ბაქრაძე აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 3 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ბაქრაძე

აკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე (დ. 29 მარტი, 1928, თბილისი ― გ. 5 დეკემბერი, 1999, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

აკაკი ბაქრაძემ 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იგი 1955-1960 წწ. იყო კონოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორი, ხოლო 1961-1968 წწ. - სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი.

1965 წლიდან პერიოდულად კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე.

1970 წლიდან იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია.

1973-1979 წწ. აკაკი ბაქრაძე რუსთაველის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, 1988- 1989 წწ. - მარჯანიშვილის თატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1989-1991 წწ. იგი იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, 1990 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1995 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და დამარცხდა.

1997 წლიდან გარდაცვალებამდე იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.

აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ასეთია მოკლე ბიოგრაფიული ცნობები იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი და განმანათლებელი გახლდათ XX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იცავდა მის ეროვნულ ღირსებას, როგორც მწერალი, მის სამშვინველს, როგორც მოძღვარი. იგი შეახსენებდა საზოგადოებას იმ მანკიერებათა შესახებ, რომელიც ღრმად იყო ფესვგადგმული ჩვენს ეროვნულ ხასიათში და რომელთა აღმოფხვრა დღესაც ჩვენი უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავია.

აკაკი ბაქრაძე არ იყო ხმაურიანი კაცი. მას არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თავისი ნათელი გონებისა და მოქალაქეობრივი პოზიციის გამო მუდამ იყო საზოგადოებრივი თვალთახედვის არეში. აკაკი ბაქრაძის ცხოვრებისეული პრინციპი იყო - არ შემიძლია ვდუმდე, სამოქმედო გეზი კი - რამდენად სასარგებლოა ეს ჩემი სამშობლოსა და არა პირადად ჩემთვის. ამიტომაც უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. ამასთანავე თვით უმწვავეს კრიტიკულ და პოლემიკურ წერილებშიც კი არასდროს შეურაცხყოფდა ადამიანის ღირსებას. ამიტომაც იყო, რომ მისი ლექციები, წერილები თუ წიგნები სულსა და გონებას ხვეწდა. ამიტომაც იგი ვერ გამოდგებოდა ბრბოს ლიდერად: „ბრბოს სიძულვილზე უფრო საშიში ბრბოს თაყვანისცემაა. ბრბოს თაყვანისცემა აჩერჩეტებს, აბრიყვებს ადამიანს. დიდკაცობის ცრუ ილუზიას უქმნის. აქ კი საკმარისია ერთი მცირე შეცდომა, რომ ბრბომ დაუნდობლად გაგწიროს“.

70-იან წლებში, მაშინ, როდესაც საჯაროდ სიმართლის თქმას მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ, აკაკი ბაქრაძე ამბობდა სიმართლეს უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციებზე. 80-იან წლებში კი აუდიტორიები ვეღარ იტევდნენ მისი ლექციების მოსმენის მსურველთ. ეს ლექციები ეხებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას, ერის რაობას, მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნეებს, გარეშე და შინაურ მტრებს. ამ ლექციების ძირითადი საზრისი კი იყო: „...პირველი: აზროვნების განთავისუფლება; მეორე: აზროვნების განთავისუფლება; მესამე: აზროვნების განთავისუფლება“.

მან ერთ-ერთმა პირველმა დაანგრია საბჭოური დოგმები, თავისუფალი აზრი შეიტანა ქართულ კინოსა და თეატრში. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო ხანა მისი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ შეიქმნა ცნობილი სპექტაკლები, რომელთა არსებობასაც აკაკი ბაქრაძის სარეპერტუარო პოლიტიკამ და ცენზურასთან აქტიურმა დაპირისპირებამ შეუწყო ხელი. აკაკი ბაქრაძის კაბინეტი რუსთაველის თეატრში მრავალი წლის მანძილზე, ვიდრე ეროვნული მოძრაობა გარეთ გამოეფინებოდა, ეროვნული მოძრაობის შტაბი იყო.

აკაკი ბაქრაძე ხშირად იმეორებდა გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებს: „მე ვემსახურები ჩემს ხალხს და არა ჩემი ქვეყნის მთავრობას“. 1978 წლის 14 აპრილს ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა ქართული ენის დასაცავად და ამის წამომწყები აკაკი ბაქრაძე იყო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა აკაკიბაქრაძე რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე. სწორედ აკაკი ბაქრაძემ გაბედა და ბოლომდე დაუპირისპირდა ე. შევარდნაძეს 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

აკაკი ბაქრაძის დაუმორჩილებელი ხასიათი გულზე არასდროს ეხატებოდა არც ერთ ხელისუფლებას. 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ კომპრომისის უნარი და ლიბერალური პოზიცია დაუწუნეს, ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „ნაციონალისტ-რადიკალად“ შერაცხეს. მაგრამ მას არც ეს აშინებდა. მას არასოდეს გამოუჩენია პირმოთნეობა საზოგადოების მიმართ. მას შეეძლო საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრებაც და მარტოდმარტო დარჩენაც. მას ჰქონდა შესაძლებლობა, უკან გაეყოლიებინა ათი ათასები, გუნდრუკი ეკმია ბრბოს წარმავალი ინტერესებისა და გულისთქმისთვის. მაგრამ სათქმელი, რომელსაც თავად ატარებდა, ბრბოსთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ დაფიქრებისა და განსჯისათვის.

გამოცემები

  • ნიკო ნიკოლაძე თბ.: ნაკადული, 1989.
  • მწერლობის მოთვინიერება. - თბ.: სარანგი, 1990
  • რწმენა: [ლიტ.-პუბლ. წერილები / რედ.: ნინო ახალკაცი]. - თბ.: მერანი, 1990
  • კინო. თეატრი: [წერილები]. - თბ.: ხელოვნება, 1989
  • ილია და აკაკი. - თბ.: საქართველო, 1992 (ქუთაისის N5 სტ.)
  • დაწუნებული გზა: [პუბლიცისტური წერილები]. - თბ.: სარანგი, 1995
  • ცამეტი წელიწადი კინოში; ნიღბების სამყაროში. - თბ.: წიგნი, 1996 (ს/ს "ფარნავაზი")
  • კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი თბ.: ლომისი, 1999
  • მითოლოგიური ენგადი: [ნარკვევები]. - თბ.: ნეკერი, 2000
  • ნინო ჭავჭავაძის უკანასკნელი ღამე: (პიესა ერთი მსახიობის თეატრისათვის). - თბ., 2000.
  • წერილები / [შემდგ.-რედ.: ნინო კუკულაძე]
  • გაბაასება: [დიალოგები / შემდგ.-რედ.: ნინო კუკულაძე]. - თბ., 2000.
  • საკეისრო კვეთა. - თბ.: საარი, 2001
  • აფხაზეთისათვის : [კრებული] / შემდგ.: ლაშა ბაქრაძე; თბ., 2002.
  • თხზულებანი. - თბ.: მერანი: ლომისი. ტ. 4: ცამეტი წელიწადი კინოში ; ნიღბების სამყაროში ; კინო
  • თხზულებანი.ტ. 5 კრიტიკა. თეატრი- თბ.: მერანი :ლომისი
  • კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი თბ.: ლომისი, 2003
  • თხზულებანი. - თბ.: მერანი: ლომისი. ტ. 7: გაბაასება
  • თხზულებანი. - თბ.: მერანი: ლომისი. ტ. 8: წერილები, პიესები, სიტყვები, მიმართვები, ბარათები არქივიდან
  • ილია ჭავჭავაძე პეგასი: ლაშა ბაქრაძე, 2006
  • კინოკრიტიკული ეტიუდები. - თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1966
  • კრიტიკული წერილები. - თბ.: ნაკადული, 1966
  • მითოლოგიური ენგადი : [ლიტ. წერილები]. - თბ. : განათლება, 1969
  • სჯანი: [ქართული თეატრი და კინო]. - თბ.: ხელოვნება, 1972.
  • კრიტიკული გულანი. - თბ.: მერანი, 1977
  • მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა : [ნარკვევი ი. ჭავჭავაძეზე]. - თბ.: მერანი, 1978
  • პილპილმოყრილი მადლი : [წერილები ლიტერატურასა და თეატრზე]. - თბ.: მერანი, 1981
  • ილია ჭავჭავაძე : წიწამური. [დოკ. ნარკვევი]. - თბ. : ნაკადული, 1984.
  • სულის ზრდა : [კრიტიკული წერილები]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1986
  • რომანისტი არ ეთანხმება მემატიანეებს / ა. ბაქრაძე. - [თბილისი]

იხილე აგრეთვე

აკაკი ბაქრაძე

წყარო

დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები