ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუმის გადმოცემა ბრიტანელების მიერ

ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ - 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ბათუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. მსოფლიო ომში დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ ოსმალეთმა დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წლის 6 იანვრამდე შევიდნენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება.

ბათუმის გადმოცემა ბრიტანელების მიერ

1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის გასვლა. 1920 წლის თებერვალში ბათუმიდან საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა.

1920 წლის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ]მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 1920 წლის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე, იტალიის პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე ერთა ლიგის განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წლის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შევიდა გენერალ გ. კვინიტაძის სარდლობით. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი - მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული (ბენია ჩხიკვიშვილი, შემდეგ გრიგოლ გიორგაძე).

ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები