმ. ნათლობის საიდუმლო ოცდაერთი წინასწარმეტყველის და თორმეტი მოციქულის თანადგომით ხორციელდება, რაც სანათლავის ზომებშია გაცხადებული.

გუმბათიანი ბაზილიკა

ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპზე, IV-V საუკუნეებში, ეკლესიის მოთხოვნა შეესაბამება ბაზილიკის არქიტექტურულ ტიპს და ეკლესიის მიერ მის დაკანონებას განაპირობებს. სიტუაცია იცვლება VI საუკუნიდან, როდესაც იმპერატორ იუსტინიანეს ეპოქაში იგება მონუმენტური გუმბათიანი ნაგებობები, თუმცა ბაზილიკისათვის დამახასიათებელი წაგრძელებული გეგმარება და სამნაწილიანობა ძირითადად ძალაში რჩება (მაგ.: ე.წ. გუმბათიანი ბაზილიკის ტიპის ძეგლები). ამ დროიდანვე იწყება ტაძრის არქიტექტურულ სტრუქტურაში გუმბათის, როგორც შიდა სივრცის მთავარი მაორგანიზებელი ელემენტის ფორმირების პროცესი საეკლესიო ნაგებობის არქიტექტურული და სიმბოლური გააზრება IV-V საუკუნეებში საგრძნობლად განსხვავდება VII-VIII საუკუნეების ინტერპრეტაციისაგან. თუ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ფორმირების პირველ საუკუნეებში ის ძირითადად ტაძრის ცალკეულ ნაწილთა ფუნქციონალური დანიშნულების და მლოცველთა განაწილების რეგლამენტაციას ითვალისწინებს, ღვთის სახლს სამწყსოს სადგომად და ქრისტიანთა სულების სასუფეველში გადასასვლელ ხომალდად აღიქვამს; VII-VIII საუკუნეებში ამ პერიოდის თეოლოგიურ ხედვას ასახავს და რთულ, მრავალსახოვან ინტერპრეტაციას ეფუძნება.

IV-V საუკუნეებში სიმბოლური გააზრება ძირითადად საკრალური რიცხვების მნიშვნელობის განმარტებას ითვალისწინებს (სამი – სამების, ოთხი – ოთხი სახარების, თორმეტი – მოციქულთა და ოცდაერთი – წინასწარმეტყველთა რიცხვის მიხედვით). მაშინ, როდესაც VII-VIII საუკუნეებში საეკლესიო ნაგებობა სიმბოლური მნიშვნელობით კოსმოსს, ხილულ სამყაროს, ღვთის ხატს განასახიერებს და წმინდა მსხვერპლშეწირვის და ხსნის იდეას გამოხატავს.

ბაზილიკა ქართულ არქიტექტურში

ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ფორმირების საწყის ეტაპზე ეკლესიის მოთხოვნებს ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი შეესატყვისებოდა, რამაც განაპირობა მისი გავრცელება ადრექრისტიანული სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

ქართულ არქიტექტურაში ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი შემოტანილია. მთელი რიგი ქრისტიანული ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ბაზილიკის გავრცელებას ადგილობრივ არ დახვდა სწორკუთხა გეგმარების, მკაფიოდ გამოხატული სიგრძივი ღერძის მქონე სვეტებიანი ნაგებობის მშენებლობის ტრადიცია, რამაც, გარკვეულწილად, განსაზღვრა საქართველოში ბაზილიკის გავრცელებისა და ფორმირების პროცესის თავისებურება.

საქართველოში ბაზილიკების აქტიური მშენებლობის პერიოდი V-VI საუკუნეებია. ქართულ ხუროთმოძღვრებაში გუმბათიანი არქიტექტურის ფორმირების შემდეგ ბაზილიკის ტიპი კარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას, რაც ოფიციალური რელიგიის მიერ ქრისტიანობის მიღების პირველ საუკუნეებში ჰქონდა მინიჭებული. ბაზილიკის არქიტექტურული ტიპისაგან განსხვავებით გუმბათიანი არქიტექტურა ადგილობრივ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებთან ორგანულ კავშირშია, რამაც ქართული ხუროთმოძღვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მისი პრიორიტეტი და მნიშვნელობა განაპირობა. საქართველოში გუმბათიანი ეკლესიები რაოდენობრივადაც ბევრად სჭარბობს ბაზილიკებს. თუ ბაზილიკების მშენებლობა ძირითადად XI საუკუნემდე გრძელდება, გუმბათიანი არქიტექტურა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმთავრეს თემას წარმოადგენს და ადგილობრივი არქიტექტურულ-სამშენებლო შესაძლებლობების, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის არსებით საშუალებად გვევლინება.

ადგილობრივ არქიტექტურულ-სამშენებლო ტრადიციებთან დაკავშირებული გუმბათიანი ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებით ბაზილიკის, როგორც არქიტექტურული ტიპის, დამახასიათებელი ნიშნები არსებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რაც საქართველოში ბაზილიკის არსებობის ყველა ეტაპზე გამოვლინდა და მისი თავისებურებები განაპირობა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები