ბალიაშვილი მარინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარინა ბალიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბალიაშვილი მარინა“ გად...)
(წყარო)
 
ხაზი 31: ხაზი 31:
 
[[კატეგორია: ქართველი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია: ქართველი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია: ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 17:20, 7 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

მარინა ბალიაშვილი

ბალიაშვილი მარინა - Baliashvili Marina, Балиашвили Марина, 1948-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1980), დოქტორი (2001); დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურა დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სპეციალობით „სოციალური ფსიქოლოგია.” ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა ამავე ინსტიტუტში განაგრძო: იყო სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, სადისერტაციო საბჭოს მდივანი, სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე. ამჟამად კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. „ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონის” ერთერთი ავტორია. მისი ნაშრომი „პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები” დ. უზნაძის აკადემიური სახელმწიფო პრემიით აღინიშნა (2012 წ.)

მ. ბალიაშვილის თეორიულ და ემპირიულ გამოკვლევებში ზოგადი და სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხებია შესწავლილი. ერთი მათგანია სოციალური განწყობისა და ქცევის მიმართება. კერძოდ ნაჩვენებია, რომ პიროვნების სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი − სოციალურ განწყობათა სისტემა − პიროვნების აქტივობის პროცესში გარკვეულ კანონზომიერებათა მიხედვით ყალიბდება და იცვლება. სოციალური განწყობა მონაწილეობს სოციალური ქცევის აქტუალური განწყობის დაყალიბებაში და ამ პროცესშივე განიცდის ქმნადობას. სოციალური დისპოზიციური განწყობის ცნობიერი გამოვლინებაა ატიტუდი. ის არა მხოლოდ ქცევის შესრულების, არამედ აგრეთვე ქცევის შესრულების გადაწყვეტილების მიღების, მასზე ვალდებულების აღების შედეგადაც იცვლება. საგულისხმო ექსპერიმენტული მონაცემია ატიტუდის შეცვლა ქცევის საწინააღმდეგო მხარეს (რეპუდიაცია); ეს ხდება ფიქსირებულ განწყობასა და სიტუაციურ განწყობას შორის მინიმალური განსხვავების დროს და, სავარაუდოდ, სუბიექტის მიერ საკუთარი პოზიციის ნაკისრი პოზიციისაგან გამოკვეთა-განსხვავებას (დისკრიმინაცია) ემსახურება.

მ. ბალიაშვილის სადოქტორო დისერტაცია ქცევაში „მე”-ს ობიექტივაციის როლის ჩვენებას მიეძღვნა. ამისთვის გამოყენებულ იქნა „მე”-ს ობიექტივაციის პროცედურები: ტექნიკური საშუალებები (სარკე, ვიდეოკამერა, მიკროფონი) (სარკული მეობა) და გარეშე ადამიანის დაკვირვებული მზერა, რითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის გარედან დანახვა და რაც მას მიუთითებს, რომ ის გარემოს ერთი რიგითი ნაწილია. ექსპერიმენტულად შესწავლილ იქნა „მე”-ს ობიექტივაციის გავლენა: 1. თვითშეფასებაზე (რეალურ და იდეალურ „მე”-ს შორის განსხვავების მანძილის მიხედვით); 2. ქცევის შესრულების ეფექტურობაზე; 3. გადაწყვეტილების მიღების ტემპზე; 4. ემოციურ-აფექტურ მოდალობაზე, კერძოდ, დეპრესიის მაჩვენებლებზე; 5. პრობლემის გადაწყვეტის მზაობის ანუ საკუთარი ქმედითუნარიანობის განცდაზე.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „მე”-ს ობიექტივაცია გავლენას ახდენს ფსიქიკურ ფენომენთა ფართო სპექტრზე; რომ „მე” არის ინსტანცია, რომლის ობიექტივაცია ანუ გააქტიურება-აქტუალიზება ქცევაში კონსტრუქციულ როლს ასრულებს: ანუ „მე”-ს ობიექტივაციის შედეგად მაღლდება თვითშეფასება, იმატებს ქცევის ქმედითობა და შედეგიანობა, ჩქარდება გადაწყვეტილების გამოტანა, უმჯობესდება აფექტურ-ემოციური მდგომარეობა და ძლიერდება ქმედითუნარიანობის განცდა. ეს ექსპერიმენტული ფაქტები განწყობის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ცნების − ობიექტივაციის ცნების შემდგომ განვითარებას ემსახურება.

მ. ბალიაშვილი ავტორია სახელმძღვანელოებისა სოციალურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები