ბაუჰაუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაუჰაუზი
დასაუ გროპიუსი 1929 წ.

ბაუჰაუზი - მოდერნისტული მიმდინარეობა არქიტექტურაში. ჩისახა გერმანიაში და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამ მიმდინარეობის ფუძემდებლები იყვნენ ვალტერ გროპიუსი, პეტერ ბერენსი ჰანს ჰოპი.

ბაუჰაუზი არის, უპირველეს ყოვლისა, იდეა ტექნოლოგიებისა და კომფორტს შერწყმისა, სადაც ნივთები და ობიექტები ერთდროულად ლამაზი და ფუნქციურია.

ბაუჰაუზმა, როგორც მიმდინარეობამ, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მე-20 საუკუნის კულტურისა და ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში და პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში. ბაუჰაუზმა დიდი როლი შეასრულა რაციონალიზმის პრინციპებისა და თანამედროვე მხატვრული კონსტრუირების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურაში დამკვიდრებული საყოველთაო სტილი სწორედ ბაუჰაუზის მომდევნო ეტაპია.

პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ, მონარქიის დაცემამ და ცენზურის მოხსნამ ლიბერალური ვაიმარის რესპუბლიკაში კარგი საფუძველი შექმნა რადიკალური ექსპერიმენტებისთვის. ამავე პერიოდში, რუსეთის რევოლუციის შემდგომმა მიმდინარეობებმა, მათ შორის, კონსტრუქტივიზმმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპელ ხელოვანებზე.

გეომეტრიული ვარცხნილობა, მძიმე სამკაულები, ვეგეტარიანული კერძები, საქსოფონზე დაკვრა, მედიტაციური ვარჯიშები, ხატვა, ხეზე კვეთა, 35 მმ.-იანი კამერით გადაღება, ხელნაკეთი ტანსაცმელი, სახელოვნებო წვეულებებზე დასწრება და სტუდენტი გოგონების სიმრავლე, რომლებიც ინსტიტუტში ხატვას ან ხელსაქმეს სწავლობდნენ - გროპიუსის სასწავლებლის დახასიათებისას თანამედროვე სახელოვნებო ინსტიტუტი წარმოგვიდგება.

საცხოვრებელი სახლი დაბა ვეისენდორფში.
შტუდგარტი, გერმანია ლე კორბიუზე 1927 წ.

გროპიუსისა და მისი მიმდევრების მთავარი იდეა იყო ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის შერწყმა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სტატუსის ამაღლება, აგრეთვე, ხელოვნების ინდუსტრიალიზაცია, დიზაინერთა სამთავრობო კონტროლისგან განთავისუფლება და მათი უშაულო დაკავშირება მწარმოებლებთან. ბაუჰაუზის სკოლაში ერთნაირი დატვირთვით ასწავლიდნენ: არქიტექტურას, ხატვას, ქსოვას, ძერწვას, ტიპოგრაფიასა და გრაფიკას, მასალების დამუშავებას. სტუდენტებს განუმარტავდნენ ფორმისა და ფერის მნიშვნელობას. ბაუჰაუზი იყენებდა კლასიკური არქიტექტურის პრინციპებს, მაგრამ უარყოფდა ორნამენტს. ბაუჰაუზის არქიტექტორები უარს ამბობდნენ ჭრილებზე და სხვა სახის დეკორატიულ ელემენტებზე. ბაუჰაუზი სიტყვა სიტყვით ნიშნავს „სახლს მშენებლობისთვის“. მისი, როგორც სოციალური პროგრამის იდეალი იყო ხელოვანი, რომელიც საზოგადოების წინაშე თავის პასუხისმგებლობას აღიარებდა და თავადაც იღებდა საზოგადოების მხარდაჭერას. ბაუჰაუზის მიმდევრების სურვილი იყო თანამედროვე კულტურის ტენდენციების ახალი ფორმებით გადმოცემა, რაც ხელოვნების ნიმუშებს ფუნქციასაც მიანიჭებდა. ბაუჰაუზის სტილი ხასიათდება ბრტყელი სახურავებით, სადა ფასადებით და კვადრატული ფორმებით. შენობების სართულები, უმეტესად, ღია იყო, ხოლო ავეჯი ფუნქციური. ბაუჰაუზის სტილი გამოიყენებოდა ნათურების, სავარძლების, მაგიდებისა და სხვა მოხმარების საგნების დიზაინისთვის, აგრეთვე, თეატრის დეკორაციებისა და ტიპოგრაფიებისთვის.

გროპიუსის აზრით, ხელოვანები გათვითცნობიერებულნი უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა სფეროში, რათა მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდათ საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციისას. შემოქმედებითი ფანტაზია პრაქტიკულ ცოდნას ერწყმოდა.

კელერ პეტერი სარწეველა

ბაუჰაუზს ხშირად ადარებენ „ვხუტემას“ - რუსეთის სახელმწიფო სახელოვნებო სკოლას, რომელიც 1920 წელს მოსკოვში დაარსდა. ორივე სკოლაში თანამედროვე მეთოდებით ასწავლიდნენ. ვხუტემა უფრო დიდი ინსტიტუტი იყო, მაგრამ ნაკლები პოპულარობა მოიპოვა დასავლეთის ქვეყნებში. თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ინტერნაციონალიზაციასთან ერთად, გაიზარდა ვხუტემასა და ბაუჰაუზის წარმომადგენლების ერთობლივ პროექტთა რიცხვი. მოგვიანებით, სწორედ ამ თანამშრომლობამ გამოიწვია სკოლის დახურვა. თავად გროპიუსი არ იზიარებდა რადიკალურ პოლიტიკურ იდეებს და აცხადებდა, რომ ბაუჰაუზი სრულიად აპოლიტიკური გაერთიანება იყო, რომელიც უილიამ მორისის (მე-19 ს.) იდეებს ეყრდნობოდა. მოგვიანებით, გროპიუსს შეუერთდა ჰანს მაიერი, ლუდვიგ მის ვან დერ როე, პაულ კლეე და ვასილი კანდინსკი

ბაუჰაუზის მიმდევრებისთვის მთავარი იყო ფუნქციონალიზმის ესთეტიკა, მათი მიზანი იყო უნივერსალური პრინციპების დანერგვა თანამედროვე ფორმების ჩამოყალიბებისთვის. ბაუჰაუზის სკოლა ცნობილი გახდა სწავლების უახლესი მეთოდებით. დამწყები სტუდენტები გადიოდნენ საბაზისო კურსს, რომელიც შვეიცარიელმა მხატვრმა იოჰან იტენმა (1888-1967) ჩამოაყალიბა. სტუდენტები მუშაობდნენ სხვადასხვა მასალაზე, სამხატვრო და საპროექტო სახელოსნოებში სწავლის პარალელურად, ადგენდნენ არქიტექტურულ პროექტებს; ამზადებდნენ სამრეწველო პროდუქციას, დეკორატიული ფერწერისა და პლასტიკის ნიმუშებს. სტუდენტებს სემინარებს ტექნიკური ინსტრუქტორი და მხატვარი ერთად უტარებდა. ბაუჰაუზის სკოლამ გააერთიანა ცნობილი თანამედროვე არქიტექტორები და მხატვრები. ამავე დროს, ეს ერთადერთი მიმართულება იყო, რომელშიც დიზაინის, ესთეტიზმისა და კომერციული მოთხოვნები ერთმანეთს ერწყმოდა. შედეგად, ბაუჰაუზმა ინდუსტრიული სამყაროს ინტერესი მიიპყრო. 1923 წელს გაიმართა პირველი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ბაუჰაუზის მიმდევართა ნამუშევრების ფართო სპექტრი. ეს იყო ხელოვნებისა და ტექნოლოგიის პირველი კავშირი.

გუგენჰეიმის მუზეუმი
ნიუ-იორკი, ფრენკ ლოიდ რაიტი

1920-იან წლებში, ნაციონალ-სოციალისტური პარტია და სხვა პოლიტიკური გაერთიანებები კრიტიკულად განეწყვნენ ბაუჰაუზის მიმართ. მთავრობაში მოსვლამდე, პოლიტიკურ ელიტა არ ჰქონდა ჩამოყალიბებული არქიტექტურის ერთიანი კონცეფცია და ამ გაერთიანებაში პოლიტიკურ საფრთხეს ხედავდა. მით უმეტეს, რომ ამ მიმდინარეობის ლიდერთა შორის ბევრი რუსი ხელოვანი იყო, ხოლო ინსტიტუტის ლიბერალური კონცეფცია ეწინააღმდეგებოდა კონსერვატორულ იდეებს. მათ, ვინც სკოლის დახურვის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოასწრო, რეჟიმს უვნებლად გადაურჩა.

1928 წელს გროპიუსმა დატოვა სკოლის ხელმძღვანელის პოსტი, მაგრამ იმ პერიოდის მმართველი პოლიტიკური წრეებისთვის მომდევნო ლიდერი, შვეიცარიელი არქიტექტორი ჰანს მაიერიც მიუღებელი აღმოჩნდა და 1930 წელს იგი ლუდვიგ ვან დერ როემ შეცვალა. როემ ინსტიტუტი კერძო აკადემიად გარდაქმნა, რათა გარე გავლენებისგან დაეცვა, თუმცა, 1933 წელს სკოლა დაიხურა.

სიგრემ ბილდინგი.
ლუდვიგ მის ვან დერ როე 1958 წ.

მალე ბაუჰაუზის სკოლის ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა გერმანია. ალბათ, სწორედ ამიტომ, ბაუჰაუზი სწრაფად გავრცელდა და უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც დასავლეთ ევროპული, ისე ამერიკული ხელოვნების განვითარებაზე მთელი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მოგვიანებით, ბაუჰაუზის სწავლების სისტემა ადაპტირებული იქნა სხვა ქვეყნების სახელოვნებო სასწავლებლების მიერ.

თავად გროპიუსი 1937 წელს გადასახლდა ჯერ ბრიტანეთში, შემდეგ კი აშშ-ში. მაიერმა, რომელიც კომუნისტურ იდეებს იზიარებდა, მოსკოვში განაგრძო მუშაობა. გერმანია დატოვეს ჯოზეფ ალბერსმა, მარსელ ბროიერმა და ლასლო მოჰოლი-ნაგიმ. გროპიუსი და ბროიერი ჰარვარდის დიზაინის უმაღლეს სკოლაში ასწავლიდნენ. სწორედ ამ პერიოდში იწყება ფილიპ ჯონსონის, აი ემ პეის, ლაურენს ჰალპრინისა და პოლ რუდოლფის შემოქმედებითი აღმასვლა. 1932 წელს ბაუჰაუზის შესახებ მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოსცა ისტორიკოსმა და კრიტიკოსმა ჰენრი-რუსელ ჰიჩკოკმა და არქიტექტორმა ფილიპ ჯონსონმა, ამავე პერიოდში მოეწყო პირველი დიდი გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-იორკი). აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სოციალისტური იდეებისა, ეს სტილი ამერიკაში კაპიტალიზმის სიმბოლოდ იქცა და სამუშაო ოფისებისა და მაღალსართულიანი სახლების დიზაინში უპირატესობა მოიპოვა. ბაუჰაუზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია სიგრამის შენობა ნიუ-იორკში.

მოგვიანებით, ვან დერ როე ჩიკაგოში დასახლდა. მან, ფილიპ ჯონსონისა და ვალტერ პეპკეს ხელშწყობით, სხვა ხელოვანებთან ერთად „ახალი ბაუჰაუზი“ დააარსა. ეს სკოლა მალე იქცა თანამედროვე დიზაინის ინსტიტუტად, რომელიც ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ნაწილი გახდა. ბაუჰაუზის ესთეტიკის პოპულარიზაციაში ასევე დიდი როლი შეასრულა ვერნერ დრიუისმა, რომელიც აშშ-ს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლიდა. ბაუჰაუზის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა, მაქს ბრილმა 1953 წელს დააარსა ულმის დიზაინის სკოლა (Hochschule für Gestaltung - HfG Ulm). ეს სკოლა ცნობილი გახდა იმითაც, რომ სასწავლო პროგრამაში სემიოტიკაც შედიოდა. სკოლა 1968 წელს დაიხურა, მაგრამ „ულმის მოდელი“ დღესაც გამოიყენება დიზაინის სწავლებისას.

საინტერესოა, რომ ეს სტილი დღესაც ძალზე პოპულარულია მთელს მსოფლიოში. იმ დროისთვის რევოლუციური, მაგრამ თანამედროვე დიზაინისთვის ძალზე დამახასიათებელი მიმართულებები სწორედ ბაუჰაუზიდან იღებს სათავეს, მათ შორისაა: ლითონისა და შუშის კონსტრუქციები, მეტალის ავეჯი, კვადრატული ფორმის საგნები, ღია კუთხეები.

2004 წელს, იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა ქალაქი თელ-ავივი, რომელშიც 1933 წლის შემდეგ 4000 ბაუჰაუზის სტილის ნაგებობა აშენდა.

2009 წელს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) მოეწყო გრანდიოზული გამოფენა - ბაუჰაუზი 1919-1933: ვორკშოპი თანამედროვეობისთვის. გამოფენა ბაუჰაუზის სკოლის დაარსებიდან 90 - და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაარსებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის პირველი დირექტორი, ალფრედ ბარი ბაუჰაუზის სკოლაში ვიზიტს დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უწოდებდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაუჰაუზის სტილის არქიტექტურული, გრაფიკული, ფერწერული და სხვა ხელოვნების ნიმუშები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები