ბათუმის საზავო კონფერენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუმის კონფერენცია

ბათუმის საზავო კონფერენცია - ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილების შესახებ გერმანია-ოსმალეთს შორის სტამბოლში დადებულმა საიდუმლო ხელშეკრულებამ (1918 წლის 27 აპრილი) ოსმალეთს აქტიური მოქმედების და ახალი პრეტენზიების წამოყენების შესაძლებლობა მისცა.

ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ბათუმის კონფერენციაზე გასაგზავნად 45 კაცისგან შემდგარი ჯგუფი იქნა დამტკიცებული. აქედან დელეგატები იყვნენ: აკ. ჩხენკელი (თავმჯდომარე), ნ. ნიკოლაძე, რ. კაჩაზნუნი, ა. ხატისოვი, მ. გაჯინსკი, მ. რასულ-ზადე. დელეგაციაში შედიოდნენ: ი. ოდიშელიძე, ზ. ავალიშვილი, დ. ღამბაშიძე, რ. მიქელაძე, გ. ქიქოძე.

1918 წლის 6 მაისს ამიერკავკასიის დელეგაცია ბათუმში ჩავიდა ოსმალეთის სტუმრის სტატუსით. ოსმალეთის დელეგაციაში შედიოდნენ: ჰალილ-ბეი (ხელმძღვანელი), ვეჰიბ-ფაშა, ორჰან-ბეი, ნუსრეთ-ბეი, იუსულ-ბეი. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლობა: ფონ-ლოსოვი (ხელმძღვანელი), გრაფი შულენბურგი, ფონ-ჰააზე, ფონ-ვეზენდოკი. ოსმალთა ინიციატივით, ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაცია ჩავიდა ბამატის მეთაურობით.

ბათუმის საზავო კონფერენციამ მუშაობა 11 მაისს დაიწყო. ოსმალო დელეგატების წინასწარი შეთანხმებით, ოსმალეთის მფარველობის ქვეშ უნდა მომხდარიყო კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს აღდგენა. ჰალილ-ბეი ბრესტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აღარ კმაყოფილდებოდა. იგი, ყარსის, არტაანის, ართვინისა და ბათუმის ოკრუგებთან ერთად, დამატებით ახალქალაქის, ალექსანდროპოლის, ეჩმიაძინისა და სურმალინის მაზრებსაც მოითხოვდა და, ფაქტობრივად, რუსეთ-ოსმალეთის 1829 წლამდე არსებული საზღვრის აღდგენას ცდილობდა. ოსმალეთის დელეგაციის მეთაურმა ჰალილ-ბეიმ 15 მაისს ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა - ბათუმის კონფერენციისათვის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობები სახელმწიფოთა საზღვრების დასადგენად აღარ უნდა განხილულიყო. იმავდროულად, ოსმალეთის მხარემ საომარი მოქმედებები განაახლა. 18 მაისს ჰალილ-ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას მემორანდუმი გადასცა, რომელიც ოსმალეთის დამატებითი ტერიტორიული მოთხოვნების შესახებ ამიერკავკასიის დელეგაციას შენიშვნების გამოთქმის უფლებას ართმევდა. აკ. ჩხენკელის მცდელობა, ოსმალეთის მხარე ბრესტის საზავო პირობებით დაკმაყოფილებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა. მან დახმარებისთვის გერმანიის დელეგაციის მეთაურს, გენერალ ფონ-ლოსოვს მიმართა, რაზედაც ოფიციალური თანხმობა 19 მაისს მიიღო. ბათუმის კონფერენციაზე აკ. ჩხენკელის მიერ დიდი დიპლომატიური უნარის გამოჩენის (ნ. ჟორდანია) მიუხედავად, საკითხს სამხედრო სიძლიერე წყვეტდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, როცა ფონ-ლოსოვმა ოსმალეთთან შუამდგომლობაზე უარი განაცხადა (25 მაისი). ეს ფაქტი ოსმალეთს მეტი პრეტენზიების წამოყენებისა და თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას აძლევდა. ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბათუმის კონფერენციამ 1918 წლის 31 მაისს მუშაობა განაახლა.

შოთა ვადაჭკორია


ლიტერატურა

მ. სვანიძე, ბათუმის კონფერენცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება, ქართული დიპლომატია, წელიწდეული 6, თბ.,1999.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები