ბათუმისათვის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 6 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათუმისათვის ბრძოლა - რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას ქემალისტურმა თურქეთმა საქართველოს ართვინის და არდაგანის გადაცემა მოსთხოვა ულტიმატუმის სახით. საქართველოს მთავრობამ ეს ულტიმატუმი არ მიიღო, თუმცა აღნიშნული ქალაქები დაცალა, რადგანაც ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო. თურქულმა ჯარებმა 23 თებერვალს აღნიშნული ქალაქები დაიკავა, რაც ქართულმა მთავრობამ იურიდიულად არ ცნო. ამის შემდეგ თურქული მხარის პრეტენზიები საქართველოსთან თითქოს ამოიწურა და მათ საქართველოს დახმარება შესთავაზეს რუს ბოლშევიკებთან ბრძოლაში.

11 მარტს თურქული ჯარის მეწინავე ნაწილები ბათუმში შევიდნენ. მათი მიზანი ბათუმის ოლქის დაკავება იყო და არა ქართველებთან ერთად ბრძოლა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს უფრო ავანტიურული ნაბიჯი გახლდათ, რადგანაც მოსკოვში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, რაც 1921 წლის 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით დასრულდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ ბოლომდე დაუპყრობელ საქართველოს რჩებოდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს. რუსეთ-საქართველოს ომი კი სრულდებოდა, მცირერიცხოვანი ქართული შენაერთები ბათუმის ოლქსა და საჯავახოს ხაზზე იყო განლაგებული. დიმიტრი ჟლობას მეთაურობით რუსული არმიის ერთი დაჯგუფება კი გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმის ოლქში ქართული არმიის ზურგში გადიოდა. 17 მარტს, ბათუმში მყოფ თურქულ ნაწილებზე დაყრდნობით, ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა, თურქულმა ნაწილებმა დაიკავეს ყაზარმები, ფოსტა-ტელეგრაფის, მილიციის და სხვა შენობები. 17-18 მარტს, ქუთაისის მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთ-საქართველოს ომი დასრულდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და ქვეყნის ოკუპაცია იურიდიულად არ ცნო. ქუთაისის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, ომის შეწყვეტასთან ერთად, ბათუმიდან თურქული ნაწილების განდევნა იყო. 18-19 მარტს ქალაქში მყოფმა ქართულმა ნაწილებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით თურქ ასკერებს ბრძოლა გაუმართეს და მათი დამარცხება მოახერხეს. 20 მარტს კი თურქებმა ბათუმი დატოვეს.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

ბრძოლა ბათუმისათვის: 1921 წლის 18-20 მარტი, მ. მაცაბერიძის რედაქტორობით, თბ., 2011.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები