ბაიაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ბაიაშვილი

ბაიაშვილი იოსებ – (1908 –1983), პოეტი, სახალხო მთქმელი. დაიბადა სოფელ შარახევში (თიანეთი); ბავშვობიდან თხზავდა ლექსებს. 1926 წლიდან დადიოდა სოფლის სკოლაში. 1931 წელს სწავლა გააგრძელა თიანეთში არითმეტიკის კერძო მასწავლებელთან. თუმცა ოჯახური პრობლემების გამო სწავლა ვერ დაამთავრა. მუშაობდა სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ. 1951 წელს გადასახლდა წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში. პირველად მთელი საქართველოსთვის ახლობელი 1979 წლის 14 აპრილს გახდა. ხალხური პოეზიის საღამოზე, რომელსაც უძღვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი. მისივე წყალობით გამოიცა „ფოლკლორული რვეულების” სერიის ერთ-ერთ პირველ კრებულად, იოსებ ბაიაშვილის ლექსების მცირე ნაწილი. დაკრძალულია ქვემო ქედში.


* * *
წუთია წუთისოფელი
დახამხამება თვალისა.
ამ ქვეყნად წესი არ არის
მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა
მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერვის შეუძლავ, ვერც შესძლოს
გახსნა სამარის კარისა.
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,
მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი
ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის,
მთაზე ყვირილიც ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო,
თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,
არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს
დატოვებულის კვალისა,
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა?!


* * *
ბაიაშვილ ავად გახდა,
მთვრალს შესცივდა წუხელისა;
უცხელებენ ნიორწყალთა –
ეგ რა სნეულს უშველისა?!
ნარეცხ მაინც მოუტანეთ
ნაარაყალ ჭურჭელისა.
მართამა თქვა: `დაიმეხოს,
სიკვდილი სჯობს უქნელისა,
მაგის საქმე არაყია,
შრომაში ხელუყრელისა.
ზომა რაით ვერ გაიგო,
მაგ გასახეთქ მუცელისა?!
ავადმყოფმა დაიუბნა
მცნება დიდის რუსთველისა:
„მაძღრის სიკვდილი სჯობავის
მინამ უსმელ-უჭმელისა”


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები