ბანის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანის (ბანას) ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ეპარქია. მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). მისი მღვდელმთავრები ატარებდნენ ბანელის ან ბანაელის წოდებას. დაარსდა IX-X საუკუნეების მიჯნაზე და არსებობდა XVII საუკუნის დასასრულამდე. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბანის ტაძარი VII საუკუნის შუა წლებშია აშენებული, ხოლო ადარნასე II-ის დროს (IX-X სს.) იგი განაახლეს და საეპისკოპოსო ცენტრად იქცა.

ბანის ეპარქიის ცენტრი იყო სოფ. ბანა, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ტაოში, თანამედროვე თურქულ სოფ. ფენეკიდან 1.5 კმ, მდ. ბანისწყლის (ფენიაკ-ჩაის) მარჯვენა ნაპირზე, მდ. ჭოროხის აუზში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბანა იგივე ფანაკია: „მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაკს“. მასვე მოეპოვება ცნობა ეპარქიის ტერიტორიის საზღვრების შესახებ: აქ „იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა“. ბანის ეტიმოლოგიას უკავშირებენ „ბანაკს“ და მიჩნეულია, რომ აქ ბოლოკიდური თანხმოვანი (კ) ისევე ამოვარდა, როგორც სიტყვებში აგარაკი→აგარა, დანაკი→დანა და სხვ.

XVI საუკუნის დასაწყისის საისტორიო საბუთში „კათალიკოზის ხელქვეშეთი მღვდელმთავარნი და სამწყსონი სამცხე-საათაბაგოში“, ბანის ეპარქიის საზღვრები ასეა განსაზღვრული: „ბანელის სამწყსო: სულ ბანი, ტაოს-კარი, ფანასკერტი, ჰარიზის ხეობა, სრულად ოლთისი, ნამურაკანი“. XVIII საუკუნის შუა ხანებში ბანის ეპარქია დაცლილი ყოფილა. „აწ არს ცალიერი“, – წერს მის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი. ამის შემდეგ იგი არასოდეს განახლებულა. გრანდიოზული ბანის ტაძარიც (ფუძის დიამეტრი – 38 მ, შიდა სივრცის სიმაღლე, სავარაუდოდ – 30 მ) დღეს ნანგრევების სახით დგას, თუმცა XIX საუკუნის შუა ხანებამდე შედარებით კარგად იყო მოღწეული და მხოლოდ ამ პერიოდში დაზიანდა – ყირიმის ომის (1853-1856) დროს იგი თურქებმა ციხესიმაგრედ გადააქციეს, გაუკეთეს დანაშენი, აღმოსავლეთიდან და სამხიდან თითო მაღალი კოშკიც მიადგეს. 1855 წელს და 1877-1878 წლებში ბანასთან რამდენჯერმე გაიმართა რუსთა და თურქთა ჯარების ბრძოლა, რამაც, ცხადია, დიდად დააზიანა ტაძარი.

სხვადასხვა დროს ბანის ტაძარი მოინახულეს და შეისწავლეს ბოტანიკოსმა კ. კოხმა (1843), ისტორიკოსებმა – დ. ბაქრაძემ (1881), ე. თაყაიშვილმა (ორგზის – 1902 წელი, 1907 წელი), რომელმაც თავისი ვრცელი აღწერილობა, დახასიათება და ფოტოები გამოაქვეყნა (MAK, XII, 1909).

ბანის ეპარქიის გარშემო ტერიტორია ქართველ მეფეთა საკუთრება და რეზიდენცია-სამყოფელი იყო. მაგალითად, სუმბატ დავითისძის თხზულებაში ბაგრატ IV-ის (1027-1072) შესახებ ერთგან აღნიშნულია: „მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულისა ბანას“, ხოლო დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ „წარვიდა მეფე გიორგი (გიორგი II) მამულისა თჳსსა ტაოს და მოვიდა ბანას“.

ბანასთან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო მეფის, ბაგრატ IV-ის, სახელი, განსაკუთრებით მისი ყრმობის წლები. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, 1032 წელს კონსტანტინოპოლის ელჩობიდან დაბრუნებული მარიამ დედოფალი „მო-რა-იწია მამულისა ძისა თჳსისასა, ქუეყანასა ტაოს, მოართუა (ბაგრატს) პატივი კურაპალატობისა; აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გჳრგჳნი ბანას“. სწორედ ბაგრატ IV-ის ბიზანტიის სამეფო კარის წარმომადგენელ ელენეზე ქორწინება და მეფედ კურთხევა უნდა იყოს გამოსახული ოშკის ტაძრის XI საუკუნის ერთ-ერთ ფრესკაზე, რომელიც დღეს დაზიანებულია. საინტერესოა, რომ ამავე ფრესკაზე მოცემულია თვით ბანის ტაძრის უნიკალური გამოსახულება.

ბანა სამეფო სახლის საძვალეც იყო. უკანასკნელად 1446 წელს აქ დაუკრძალავთ მეფე, ვახტანგ IV (1442-1446), ძე ალექსანდრე I დიდისა (1412-1442), ხოლო 1444 წელს – ვახტანგ IV-ის მეუღლე, დედოფალი სითი-ხათუნი, ასული თაყა ფანასკერტელისა.

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბანას ხშირად განუცდია თურქ-სელჩუკთა, ბიზანტიელთა და თურქ-ოსმალთა თავდასხმები. მტრის ხშირი თავდასხმების გამო მეტად მწირი ცნობები შემორჩა ბანის ეპარქიასა და ბანელ ეპისკოპოსებზე. მაგრამ, XIII საუკუნეში შედგენილ „განგება დარბაზობისას“ მიხედვით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამეფო დარბაზობის დროს ბანელი ეპისკოპოსი 32-ე ადგილზე იჯდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს 37 იერარქს შორის – წალკელის შემდეგ და ჭერემელის წინ. ცნობილია სულ რამდენიმე ბანელი ეპისკოპოსი: პირველი იყო კვირიკე. მის შესახებ ვიცით მხოლოდ ის, რომ მას აუშენებია თუ განუახლებია და გადაუკეთებია ბანის ტაძარი.

XI საუკუნეში ცნობილია ორი ბანელი ეპისკოპოსი – ზაქარია და იოვანე. ორივე ბობოქარი პოლიტიკური მოვლენების მონაწილე იყო, განსაკუთრებით ზაქარია ბანელი, რომელიც ბანის მეზობელი (აღმოსავლეთით) ეპარქიის – ვალაშკერტის – მეთაურიც გახდა. იგი წყაროებში ხშირად ზაქარია ვალაშკერტელის ან ზაქარია ბანელ-ვალაშკერტელის სახელით მოიხსენიება. მასვე მინიჭებული ჰქონდა ბიზანტიის მაღალი საეკლესიო ტიტული სჳნგელოზისა და წერილობით წყაროებში იგი ზაქარია სვინგელოზადაც იწოდება. ბანის საეპისკოპოსო კათედრაზე ზაქარიას მემკვიდრედ შეიძლება მივიჩნიოთ მისი უმცროსი თანამედროვე იოვანე ბანელი, რომელიც XI საუკუნის 20 იანი წლების ბოლოს განუდგა მცირეწლოვან ბაგრატ IV-ს და ქართველთა საერო დიდებულების ჯგუფთან ერთად ბიზანტიაში წავიდა. სუმბატ დავითის ძე აღნიშნავს: „და დაჯდა შემდგომად მისსა (გიორგი I-ისა) მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭისძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უცხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კონსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო“.

ბანის ეპარქიაში ლიტერატურული საქმიანობაც მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბანა ადრიდანვე, XI ს-იდან, მტრების გამუდმებულ თავდასხმებს განიცდიდა, ამიტომ აქ გადაწერილი ხელნაწერებიდან თითქმის არაფერი შემორჩა. ცნობილია მხოლოდ 1511 წელს მეფის ასულ ქეთევანის შეკვეთით გადაწერილი საბაწმინდის ტიპიკონის ხელნაწერი (A 647). ხელნაწერის ერთ-ერთ ანდერძში ნათქვამია: „დაიწერა წმიდაჲ ესე და სულთა განმანათლებელნი წიგნი ტჳბიკონი ბრძანებით მეფეთ-მეფისა გიორგის ასულისა პატრონისა ქეთაონ ყოფილისა ქრისტინესითა. მრავალმცა არიან წელნი სუფევისა მისისანი... დაიწერა ქრონიკონსა ასოთხმოცდაცხრამეტსა, მონასტერსა ძელი საჭეშმარიტისასა, ბანას“. ხელნაწერის სხვა ანდერძში დასახელებულია მისი გადამწერიც: „გათავდა ჴელითა ფრიად ცოდვილისა ჯაყელის შვილისა იაკობისითა“. აქედან ირკვევა, რომ ბანის მონასტერი ძელი ჭეშმარიტის სახელზე ყოფილა აგებული XVI ს., ხოლო იაკობ ჯაყელი ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ბოლო მოღვაწეა ბანაში.

ვ. სილოგავა

წყაროები და ლიტერატურა

  • არისტაკეს ლა სტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974;
  • გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებაათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შემდგ., თ. ბრეგაძე, თბ., 1988;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ტ. 4, თბ., 1973;
  • ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, ტ. 1, თბ., 1957;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2-3, თბ., 1965-70.
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • შანიძე ა., ეტიმოლოგიური ძიებანი, 2, ყარსი, ბანა, არტანუჯი, თბილისის სახელმწ. უნ-ტის სამეცნიერო სესიის მუშაობის გეგმა და მოხს. თეზისები, თბ., 1952;
  • შარაშიძე ქ., საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIII სს.), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, №30;
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958;
  • Закарая З., Зодчество Тао Кларджети, Tб., 1992;
  • Шанидзе А., Грузинская надпись XIII века в сел. Кош., ხელნაწერთა ინ-ტის „მოამბე“, ტ. 1, თბ., 1959.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები