ბარნოვი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ ბარნოვი

ბარნოვი ვასილ ზაქარიას ძე - (ბარნაველი), (22.V.1856, სოფ. კოდა, თბილსიის მაზრ. - 4.XI.1934, თბილისი) - მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდელ ზაქარია ბარნოვის (ბარნაველის) ოჯახში. ბავშვობის წლები გაატარა ერწოსა და ხევსურეთში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა. 1873-1877 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1878 წლიდან – მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის ისტორიის განყოფილება დაამთავრა 1882 წ. ნაშრომისთვის „პასკალი იეზუიტების წინააღმდეგ“ მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორად, შემდეგ – გორისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლების ინსპექტორად და პედაგოგად. მისი გაკვეთილები ყოველთვის გამოირჩეოდა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით. 1885 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. 1910 წლიდან სემიანარიაში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას. 1921 წლიდან ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის პედაგოგიურ მუშფაკში. 1880 წლის მიწურულს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1978-1979 წლებში გაზ. „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი კორესპონდენცია „რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან“ და ლექსი „ქართველი ქალი“. 1893 წელს ჟურ. „კვალში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „პატარა ლევანი“. 1901 გაზ. „მოამბეში“ - პირველი რომანი „ისნის ცისკარი“. 1885 თელავში გადავიდა მასწავლებლად. 1911 თბილისში დაბრუნდა და სასულიერო სემინარიაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა. ასევე მუშაობდა დიმიტრი ბაქრაძის „ისტორიულ-არქეოლოგიურ კაბინეტში“ და გაზ. „ივერიაში“.

1917 წლდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918-1924 წლებში ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „შალვა ნუცუბიძის კურსებზე“, 1918-1921 წლებში - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში.

1918 წელს დაასრულა მუშაობა ცნობილ რომანზე „ტრფობა წამებული“, სიუჟეტი VIII-IX სს. საქართველოს ისტორიული სინამდვილიდან იყო აღებული. 1919 დაწერა მოთხრობა „გველის ზეიმი“. 1919 ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია. 1919 აღინიშნა იუბილე, რომელსაც იმდროინდელი პრესა ატიურად ეხმაურებოდა. ქვეყნდებოდა არაერთი წერილი და ფოტო. 1920 - „განასკვილი სიმი“ და „სადედოფლო სარტყელი“. 5.X.1920 ქ. სიღნაღში აღინიშნა მისი სამწერლო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. მოხსენებები წაიკითხეს: გ. ლეონიძემ, კ. მაყაშვილმა, დუტუ მეგრელმა, ს. შანშიაშვილმა და სხვ. 1921 - „ნაძვნარის დევი“. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ჩაბმული იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში.

ვასილ ბარნოვი ავტორია რომანებისა: „მიმქრალი შარავანდედი“, „არმაზის მსხვრევა“, „დედოფალი ბიზანტიისა“, „ცოდვა სიჭაბუკისა“, „ისნის ცისკარი“ და მრავლობითი მოთხრობებისა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი
ს. ვარდოსანიძე

ლიტერატურა

  • ენც. „საქართველო“, ტ. I, თბილისი, 1997;
  • შ. რადიანი, „ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები“, თბ., 1944;
  • ვ. ცისკარიძე, ბარნოვი (ბარნაველი) ვასილ ზაქარიას ძე;
  • ს. ჭილაია, უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;
  • გაზ. ერთობა, 1919, №240, №244;
  • ჟურ. ცისარტყელა, 1919, №6;
  • ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1919, №9;
  • ჩხეიძე ო., რომანი და ისტორია, თბ., 1965;
  • ცისკარიძე ს., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, თბ., 1972;
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972.

წყარო

იხილე აგრეთვე

ვასილ ბარნოვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები