ბარათაშვილი იესე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ოსიკო ბარათაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბარათაშვილი იოსებ (1874-1937)“ ...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბარათაშვილი იოსებ (1874-1937)“ გადაიტანა გვერდზე „ბარათაშვილი იესე“)

03:05, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ბარათაშვილი იოსებ (ოსიკო)

ბარათაშვილი იოსებ (ოსიკო) ალექსანდრეს ძე - (4.XI.1874, სოფ. ბორბალო, თბილისის მაზრ. - 1937) - ადვოკატი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერთაგანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1895 დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, 1900 პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტი. 1905 წლდან მუშაობდა ნაფიც ვექილად და გამოდიოდა პოლიტიკურ საქმეებზე ბრალდებულთა დამცველად (მაგ., არსენა ჯორჯიაშვილის და სხვ). 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. ცდილობდა აღეძრა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა და შედიოდა სათათბიროს ავტონომისტთა ფრაქციაში. ხელი მოაწერა ვიბორგის მოწოდებას, რისთვისაც სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ერთხანს იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ კომიტეტში, თუმცა, ჟანდარმერიის მონაცემების მიხედვით, გამოსულა მისი შემადგენლობიდან.

აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ ასპარეზზე, იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

ი. ბარათაშვილი აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესსა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის საქმიანობაში. 1917 წლის მაისში აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ეროვნული საბჭოს წევრი და შედიოდა მისი აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში. 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს, ახლა უკვე უმაღლესი საკანონმდებლოს ორგანოს - ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ), სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. მან მხარი დაუჭირა თავისუფალი საქართველოს, როგორც უნიტარული სისტემის სახელმწიფოს აუცილებლობას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც განაცხადა, პარტიულად იგი სოციალისტ-ფედერალისტი (ანუ ფედერაციული მოწყობის მომხრე) გახლდათ. 1918 ერთხანს ასრულებდა იუსტიციის მინისტრის მოვალეობას.

1919-1921 წლებში იყო დამფუძნებელი კრების წევრი და სოც-ფედ. ფრაქციის წარმომადგენელი. როგორც „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი კონსტიტუციის და განსაკუთრებით მისი მეთექვსმეტე თავის („სახელმწიფო და ეკლესია“) შემუშავების პროცესში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ იყო მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრი და ეროვნული მოძრაობის მონაწილე. 1923 სასამართლო პროცესზე იცავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას. 1923 მცირე ხნით იყო დაპატიმრებული „საგანგებო კომისიის“ („ჩეკას“) მიერ. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას. ჰქონდა შესანიშნავი დრამატული ტენორი (1928 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეონკავალოს „ჯამბაზებში“ შეასრულა კანიოს პარტია). 1937 საქართველოს სსრ შინსახკომის ე. წ. „სამეულის“ განკარგულებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • გ. საითიძე, ბედშავი ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი, ჟურ. „საისტორიო ვერტიკალები“, 1991, № 1;
  • ბარათაშვილი იოსებ ალექსანდრეს ძე, ენც. „საქართველო“, ტ. I, 1997.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი


იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები