ბალეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედგარ დეგა.ცისფერი ბალერინები

ბალეტი - (ფრანგ. Ballet, იტალ. baIIetto , ლათ. ballo ვცეკვავ), სცენური ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკალურ სახეებით. როგორც წესი, ტერმინი ბალეტი გამოიყენება XVI-XIX ს.-ების განმავლობაში ევროპაში ჩამოყალიბებულ (ევროპული კლასიკური ბალეტი) და XX ს.-ში მთელ მსოფლიოში გავრცელებული ხელოვნების სახეობის აღსანიშნავად. თავისი ბალეტი აქვს მრავალ აღმოსავლურ ქვეყანას (ინდოეთი, ჩინეთი, ინდონეზია და სხვ.); სადაც იგი ცეკვისა და პანტომიმის საკუთარ სისტემებზეა დაფუძნებული.

საბალეტო მუსიკა

საბალეტო მუსიკა, სასცენო ხელოვნების სახეობაა, სპექტაკლი, რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკის სახეებით. ბალეტის მუსიკა, რომელიც საბალეტო ლიბრეტოს მიხედვით იქმნება, ქორეოგრაფიის მხატვრულ-ემოციურ და მეტრულ-რიტმულ საფუძველს წარმოადგენს. ზოგჯერ – ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციები ადრე შექმნილ მუსიკას ემყარება.

ტერმინი „ბალეტი“ შეიქმნა იტალიაში მე-16 ს-ის ბოლოს ოპერაში საცეკვაო ეპიზოდის აღსანიშნავად. ბალეტის გამოყოფა დამოუკიდებელ ხელოვნებად უფრო გვიან მოხდა. საბალეტო მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მე-17-18 ს. გამოჩენილი კომპოზიტორების ჟ. ბ. ლიულის, ჰ. პერსელის, გ. ფ. ჰენდელის, ჟ. ფ. რამოს და სხვათა ოპერებში. ბალეტმაისტერ ჟ. ჟ. ნოვერის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ განამტკიცა მუსიკის აქტიური როლი საბალეტო სპექტაკლში. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქ. ვ. გლიუკის ბალეტმა „დონ ჟუანმა“ (1761). საბალეტო მუსიკის სიმფონიზაციის ერთ-ერთ პირველ ცდას წარმოადგენდა ბეთჰოვენის „პრომეთეოსის ქმნილებანი“ (1801). რომანტიკული მიმართულება დაამკვიდრეს ბალეტში ადანის „ჟიზელმა“ (1841), დელიბის „კოპელიამ“ (1870) და სხვ. თვისებრივად ახალი ეტაპი საბალეტო მუსიკის განვითარებაში შექმნეს პ. ჩაიკოვსკის ბალეტებმა: „გედების ტბა“ (1877), „მძინარე მზეთუნახავი“ (1890), „მაკნატუნა“ (1892). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ი. სტრავინსკის ბალეტებს – „ფასკუნჯი“ (1910), „პეტრუშკა“ (1911), „საღვთო გაზაფხული“ (1913), რომლებიც დაკავშირებელია ბალეტმაისტერ მ. ფოკინის ნოვატორულ ძიებებთან.

XX საუკუნის მრავალმა კომპოზიტორმა მიმართა ბალეტის ჟანრს (მ. რაველი, ა. ონეგერი, ბ. ბარტოკი, პ. ჰინდემითი, მ. დე ფალია, რ. გლიერი, დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ა. ხაჩატურიანი, რ. შჩედრინი და სხვ.). საეტაპოდ იქცა ს. პროკოფიევის ბალეტები („რომეო და ჯულიეტა“, 1938 და სხვ.), რომელთაც განსაზღვრეს სიმფონიზაციისა და კონფლიქტური დრამატურგიის პრინციპების განმტკიცება საბალეტო მუსიკაში.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მკვიდრდება აგრეთვე სიმფონიური (და სხვ.) მუსიკის ნიმუშების ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციის პრაქტიკა ბალეტის ჟანრში, რაც მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ამერიკელი ბალეტმაისტერის – ჯ. ბალანჩინის (გ. ბალანჩივაძის 1904-83) ნოვატორულ მოღვაწეობასთან.

საქართველოში პირველი საბალეტო სპექტაკლი დაიდგა 1854 წელს. 80-90-იან წლებში თბილისში გასტროლებს მართავდნენ გამოჩენილი რუსი მოცეკვავეები და საბალეტო დასები. ეროვნული ბალეტის ფორმირება დაიწყო XX ს. 10-იანი წლებიდან. საბალეტო პანტომიმების შექმნის პირველი ცდები ეკუთვნის თ. ვახვახიშვილს („ირანილი პანტომიმა“, 1914, „ბახუსის დღესასწაული“ 1919, ერთაქტიანი ბალეტები – „მზეთამზე“ და „ხანძარი“ 1926-30). დიდი როლი შეასრულეს მ. პერინის სტუდიამ (1916-34), სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა სტუდიამ (1934-დან) და სასწავლებელმა (1951-დან) დ. ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით.

პირველი და ფუძემდებლური ქართული ბალეტია ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ („მზეჭაბუკი“), რომელიც 1936 დადგა გამოჩენილმა მოცეკვავემ და ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა. მანვე დადგა შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1938), გ. კილაძის „სინათლე“ (1947), დ. თორაძის „გორდა“ (1949), ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957), ს. ცინცაძის „დემონი“ (1961). „გორდა“ ყველაზე სარეპერტუარო ბალეტია. „ოტელომ“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ა. მაჭავარიანს ეკუთვნის აგრეთვე ბალეტი „ეეფხისტყაოსანი“ (1974), რომელიც დაიდგა ლენინგრადში (პეტერბურგში). ცინცაძის ბალეტი „რივარესი“ (1982) დაიდგა მოსკოვში. საბალეტო ჟანრს მიმართავდნენ აგრეთვე რ. გაბიჩვაძე („ჰამლეტი“, 1971, „მედეა“, 1978), ბ. კვერნაძე („ქორეოგრაფიული ნოველები“, 1964, „ბერიკაობა“, 1973), ს. ნასიძე, ფ. ღლონტი, ვ. აზარაშვილი, შ. დავითაშვილი, ვ. კახიძე და სხვ. გ. ტორაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები