ბარრიკადი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარრიკადი“ ( 1920, 1922, 1924) - „ცისფერყანწელების“ ყოველკვირეული გაზეთი. იბეჭდებოდა თბილისში, ინტერვალებით.

გამოცემის რედაქტორი იყო ტიციან ტაბიძე. გაზეთს ჰქონდა სამი ძირითადი განყოფილება: პოეზია, ესთეტიკა, პოლიტიკა. სახელწოდება აღებულია ფრანგული ანალოგიური სახელის ჟურნალიდან, რომელსაც შარლ ბოდლერი გამოსცემდა პარიზში, 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროს. „ბარრიკადში“ თანამშრომლობდნენ: ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, შ. აფხაიძე, გრ. ცეცხლაძე, გ. ლეონიძე, კ. ნადირაძე, ნ. მიწიშვილი, ა. არსენიშვილი.

გაზეთის პირველ ნომერში იბეჭდება მეთაური სტატია „ბარრიკადები“, რომელშიც „ცისფერყანწელთა“ ესთეტიკური პრინციპებისადმი ერთგულებისა და მისთვის თავგანწირვის იდეა ამ სიტყვებით არის გამოხატული: „ჩვენთვის ბარიკადები დიდი ხანია გილიოტინათ იქცა“. გამოცემა ადასტურებს მზაობას ბარიკადებზე დგომისათვის, ახალი ცხოვრებისა და „ახალთაობის კულტურის“ დასაცავად.

გაზეთში გამოქვეყნებული წერილები: პ. იაშვილის „ჩვენი სეზონი“, გრ. რობაქიძის „საქანელა და სახრჩობელა“, ნ. მიწიშვილის „მანიფესტი აზიას“ და სხვ., განახლების მუხტით არის შთაგონებული და ავტორთა მოდერნისტული პლატფორმის გამომხატველია. წერილი „ირრედენტისთვის“ ეხმიანება ტ. ტაბიძის სტატია „ირრიდენტას“ გამო ბათუმში გამომავალი გაზეთის „მთლიანი საქართველო“ დახურვის ფაქტს, მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს და ქვეყნის ერთიანობის იდეას გამოხატავს: „მხოლოდ რჩება უდრეკი ნება მთლიანი საქართველოსი თავისი სხეულის გამრთელებისათვის, და გარდაუვალი ირრედენტა: ლაზისტანი და ტრაპიზონი“.

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკა კრიტიკულად არის შეფასებული ვარამ გაგელის (ვ. გაფრინდაშვილის) სტატიაში „ქართული პრესა“. პირველ ნომერში იბეჭდება გრ. რობაქიძის მისასალმებელი სიტყვა ევროპის სოციალისტთა მიმართ.

„ბარრიკადი“ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისადმი პოზიტიურად იყო განწყობილი. 1920 გრ. რობაქიძემ გამოაქვეყნა წერილი „ნოე ჟორდანია“. ავტორი მეტაფორებს, ეპითეტებსა და ჰიპერბოლებს არ იშურებს, რათა პოლიტიკოსის განუმეორებელი სახე წარმოადგინოს. გრ. რობაქიძის აზრით, ნ. ჟორდანია ინტუიციით გრძნობს ერთა სოლიდარობის სიკეთეებს საქართველოსთვის, ურომლისოდაც პატარა ერს არ ეყოფა ბიოლოგიური ენერგია ნაციონალური განვითარებისთვის. ავტორის თქმით, იგი რუსეთთან შეერთებას მხოლოდ იმიტომ ეთანხმებოდა, რომ ევროპისკენ გზა გაგვეჭრა, მაგრამ როცა იმპერიის ბოროტი ზრახვები გააცნობიერა, მაშინვე მიემხრო მისგან გამოყოფას. გრ. რობაქიძე კალამსაც უქებს მთავრობის თავმჯდომარეს: „მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა...“ ამ წერილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, უმრავლესობას მოეწონა, თუმცა, მაგალითად, პირველი პირის ზღვარგადასულმა ქებამ საზოგადო მოღვაწე კატო მიქელაძე ძალზე გააღიზიანა. იგი სტატიას კრიტიკული ლექსითაც კი გამოეხმაურა.

1922 წლის მეოთხე ნომერში დაიბეჭდა ტ. ტაბიძის დეკლარაცია „ცისფერი ყანწები“, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს ლიტერატურული ორდენის განუმეორებლობასა და ერთადერთობას, იგი სოციალური რევოლუციის იდეისადმი ერთგულებასაც ადასტურებს და „ცისფერყანწელების“ მიზნად აცხადებს რევოლუციურ გარდატეხას მწერლობაში. გაზეთის ცალკეული სტატიები შეეხება ლიტერატურულ მიმდინარეობებს, მაგ., გ. რ. ფსევდონიმით გამოქვეყნებულია წერილი „იმპრესიონიზმი“. ასევე, პუბლიკაციები ეძღვნება ფრანგი სიმბოლისტების - არტურ რემბოს, სტეფან მალარმესა და სხვა ავტორთა შემოქმედებას.

გამოცემა პატივს მიაგებს რუსულ ლიტერატურას. ტ. ტაბიძე დეკლარაცია „ცისფერი ყანწებში“ საუბრობს ალ. ბლოკის, თ. დოსტოევსკისა და ა. ბელის შემოქმედებაზე. 1922 წლის მეოთხე ნომრის პირველი გვერდი ეძღვნება პოეტ ალ. ბლოკს. მეექვსე ნომერი კი, თითქმის მთლიანად - დოსტოევსკის. ესეიში „ქიმერიონი“ ტ. ტაბიძემ წარმოაჩინა ს. სუდეიკინის, ლ. გუდიაშვილისა და დ. კაკაბაძის მიერ მოხატული კაფე „ქიმერიონი“ - ცისფერყანწელთა თავშეყრის ადგილი. გაზეთი მუდმივად აქვეყნებდა „ცისფერყანწელი“ პოეტების ლექსებს, თარგმანებს, აგრეთვე, მკითხველს აწვდიდა ინფორმაციებს ახალი წიგნების შესახებ.

მარი წერეთელი

ლიტერატურა

  • გაზ. „ბარრიკადი“, 1920, №1-3, 1922, №4-7, 1924, №1;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;
  • ს. სიგუა, „ქართული მოდერნიზმი“, თბ., 2002.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები