ბაქარ მირიანის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქარ მირიანის ძე - ოცდამეხუთე მეფე ფარნავაზის შემდეგ. უფლისწული ბაქარი ბავშვობაში მძევლად ჰყავდა წაყვანილი კონსტანტინე დიდს, საბერძნეთის იმპერატორს, მაგრამ როცა მირიან მეფე გაქრისტიანდა, კონსტანტინე დიდმა ბაქარი საქართველოში დააბრუნა, თან წერილიც გამოატანა მირიან მეფესთან, რომელშიც სხვა ამბავთა შორის ეწერა: „აღარ მჭირდება მე შენგან მძევალი, არამედ კმარა ჩვენ შორის შუამდგომლად ქრისტე და შუამდგომლობითა ღმრთისა დამბადებელისა, ვიყოთ ჩვენ ურთიერთის ძმურ სიყვარულში.“

მირიან მეფემ ასეთი ანდერძი დაუბარა ბაქარს:

„სადაცა იპოვო იგი ცეცხლთაყვანისმცემლობის კერპი, ცეცხლითვე დაწვი; თავი შენი შეავედრე ძესა ღმრთისასა და წინ წარმძღვანებითა პატიოსნისა ჯვარისათა სძლიო მტერთა, პატივი ეცი სვეტსა ცხოველსა, ღმრთივაღმართებულსა და როდესაც მიიძინებ შენ საუკუნოდ, იყავი მტკიცე მორწმუნე სამებისა“.

შემდეგ მირიან მეფემ მოატანინა წმ. ნინოს ჯვარი და ჩამოჰკიდა მასზე სამეფო გვირგვინი, მოიყვანა ძე თვისი ბაქარი და გამოსახა მის თავზე ჯვარი, აიღო ნინოს ჯვრისგან გვირგვინი და დაადგა თავზე ძეს. ამ პროცედურით მირიან მეფემ დასაბამი მისცა ქრისტიან მეფეთა კურთხევას.

ბაქარ მეფეც ისეთივე ქრისტესმოყვარე იყო, როგორც მამამისი. მან ქრისტიანობაზე მოაქცია ის მთიელები, რომლებიც მირიან მეფის დროს არ გაქრისტიანდნენ.

ბაქარის უფროსი ძმა რევი კარგახნის გარდაცვლილი იყო. მას ცოლად ჰყავდა სომეხთა მეფის თრდატის ასული - სალომე (უჯარმელი), რომლისგანაც დარჩა ერთი ძე თრდატი. სომხები მის გამეფებას ლამობდნენ. ამიტომ დიდი ლაშქრით შემოესია საქართველოს სომეხთა მეფე თრდატი (რევ მეფის სიმამრი). მაგრამ ბაქარ მეფემ ბერძენთა და სპარსთა მეფის დახმარებით სძლია სომხებს და თავის ძმისწულებს დააწერინა ხელწერლი, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა ბაქარ მეფის შთამომავალი, მანამ რევის მემკვიდრეები მეფობას არ მოითხოვდნენ. ამის შემდეგ ძმისშვილებს სამფლობელოდ მისცა კუხეთი და რუსთავში ერისთავად დასვა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები